პარასკევი, მაისი 1, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საერთაშორისო პროექტ GreenEngin-ის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის GreenEngine პროექტის ფარგლებში, აკადემიური პერსონალის გადამზადებისა და საინჟინრო კურიკულუმების მოდერნიზაციასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქარეთველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, უნივერსიტეტი აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო საგრანტო პროექტის – „კრეატიული ინჟინერიის ხელშეწყობა მდგრადი მწვანე სამყაროსთვის – GreenEngine“ – განხორციელებას, რომელიც ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის ეგიდით ფინანსდება.

სამუშაო შეხვედრებში, რომელიც იტალიაში, ლ’აკვილას უნივერსიტეტში გაიმართა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან აქტიურად იყვნენ ჩართული ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი გიორგი მიქიაშვილი, ამავე ოფისის პროექტების მენეჯერი ედუარდ დემეტრაშვილი და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ბორის გითოლენდია.

პროექტის მასშტაბებსა და მნიშვნელობაზე საუბრისას, GreenEngine-ის ინსტიტუციური კოორდინატორი, სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი გიორგი მიქიაშვილი აღნიშნავს, რომ ეს ინიციატივა უნივერსიტეტისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. მისი თქმით, სამუშაო შეხვედრები, რომლებიც აკადემიური პერსონალის გადამზადებასა და საინჟინრო კურიკულუმების მოდერნიზაციას ეძღვნება, მიზნად ისახავს უნივერსიტეტში მწვანე ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინჟინერიის დანერგვას, რაც სტუდენტებისთვის VR ლაბორატორიების შექმნას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მდგრად სასწავლო პროცესს გულისხმობს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მივიღეთ იტალიაში, ლ’აკვილას უნივერსიტეტში გამართულ სამუშაო და საკოორდინაციო შეხვედრებში. ვიზიტის ძირითადი აქცენტი აკადემიური პერსონალის გადამზადებასა და ინოვაციური კურიკულუმების განვითარებაზე გაკეთდა, რაც გულისხმობს ისეთი სასწავლო მოდულების შექმნას, რომლებიც საინჟინრო განათლებაში კრეატიულ აზროვნებას, პრობლემის გადაჭრის თანამედროვე მეთოდებსა და მდგრადობას აერთიანებს. ახალი სასწავლო პროგრამები ორიენტირებულია მწვანე ტექნოლოგიების პრიორიტეტულობაზე, რაც სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და საგანმანათლებლო სტანდარტებთან. ინტენსიური შეხვედრების ფორმატში ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა ევროპელი პარტნიორების მოდერაციით აქტიურად იმუშავეს ახალი თაობის კურიკულუმების შემუშავებაზე. ეს პროგრამები ორიენტირებულია კრეატიულ აზროვნებაზე, პრობლემების გადაჭრის ინოვაციურ მეთოდებსა და კლიმატური მედეგობის გაძლიერებაზე, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება მიიღონ და ამით კონკურენტუნარიანობა აიმაღლონ“, – ამბობს გიორგი მიქიაშვილი.

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის ინფორმაციით, იტალიაში გამართული ვიზიტი დატვირთული იყო აკადემიური და კულტურული აქტივობებით, რომელთა ფარგლებში სტუ-ის წარმომადგენლებმა პარტნიორებთან ერთად მიმდინარე პროცესები და მომავლის სამოქმედო გეგმები განიხილეს.

„პროექტი GreenEngine, რომელიც 2028 წლამდე გაგრძელდება, მიზნად ისახავს ინჟინრების ახალი თაობის ჩამოყალიბებას საინჟინრო განათლების მოდერნიზაციის გზით. ეს პროცესი გულისხმობს სტუდენტებში სოციალური პასუხისმგებლობისა და ინოვაციური კომპეტენციების გაძლიერებას, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ახორციელებს ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი. პროექტის შედეგების პირველადი პილოტირება სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე იგეგმება. პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტში ასევე შეიქმნება VR სწავლებაზე დაფუძნებული თანამედროვე ლაბორატორია. GreenEngine აკადემიური პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდებს თანამედროვე საინჟინრო აზროვნებისკენ უკვალავს გზას და ამას გარდა, მდგრადი განათლებისა და მწვანე პრაქტიკის ინტეგრირებით, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს პროფესიული ზრდის სრულიად ახალ შესაძლებლობებს უქმნის“, – აცხადებს, პროფესორი ბორის გითოლენდია.

სტუ-ის ინფორმაციით, GreenEngine მასშტაბური კონსორციუმია, რომელშიც ერთიანდებიან პარტნიორები საქართველოდან, იტალიიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან და უზბეკეთიდან.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან ხარაბაძე წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან ხარაბაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.ხარაბაძეს ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.საგამოძიებო სამსახურში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სამსახურის ყოფილი უფროსი მიხეილ მაღლაკელიძე და საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ლევან ხარაბაძეს უწყების ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალ ხელმძღვანელს სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და კარგად იცნობს საგამოძიებო სამსახურის სპეციფიკას. მან იმედი გამოთქვა, რომ ხარაბაძის ხელმძღვანელობით, კვლავ, აქტიურად გაგრძელდება საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის პრევენცია და გამოვლენა.ლევან ხარაბაძემ მინისტრს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზი გაუსვა უწყების თანამშრომელთა პროფესიონალიზმსა და მაღალ პასუხისმგებლობას და აღნიშნა, რომ სამსახური დაკისრებული ფუნქციების ეფექტურად შესრულებას გააგრძელებს.მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის ყოფილ უფროსს, მიხეილ მაღლაკელიძეს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა უწყების მუშაობის ეფექტურობა და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები. მან, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებს შორის კოორდინაცია მომავალშიც გაგრძელდება.თავის მხრივ, მიხეილ მაღლაკელიძემ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ახალ ხელმძღვანელს კი წარმატებები უსურვა.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 

სულხან თამაზაშვილმა მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, მოადგილესთან, გიორგი სახოკიასთან ერთად, მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი წარუდგინა.შსს-ს ცნობით, სულხან თამაზაშვილმა სააგენტოს ახალ დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, მომსახურების სააგენტოს დირექტორს შალვა კბილაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

​ლევან ხაბეიშვილი – ციხეში ჩემი ყოფნა საბოლოო ჯამში ავნებს ქვეყანას, ერთმანეთს გაუფრთხილდით, ნუ გაქვთ ხოლმე სასაცილო განცხადებები

მე ვერ მავნებს ციხეში ყოფნა, მე შეიძლება, მავნოს ნერვებით, ჯანმრთელობით. საბოლოო ჯამში, არ მავნებს ეს ყველაფერი, ჩემდა სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ვნებს ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.ხაბეიშვილის თქმით, ყველაფერი ძალიან მალე შეიცვლება, ოღონდ ამისთვის საჭიროა მონდომება.„ვიღაც ამბობს, ოპოზიცია გააკრიტიკაო, არ ვაკრიტიკებ, პირდაპირ გეტყვით. მოვუწოდებ ყველას, ვინც თავს ოპოზიციონერად თვლის, დღეს გარეთ ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, ერთმანეთს მაქსიმალურად გაუფრთხილდით და ნუ გაქვთ ხოლმე სასაცილო განცხადებები – აი, მე რომ ვამბობდი, ყოჩაღ, რომ ყველა ამას ამბობს. კარგით, რა. დამთავრდა ის, რომ მე იმას ვამბობდი, ამას ვამბობდი. მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანა ყოველდღიურად მიდის უკან და უკან, იმატებს ბენზინის ფასი. ამიტომ, ეს ქვეყანა არის ყველასი, ჩემი, თქვენი, მოსამართლის, აქ მსხდომი ადამიანების. ყველას გვინდა ნორმალური ქვეყანა, ნორმალური მართლმსაჯულება და ნორმალური ცხოვრება. დარწმუნებული ვარ, არავის უხარია, ნორმალურ ადამიანს – ხაბეიშვილი არ არის კრიმინალი და საზოგადოებისთვის საშიში. ეს იცის პატარა ბავშვმაც. ისეთი რამეც კი ვერ დამაბრალეს, რომელიც შეიძლება, რომ „ქოცის“ ყურებამდეც მივიდეს. ამაში მადლიერი ვარ, რომ ისეთიც ვერ მოიფიქრეთ, რაც მავნებდა. მე ვერ მავნებს ციხეში ყოფნა, მე შეიძლება, მავნოს ნერვებით, ჯანმრთელობით. საბოლოო ჯამში, არ მავნებს ეს ყველაფერი, ჩემდა სამწუხაროდ, ვნებს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა.

აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა ევროპარლამენტთან ურთიერთობა შეწყვიტა

აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა ევროპარლამენტთან ურთიერთობა შეწყვიტა, დაიწყება „ევრონესტში“ წევრობის შეწყვეტის პროცედურაც.როგორც შესაბამის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისი, უცხო ქვეყნების პარლამენტებთან და საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში ხელმძღვანელობს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების მიზნით და ხელს უწყობს ღია, გულწრფელ და კონსტრუქციულ დიალოგს, რომელიც დაფუძნებულია საპარლამენტო ღირებულებებსა და საერთო ინტერესებზე. ევროპარლამენტის დესტრუქციული პოზიცია კი, უარყოფს აღნიშნულ პრინციპებს და ამ ინსტიტუტთან  თანამშრომლობის ურთიერთობების განვითარების მთავარ დაბრკოლებად იქცა.„ევროპარლამენტის საქმიანობის არსი საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, სამართლიანობის კონცეფციის კატეგორიული უარყოფაა. ეს ინსტიტუტი განუწყვეტლივ უგულებელყოფს სომხეთის მიერ ჩვენი მიწების 30-წლიან ოკუპაციას, ჩვენი ასობით ქალაქისა და სოფლის, ისტორიული, რელიგიური და კულტურული ძეგლის განადგურებას, ეთნიკურ წმენდას და მილიონზე მეტი ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის ადამიანის უფლებებს. ევროპარლამენტთან თანამშრომლობისთვის განკუთვნილი პლატფორმები – ევროკავშირი-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი და „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეა, ზეწოლის, შანტაჟისა და ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევის ინსტრუმენტად იქცა“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ასევე ცნობილი ხდება, რომ დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ევროკავშირის ელჩი მარიანა კუიუნჯიჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მკაცრად დაგმეს ევროპარლამენტის მიერ 30 აპრილს აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციაში შემავალი უსაფუძვლო და მიკერძოებული დებულებები და ამასთან დაკავშირებით მეორე მხარეს პროტესტის ნოტა გადაეცა.

კაია კალასი მიიჩნევს, რომ სამხედრო აღჭურვილობის გარეშე აღლუმის ჩატარება რუსეთის რეალურ მდგომარეობას აჩვენებს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი მიიჩნევს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმის სამხედრო აღჭურვილობის გარეშე ჩატარება უკრაინაში ომის დროს რუსეთის რეალურ მდგომარეობას აჩვენებს. მედიის ცნობით, ამის შესახებ კაია კალასმა  ნორდიკულ-ბალტიური რვიანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის დროს განაცხადა.„მრავალი წლის შემდეგ პირველად, გამარჯვების დღის აღლუმი მოსკოვში მძიმე სამხედრო ტექნიკის გარეშე გაიმართება. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, მათ შორის ომის დროს რუსეთის მდგომარეობაზე“, – განაცხადა მან.კალასის თქმით, „ბრძოლის ველიდან მიღებული ზუსტი სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთი რეკორდულ რაოდენობის ჯარისკაცებს კარგავს“.ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ვერ აღწევს თავის სამხედრო მიზნებს და ეს სულ უფრო აშკარა ხდება.ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 9 მაისის აღლუმი მოსკოვში „არსებული სიტუაციის“ გამო სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარდება.ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 9 მაისის სამხედრო აღლუმში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ავიაცია და მოსკოვის წითელ მოედანს „პილოტაჟური ავიაჯგუფების“ თვითმფრინავები გადაუფრენენ, აღლუმის ბოლოს კი მოიერიშე სუ-25-ების პილოტები მოსკოვის ცაზე რუსეთის დროშის ფერებს გამოსახავენ.მოსკოვში ვიზიტს გეგმავს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო.

ბოლო სიახლეები