ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი აცხადებს, რომ პეკინმა და ვაშინგტონმა ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებში რთულად მოპოვებული სტაბილურობა უნდა შეინარჩუნონ.
მედიის ცნობით, ვან იმ ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
„ორივე მხარემ უნდა დაიცვას ძნელად მოპოვებული სტაბილურობა, კარგად მოემზადოს მნიშვნელოვანი მაღალი დონის ურთიერთქმედების დღის წესრიგისთვის, გააფართოოს თანამშრომლობა და მართოს უთანხმოებები“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, ქვეყნებს შორის ურთიერთობებისთვის ყველაზე დიდი რისკის შემცველი საკითხი ტაივანია.
„ტაივანის საკითხი ჩინეთის ძირითადი ინტერესია. აშშ-მა უნდა შეასრულოს თავისი დაპირებები და სწორი არჩევანი გააკეთოს, რათა ჩინეთ-აშშ-ს თანამშრომლობისთვის ახალი სივრცე გახსნას და მსოფლიო მშვიდობისთვის სათანადო ძალისხმევა გაიღოს“, – განუცხადა ვან იმ რუბიოს.
როგორც ცნობილია ლიდერებმა ასევე ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზეც.

