„ესეც არის ის მხარდაჭერა, რომელსაც გამოთქვამენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები და პირველ რიგში გერმანია, რათა ხელი შეუწყონ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ჩავიდნენ გერმანიაში და აქვთ სურვილი საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდნენ. გერმანიის მთავრობა სთავაზობს სპეციალურ პირობებს, ფინანსურ დახმარებას და იმ ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც მათი დაბრუნებისთვის არის საჭირო. საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხაა, ამიტომ ამ ინფორმაციას აუცილებლად გავავრცელებთ კიდევ უფრო აქტიურად ჩვენი არხებით, შესაბამის დიასპორულ ორგანიზაციებში და მოქალაქეებში, რათა მაქსიმალურად ყველამ შეძლოს ამ ახალი შესაძლებლობით სარგებლობა და სამშობლოში დაბრუნება. იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება კონკრეტული შედეგის მომტანი ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ სამშობლოში დაბრუნება. მოვუწოდებ, ამ შესაძლებლობით ისარგებლონ“, – განაცხადა ჯანელიძემ.
მიხეილ ჯანელიძე გერმანიაში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გერმანიის მთავრობის მიერ მიცემული შესაძლებლობით ისარგებლონ
მზია ამაღლობელი – მოძალადეს ბოდიში რომ არ უნდა მოვუხადო და რეჟიმს შეწყალება არ მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება – ღირსების განცდაც საკმარისია
რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია , - ამის შესახებ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი წერილში წერს, რომელსაც „ბათუმელები“ ავრცელებს.ამაღლობელი მიმართავს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომ ძალაუფლება და სახელმწიფო ინსტიტუციები მათ ხელშია, თავად კი საერთაშორისო მართლმსაჯულებას დაელოდება და იმ დღეს, როცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მისგან გაწნილი სილის ბრალდებისა და სასჯელის კანონიერებაზე იმსჯელებს.ასევე, ამაღლობელი მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, რომ ისიც დაელოდოს ევროსასამართლოს მის მიერ მიღებულ „რეპრესიულ” კანონმდებლობაზე მართლმსაჯულებას.„გუშინდელი ბრიფინგი პარლამენტში უსინდისობის დემონსტრირება იყო და სხვა არაფერი. რეჟიმს მორალი არ აქვს – იმ უსამართლო განაჩენზეც კი არ უნდათ პასუხისმგებლობის აღება, რითაც ციხეში გამოგვკეტეს საქართველოს სახელით და საზოგადოებისთვის საშიში პირებად, კრიმინალებად გამოგვაცხადეს.ხელს ბრიუსელისკენ და ევროპელი დიპლომატებისკენ იშვერენ. გრცხვენოდეთ. მოძალადეს ბოდიში რომ არ უნდა მოვუხადო და რეჟიმს შეწყალება არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება – ღირსების განცდაც საკმარისია.ჩემი საკანი სავსეა გაყალბებული ოქმებით, ცრუ მოწმეების ჩვენებებით, უკანონო ბრალდებებით და სასამართლო გადაწყვეტილებებით, პატიმრობა და დამცირებისთვის ორი წელი საკმარისი თუ არ არის, არ გაგიჭირდებათ, ამჯერადაც რამეს მოიფიქრებთ, თუ მოინდომებთ ციხეში ჩემს ჩატოვებას.ძალაუფლება და სახელმწიფო ინსტიტუციები თქვენ ხელშია.მე კი საერთაშორისო მართლმსაჯულებას დაველოდები, იმ დღეს დაველოდები, როცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ჩემგან გაწნილი სილის ბრალდებისა და სასჯელის კანონიერებაზე იმსჯელებს.თქვენც დაელოდეთ ბატონო პაპუაშვილო, თქვენ მიერ მიღებული რეპრესიული, რუსული კანონების სამართლიანობასა და მართლზომიერებაზე, კონსტიტუციასა და დემოკრატიულ პროცესებთან შესაბამისობაზეც იმსჯელებს ევროსასამართლო“, - წერს ამაღლობელი წერილში.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიოში აღარავინ ამბობს, რომ მზია ამაღლობელი არის უდანაშაულო და დასძინა: "რა უდგას წინ იმის აღიარებას, რომ პოლიციელზე თავდასხმა არის დანაშაული?! - ვინც ციხეში რჩება, ბრიუსელის და ოპოზიციის უსინდისობის პატიმარია".
პროკურორი გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე – ამ ეტაპისთვის, საპროცესო შეთანხმების საკითხი არც ადვოკატების და არც ბრალდებულის მხრიდან არ გაჟღერებულა – ვვარაუდობ, ეს არის ტაქტიკა და...
ამ ეტაპისთვის, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, არც ადვოკატების და არც ბრალდებულის მხრიდან არ გაჟღერებულა. ვვარაუდობ, ეს არის ტაქტიკა, ისინი ელოდებიან პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა.მისი განმარტებით, გრიგოლ ლილუაშვილი დღეს მიცემულ ჩვენებაში შეეცდება ყველა პირისგან და ბრალად წარდგენილი ქმედებებისგან დისტანცირდეს.„საქმეში გამოკვეთილი სხვადასხვა გარემოებებიდან, მათ შორის, საქმეში ფიგურანტი პირების, ურთიერთობების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, კითხვები არის.ერთი ეპიზოდის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს დანაშაულებრივი ჯგუფის, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, იმ დროინდელი ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის და ამავე სააგენტოს სხვადახვა პოზიციაზე დასაქმებული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება. კერძოდ, ისინი იღებდნენ თანხებს, ქრთამს ე.წ. ატკატების სახით და ამავე დანაშაულებრივი ქმედების მფარველობისათვის ქრთამის ნაწილი უშუალოდ კახაბერ გვანცელაძის მიერ გრიგოლ ლილუაშვილს გადაეცემოდა. ასევე, ბრალად გვაქვს წარდგენილი თაღლითური „ქოლ ცენტრების" მფარველობა, სადაც დადგენილია რომ მისი უახლოესი პირი - ანდრია ლილუაშვილი უშუალოდ მონაწილეობდა „ქოლ ცენტრების" საქმიანობაში, ამ "ქოლ ცენტრებთან" დაკავშირებული ყველა პირი დაკითხულია, ვისაც რამე ინფორმაცია შეიძლებოდა ჰქონოდა. გრიგოლ ლილუაშვილს ასევე ვედავებით ქრთამის აღების ორ ეპიზოდს, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით.ანდრია ლილუაშვილი უკვე დაკითხულია, გრიგოლ ლილუაშვილი მაქსიმალურად ეცდება დისტანცირდეს მისგან, როგორც მასთან საქმიან შემხებლობაში მყოფი. თუმცა, ამას პირდაპირ გამორიცხავს მათ შორის არსებული მიმოწერა. ასევე, დარწმუნებული ვარ, ეცდება ყველასგან დისტანცირდეს, ყველა იმ პირისგან, ვინც საქმეში ფიგურირებს, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების იმ თანამშრომლებისგან, რომლებიც „ქოლ ცენტრების" საქმიანობაში პირდაპირ იყვნენ ჩართულები, მათ ანდრია ლილუაშვილთან ჰქონდათ კავშირი. დარწმუნებული ვარ, ის ყველა ფაქტობრივ მოცემულობას უარყოფს. ასევე, ვფიქრობ, ის დიდ დროს დაუთმობს იმაზე საუბარს, რომ რა მითითება და ბრძანებაც არ უნდა გაეცა დაცვის იმ წევრებისათვის, რომლებიც მან სამსახურიდან წასვლის შემდეგ პირად დაცვაში წაიყვანა, დაცვის წევრები მას არ დაემორჩილებოდნენ და წესების შესაბამისად იმოქმედებდნენ.ამ ეტაპისთვის, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, არც ადვოკატების და არც ბრალდებულის მხრიდან არ გაჟღერებულა. ვვარაუდობ, ეს არის ტაქტიკა, ისინი ელოდებიან პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ხუციშვილი – საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა, როგორც ანგარიშგების, ისე აუდიტის ზედამხედველობის სისტემა
საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა, როგორც ანგარიშგების, ისე აუდიტის ზედამხედველობის სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) დაარსებიდან 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული სამსახურის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ სფეროში განხორციელებული რეფორმები მნიშვნელოვანია სანდო და ჯანსაღი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებისთვის.„ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები გახდა ჩვენი პროფესიული გარემოს მნიშვნელოვანი საფუძველი. შეიქმნა ანგარიშგების უნიკალური საჯარო სისტემა (Reportal.ge), განვითარდა ზედამხედველობის მექანიზმები და თანდათან გაიზარდა, როგორც ბიზნესის, ისე პროფესიული სექტორის ჩართულობა. რეფორმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საბუღალტრო და აუდიტორული სექტორის ჩართულობა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ სფეროში SARAS-ის მანდატის გაფართოება და ზედამხედველობის გაძლიერება, ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობისა და სანდოობის დაცვის მნიშვნელოვანი მექანიზმია“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.გამოსვლაში ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაწეულ მხარდაჭერაზე. როგორც მან აღნიშნა, რეფორმის განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დონორებმა, მათ შორის, მსოფლიო ბანკმა და სხვა პარტნიორებმა.ლაშა ხუციშვილმა სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა ათი წლის განმავლობაში სისტემის შექმნასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა საქმიანობაში. მან, ასევე, ხაზი გაუსვა ბიზნესისა და პროფესიული ორგანიზაციების როლს რეფორმის ხელშეწყობის პროცესში.ინფომაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
“ასეთი კომენტარები იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც 24 საათი კაბინეტში რიგში ედგნენ და მისი სადღეგრძელოთი იწყებდნენ და ამთავრებდნენ სუფრას, ჩემი აზრით, ცოტა არასწორია“ – კახიშვილი...
თუ დამნაშავეა , აგოს პასუხი, რასაც სასამართლო მიუსჯის, მოიხადოს, მაგრამ რასაც მე ახლა ვუყურებ, ამას ჰქვია დამატებითი "შპილკაობა" და არ არის კარგი! , - ამის შესახებ პოლიტიკოსმა კახა კახიშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.კახა კახიშვილის თქმით, ყოფილი პრეიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისთვის თუ რამე ჰქონდათ სათქმელი, მაშინ უნდა ეთქვათ, ვიდრე თავისუფალი იყო, ხოლო ახლა, "როდესაც 10-15 - წლიან სასჯელზეა საუბარი, მასზე ასეთი ხისტი განცხადებები უბრალოდ არ ტოვებს შთაბეჭდილებას სიძლიერეზე“."ადამიანი არის პატიმრობაში და რასაც ჩვენ ვისმენთ, პროკურატურის განცხადებებს… ის სანქცია, რომელზეც არის საუბარი, საკმაოდ მაღალია. წარმოვიდგინოთ, რამდენად მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესშია ადამიანი, რომელიც ციხეშია. მით უმეტეს, დარწმუნებული ვარ, ყველა გადაცემას, რისი საშუალებაც არსებობს პენიტენციურ სისტემაში, უყურებს, ყველა ადამიანის კომენტარს უსმენს და ასეთ ფონზე ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. კატეგორიული შეფასების გაკეთება აქეთა ფლანგიდან, როდესაც თავისუფლებაზე ხარ და კარგ მანქანაზე ზიხარ, შემდეგ კარგ კაფეში გადიხარ და კარგი ხელფასი გაქვს, ხისტი შეფასება ბევრად ადვილია, ვიდრე იმ ადამიანისთვის, რომელიც ციხეში ზის. როდესაც საუბარია პატიმარზე ან განსაცდელში მყოფ ადამიანზე, შენი სიძლიერე გამოიხატება იმაში, რომ უფრო დაუთმო, არ აყვე, არ შეურაცხყო, ვინაიდან, უნდა გაითვალისწინო იმ ადამიანის მდგომარეობა მიუხედავად იმისა, შენ რას ფიქრობ იმ ადამიანზე. სიძლიერე იმაში გამოიხატება, რომ ძლიერი როცა ხარ, სუსტი არ დაჩაგრო. თუ ძლიერი ხარ, ძლიერად მიგაჩნია თავი, წადი და შენზე ძლიერს ედავე. ამას ყველას მისამართით ვამბობ. ზოგადად არ მესმის, როდესაც ხედავ, რომ ადამიანი ცოტა მძიმე მდგომარეობაშია, მიუხედავად იმისა, დამნაშავეა თუ არა, როცა ის პატიმარია, როდესაც საუბარია შენი გუნდის წევრზე, შენს ყოფილ ლიდერზე, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ლხინში თუ ჭირში ერთად იყავით, სუფრებზე ისხედით, ერთმანეთის სადღეგრძელოებს სვამდით და როცა ხედავ, რომ ახლა ადამიანი ფსიქოლოგიურ სტრესშია, იქიდან რაღაც განცხადებებს აკეთებს, შენი აზრით, ცდილობს, რომ თავი გამოიძვრინოს სიტუაციიდან, დაუთმე, რა საჭიროა, იდგე და კომენტარები გააკეთო მაშინ, როდესაც სხვა სიბრტყეში ხარ.თუ რამე გქონდა სათქმელი , მაშინ უნდა გეთქვა, სანამ თავისუფალი იყო. ახლა, როდესაც ის ჩაკეტილია და 10-15 - წლიან სასჯელზეა საუბარი, ასეთი ხისტი განცხადებები უბრალოდ არ ტოვებს შთაბეჭდილებას შენს სიძლიერეზე. არ შეიძლება, რაღაც უნდა გაატარო, როცა შენ ძლიერი ხარ. თუ თავი გაქვს, როცა პრემიერი იყო, მაშინ გესაუბრა ან როდესაც პატიმრობაში არ იყო. დღესაც არსებობენ მათზე ძლიერები და თუ რამ სადაო აქვთ, წავიდნენ და მათზე ძლიერებს ედავონ, შეუძლიათ? ადამიანი, რომელიც წაქცეულია და ძალიან სერიოზულ განცდებშია, იმას გადაუარო, მარტივია, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს ნორმალურია და ასე შეიძლება, მიუხედავად იმისა, ადამიანი მართალია თუ დამნაშავეა. ეს სასამართლოს დასადგენია და ასეთი კომენტარები იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც 24 საათი კაბინეტში რიგში ედგნენ და მისი სადღეგრძელოთი იწყებდნენ და ამთავრებდნენ სუფრას, ჩემი აზრით, ცოტა არასწორია“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
ოთარ ფარცხალაძე – რაც არ უნდა შეეცადონ დასავლელი კურატორები ქართველებში რუსეთის მიმართ სიძულვილის გაღვივებას, საღად მოაზროვნე ხალხი, რომელიც საქართველოში ძალიან ბევრია, ისტორიული სიმართლის მხარეს...
საქართველოს მოსახლეობის საღად მოაზროვნე ნაწილი დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ სიძულვილის გაღვივების მცდელობებს არ აჰყვა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსულ სახელმწიფო გამოცემა TASS-ს განუცხადა.ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის განცხადებით, „რუსეთი ყოველთვის საქართველოს გვერდით იდგა მის ყველაზე მძიმე დროს, როდესაც სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საკითხი ეჭვქვეშ იდგა“.„რაც არ უნდა შეეცადონ დღეს დასავლელი კურატორები ქართველებში რუსეთის მიმართ სიძულვილის გაღვივებას, საღად მოაზროვნე ხალხი, რომელიც საქართველოში ძალიან ბევრია, ყოველთვის ისტორიული სიმართლის მხარეს იქნება და არა ცრუ დასავლური ნარატივების“, - აღნიშნა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ.ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოაყალიბა. რომანოვ-ფარცხალაძის განცხადებით, ქვედანაყოფის სახელწოდება გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, „რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში“.
