ევროკავშირმა გამოაცხადა და გამოყო 38 მილიონი ევრო ისეთი პროექტებისთვის, რომლებიც ამ ქვეყნის ოჯახებსა და ადგილობრივ თემებს კვლავაც მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს. ეს ჩვენი მიდგომის – „ევროკავშირი შენთან“ – ნაწილია და წარმოადგენს ჩვენს ვალდებულებას საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ევროკავშირთან თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა ადგილობრივი თემებისთვის ევროკავშირის დაფინანსების ახალი პაკეტის შესახებ საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, ვინ მიიღებს ყველაზე მეტ სარგებელს ამ მხარდაჭერისგან, ნიკოლას სენდროვიჩმა უპასუხა:
„ამ პაკეტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ფერმერების, სოფლად მცხოვრები ადამიანებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ იმ ბიზნესებსა და ფერმერულ მეურნეობებს, რომლებსაც ქალები მართავენ. ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაბებსა და პატარა ქალაქებში, ხელს შევუწყობთ პროფესიული უნარების განვითარებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას. ჩვენ ვეხმარებით იმ ადამიანებსაც, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან და აქ ხელახლა დამკვიდრება სურთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვან მხარდაჭერას გავუწევთ ქალებსა და გოგონებს, შევუქმნით მათ ახალ შესაძლებლობებს, მათ შორის იმ ქალებსა და გოგონებს, რომლებიც გენდერული ნიშნით ძალადობა გადაიტანეს”.
კითხვაზე, როგორ განხორციელდება ეს მხარდაჭერა და ვისი მეშვეობით, ნიკოლას სენდროვიჩმა უპასუხა:
„ვითანამშრომლებთ ჩვენს სანდო პარტნიორებთან. მათ შორის იქნებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შესაბამისი უწყებები და გაეროს სააგენტოები, რათა საქართველოს მოსახლეობას დახმარება რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ. ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის ცვლილებას მომავალი წლის დასაწყისიდან მოიტანს”.
გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, სამ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რა პერიოდსაც საქართველოსთან ევროკავშირის თანამშრომლობა მოიცავს, “ევროკავშირმა აქ ორ მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის დახმარება გაიღო”.
“მხოლოდ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ჩვენ მხარი დავუჭირეთ 280 000 მცირე და საშუალო საწარმოს, რამაც 38 000 სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყო ხელი. კიდევ ერთი პროექტი, რომლითაც განსაკუთრებით ვამაყობთ, ხაშურსა და მიმდებარე მუნიციპალიტეტებში სასმელი წყლით უზრუნველყოფას უკავშირდება; ამ ინიციატივით აღნიშნულ ტერიტორიაზე 44 000-მა ადამიანმა ისარგებლა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მიმართულებით ხორციელდება; შენიშნავდით, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკის მეშვეობით გაწეული ევროკავშირის დახმარების წყალობით, თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო შესამჩნევად შემცირდა. გარდა ამისა, ჩვენ ქვეყანას უზრუნველვყოფთ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ათი სადგურით”, – განაცხადა მან.
კითხვაზე, რა არის მისი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისადმი მათი ევროპული მომავლის შესახებ, ნიკოლას სენდროვიჩმა უპასუხა:
“ვიცი, რომ ბევრ ქართველს სურს ამ ქვეყანაში ევროკავშირის უფრო მეტი აქტიურობა იხილოს, თუმცა მათ ასევე სურთ, ევროკავშირს შესთავაზონ ის, რაც ამ ქვეყანას ასე უნიკალურსა და განსაკუთრებულს ხდის. სინამდვილეში, ამ ორ იდენტობას შორის არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს. არ გიწევთ არჩევანის გაკეთება – ქართველი ხართ თუ ევროპელი. სინამდვილეში, ამ ქვეყნის მოსახლეობა უკვე არის როგორც ქართველი, ისე ევროპელი”.

