მეუფე გრიგოლი: გულდასაწყვეტია, რომ პოლიტიკური ლიდერები უკრაინას ავტოკეფალიას არ ულოცავენ

Read Time:1 Minute, 30 Second

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის თქმით, არ არის შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მოპოვება ჯერ არ მიულოცავთ. ამის შესახებ მან საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე გრიგოლის თქმით, ახლა მართლმადიდებლურ სამყაროში მიმდინარეობს ახალი (ანუ, მეორე) ცენტრის ჩამოყალიბების პროცესი და და საქართველოს ეკლესია თუ აღმოჩნდა ამ „ახალი“ ცენტრის ორბიტაზე, ქართულ სახელმწიფოსაც სავალალო ბედი ელის.

“უკრაინისთვის მისი ეროვნული ეკლესიის არსებობა არ არის მხოლოდ რელიგიური მნიშვნელობის მოვლენა, ისევე როგორც თავის დროზე, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვება (V ს.) არ გახლდათ მხოლოდ რელიგიური აქტი; და არც ავტოკეფალიის დაკარგვა (1811 წ.) გახლდათ რუსეთის ეკლესიის რელიგიური ახირება; არც უკანონოდ დამცრობილი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა (1917 წ.) გახლდათ მხოლოდ რელიგიური მნიშვნელობის მატარებელი. ჩვენთვის ამას ჰქონდა განუზომლად დიდი ეროვნული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც. არსებითად ასეა ჩვენი დიდი ხნის ერთგული მეგობარი ქვეყნისა და ხალხისთვისაც.

ამიტომ, პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მათი უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ მილოცვაზე თავის შეკავება, არსებული ისტორიული და პოლიტიკური რეალობის პირობებში, ნამდვილად გულდასაწყვეტია და არ წარმოადგენს განსაკუთრებულ შორსმჭვრეტელურ გადაწყვეტილებას.

ისტორიული გამოცდილება კი ნამდვილად გვკარნახობს და გვაფიქრებინებს, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში მიმდინარეობს ახალი (ანუ, მეორე) ცენტრის ჩამოყალიბების პროცესი, ისტორიულად არსებული კანონიკური ცენტრის პარალელურად, და საქართველოს ეკლესია თუ აღმოჩნდა ამ „ახალი“ ცენტრის ორბიტაზე, ჩათვალეთ, რომ ქართულ სახელმწიფოსაც სავალალო ბედი ელის! და რა როლი განეკუთვნება მას ახალი ცენტრის რელიგიურ-პოლიტიკურ (და, შესაძლოა, ასევე, სამხედრო) გაერთიანებაში, ამას დიდი მარჩიელობა არ სჭირდება. ამიტომ, ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვისმენთ მოსაზრებას, რომ ეკლესიასთან ერთად იმსჯელებენ ამ საკითხზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ან ვერ აცნობიერებენ საკუთარ ვალდებულებებს კოლეგებისა და მეგობარი სახელმწიფოს მიმართ, ან შეცდომაში არიან შეყვანილნი მცდარად გაგებული რელიგიურობით”, – თქვა მეუფე გრიგოლმა.

მისი განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე პროცესები არაჩვეულებრივ შესაძლებლობას ქმნის იმ ძალების გაერთიანებისთვის, ვისაც საქართველოს მომავალი ცივილიზებული კაცობრიობის ორბიტაზე წარმოუდგენია, და იმ ძალთა გასამჟღავნებლად, ვისაც წარსულში დაბრუნების დაუოკებელი ნოსტალგია აწუხებს.

უკრაინას ავტოკეფალიის მიღება 13 იანვარს შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტმაც მიულოცა.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ხელი 5 იანვარს მოაწერა. მანვე მართლმადიდებელ ეკლესიებს უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვაშლიჯვრის თავშესაფარში ძაღლები მოწამლეს
Next post იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დავით მათიკაშვილს დაეკისრა