ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რა ცვლილებები შევა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესებში

Read Time:1 Minute, 24 Second

ვენეციის კომისიამ 2020 წლის 8 ოქტომბერს შეიმუშავა საბოლოო რეკომენდაციები, რომელთა შესრულების მიზნითაც საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები დავაინიცირეთ. ამ ცვლილებების მიზანია, გავაგრძელოთ სასამართლოს რეფორმირება მეტი გამჭვირვალეობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების კიდევ უფრო გაზრდისათვის, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ქართული ოცნების“ გუნდი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით 2013 წლიდან მოყოლებული ახორციელებს სასამართლო სისტემის თანმიმდევრულ რეფორმირებას. ამ რეფორმების შედეგად, ქართულ სასამართლო სისტემას აქვს შთამბეჭდავი წარმატება, რაც აღიარებულია მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ამასთანავე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზების დახვეწა და სისტემის კიდევ უფრო გაუმჯობესება. სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ გუნდმა, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, 2019 წელს განახორციელა საკანონმდებლო ცვლილება, რამაც უზრუნველყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და არჩევის უპრეცედენტოდ ღიად და გამჭვირვალედ, ხანგრძლივი პროცედურებით წარმართვა.

ამასთანავე, ჩვენ ვითანამშრომლეთ ვენეციის კომისიასთან პროცედურების შემდგომ გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიამ 2020 წლის 8 ოქტომბერს შეიმუშავა საბოლოო რეკომენდაციები, რომელთა შესრულების მიზნითაც დავაინიცირეთ ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში. ჩვენი გუნდის მიერ ინიცირებული ცვლილებებით, დამატებით, შემდეგნაირად დარეგულირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხები:

  • გაუქმდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული ნახევრად ღია კენჭისყრის წესი და კენჭისყრები იქნება ღია. შესაბამისად, საზოგადოებისათვის ცნობილი იქნება ინფორმაცია საბჭოს წევრების მიერ მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებისა და კენჭისყრაში ხმის მიცემის შესახებ;
  • საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევას და პარლამენტისათვის წარდგენას საფუძვლად დაედება კანდიდატების შეფასებისას მათ მიერ დაგროვებული ქულები, რაც ნიშნავს ე.წ. სარეიტინგო სიის ფორმირებას. ამის შედეგად, საბჭოს გადაწყვეტილებით, პარლამენტს ასარჩევად წარედგინება მხოლოდ საუკეთესო შეფასების მქონე მოსამართლეობის კანდიდატები;
  • ასევე გათვალისწინებულია საბჭოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული ნებისმიერი პოზიციის დასაბუთების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, საბჭოს წევრი დაუჭერს თუ არა კანდიდატს მხარს;
  • გათვალისწინებულია კანდიდატის მიერ გასაჩივრების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ხელახალი გადაწყვეტილების ერთჯერადად გასაჩივრების შესაძლებლობა.

ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ სასამართლოს რეფორმირება მეტი გამჭვირვალეობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების კიდევ უფრო გაზრდის მიზნით“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი იონათამიშვილი: ოპოზიცია ვირტუალურ დღის წესრიგს ქმნის და ისეთ თემებზე საუბრობს, რომელიც საფუძველს მოკლებულია
Next post არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ვადამდელ არჩევნებთან და ნიკა მელიასთან დაკავშირებულ პოზიციას არც მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ფარგლებში შეცვლის