ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებას დღეს მთავარ პრობლემას უქმნის საგარეო ჩარევა. ეს არის გარე ჩარევა, რომელიც ურევს სიტუაციას ქვეყნებში, ცდილობს, წარმოაჩინოს სხვისი ინტერესი ხალხისა და ქვეყნის ინტერესად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, უნდა შეიქმნას გარე ჩარევებისგან თავდაცვის საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩო.
„ყველა ქვეყანამ უნდა იმოქმედოს საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ქვეყნები როცა მოქმედებენ ჭეშმარიტი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, მშვიდობა უფრო მყარია, თანამშრომლობა – უფრო სტაბილური. ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებას დღეს მთავარ პრობლემას უქმნის საგარეო ჩარევა, აამოქმედოს ხელისუფლებები არა საკუთარი ხალხის, არამედ გარე პოლიტიკური ძალების ინტერესების შესაბამისად. ასე ირევა სინამდვილეში ურთიერთობები ქვეყნებს შორის და ირღვევა სტაბილურობა.
ასამბლეის მონაწილეთა მიმართ ჩემი მოწოდება იყო, რომ მნიშვნელოვანია გარე ჩარევებისგან თავდაცვა. ქვეყნის თავდაცვა არ წყდება მხოლოდ ფიზიკურ საზღვრებზე, არამედ ქვეყანამ უნდა დაიცვას თავი გარე ჩარევისგან მის ინსტიტუტებში, საზოგადოებაზე გავლენის შემცირებით. ამისთვის საჭიროა სამართლებრივი ჩარჩო. ეს ჩარჩო ბევრ ქვეყანაში არსებობს, მათ შორის – საქართველოში, თუმცა ვინაიდან არის ორმაგი სტანდარტი, რაც მისაღებია იუპიტერების ქვეყანაში, ხარების ქვეყანაში ზოგიერთისთვის მიუღებელია. ამიტომ მნიშვნელოვანია, შეიქმნას ერთიანი საერთაშორისო ჩარჩო, გარე ჩარევებისგან თავდაცვის სამართლებრივი ჩარჩო, რომელზეც ყველა შეთანხმდება და იხელმძღვანელებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

