მნიშვნელოვანია არა ჩანაწერები და დეკლარაციები, არამედ სწორი პოლიტიკა. „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ეს აჩვენა, რომ სწორი პოლიტიკით ყველაზე კონფლიქტებით დახუნძლულ რეგიონშიც კი შესაძლებელია მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს კონსტიტუციური ამოცანები ჩამოყალიბებულია, საკითხი არ არის ნეიტრალიტეტსა და არანეიტრალიტეტს შორის.
„საკითხია იმ გამოწვევაზე, რომელიც ჩვენზე დამოკიდებული არ არის. ჩვენ გარშემო რაც ხდება, არ წყდება დეკლარაციებით, კონსტიტუციაში ჩანაწერებით და ამგვარი ტერმინების შემოტანით. ამას ბრძნული პოლიტიკა უნდა, რომელიც ქვეყანას აარიდებს კონფლიქტებს და იმ სირთულეებს, რასაც მსოფლიო გადის.
საქართველოს ხელისუფლება იმის მაგალითია, რომ ბოლო 14 წლის განმავლობაში საქართველოს პირველად აქვს პერიოდი, როცა ქვეყნაში ომი არ დაწყებულა და სამხედრო კონფლიქტი არ ყოფილა. ეს შემთხვევით არ ხდება. ბოლო რამდენიმე წელია, წინაპირობა იყო, რომ საქართველოში ომი დაწყებულიყო. ომი გარანტირებულად იქნებოდა, რომ ზოგიერთ უცხოელს საქართველოს ხელისუფლების კაბინეტებში დახვედროდნენ ცალ ფეხზე მდგომი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. გარანტირებულ ომს იმის გამო გადავრჩით, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები ყველაფერზე მაღლა დავაყენეთ. მნიშვნელოვანია არა ჩანაწერები და დეკლარაციები, არამედ სწორი პოლიტიკა. „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ეს აჩვენა, რომ სწორი პოლიტიკით ყველაზე კონფლიქტებით დახუნძლულ რეგიონშიც კი შესაძლებელია მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

