შაბათი, აპრილი 18, 2026

შალვა პაპუაშვილი – გლობალიზაციის ეპოქაში ქართული მართლმადიდებლობა მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს, გვასწავლის, როგორ შევინარჩუნოთ სულიერი იდენტობა, დავაბალანსოთ ტრადიცია და პროგრესი

საქართველოსთვის მართლმადიდებლობა მხოლოდ სარწმუნოება არ არის, ის ეროვნული იდენტობის და ისტორიული უწყვეტობის საფუძველია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, გლობალიზაციის ეპოქაში ქართული მართლმადიდებლობა კვლავაც მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს.

„პატივცემულო დელეგატებო, ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ამ მნიშვნელოვან შეკრებაზე.

ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ არა მხოლოდ როგორც ჩვენი ქვეყნების წარმომადგენლები, არამედ როგორც იმ საერთო სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის მატარებლები, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ხალხთა ცხოვრება, ჩამოაყალიბა ცივილიზაციები და ღირსეულად გაუძლო მრავალ განსაცდელსა და ცვლილებას. დღევანდელ სამყაროში, რომელსაც ახასიათებს სწრაფი ცვლილებები, გაურკვევლობები და დაყოფა, მართლმადიდებლური ქრისტიანული ღირებულებები ჩვენთვის მყარ ზნეობრივ ორიენტირად გვევლინება. ისინი გვახსენებენ ადამიანის ღირსების შეუვალობას, სოლიდარობის აუცილებლობას და რწმენის, თანაგრძნობისა და სამართლიანობის ძალას.

საქართველოსთვის მართლმადიდებლობა მხოლოდ სარწმუნოება არ არის – ის ეროვნული იდენტობის და ისტორიული უწყვეტობის საფუძველია.

მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან დღემდე ქართული მართლმადიდებლური ტრადიცია გადამწყვეტ როლს ასრულებდა ჩვენი ენის, კულტურისა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანას უმძიმესი ისტორიული განსაცდელების გავლა უხდებოდა. ის იყო ჩვენი ერთიანობის, გამძლეობისა და ზნეობრივი სიმტკიცის წყარო. დღეს, გლობალიზაციის ეპოქაში ქართული მართლმადიდებლობა კვლავაც მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს. ის გვასწავლის, როგორ შევინარჩუნოთ სულიერი იდენტობა გლობალურ პროცესებში ჩართულობის პარალელურად; როგორ დავაბალანსოთ ტრადიცია და პროგრესი; როგორ ვაწარმოოთ დიალოგი ისე, რომ არ დავკარგოთ ფუნდამენტური ღირებულებები. ის მოგვიწოდებს მშვიდობისკენ კონფლიქტების დროს, ურთიერთპატივისცემისკენ უთანხმოების პირობებში და თანამშრომლობისკენ კონკურენტულ სამყაროში.

ჩვენ, როგორც პარლამენტარებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია. ჩვენი საქმიანობა მხოლოდ კანონშემოქმედებით არ შემოიფარგლება, მას ღრმა ზნეობრივი განზომილებაც აქვს. ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აისახოს ის ფასეულობები, რომელთაც ვემსახურებით: ადამიანის ღირსების პატივისცემა, კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის დაცვა, სამართლიანობის განმტკიცება და საერთო კეთილდღეობაზე ზრუნვა. ეს ასამბლეა დიალოგისა და თანამშრომლობის უნიკალური პლატფირმაა. იგი გვაძლევს შესაძლებლობას გავამყაროთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის, ერთად ვუპასუხოთ საერთო გამოწვევებს და დავამკვიდროთ ისეთი მსოფლიო ხედვა, სადაც რწმენა და გონება, ტრადიცია და თანამედროვეობა, ერთმანეთს ავსებენ და არა ეწინააღმდეგებიან.

ჩვენი დღევანდელი შეკრება განსაკუთრებულ დროს მოხდა. წელს საქართველო აღნიშნავს ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. მეოთხე საუკუნეში წმინდა ნინოს ქადაგებამ შემუსრა წარმართობის კერპები და ქრისტიანობა ქართველი ერის მტკიცე სულად აქცია. 17 საუკუნის წინ აღსრულებულმა სასწაულმა დააბნელა წარმართობის ცრუ ნათელი და მის ნაცვლად ჭეშმარიტი მზე ამოგვიბრწყინა. ამავე დროს დღეს შესრულდა ზუსტად ერთი თვე რაც განისვენა ჩვენმა უწმინდესმა პატრიარქმა, რომელმაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში მართა ეკლესია. ადამიანი, რომელიც ჩვენს ერს უკიდურესი განსაცდელის ჟამს მოუვლინა უფალმა, რათა აეღორძინებინა ჭეშმარიტი სარწმუნოება, სუდარა მოეხსნა ქრისტეს წმინდა ეკლესიისთვის და რწმენაში გაეერთიანებინა ერი. მან თავისი ისტორიული მისია აღასრულა და ვალმოხდილი წავიდა ზეციურ საქართველოში.

დღეს თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, რომელშიც ჩვენს თვალწინ აღსრულდა უდიდესი სასწაული – ერის ხელახალი დაბადება: ერთიანი, მთლიანი, მტკიცე და შეურყეველი ერის დაბადება. ეს იყო ერი, რომელიც აღდგა ათეიზმის სიბნელიდან და საბჭოეთის უძრაობიდან. ტკივილით, ეკლიანი გზით, დაცემითა და მსხვერპლით, მაგრამ აღდგა რწმენით და ქრისტესადმი სიყვარულით. სწორედ ეს ვიხილეთ ჩვენ უწმინდესის გამოსათხოვარ დღეებში. ვიხილეთ ერის სულიერი ერთიანობა, მისი სიმტკიცე, მისი ერთგულება. ეს მემკვიდრეობა დღესაც ცოცხლობს ჩვენში და სწორედ ამ უმთავრეს ძალაზე დაყრდნობით ვაპირებთ ცხოვრებას მომავალშიც. გისურვებთ ნაყოფიერ მუშაობას და წარმატებულ ასამბლეას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ალექსანდრე ლუკაშენკო – მაკრონი, მერცი და ტრამპი მედროვეები არიან

მაკრონი, მერცი და ტრამპი მედროვეები არიან , - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ RT-ს ჟურნალისტ რიკ სანჩესთან ინტერვიუში განაცხადა.ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, დასავლელი ლიდერების პრობლემა ის არის, რომ ისინი ცდილობენ მოკლე დროში მაქსიმალური პირადი სარგებელი მიიღონ.„თქვენ დასავლეთში გყავთ მაკრონი, მერცი და სხვები - ისინი მედროვეები არიან. ისინი მოვიდნენ, ყველაფერი მიიტაცეს და წავიდნენ. ეს მათი პოლიტიკის საფუძველს წარმოადგენს. ისინი საფრანგეთსა და გერმანიაში ხალხზე არ ფიქრობენ და ეს მათი პრობლემაა“, - განაცხადა ლუკაშენკომ.მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც „მედროვეა“.„ის მედროვეა. მას ოთხი წელი აქვს. რას გააკეთებს ოთხ წელიწადში? არაფერს. ის ვერაფერს გააკეთებს. ამიტომ, პრეზიდენტს მეტი დრო უნდა ჰქონდეს“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

„აქსიოსი“ – ბენიამინ ნეთანიაჰუ შოკირებული იყო დონალდ ტრამპის განცხადებით, რომელმაც ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტა გამოაცხადა და თეთრ სახლს განმარტება სთხოვა

ისრაელმა თეთრ სახლს სთხოვა განმარტება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტა გამოაცხადა, – ამის შესახებ „აქსიოსს“ ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.როგორც გამოცემას წყარომ განუცხადა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპის განცხადებით „შოკირებული, გაოგნებული და შეშფოთებული იყო“.როგორც „აქსიოსი“ წერს, ნეთანიაჰუმ და მისმა გუნდმა ტრამპის განცხადება მედიით შეიტყვეს და შოკირებული იყვნენ, რადგან ის ეწინააღმდეგებოდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ტექსტს, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.ცნობისთვის, 16 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტა გამოაცხადა. ტრამპის თქმით, შესანიშნავი საუბარი ჰქონდა ლიბანის პრეზიდენტთან, ჯოზეფ აუნთან და ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.„მე დავავალე ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარესთან, დენ რაზინ კეინთან ერთად, ისრაელთან და ლიბანთან ერთად ემუშავათ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. ჩემთვის პატივი იყო მსოფლიოში ცხრა ომის მოგვარება და ეს მეათე იქნება, ამიტომ, მოდით, გავაკეთოთ ეს“, – დაწერა ტრამპმა.ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს თეთრ სახლში იწვევს მოსალაპარაკებლად. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ტრამპმა აღნიშნა, 1983 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შეხვედრა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის.

„სქაი ნიუსი“ – სულ მცირე, ორ გემს, რომლებიც ჰორმუზის სრუტის გადაკვეთას ცდილობდნენ, ცეცხლი გაუხსნეს

მას შემდეგ, რაც, სულ მცირე, ორმა გემმა ჰორმუზის სრუტის გადაკვეთა სცადა, მათ ცეცხლი გაუხსნეს, – ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ საზღვაო მონოტორინგის სააგენტოებზე დაყრდნობით ავრცელებს.მედიის ცნობით, სროლა მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტე რამდენიმე საათით გახსნა და რამდენიმე გემმა სრუტეში სტანდარტულ საზღვაო ზოლში გადაადგილება დაიწყო.პლატფორმა MarineTraffic-ის მონაცემებით, საერთაშორისო კოლონა, რომელსაც სრუტეში გავლის იმედი ჰქონდა, უკვე დაიშალა და სხვადასხვა მიმართულებით დაწყო მოძრაობა.ცნობისთვის, ირანის სახელმწიფო მაუწყებლის IRIB-ის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტე კვლავ დაიხურა. ირანის ცენტრალური სამხედრო შტაბის ცნობით, საზღვაო გადაზიდვების ძირითადი ზოლი „ისევ დაიხურა და გავლას ირანის თანხმობა სჭირდება“, რის მიზეზად ოფიციალური თეირანი აშშ-ის მხრიდან პორტების საზღვაო ბლოკადის გაგრძელებას ასახელებს.

ლანა გალდავა – ჩვენ, „ლელო – ძლიერი საქართველო“ ვამბობთ, რომ ბოიკოტის ნაცვლად ვიქნებით ბრძოლაში, არჩევნებით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი

ჩვენ, „ლელო – ძლიერი საქართველო“ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ, რომ ბოიკოტის ნაცვლად ვიქნებით ბრძოლაში, საარჩევნო ნიჰილიზმის ნაცვლად ვიქნებით ოპტიმიზმით, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა.მისი თქმით, არჩევნებით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა უთანასწორო გარემო.„პოლიტიკა უნდა დაუბრუნდეს ხალხს და პოლიტიკოსები უნდა ვიყოთ ხალხის სამსახურში. ძალიან კარგია, თუ შეცვალა პოზიცია სხვადასხვა პოლიტიკურმა აქტორმა, ეს დადებითი ფაქტია“, – განაცხადა ლანა გალდავამ.კითხვაზე იმის შესახებ, რომ ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, არჩევნებამდე აქციებით უნდა მივიდნენ, ლანა გალდავა აცხადებს, რომ „ლელო“ იქნება ყველგან, სადაც ბრძოლის ხაზია.„პირველ რიგში, ეს გახლავთ მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია. არჩევნებით ბრძოლას ალტერნატივა არ გააჩნია, მთავარია, ეს იყოს ბრძოლა, არ იყოს ბოიკოტი და ჩვენ ვიყოთ აქტიურები მოსახლეობასთან ერთად. ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ქართველ ხალხთან. ვართ აქტიურები როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. მუდმივად ვამბობდით და ვამბობთ, რომ არჩევნებით ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს, ასევე ვამბობთ, რომ პოლიტიკა ხალხს უნდა დაუბრუნდეს, პოლიტიკოსები იყვნენ ხალხის სამსახურში. ამიტომ, ბოიკოტის ნაცვლად, მოვუწოდებთ ყველას, ვიყოთ აქტიურ ბრძოლაში. ბრძოლას აუცილებლად მოაქვს შედეგი. ხალხის აქტიურობას საარჩევნო დღეს მოაქვს ძალიან დიდი შედეგი, რადგან გაყალბების ალბათობა ძალიან მცირეა“, – განაცხადა ლანა გალდავამ.

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ფინალის საგზური მოიპოვა მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (81კგ).ქართველმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ტცკაევი დამატებით დროში იუკოთი დაამარცხა. ფინალში გრიგალაშვილის მეტოქე მსოფლიო ჩემპიონი ტიმურ არბუზოვი იქნება.კონტინენტის პირველობა „თბილისი არენაზე“ მიმდინარეობს. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს 16:00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ბოლო სიახლეები