არსებობს ორმაგი სტანდარტი. ის, რაც ერთ ქვეყანაში „დაცვად“ მიიჩნევა, სხვაში „შეზღუდვად“ ფასდება; ის, რაც ერთ სისტემაში ქებას იმსახურებს, სხვაში გაკიცხვის საგანი ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ეს შეუსაბამობა ძირს უთხრის ნდობას.
„დღეს ჩვენ ვდგავართ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე: ეს არის საგარეო ჩარევა. ინფორმაციული ომებისა და უხილავი გავლენების ეპოქაში სუვერენიტეტის დაცვა მხოლოდ საზღვრებზე აღარ ხდება, არამედ ჩვენს ინსტიტუტებსა და საზოგადოებებში. ჩვენი პოლიტიკური სისტემების მთლიანობის დაცვა აღარ არის არჩევითი, არამედ აუცილებელია. სწორედ ამიტომ მოქმედებენ ქვეყნები. სწორედ ამიტომ ვხედავთ მთელ მსოფლიოში საკანონმდებლო ჩარჩოების ჩამოყალიბებას: უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ამერიკის შეერთებულ შტატებში, დემოკრატიის ფარი ევროკავშირში, საგარეო ჩარევის კანონი საფრანგეთში, უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა (FIRS) გაერთიანებულ სამეფოში ან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი საქართველოში. მიუხედავად განსხვავებული სახელწოდებებისა, სამართლებრივი ფორმა ეძლევა ერთ საერთო პრინციპს: დემოკრატია უნდა ყალიბდებოდეს ხალხის მიერ და არა უცხოური ძალის მიერ. და მაინც, არსებობს ორმაგი სტანდარტი. ის, რაც ერთ ქვეყანაში „დაცვად“ მიიჩნევა, სხვაში „შეზღუდვად“ ფასდება; ის, რაც ერთ სისტემაში ქებას იმსახურებს, სხვაში გაკიცხვის საგანი ხდება. ეს შეუსაბამობა ძირს უთხრის ნდობას. თანამშრომლობას თუ სერიოზულად ვუდგებით, წესები ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

