ხუთშაბათი, ოქტომბერი 8, 2026

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ ეროვნული სასამართლო პროცესები სამართლიანად ჩატარდა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ ეროვნული სასამართლო პროცესები სამართლიანად ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის მიმართ არ დარღვეულა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.

„დღეს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა. მომჩივნები არიან ირაკლი ფირცხალავა (სპეცოპერაციის დროს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე) და გიორგი ცააძე (სპეცოპერაციის დროს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე).

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, რომელშიც, სულ მცირე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 50 მაშინდელი თანამშრომელი მონაწილეობდა, 22 წლის ზურაბ ვაზაგაშვილსა და 25 წლის ალექსანდრე ხუბულოვს მანქანაში 70-ზე მეტი ტყვია ესროლეს. საქმეზე პირველადი გამოძიება, რომელიც 2006 წლის მაისში დაიწყო, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფონზე წარიმართა და საბოლოოდ 2007 წლის აპრილში შეწყდა.

საქმის ხელახალი გამოძიება 2012 წლის დეკემბერში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით არაერთი ყოფილი პოლიციელი მიეცა პასუხისგებაში, მათ შორის, მომჩივნები. ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) ფარგლებში მომჩივნები აცხადებდნენ, რომ ეროვნულმა სასამართლომ მიიღო ბრალდების შვიდი მოწმის (რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთად იყვნენ მოთავსებული საკანში) ჩვენება მათ წინააღმდეგ, როგორც მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეზე. პირველი მომჩივნის დავის საგანს წარმოადგენდა, აგრეთვე, დაცვის მხარის მოწმეების სხდომაზე დასწრების უზრუნველყოფისა და მათი დაკითხვის შეუძლებლობა.

ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა მთავრობის პოზიცია და დაადგინა, რომ ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის მიმართ არ დარღვეულა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება. კერძოდ, მომჩივანთა მიერ სადავოდ გამხდარი ჩვენებები არ წარმოადგენდა მათი მსჯავრდებისთვის ერთადერთ და გადამწყვეტ მტკიცებულებას. დამატებით, საქმეში არსებობდა მტკიცებულებათა კომპლექსური ერთობლიობა, მათ შორის, დამოუკიდებელ თვითმხილველთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები, რაც ადასტურებდა მომჩივანთა ბრალეულობას.

სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული მტკიცებულებები ერთობლიობაში ადასტურებდა, რომ ირაკლი ფირცხალავა ხელმძღვანელობდა „კორტების სპეცოპერაციას“. სტრასბურგის სასამართლოს მითითებით, ეროვნული სასამართლოების დასკვნა, რომლის თანახმადაც, ირაკლი ფირცხალავამ დაგეგმა და განახორციელა სპეცოპერაცია შურისძიების მიზნით, დასტურდებოდა მოწმეთა ჩვენებებით და სხვა მტკიცებულებებით. ამასთან, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ეროვნული სასამართლოების პოზიცია, რომ სროლა არ ყოფილა პროვოცირებული ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის (მსხვერპლები) მიერ და მათი მანქანიდან გასროლა მომჩივნების მისამართით არ მომხდარა, რაც დასტურდებოდა დამოუკიდებელი თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებითა და სხვა მრავალი მტკიცებულებით.

კერძოდ, ერთ-ერთმა თვითმხილველმა დაადასტურა, რომ პირველი მომჩივანი (ირაკლი ფირცხალავა) ისროდა იარაღს მსხვერპლების მანქანის მიმართულებით. რაც შეეხება მეორე მომჩივნის (გიორგი ცააძის) ქმედებებს, ორი თვითმხილველის მიერ დადასტურდა, რომ იგი მიუახლოვდა ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს და ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა საკონტროლო გასროლები მათი მოკვლის მიზნით. ამასთან, ის ფაქტი, რომ მეორე მომჩივნის მიერ განხორციელებულ საკონტროლო გასროლამდე ორივე მსხვერპლი იყო ცოცხალი, თვითმხილველის ჩვენებასთან ერთად დადასტურდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზითაც.

ევროპულმა სასამართლომ, აგრეთვე, გაიზიარა მთავრობის პოზიცია და დაუშვებლად ცნო საჩივრის ის ნაწილი, რომელიც უკავშირდებოდა დაცვის მხარის მოწმეების სხდომაზე დაკითხვის უზრუნველყოფის საკითხს. სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ პირველ მომჩივანს ეროვნულ დონეზე არ ამოუწურავს სამართლებრივი დაცვის მექანიზმები და მას აღნიშნული პრეტენზიით არ მიუმართავს საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის.

მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ სისხლის სამართლის პროცესი მომჩივნებთან დაკავშირებით იყო სამართლიანი და არ დარღვეულა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სამართლიანი განხილვის უფლება.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით, 2019 წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება – „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევას, ვინაიდან 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა, რამაც, სხვებს შორის, ზურაბ ვაზაგაშვილის სიკვდილი გამოიწვია, არ იყო პროპორციული და აუცილებელი“, – აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – დედაქალაქის განვითარებას სჭირდება გაბედული ნაბიჯები, მასშტაბური ხედვა, სწორედ ასეთი პროექტის, „არქი გრანდ ავენიუს“ განვითარების ახალ ეტაპს ეყრება საფუძველი, ინვესტიციის მოცულობა ორი...

დედაქალაქის განვითარებას სჭირდება გაბედული ნაბიჯები და მასშტაბური ხედვა, ახალი ეკონომიკური და ურბანული მიზიდულობის ცენტრების შექმნა, რომელიც ორიენტირებულია ადამიანების ინტერესებსა და კომფორტზე. დღეს სწორედ ასეთი პროექტის, „არქი გრანდ ავენიუს“ განვითარების ახალ ეტაპს ეყრება საფუძველი, იწყება მსოფლიოში ცნობილი ბრენდების – „ჰილტონის“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და „ვინდჰემის“ რეზიდენციების მშენებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ჰილტონის“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და „ვინდჰემის“ რეზიდენციების მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ინვესტიციის მოცულობა არის ძალიან შთამბეჭდავი, ორი მილიარდი ლარი.„ეს არის მკაფიო განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, არის უზრუნველყოფილი მშვიდობიანი განვითარება და ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ამბიციური საინვესტიციო პროექტების განხორციელება. ეს პროექტი ასევე ადასტურებს ბიზნესის ნდობას ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური გარემოს მიმართ, ბიზნესგარემოსადმი და ცხადყოფს, რომ საქართველოში გრძელვადიანი, მსხვილი კაპიტალდაბანდება არის ერთი მხრივ, დაცული და მეორე მხრივ, პერსპექტიული.ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, თანამედროვე რეზიდენციები 21 ჰექტარზე იქნება გაშენებული, ეს არის ახალი უბნის ნაწილი და ასევე ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ამ სივრცის 75 პროცენტი, 3/4 დაეთმობა პარკებს, გამწვანებასა და რეკრეაციას, რაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ამ მასშტაბურ პროექტს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მისივე თქმით, „არქი გრანდ ავენიუ“ ითვალისწინებს ღირსეული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პირობას.„აქ აშენდება სკოლა, საბავშვო ბაღი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, კულტურული და გასართობი ინფრასტრუქტურა. მრავალფუნქციური იქნება ეს სივრცე თავისი დატვირთვით, რაც მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის სივრცის სწორად განვითარებისთვის. ცალკე აღნიშვნის ღირსია სატრანსპორტო გვირაბი, რომელიც ამ ტერიტორიას პირდაპირ წერეთლის გამზირთან დააკავშირებს, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად განტვირთავს მიმდებარე ქუჩებს. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პროექტი უზრუნველყოფს ათასობით ახალ სამუშაო ადგილს, გაძლიერებულ ეკონომიკას და ჩვენი დედაქალაქი გადავა განვითარების კიდევ ერთ, მნიშვნელოვან, ძალიან საინტერესო ეტაპზე. მსგავსი პროექტებით შენდება თანამედროვე თბილისი, რომელიც ინარჩუნებს თავის გამორჩეულ იერსახეს და ვითარდება მომავლის ხედვით. მინდა, მადლობა გადავუხადო „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელს, ბატონ ილია წულაიას, რომელიც გამოირჩევა ასეთი მასშტაბური პროექტებით, მასშტაბური ხედვებით და მინდა, მას წარმატებები ვუსურვო. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. ინვესტორებს, არქიტექტორებსა და მშენებლებს გისურვებთ ამ პროექტის წარმატებით განხორციელებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„საქართველოს ფოსტაში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა

„საქართველოს ფოსტაში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა რა მუხლით, დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.ცნობისთვის, გუშინ, მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გასული წლების განმავლობაში ყოველ წელს „საქართველოს ფოსტა“ გადიოდა წაგებაზე. მისი თქმით, წლევანდელი წელი იქნება პირველი წელი, როდესაც „საქართველოს ფოსტა“ გავა მოგებაზე და ეს ყველაფერი არის კონკრეტული ცვლილებების შედეგი.„2,5 მლნ ლარი დაიზოგა მხოლოდ შტატების ოპტიმიზაციის შედეგად. 1,1 მლნ ლარი დაიზოგა წამგებიანი სერვის-ცენტრების ოპტიმიზაციის შედეგად. ასევე, იყო შუამავალ კომპანიებში გატანილი მთელი რიგი სერვისები. ეს შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო. ამას, ალბათ, შესაბამისი უწყებები დაადგენენ. ეს სერვისები დაბრუნდა „საქართველოს ფოსტაში“ და ამის შედეგად, „საქართველოს ფოსტას“ ექნება ყოველწლიურად დამატებით 14,2 მლნ ლარის შემოსავალი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა.კერძოდ, კენჭისყრისას რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა 445-მა ევროპარლამენტარმა, 37-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 97-მა კი თავი შეიკავა.რეზოლუცია სახელწოდებით „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები“, მოამზადა 70-მდე ევროპარლამენტარმა ექვსი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან.რეზოლუციის ავტორებს შორის არიან რასა იუკნევიჩიენე, დევიდ მაკალისტერი, ტობიას კრამერი და მალგოჟატა გოშევსკა.ევროპარლამენტში დღეს მიღებული რეზოლუციით, ევროპარლამენტარები ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ „ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის მიმართ მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ. ხაზს უსვამენ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ ურყევ მხარდაჭერას და აღნიშნავენ, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს“.რეზოლუციის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ ზომები უნდა დაწესდეს:„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ვითარება პროგრესულად უარესდება, კიდევ უფრო უარესდება დემოკრატიის, მედიის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მხრივ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებები სულ უფრო მეტად შეუთავსებელია საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან, მათ შორის კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან;იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წლის ნოემბერში „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებადმა პარლამენტმა კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა ოპოზიციური პარტიების, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – „ლელოს“ აკრძალვის მოთხოვნით;იმის გათვალისწინებით, რომ მოგვიანებით სარჩელს დაემატნენ „ფედერალისტები“ და 2026 წლის სექტემბერში „საქართველოსთვის“ – პარლამენტში ერთადერთი ოპოზიციური პარტია – სიაში შევიდა, ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიცია გამოირიცხა;იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროცესები „ქართული ოცნების“ უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ერთპარტიულ რეჟიმად გადაქცევას პოლიტიკური პლურალიზმის აღმოფხვრის გზით, რუსეთისა და ბელარუსის მოდელის მსგავსად, რაც ემსახურება კრემლის მიზანს, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის გარეთ დატოვოს;იმის გათვალისწინებით, რომ 2026 წლის სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლეები დაინიშნენ, რაც სერიოზულ ეჭვებს ბადებს მათ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით;იმის გათვალისწინებით, რომ კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ნოიმანის ფონდები იძულებული გახდნენ, 2026 წლის სექტემბერში დაეხურათ თავიანთი ოფისები თბილისის მასშტაბით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უარი თქვა მათი პროექტების დაფინანსებაზე „გრანტების შესახებ“ კანონის შესაბამისად;იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობის მიერ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების გამო მრავალი ჟურნალისტი დააპატიმრეს“.რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტარები „გმობენ საქართველოს ოპოზიციური პარტიების კანონგარეშედ გამოცხადების მცდელობას და მოითხოვენ მათ წინააღმდეგ კონსტიტუციური სარჩელის დაუყოვნებლივ გამოტანას. ხაზს უსვამენ, რომ მოქმედი პოლიტიკური ოპოზიცია დემოკრატიის აუცილებელი საყრდენია და ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის სასამართლო გზებით აღმოფხვრა დემოკრატიასთან შეუთავსებელია;რეზოლუციის მიხედვით, „საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა არღვევს რეჟიმის წინა ნარატივს, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ „ბოიკოტირებული“ პარტიები იყო მიზანში ამოღებული;ამასთან, რეზოლუციის მხარდამჭერები „მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის და ნიკა მელიას, მშვიდობიანი პროტესტისთვის დაკავებული ყველა პირის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ“. ასევე, მოუწოდებენ ხელისუფლებას, „გააუქმოს დებულებები, რომლებიც აკრძალულ პარტიებსა და პირებზე არაპროპორციულ შეზღუდვებს ითვალისწინებს; გმობენ კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების „ბოროტად გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ ევროპული პოლიტიკური ფონდებისთვის დაბრკოლებების დასრულებისკენ“.რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტარები მწუხარებას გამოთქვამენ „ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების უმეტესობის მხრიდან მუდმივ უმოქმედობაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ხელშესახები შედეგები საქართველოში მუდმივად გაუარესებული ვითარების საპასუხოდ“.რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, „დაწესდეს მიზანმიმართული სანქციები და ვიზების აკრძალვა დემოკრატიული უკუსვლის, ძალადობრივი რეპრესიებისა და პოლიტიკური დევნისთვის პასუხისმგებელი პირების, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის და კახა კალაძის მიმართ“.რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია: „ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ, ასევე, იხსენებს თავის არაერთხელ გაკეთებულ გაფრთხილებებს, რომ არსებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა აშორებს საქართველოს ევროკავშირს და ხელს უშლის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ნებისმიერ ნაბიჯს; ამასთან, ავალებს ევროპარლამენტის პრეზიდენტს, გადაუგზავნოს ეს რეზოლუცია საბჭოს, კომისიას, ვიცე-პრეზიდენტს/უმაღლეს წარმომადგენელს, წევრ სახელმწიფოებს და საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას“.

სგპ ,,წითელ ხიდზე“ მებაჟე ოფიცრებმა 10 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,წითელი ხიდი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული - 9 038 გრამი ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 38 289 ლარი შეადგინა.საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, დაშავდა 3 ადამიანი, 7 ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი

სტამბოლის მალთეფეს რაიონში 7-სართულიანი საცხოვრებელი შენობის ქვედა სართულების ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.გავრცელებული ინფორმაციით, შვიდი ადამიანი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი და მათ ამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია შენობის ჩამონგრევა. ხელისუფლებამ მომხდარის მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.

ბოლო სიახლეები