ხუთშაბათი, ოქტომბერი 29, 2026

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ ეროვნული სასამართლო პროცესები სამართლიანად ჩატარდა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ ეროვნული სასამართლო პროცესები სამართლიანად ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის მიმართ არ დარღვეულა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.

„დღეს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა. მომჩივნები არიან ირაკლი ფირცხალავა (სპეცოპერაციის დროს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე) და გიორგი ცააძე (სპეცოპერაციის დროს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე).

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, რომელშიც, სულ მცირე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 50 მაშინდელი თანამშრომელი მონაწილეობდა, 22 წლის ზურაბ ვაზაგაშვილსა და 25 წლის ალექსანდრე ხუბულოვს მანქანაში 70-ზე მეტი ტყვია ესროლეს. საქმეზე პირველადი გამოძიება, რომელიც 2006 წლის მაისში დაიწყო, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფონზე წარიმართა და საბოლოოდ 2007 წლის აპრილში შეწყდა.

საქმის ხელახალი გამოძიება 2012 წლის დეკემბერში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით არაერთი ყოფილი პოლიციელი მიეცა პასუხისგებაში, მათ შორის, მომჩივნები. ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) ფარგლებში მომჩივნები აცხადებდნენ, რომ ეროვნულმა სასამართლომ მიიღო ბრალდების შვიდი მოწმის (რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთად იყვნენ მოთავსებული საკანში) ჩვენება მათ წინააღმდეგ, როგორც მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეზე. პირველი მომჩივნის დავის საგანს წარმოადგენდა, აგრეთვე, დაცვის მხარის მოწმეების სხდომაზე დასწრების უზრუნველყოფისა და მათი დაკითხვის შეუძლებლობა.

ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა მთავრობის პოზიცია და დაადგინა, რომ ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის მიმართ არ დარღვეულა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება. კერძოდ, მომჩივანთა მიერ სადავოდ გამხდარი ჩვენებები არ წარმოადგენდა მათი მსჯავრდებისთვის ერთადერთ და გადამწყვეტ მტკიცებულებას. დამატებით, საქმეში არსებობდა მტკიცებულებათა კომპლექსური ერთობლიობა, მათ შორის, დამოუკიდებელ თვითმხილველთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები, რაც ადასტურებდა მომჩივანთა ბრალეულობას.

სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული მტკიცებულებები ერთობლიობაში ადასტურებდა, რომ ირაკლი ფირცხალავა ხელმძღვანელობდა „კორტების სპეცოპერაციას“. სტრასბურგის სასამართლოს მითითებით, ეროვნული სასამართლოების დასკვნა, რომლის თანახმადაც, ირაკლი ფირცხალავამ დაგეგმა და განახორციელა სპეცოპერაცია შურისძიების მიზნით, დასტურდებოდა მოწმეთა ჩვენებებით და სხვა მტკიცებულებებით. ამასთან, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ეროვნული სასამართლოების პოზიცია, რომ სროლა არ ყოფილა პროვოცირებული ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის (მსხვერპლები) მიერ და მათი მანქანიდან გასროლა მომჩივნების მისამართით არ მომხდარა, რაც დასტურდებოდა დამოუკიდებელი თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებითა და სხვა მრავალი მტკიცებულებით.

კერძოდ, ერთ-ერთმა თვითმხილველმა დაადასტურა, რომ პირველი მომჩივანი (ირაკლი ფირცხალავა) ისროდა იარაღს მსხვერპლების მანქანის მიმართულებით. რაც შეეხება მეორე მომჩივნის (გიორგი ცააძის) ქმედებებს, ორი თვითმხილველის მიერ დადასტურდა, რომ იგი მიუახლოვდა ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს და ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა საკონტროლო გასროლები მათი მოკვლის მიზნით. ამასთან, ის ფაქტი, რომ მეორე მომჩივნის მიერ განხორციელებულ საკონტროლო გასროლამდე ორივე მსხვერპლი იყო ცოცხალი, თვითმხილველის ჩვენებასთან ერთად დადასტურდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზითაც.

ევროპულმა სასამართლომ, აგრეთვე, გაიზიარა მთავრობის პოზიცია და დაუშვებლად ცნო საჩივრის ის ნაწილი, რომელიც უკავშირდებოდა დაცვის მხარის მოწმეების სხდომაზე დაკითხვის უზრუნველყოფის საკითხს. სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ პირველ მომჩივანს ეროვნულ დონეზე არ ამოუწურავს სამართლებრივი დაცვის მექანიზმები და მას აღნიშნული პრეტენზიით არ მიუმართავს საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის.

მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ სისხლის სამართლის პროცესი მომჩივნებთან დაკავშირებით იყო სამართლიანი და არ დარღვეულა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სამართლიანი განხილვის უფლება.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით, 2019 წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება – „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევას, ვინაიდან 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა, რამაც, სხვებს შორის, ზურაბ ვაზაგაშვილის სიკვდილი გამოიწვია, არ იყო პროპორციული და აუცილებელი“, – აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ბიბისი“ – ისრაელის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი ლიდერობს, თუმცა მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო 61 მანდატის მოპოვებას ვერ ახერხებს

ისრაელის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდამჭერი ბლოკი ლიდერობს, თუმცა მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო 61 მანდატის მოპოვებას ვერ ახერხებს.ბიულეტენების 85%-ის დათვლის შემდეგ, ნეთანიაჰუს პარტიასა და მის მოკავშირეებს 120-ადგილიან ქნესეთში 53 მანდატი აქვთ, ხოლო გადი აიზენკოტის ხელმძღვანელობით მოქმედ ბლოკს – 48.როგორც „ბიბისი“ წერს, არაბულმა პარტიებმა, რომლებიც ჯამში რეკორდულ 19 მანდატს იღებენ, შესაძლოა, გადამწყვეტი როლი შეასრულონ.მედიის ცნობით, შედეგები წინასწარია და ხმების დათვლის პროცესში შესაძლოა, შეიცვალოს. დასათვლელია ჯარისკაცებისა და დიპლომატების მიერ საზღვარგარეთ ან სამხედრო ბაზებზე მიცემული 430-დან 480 ათასამდე ხმა. შესაბამისად, საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას შესაძლოა, ორ დღემდე დასჭირდეს.ორივე ლიდერი აცხადებს, რომ მმართველი კოალიციის შექმნას შეეცდება.შედეგების ოფიციალურად დადასტურების შემდეგ, პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ყველა ფრაქციასთან კონსულტაციებს გამართავს და მთავრობის ფორმირებას იმ პოლიტიკურ ლიდერს დაავალებს, რომელსაც, მისი შეფასებით, ამის მეტი შანსი ექნება.

„რესპირაციული ვირუსული ინფექციების შემთხვევებმა იმატა“ – პედიატრი მიმართვას ავრცელებს

პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მიმართვას ავრცელებს:„შემოდგომის დადგომასთან ერთად რესპირაციული ვირუსული ინფექციების შემთხვევებმა იმატა. მშობლები ხშირად მეკითხებიან: “გრიპი უკვე დაიწყო?“, “როგორ გავარჩიოთ გრიპი ჩვეულებრივი გაციებისგან?“ და “როგორ მოვუაროთ ბავშვს სახლის პირობებში?“რა ვითარებაა ამჟამად?2026 წლის ოქტომბრის ბოლო მონაცემებით, საქართველოში ძირითადად ცირკულირებს: რინოვირუსი -ამჟამად ყველაზე გავრცელებული რესპირაციული ვირუსია, რომელიც უმეტესად იწვევს სურდოს, ცხვირის გაჭედვას, ცემინებასა და ხველას.ადენოვირუსი-ხშირად მიმდინარეობს ცხელებით, ყელის ტკივილით, კონიუნქტივიტით, ზოგჯერ დიარეითაც. პარაგრიპის ვირუსი-განსაკუთრებით საყურადღებოა მცირეწლოვან ბავშვებში, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ლარინგიტი და ცრუ კრუპი.რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი (RSV)-ჩვილებში შეიძლება გამოიწვიოს ბრონქიოლიტი, ხიხინი და სუნთქვის გაძნელება.კორონავირუსი-კვლავ ცირკულირებს და შესაძლოა გამოვლინდეს როგორც მსუბუქი გაციებით, ისე უფრო გამოხატული რესპირაციული სიმპტომებით.  გვხვდება თუ არა გრიპი? სეზონის დასაწყისში A ტიპის გრიპის ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა ოქტომბრის ბოლო კვირების მონაცემებით მისი აქტიური გავრცელება ჯერ არ დასტურდება. გრიპის შემთხვევების მატება მომდევნო თვეებშია მოსალოდნელი.როგორ ამოვიცნოთ გრიპი?გრიპისთვის უფრო დამახასიათებელია დაავადების უეცარი დასაწყისი, მაღალი ტემპერატურა, თავისა და კუნთების ტკივილი, ძლიერი სისუსტე და მშრალი ხველა.ჩვეულებრივი გაციებისას კი ხშირად წამყვანია სურდო, ცემინება, ყელის დისკომფორტი და შედარებით მსუბუქი საერთო მდგომარეობა.თუმცა მხოლოდ კლინიკური ნიშნებით ვირუსის ზუსტი იდენტიფიცირება ყოველთვის შეუძლებელია.  როგორ ვუმკურნალოთ ბავშვს სახლის პირობებში?თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არ აღენიშნება საგანგაშო ნიშნები: მიეცით საკმარისი სითხე, ჩვილებში გააგრძელეთ ძუძუთი კვება ან ფორმულა. უზრუნველყავით დასვენება, ოთახის განიავება და კომფორტული ტემპერატურა. ცხვირის გაჭედვისას გამოიყენეთ ფიზიოლოგიური ხსნარი. ცხელებისა და დისკომფორტის დროს გამოიყენეთ პარაცეტამოლი ან, 6 თვის ასაკიდან, იბუპროფენი ასაკისა და წონის შესაბამისი დოზით.1 წელზე უფროს ბავშვებში ხველის შესამსუბუქებლად შეიძლება თაფლის გამოყენება.არ გამოიყენოთ ანტიბიოტიკი ექიმის დანიშნულების გარეშე ვირუსებზე ის არ მოქმედებს.არ არის რეკომენდებული ბავშვებში ასპირინი და თვითნებურად ხველის საწინააღმდეგო კომბინირებული პრეპარატები.  როდის უნდა მივმართოთ ექიმს დაუყოვნებლივ?თუ ბავშვს აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, ტუჩების სილურჯე, გამოხატული მოდუნება, გაუწყლოების ნიშნები, კრუნჩხვა ან მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო შეფასება. 3 თვემდე ასაკის ჩვილში 38°C ან მეტი ტემპერატურა დაუყოვნებელი შეფასების საფუძველია.  როგორ დავიცვათ ბავშვები?გრიპის პრევენციის ყველაზე ეფექტიანი სპეციფიკური საშუალებაა ყოველწლიური ვაქცინაცია, რომელიც რეკომენდებულია 6 თვის ასაკიდან.ასევე მნიშვნელოვანია ხელების ჰიგიენა, დახურული სივრცეების განიავება, ავადმყოფ ადამიანებთან ახლო კონტაქტის შეზღუდვა და სიმპტომების მქონე ბავშვის სახლში დატოვება.ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას

პედრო სანჩესმა სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა – „მსგავსი ტრაგედია ესპანეთში აღარ უნდა განმეორდეს, ნათელია, რომ უსაფრთხოების დონე უნდა გავზარდოთ“

მსგავსი ტრაგედია ესპანეთში აღარ უნდა განმეორდეს, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა მატარებლების შეჯახებასთან დაკავშირებით განაცხადა.პედრო სანჩესმა მომხდარს საშინელი ტრაგედია უწოდა და საგანგებო სამსახურებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.პედრო სანჩესმა ასევე სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს.„ესპანეთის მთავრობის მთავარი პრიორიტეტია დაზარალებულებზე ზრუნვა, მათთვის დახმარების გაწევა და უზრუნველყოფა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადარჩეს“, – განუცხადა ავარიის ადგილზე მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.ამასთან, პედრო სანჩესის თქმით, მთავრობის მთავარი მიზანი ამჟამად ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენაა.„უსაფრთხოების სისტემაში ხარვეზები თუ იყო, ცხადია, ისინი უნდა აღმოვფხვრათ. ნათელია, რომ უსაფრთხოების დონე კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ, რადგან მსგავსი ტრაგედია ჩვენს ქვეყანაში აღარ უნდა განმეორდეს“, – აღნიშნა სანჩესმა.ესპანეთში მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად, სულ მცირე, 68 ადამიანი დაიღუპა. მიმდინარე წლის იანვარში ესპანეთის სამხრეთ ნაწილში კიდევ ერთი მასშტაბური სარკინიგზო ავარია მოხდა.

უეფა-ს ახალგაზრდული ლიგა | თორნიკე კვარაცხელიას დუბლი და საგოლე გადაცემა – „დინამო თბილისმა“ დანიის ჩემპიონი დაამარცხა

უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე „დინამო თბილისმა“ „კოპენჰაგენს“ უმასპინძლა, შესანიშნავი თამაში აჩვენა და დანიის ჩემპიონი დამაჯერებლად დაამარცხა – 3:0.ტურნირის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრა, რომელიც „დინამო არენაზე“ გაიმართა, თბილისელებმა შესანიშნავად დაიწყეს – ანგარიში თორნიკე კვარაცხელიამ მე-4 წუთზე გახსნა, მერე მისი გადაცემით სანდრო მიქაუტაძემ (27) „დინამოს“ უპირატესობა გაზარდა.მატჩის გმირი კი თორნიკე კვარაცხელია გახდა. მან შესვენების შემდეგ, 51-ე წუთზე, მარცხენა ფლანგზე წამოწყებული სწრაფი კონტრშეტევა შესანიშნავი დარტყმით დააგვირგვინა, გოლი კი ხვიჩას სტილში აღნიშნა.ახალაგზრდული ჩემპიონთა ლიგის მე-2 რაუნდის საპასუხო შეხვედრა 4 ნოემბერს დანიაში გაიმართება. მატჩს კოპენჰაგენის „ვალბი სპორტს პარკი“ უმასპინძლებს.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგოდამზოგი ტექნოლოგიებისა და გარემოს ინჟინერიის საკითხებზე VI საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში VI საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი - „ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები და გარემოს ინჟინერია“ გაიმართა. საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებამ სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებსა და დარგის სპეციალისტებს ენერგოეფექტურობის, გარემოს დაცვისა და მდგრადი საინჟინრო განვითარების აქტუალურ საკითხებზე სამეცნიერო გამოცდილებისა და კვლევის შედეგების გაზიარების შესაძლებლობა მისცა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.უნივერსიტეტის ცნობით, სემინარი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების თანამშრომლობით ჩატარდა. ღონისძიების თანადამფუძნებლები არიან ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი, თურქეთის ეკონომიკური და სოციალური კვლევის ინსტიტუტი, სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტი და ტაშკენტის არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის უნივერსიტეტი.სემინარი გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზურაბ გვიშიანმა. მისასალმებელი სიტყვით ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ სემინარის მიზნებსა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელობას ენერგოდამზოგი ტექნოლოგიებისა და გარემოს ინჟინერიის მიმართულებით.„ენერგოეფექტურობა და გარემოსდაცვითი მდგრადობა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიური და საზოგადოებრივი გამოწვევაა. ენერგორესურსების რაციონალური გამოყენება, გარემოზე ტექნოგენური ზემოქმედების შემცირება და ინოვაციური საინჟინრო გადაწყვეტილებების დანერგვა მოითხოვს არა მხოლოდ მაღალკვალიფიციურ კვლევებს, არამედ სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუტების მჭიდრო თანამშრომლობას. ამ კონტექსტში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებული საერთაშორისო სემინარი მნიშვნელოვანია როგორც სამეცნიერო ცოდნის გაცვლის, ისე პროფესიული დიალოგისა და ახალი თანამშრომლობითი შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით.კვლევების შედეგები, თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომები და საერთაშორისო გამოცდილება ქმნის საფუძველს ისეთი გადაწყვეტილებების შემუშავებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკული რესურსების ეფექტიან გამოყენებას, საინჟინრო სისტემების გაუმჯობესებასა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაძლიერებას“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში ზურაბ გვიშიანმა.სემინარზე 20 ქვეყნის მეცნიერთა მონაწილეობით 58 სამეცნიერო ნაშრომი იყო წარმოდგენილი.სემინარში მონაწილეობდნენ უცხოელი მეცნიერები და მკვლევრები ჩეხეთის რესპუბლიკის, პოლონეთისა და სომხეთის წამყვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებიდან. მოხსენებებით წარდგნენ სამხრეთ ბოჰემიის უნივერსიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლები სტეფან კავანი და ჟანა რედინოვა; ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მეცნიერები მაია ბრუკი და მალგოჟატა კორალ-კოვალჩუკი; სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტის (NUACA) წარმომადგენლები სამველ საჰაკიანი, არესტაკ სარუხანიანი და სტეფან ხაჩატრიანი. სამეცნიერო მოხსენებებით ასევე წარდგნენ აკადემიკოს ეგიაზაროვის წყლის პრობლემებისა და ჰიდრავლიკური ინჟინერიის ინსტიტუტის პროფესორები ჰოვანეს ტოკმანჯიანი და ვაჩე ტოკმანჯიანი.სტუ-ის ინფორმაციით, VI საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი „ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები და გარემოს ინჟინერია“ ოთხ დღეს გასტანს.

ბოლო სიახლეები