ორშაბათი, მაისი 25, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პირველად საქართველოში, ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების ორგანიზაციის 55-ე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პირველად საქართველოში, პრესტიჟული საერთაშორისო ორგანიზაციის – „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრები“ (EYE) – რიგით 55-ე საერთაშორისო კონფერენცია „ხელოვნური ინტელექტი და მდგრადი განვითარება“ (The 55th Edition of EYE Conferences – ARTIFICIAL INTELIGENCE AND SUSTAINABILITY) გაიხსნა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, EYE კონფერენციას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებითა და მხარდაჭერით და „საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“ (GSCE) ინიციატივით ტარდება, ესწრებოდნენ: ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ივან დლიუგოსის უნივერსიტეტის (Jan Długosz University in Czestochowa, პოლონეთი) ვიცე-რექტორი მარცინ სოსნოვსკი, „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ პრეზიდენტი სელია პედრო, „საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“ (GSCE) პრეზიდენტი იური სვანიძე, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ ბააკაშვილი, EYE-ის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი და „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტის“ პრეზიდენტი გიორგი მოლოდინი, ამავე კომიტეტის გენერალური მდივანი, სტუ-ის სტუდენტი ანნა გოგალაძე და სხვები.

55-ე საერთაშორისო კონფერენცია – „ხელოვნური ინტელექტი და მდგრადი განვითარება“ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა.

როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, თბილისში, კერძოდ კი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონფერენციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება EYE-ის აღმასრულებელმა კომისიამ მალტაში გამართულ 54-ე საერთაშორისო კონფერენციაზე, კენჭისყრის საფუძველზე მიიღო.

„დღეს ჩვენი უნივერსიტეტი ისტორიას ქმნის. საქართველოში პირველად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ 55-ე საერთაშორისო კონფერენციას – „ხელოვნური ინტელექტი და მდგრადი განვითარება“. ის რომ ჩვენი უნივერსიტეტი შეირჩა EYE-ის აღმასრულებელი კომისიის მიერ, კენჭისყრის საფუძველზე, მალტაში გამართულ 54-ე საერთაშორისო კონფერენციაზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის დასტურია. ეს არჩევანი ადასტურებს, რომ თანამედროვე ინჟინერია და ტექნოლოგიური ინოვაციები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მაღალი სტანდარტით ისწავლება. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებისა და ახალგაზრდა ინჟინრების ინოვაციური ენერგია უზრუნველყოფს ახალი იდეების და პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღებას. სწორედ ახალგაზრდული ხედვა და კრეატიული ნამუშევრები ქმნის გარემოს, სადაც ცოდნა რეალურად გარდაიქმნება ინოვაციად.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც კონფერენციის მასპინძელი, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინოვაციური პროექტების წარსადგენად იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას. ეს პლატფორმა არა მხოლოდ ხელს უწყობს უნივერსიტეტის და სტუდენტების განვითარებას, არამედ მნიშვნელოვნად აფართოვებს საქართველოს როლს გლობალურ საინჟინრო და სამეცნიერო სივრცეში. წარმატებებს ვუსურვებ კონფერენციის მონაწილეებს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში რექტორმა.

სტუ-ის ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატება უსურვეს „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ პრეზიდენტმა სელია პედრომ და „საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“ (GSCE) პრეზიდენტმა იური სვანიძემ.

EYE კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს 100-ამდე დელეგატი – ინჟინერიის სხვადასხვა სფეროში მოქმედი ქართველი და უცხოელი (გერმანია, იტალია, პოეტუგალია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, შვეიცარია, ბელგია, ნიდერლანდები, პოლონეთი) ახალგაზრდა მკვლევრები, ახალგაზრდა ექსპერტები და პროფესიონალები, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები: ილონა შეყილაშვილი – სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბაკალავრი – თემით: „ხელოვნური ინტელექტი და განვითარება; ადეტუნჯი აიოადე – თემებით: „ხელოვნური ინტელექტი და ღრუბლოვანი ტექნოლოგიები მასშტაბირებადი, რეალური ცხოვრების გადაწყვეტილებებისთვის” და „ჭკვიანი მშენებლობის სისტემები; მარიამ კენჭაძე – „გონების თამაშები: ნეიროჩარტი კრიმინალი ციფრულ ეპოქაში“; ალექსანდერ ჩიშევიჩი – „ხელოვნური ინტელექტით მართვადი ელექტროკარდიოგრამის დიაგნოსტიკა: ღრმა სწავლება და დიდი ენობრივი მოდელები ჭკვიან ჯანდაცვაში”; გოგი გორგილაძე და ნია ფოფხაძე – სტუ-ის არქიტექტურის, დიზაინისა და ურბანისტიკის ბაკალავრები – „მინიმალიზმი: შეზღუდვა თუ თავისუფლების გზა“; გიორგი ფაცაცია – სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი – „გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ფსიქოთერაპიაში: შესაძლებლობები, გამოწვევები და მომავალი მიმართულებები“; პოლ ჯენკინსონი – „მდგრადობა – ჩვენი თაობის გამოწვევა“; გიორგი მუშკუდიანი – სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი – „დიდი ენობრივი მოდელების გამოყენება ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციისთვის და საოპერაციო ხარჯების შემცირება განახლებადი ენერგიის, ჰიდროენერგიისა და თხევადი გაგრილების დახმარებით; დარენ მაკდონალდი – თემებით: „ხელოვნური ინტელექტი ვეტერინარულ დიაგნოსტიკაში: პარაზიტული ინფექციების აღმოფხვრა სასოფლო-სამეურნეო ცხოველებში“ და „ხელოვნური ინტელექტი პარაზიტოლოგიაში“; ავთანდილ ბიჩნიგაური – სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი – „ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ინდიკატორების აღმოჩენა და მართვა აკადემიურ ნაშრომებში“; გიორგი ოტიაშვილი – არქიტექტურის, დიზაინისა და ურბანისტიკის ბაკალავრი – „ორი უბნის შედარებითი ანალიზი ვილნიუსსა და თბილისში“; ამირან ლაზარიშვილი – სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დოქტორანტი – „მაცივარ-კონტეინერი ხილისა და კენკრის ტრანსპორტირებისთვის“; ა. კვინიკაძე – „ინტელექტის განვითარების ალტერნატიული გზები“; თინათინ იორდანიშვილი – სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დოქტორანტი – „მწვანე ტექნოლოგიების დანერგვის სტრატეგიები სამრეწველო სექტორში: გამოწვევები და შესაძლებლობები“;

სტუ-ს ინფორმაციითვე, ორგანიზაციაში – „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრები“ – საქართველოს 2024 წლიდან წარმოადგენს „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტი“ (GYEC), რომელიც „საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“ (GSCE) მიერ დაფუძნებული ახალგაზრდა სპეციალისტთა ორგანიზაციაა. „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტის“ მუშაობა ფართოდ არის მხარდაჭერილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების მხრიდან. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტის“ პრეზიდენტია, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს (SDSU-G) და ტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული გიორგი მოლოდინი, რომელიც „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტია; „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტის“ გენერალური მდივანი კი ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტი ანნა გოგალაძეა.

„ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ (EYE) 55-ე საერთაშორისო კონფერენცია 20 სექტემბრის ჩათვლით იმუშავებს. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია სემინარები, პანელური დისკუსიები და პრაქტიკული სამუშაოები, რომლებიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციების გამოყენებას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შიო III – ბევრს ავიწყდება, რომ იესო ქრისტეა გზაც, ჭეშმარიტებაც და სიცოცხლეც – ფიქრობენ, მხოლოდ მეცნიერებაზე დაყრდნობით შეიძლება განათლება, ზნეობრივი აღორძინება და არ ახსოვთ,...

ბევრს ავიწყდება, რომ ღმერთი, იესო ქრისტეა გზაც, ჭეშმარიტებაც და სიცოცხლეც - ფიქრობენ, ღვთის გარეშე, მარტო ჩვენი გონებით, მხოლოდ მეცნიერებაზე დაყრდნობით შეიძლება საზოგადოების, თუ კაცობრიობის განათლება, ზნეობრივი აღორძინება და არ ახსოვთ ის, რომ უზნეო კაცის ხელში ეს ცოდნაც და მეცნიერებაც შეიძლება აღმოჩნდეს ბოროტების სამსახურში,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ქადაგებაზე განაცხადა.პატრიარქის თქმით, „რა გინდ ზნეობრივად დაცემული იყოს ადამიანი“, ქრისტეს რწმენას შეუძლია მასში გაღვივოს სულიერების, ზნეობრიობის ნაპერწკალი და დააყენოს ადამიანი გადარჩენის გზაზე.„ძალიან ბევრს ავიწყდება, რომ ღმერთი, იესო ქრისტეა გზაც, ჭეშმარიტებაც და სიცოცხლეც. ფიქრობენ, ღვთის გარეშე, მარტო ჩვენი გონებით, მხოლოდ მეცნიერებაზე დაყრდნობით შეიძლება საზოგადოების თუ კაცობრიობის განათლება, ზნეობრივი აღორძინება და არ ახსოვთ ის, რომ უზნეო კაცის ხელში ეს ცოდნაც და მეცნიერებაც შეიძლება აღმოჩნდეს ბოროტების სამსახურში. შეიძლება, სიკვდილის იარაღიც კი გახდეს.ამიტომ, მეცნიერება, ცოდნაც აუცილებელია, ამის გარეშეც არ შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. მაშასადამე, საჭიროა კიდევ სხვა ძალა, რომელიც იმოქმედებს არამხოლოდ ადამიანის გონებაზე, არამედ მის გულზეც, შინაგან სამყაროსა და შინაგან ცხოვრებაზე. შეგახსენებთ, უფალი ამბობს: „გულიდან გამოდიან ბოროტი ზრახვანი“. რა გინდ ზნეობრივად დაცემული იყოს ადამიანი, ქრისტეს რწმენას შეუძლია მასში ეს ნაპერწკალი გაღვივოს - სულიერების, ზნეობრიობის და დააყენოს ადამიანი გადარჩენის გზაზე“,- განაცხადა პატრიარქმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დიდი ელექტროენერგეტიკული ქსელების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE) წევრი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დიდი ელექტროენერგეტიკული ქსელების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE - Conseil International des Grands Réseaux Électriques | International Council on Large Electric Systems) წევრი გახდა, რაც უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტებისთვის ენერგეტიკის, ინჟინერიისა და კვლევის მიმართულებით სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ენერგეტიკის სფეროში CIGRE-ი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და გავლენიანი პროფესიული ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ათასობით პროფესიონალსა და ექსპერტს მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნიდან და 1250 წევრ ორგანიზაციას - მათ შორის წამყვან უნივერსიტეტებს, კვლევით ცენტრებსა და ენერგოინდუსტრიის მძლავრ მოთამაშეებს.რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის შეფასებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც ეტაპობრივად აფართოებს საერთაშორისო პარტნიორობას, მეცნიერ-მკვლევრებისთვის, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის ქმნის ისეთ გარემოს, რომელიც საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში მათ სამომავლო ინტეგრაციასა და კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი ხელს უწყობს საქართველოში ენერგეტიკის სექტორის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განვითარებას.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის CIGRE-ის წევრობა მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა და ამავე დროს, ახალი ეტაპია საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის გაფართოების კუთხით. ვულოცავ ამ მნიშვნელოვან წარმატებას ენერგეტიკის ფაკულტეტს, ჩვენს სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, მეცნიერ-მკვლევრებსა და პედაგოგებს. სწორედ მათმა პროფესიონალიზმმა, ენერგეტიკის ფაკულტეტის საუკუნოვანმა ტრადიციამ და ამასთან ერთად, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მხარდაჭერამ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრ გივი მიქანაძის უშუალო ხელშეწყობამ შექმნა მყარი საფუძველი საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღირსეულად წარმოჩენისთვის.აღსანიშნავია, რომ დიდი ელექტროენერგეტიკული ქსელების საერთაშორისო საბჭო აერთიანებს 61 ეროვნულ კომიტეტს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების, კვლევითი ცენტრების, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ინდუსტრიების, ასევე, დარგის პროფესიონალთა და ექსპერტთა ტექნიკური ხედვები და გამოცდილება მაღალ დონეზე მუშავდება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ CIGRE-ი ახორციელებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ საგანმანათლებლო-კვლევით პროგრამას. პროგრამა მოიცავს 16 მიმართულებას და მაღალი კლასის პროფესიონალებითა და საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ 250-ზე მეტ სამუშაო ჯგუფს, რომელთა ძალისხმევა მიმართულია სხვადასხვა ქვეყნის ენერგოსისტემის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისკენ. პროგრამა ასევე მოიცავს მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებას, ხოლო უმნიშვნელოვანესი საკითხები და თემები ორ წელიწადში ერთხელ განიხილება „პარიზის სესიაზე“, რომელიც ენერგეტიკის დარგში ერთ-ერთი მრავლისმომცველი საერთაშორისო კონგრესია.დარწმუნებული ვარ, ეს ახალი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური პოტენციალის გაძლიერებას, ისე ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის მდგრად განვითარებას“, - აცხადებს რექტორი დავით გურგენიძე.როგორც ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე აღნიშნავს, CIGRE-ში გაწევრიანებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრები და სტუდენტები კიდევ უფრო აქტიურად ინტერგრირდებიან ენერგეტიკის საერთაშორისო სამეცნიერო და პროფესიულ სივრცეში.„CIGRE-ის წევრობით ჩვენი სტუდენტები, მეცნიერ-მკვლევრები და პედაგოგები მიიღებენ წვდომას საერთაშორისო კვლევით რესურსებსა და იმ საუკეთესო პრაქტიკებზე, რომლებიც დღეს მსოფლიო ენერგეტიკის განვითარებას განსაზღვრავს. გარდა ამისა, მათ შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონფერენციებსა და ფორუმებში, სამუშაო ჯგუფებსა და პროფესიულ დისკუსიებში, ერთობლივ კვლევით პროექტებში, ასევე, იმუშავებენ თანამედროვე ტექნოლოგიურ და საინჟინრო მიმართულებებზე. ასეთი პარტნიორობა, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი თაობის მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი ენერგეტიკოსების მომზადებას, მეორე მხრივ კი - საქართველოში ენერგეტიკის სექტორის ინოვაციურ განვითარებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და საერთაშორისო სტანდარტებთან დარგის დაახლოებას“, - ამბობს ქეთევან ქუთათელაძე.ცნობისათვის, დიდი ელექტროენერგეტიკული ქსელების საერთაშორისო საბჭო (CIGRE - Conseil International des Grands Réseaux Électriques | International Council on Large Electric Systems) 1921 წელს პარიზში (საფრანგეთი) დაარსდა. 100 წლის განმავლობაში CIGRE-მა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე ენერგოსისტემის ძირითადი ტექნიკური საფუძვლების ჩამოყალიბება-განვითარებაში.

ალი მოჯანი მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს-ირანის ელჩი საქართველოსთან კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას გეგმავს

,,რამდენიმე საათის წინ მქონდა პატივი, რწმუნებათა სიგელი გადამეცა საქართველოს პრეზიდენტის, ბატონი მიხეილ ყაველაშვილისთვის. შეხვედრის მსვლელობისას აღვნიშნე, რომ როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, მოხარული ვარ, ჩემი მისია იმ პერიოდში დავიწყო, როდესაც ირანი უკვე მხოლოდ რუკაზე მონიშნული გეოგრაფიული სივრცე აღარ არის, არამედ რეგიონულ და საერთაშორისო პროცესებში მნიშვნელოვან და გავლენიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, — სახელმწიფოდ, რომელმაც ზეწოლისა და აგრესიის წინაშე სიმტკიცითა და წინააღმდეგობით დაამტკიცა თავისი ცენტრალური როლი რეგიონული ბალანსისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. ასევე, მის აღმატებულებასთან, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას ხაზი გავუსვი, რომ მზად ვარ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის, კულტურის, ვაჭრობის, ტურიზმისა და მრეწველობის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების მიზნით ახალი და ეფექტური ნაბიჯების გადასადგმელად. ორი ერის ისტორიული ურთიერთობები და კულტურული კავშირები მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის მომავალი თანამშრომლობის განვითარებისთვის''-წერს ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი ალი მოჯანი.

გიორგი ვაშაძე – ვემიჯნები იმ განცხადებებს, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის” და მისი ჟურნალისტების მიმართ გააკეთა, ამ განცხადებებს განვიხილავ ჩემ წინააღმდეგ პირად თავდასხმად

სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ განცხადებებს, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან „ტვ პირველის” და მისი ჟურნალისტების მისამართით გაჟღერდა, ვემიჯნები და არ ვეთანხმები, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას განიხილავს, როგორც პირად თავდასხმას.„მინდა, პირველ რიგში, უდიდესი მადლობა გადავუხადო „ტვ პირველს“, მის თითოეულ ჟურნალისტსა და ოპერატორს, რომლებიც ამ უმძიმეს, ურთულეს პოლიტიკურ და ფინანსურ პირობებში, ყოველდღიური სამართლებრივი თუ ეკონომიკური წნეხის მიუხედავად, გმირულად აგრძელებენ მაუწყებლობას და საზოგადოებას სიმართლეს აწვდიან. კრიტიკული მედიის არსებობა დღეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ მადლობას ვუხდი ყველა სხვა თავისუფალ მედიასაშუალებასა და დამოუკიდებელ ჟურნალისტს, რომლებიც ანალოგიური დარტყმების ფასად ინარჩუნებენ სიმართლის პლატფორმას.ამასთანავე, ამ განცხადებას განვიხილავ, როგორც პირად თავდასხმას ჩემ წინააღმდეგ. მე თავს დაბლოკილად არცერთ თავისუფალ მედიაში არ ვთვლი.დღეს, ისე როგორც არასდროს, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა, სოლიდარობა და ერთი მუშტად შეკვრა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დიდი გამარჯვების გზაზე!“ – წერს გიორგი ვაშაძე.ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, „ტვ პირველს“ ერთ-ერთ ფეისბუქ პოსტში „უბორნია“ უწოდა. „ნინო ჯღარკავას სადაც ელაქუცებიან, იმ უბორნიაში დაბლოკილი რატომ არ უნდა იყოს პატიოსანი ადამიანი?“, – დაწერა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ჩემი წერილი გადააგზავნა ბრიუსელში, იმედი მაქვს, ბრიუსელში ამ წერილს გულდასმით კითხულობენ და დასკვნებს გამოიტანენ

პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ჩემი წერილი გადააგზავნა ბრიუსელში. მე იმედი მაქვს, რომ ბრიუსელში ამ წერილს გულდასმით კითხულობენ და იმედია, რომ აქედან დასკვნებს გამოიტანენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, დღეს ევროკავშირი თავისი პოლიტიკით, გარდა იმისა, რომ აზიანებს სხვებს, უპირველეს ყოვლისა, აზიანებს საკუთარ თავს.„სხვათა შორის, გუშინ იყო ერთ-ერთი კვლევითი ორგანიზაციის სტატია, რომელშიც სწორად იყო ხაზგასმული ეს საკითხები, რომ დასკვნები უნდა გამოიტანონ. სამწუხაროდ, ის საგარეო პოლიტიკა, რომელიც დღეს ევროკავშირს აქვს და რომელსაც კაია კალასი განასახიერებს, ყველა ვხედავთ. ევროკავშირის შიგნითაც არის მის მიმართ უკმაყოფილება და კრიტიკა, აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანუ სახელმწიფო მინისტრი არც კი ხვდება მას. სამწუხაროდ, დღეს კაია კალასი არის სახე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის. როგორც ესტონეთის პრემიერ-მინისტრს, როდესაც მისი მინისტრი აქ მიტინგებზე იდგა, ზუსტად იმავე ფილოსოფიის საგარეო პოლიტიკა აქვს დღეს ევროკავშირს, რომელიც გარდა იმისა, რომ აზიანებს სხვებს, უპირველეს ყოვლისა აზიანებს საკუთარ თავს და ამ ზიანს ვხედავთ დღეს ჩვენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის 8 მაისს ღია წერილით მიმართა.

ბოლო სიახლეები