საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის“ შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხი განიხილა და მხარი დაუჭირა.
როგორც მომხსენებელმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, აღნიშნულს პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტში შეიქმნა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის“ შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისია, სადაც რაოდენობა და პროპორციები ჩვენ უნდა გადავანაწილოთ, კვოტები განვსაზრვროთ. ჩვენ ამას გვავალდებულებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. წარმოდგენილია შემოთავაზება ასეთი პარიტეტით, რომ იყოს ფრაქცია „ქართული ოცნება“ ხუთი წევრით წარმოდგენილი, ანუ უმრავლესობა ხუთი წევრით, შესაბამისად, ოპოზიციური ნაწილი – ორი წევრი „ხალხის ძალას“, ერთი „ევროპელი სოციალისტებს“ და ორი წევრი უფრაქციო პარლამენტის წევრებს დარჩებათ, იგივე ოპოზიციურ ფლანგს, რომელიც ჯერჯერობით არ არის პარლამენტში შემოსული. მათი სურვილიც არ არის ნათელი, რას აპირებენ სამომავლოდ, ასე რომ, მათი პარლამენტში შემოსვლის შემთხვევაში მათ ექნებათ სრული შესაძლებლობა ორი წევრით შეავსონ ეს კვოტა ამ კომისიაში“, – განაცხადა მათიკაშვილმა.