ორშაბათი, მაისი 18, 2026

მამუკა ხაზარაძე – გახარიას პარტიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად, ბრძოლაში მყოფმა ადამიანებმა უნდა ვიცოდეთ ვინ არის ჩვენი პარტნიორი – ამ პარლამენტში დარჩენა ბიძინა ივანიშვილის „რუსულ ხელისუფლებასთან“ რუსული საქმის კეთებას ნიშნავს

რუსთაველის რვა ნომერში შეკრებილი ადამიანები სრულიად უუნაროები ხდებიან საკანონმდებლო საქმიანობისთვის, რადგან ოპოზიციური მანდატების გაუქმებით, ე.წ. დეპუტატთა რიცხვი 89-მდე მცირდება, რაც პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდის რაიმე სახის ლეგიტიმური გადაწყვეტილების მიღებას, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 113 ხმაა საჭირო ერთი მოწვევის პარლამენტის მიერ კონსტიტუციის გადასინჯვისთვის; 113 ხმა ცალკეული საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიკაციისთვის; 100 ხმა ორი მოწვევის პარლამენტის მიერ კონსტიტუციის გადასინჯვისთვის; 100 ხმა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის; 100 ხმა უცხოეთის მოქალაქეზე მიწის გასხვისებისთვის; 90 ხმაა საჭირო კონკორდატში ცვლილებების დასამტკიცებლად; 90 ხმაა საჭირო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ასარჩევად; 90 ხმაა საჭირო იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად; 90 ხმაა საჭირო სახალხო დამცველის ასარჩევად.

„ქართულ ოცნებას“ კი პარლამენტში მხოლოდ 89 მანდატი გააჩნია. ეს იყო ჩვენი სტრატეგია, ეს იყო პროდასავლური ოთხი კოალიციური გაერთიანების სტრატეგია, რომ ეს ხალხი, რომელმაც რუსული სპეცოპერაცია ჩაატარა არჩევნებზე, დარჩენილიყვნენ მარტო და ვერ მიეღოთ ვერანაირი გადაწყვეტილება, ასევე, ახალი არჩევნების ჩატარების იძულება მომხდარიყო. დღევანდელ ვითარებაში შემდეგი მოცემულობა გვაქვს – მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი გააჩნია, პარლამენტში დღეს, ქაღალდზე 101 დეპუტატი არსებობს. საკითხის დგას იმ კოალიციაზე, რომელსაც „გახარია-საქართველოსთვის“ ჰქვია და აქ ჩნდება საკმაოდ სერიოზული კითხვა, იმ ძალის ფარული ლეგალიზაციის და ფარული ხელშეწყობის, რასაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. ჩემთვის ეს არის საქართველოში რუსული ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას მიათრევს და იზოლაციას უკეთებს ევროპული ფასეულობისგან, რომელსაც ქართველი ხალხი ძირძველად ეკუთვნის, მიათრევს დამპყრობლისკენ, რუსეთისკენ და ისეთი სისტემებისკენ, როგორიც არის მაგალითად, ირანი და კომუნისტური პარტიის ჩინეთი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვოლოდიმირ ზელენსკი – ახლავე გვჭირდება საკუთარი ანტიბალისტიკური შესაძლებლობები და უკრაინის უფრო ძლიერი საჰაერო თავდაცვა

რუსეთის მიერ დნიპროსა და რეგიონის ტერიტორიაზე ღამით განხორციელებული შეტევა ექვს საათზე მეტხანს გაგრძელდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.მისი ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმამ საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა, დაზიანდა სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც, თავდასხმა ასევე მიმართული იყო ენერგეტიკული ობიექტებისა და საცხოვრებელი შენობების წინააღმდეგ მთელი რეგიონის მასშტაბით.ზელენსკის განცხადებით, დრონებით იერიში მიიტანეს ოდესაზეც, ერთ-ერთმა უპილოტო საფრენმა აპარატმა კი ჩინეთის საკუთრებაში არსებულ გემს დაარტყა.„არ შეიძლებოდა რუსებს არ სცოდნოდათ, თუ რომელი გემი იმყოფებოდა ზღვაში. საერთო ჯამში, რვა რეგიონში ნგრევა დაფიქსირდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. საერთო ჯამში, რუსებმა ამ დარტყმის დროს გამოიყენეს 524 თავდასხმის დრონი და სხვადასხვა ტიპის 22 რაკეტა“, - აცხადებს ზელენსკი.მისი თქმით, რუსეთი ადამიანებზე თავდასხმებისთვის ბალისტიკურ რაკეტებს იყენებს და სწორედ ამიტომ ევროპაში ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ უზრუნველყონ მათგან საიმედო დაცვა.„ევროპას უნდა ჰქონდეს საკუთარი ანტიბალისტიკური სისტემები და იყოს თვითკმარი ამ საფრთხეების წინაშე. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: ახლავე გვჭირდება საკუთარი ანტიბალისტიკური შესაძლებლობები და უკრაინის უფრო ძლიერი საჰაერო თავდაცვა. ეს კვირა ფოკუსირებული იქნება ჩვენს პარტნიორებთან მუშაობაზე, რათა გავაძლიეროთ ადამიანების სიცოცხლის დაცვა“, - წერს ზელენსკი.

ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ურბანულ სამიტში, რომელსაც, გაერო-ს ადამიანთა დასახლებების პროგრამასთან პარტნიორობით, ბაქო მასპინძლობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო ურბანულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც, გაერო-ს ადამიანთა დასახლებების პროგრამასთან (UN-Habitat) პარტნიორობით, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო მასპინძლობს.საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიაზე. დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან.სამიტის ფარგლებში სახელმწიფოთა ლიდერები კლიმატის ცვლილებებითა და კონფლიქტებით გამოწვეული გლობალური საბინაო კრიზისის გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ, რაც მდგრადი და ინკლუზიური ურბანული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.სამიტში 180-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ, მათ შორის არიან სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, ურბანისტები და უძრავი ქონების დეველოპერები.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბაქოში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

დონალდ ტრამპი: ირანს დრო ეწურება

ირანს დრო ეწურება, - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.„უმჯობესია მათ სწრაფად იმოქმედონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათგან აღარაფერი დარჩება“, - აცხადებს ტრამპი.მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლის ლიდერი ტელეფონით ისრაელის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტრამპმა და ნეთანიაჰუმ ირანთან ომის განახლების შესაძლებლობა განიხილეს.

შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა

პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული.ეს ბოლო 20 წელიწადში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტია ჩინეთში.

ჩინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ძლიერი მიწისძვრა ჩინეთში - ქვეყნის სამხრეთში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა. ეპიცენტრის ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთით, ლიო-უჭოუს ოლქში იყო.სტიქიამ ცხრა საცხოვრებელი სახლი მიწასთან გაასწორა, დაზიანებულია ათობით შენობა - ნანგრევებში მოყოლილთა ძებნა ამ წუთებშიც, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. კატასტროფის ზონაში მობილიზებულია ასობით მაშველი, მძიმე ტექნიკა და სპეციალური ძაღლები.მსხვერპლის რაოდენობა ამ დრომდე დაუზუსტებელია.

ბოლო სიახლეები