ხუთშაბათი, მაისი 7, 2026

,,რასაც ადამიანი გულში მალავს, ის მის თვალებში იკითხება”-მამა სერაფიმე

ცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქანდაში მოღვაწე მოძღვარი, მამა სერაფიმე ბით-ხარიბი, რომელიც წარმოშობით ასირიელი გახლავთ და ქრისტეს ენაზე გალობით გაითქვა სახელი, ბავშვობაში ზოგ მასწავლებელს უჯანყდებოდა და მათ გაკვეთილზე აღარ შედიოდა.
მამა სერაფიმე ბავშვობაში თბილისში ცხოვრობდა. მერე, ოჯახური პირობების გამო, ციმბირში მოუწია წასვლა და სკოლაც იქ დაამთავრა. გარკვეული პერიოდი უკრაინაში ცხოვრობდა, სადაც ტაიკვანდოში სპორტის ოსტატიც გახდა, მაგრამ ბოლოს გულმა საქართველოში და იმ ადგილას გამოუწია, სადაც მისი თანამემამულეები ცხოვრობენ. ასურელების ქანდაში ჩამოსახლება მათი პირველი გენოციდის შემდეგ, 1833 წლიდან დაუწყიათ. ისინი  ძირითადად ირანიდან, ერაყიდან, თურქეთიდან  და სირიიდან გადმოსახლებულან. ამჟამად  სოფელში 2000-ზე მეტი ასურელი ცხოვრობს. ოჯახების უმეტესობა შერეულია და ისინი ქართულად და ასურულად საუბრობენ.  მართლმადიდებლურ სამყაროში ქანდის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერი ერთადერთია, სადაც წირვა-ლოცვა ქართულ-არამეულ ენებზე აღევლინება.
მამა სერაფიმე ბავშვობიდან მღერის.  ერთი პერიოდი საესტრადო სიმღერებს მღეროდა. უკვე სასულიერო პირი იყო, არამეულ ენაზე გალობა რომ შექმნა. მან „ეტალონს“ საკუთარ ბავშვობაზე უამბო და ქრისტეს ენაზე გალობის შექმნის ამბავი მოუყვა.
მახსოვს, ბაღის გამოსაშვები საღამოსთვის ფოტოს გადაღება უნდოდათ ჩემთვის და მე არაფრით ვთანხმდებოდი. მასწავლებელმა შემოიტანა დიდი ბურთი და შემპირდა, ამ ბურთს გაჩუქებ, ოღონდ სურათი გადაიღეო. დავთანხმდი და გადავიღე.
სკოლაში სწავლის დასაწყისი პერიოდი ჩემთვის ძალიან რთული იყო. 7 წლის ასაკში ბეტონის ამრევ მანქანაში ჩაავვარდი და 2 წელი საერთოდ არ ავმდგარვარ ფეხზე. მერე რაღაც ექსპერიმენტალური აპარატი მეკეთა და იმით დავდიოდი სკოლაში.
– ბეტონის ამრევ მანქანაში როგორ ჩავარდით, ძალიან ცელქი იყავით?
– კი, ძალიან ცელქი ვიყავი. გარეთ ვთამაშობდით ბავშვები. მუხიანში ხდებოდა ეს ამბავი – პირველი მიკრორაიონის მე-9 კორპუსს აშენებდნენ. ეს კარგად მახსოვს. პატარა მანქანა მქონდა და ის ჩამივარდა იმ ბეტონის მანქანაში. ხელი ჩავყავი, ამ დროს ჩაირთო და ბეტონთან ერთად დამატრიალა… ორი წლის მერე დავდექი ფეხზე. ხელი ისეთ დღეში მქონდა, მხოლოდ იმ ხელზე 11 ოპერაცია დამჭირდა. ფეხიც საშინლად მქონდა…
– სკოლაში სწავლობდით, როცა ეს ამბავი მოხდა?
– დიახ, მეორე კლასში უნდა გადავსულიყავი. დაწყებით კლასში გვასწავლიდა ინგა შოთაევნა. კომუნისტების დროს ვსწავლობდი და მაშინ სახელითა და მამის სახელით მივმართავდით მასწავლებლებს. ძალიან ყურადღებიანი და თბილი ადამიანი იყო და ყველანაირად გვერდით დამიდგა. მოდიოდა, მასწავლიდა… მისი წყალობით, სასწავლო წელი არ გამიცდა და მადლობელი ვარ ღმერთისა, რომ ასეთი მასწავლებელი მყავდა. ძალიან ბევრი რამაა და დამოკიდებული მასწავლებლებზე.
მე-5 კლასში უფრო თამამი გავხდი და დამჯერი აღარ ვიყავი. სულ ვჩხუბობდი, შარიანი გახლდით, მაგრამ მასწავლებლებს მაინც ვუყვარდი. რომელი მასწავლებელიც არ მიყვარდა, მის გაკვეთილზე არც შევდიოდი. მე-8 კლასში ფიზიკის მასწავლებელმა ჩემი გარიცხვა მოითხოვა სკოლიდან – არც ერთხელ შემოსულა ჩემს გაკვეთილზეო. გადაირია ქიმიის მასწავლებელი, თქვენთან შეიძლება არ დადის, მაგრამ მე 5-იანს ვუწერო. იგივე თქვა ლიტერატურის მასწავლებელმა. რომელი მასწავლებელიც მიყვარდა, მათ საგანს ვსწავლობდი. ბოლოს, ფიზიკაში გამოცდა ჩავაბარე და ისე გადავედი მომდევნო კლასში. თან ჩემი მოთხოვნა იყო, რომ სხვა მასწავლებლისთვის ჩამებარებინა გამოცდა და არა იმისთვის, ვის გაკვეთილზეც არ დავდიოდი. ამის მერე, რუსეთში, ციმბირში გადავიდა ჩემი ოჯახი და იქ ვსწავლობდი. დღემდე მიყვარს ჩემი 175-ე სკოლა. მივდივარ ხოლმე. ჩემი ალგებრისა და გეომეტრიის და კიდევ სხვა საგნების მასწავლებლები ჩამოდიან ხშირად ჩემთან, მონასტერში. ძალიან მიყვარდა ალგებრა, რადგან უნიკალური მასწავლებელო გვყავდა – ქალბატონი ლიდა. მკაცრი იყო, მაგრამ მთელ კლასს მაინც სასწაულად გვიყვარდა.

როგორი უნდა იყოს მასწავლებელი, რომ ბავშვს უყვარდეს? ან, ფიზიკის მასწავლებლის მიმართ თქვენს პროტესტს რა იწვევდა?

– ფიზიკის მასწავლებელს ერთხელ ეგონა, რომ მე ვლაპარაკობდი და სახაზავი ჩამარტყა თავში. ეს ფაქტი იმდენად შემზარავი იყო… არასდროს არავის ვუცემივარ მანამდე და ძალიან დამცირებულად ვიგრძენი თავი… ალბათ ამპარტავანიც ვიყავი მაშინ, მაგრამ მას მერე  მის გაკვეთილზე აღარ შევსულვარ. ახალგაზრდა იყო და ალბათ პრაქტიკაც აკლდა.

ქალბატონი მანანა გიორგევნა, ლიტერატურის მასწავლებელი გვიყვარდა ყველას, რადგან, მაგალითად, როცა ლექსს ვყვებოდით, გვეუბნებოდა, მხოლოდ ზეპირად ნუ ამბობთ, შეიგრძენით, იმ ლექსში იცხოვრეთო… ყველაფერს ისე მხატვრულად და ლამაზად აკეთებდა, თეატრი გეგონებოდათ მისი გაკვეთილი. მაგალითად, ვაჟა-ფშაველას ცხოვრებას ისე ყვებოდა, აშკარად განიცდიდა. მეგობარი იყო ჩვენი. სხვა მასწავლებლებიც ტკბილად მახსენდება. ვენერა ვლადიმეროვნა იყო მერე ჩვენი დამრიგებელი და თან შრომას გვასწავლიდა. თუ დირექტორთან დამიბარებდნენ, შემომყვებოდა და ეუბნებოდა, გავითავალისწინოთ, რომ ბავშვს ესა და ეს პრობლემა აქვსო. ასევე იქცეოდა ჩემს მშობლებთან – დედაჩემი რომ ბრაზდებოდა, ეუბნებოდა, ქალბატონო მაია, ძალიან გთხოვთ, არ ეჩხუბოთო.

სკოლა მეორე სახლია ბავშვისთვის. დილის 9-ზე უკვე იქ ხარ და 2-3 საათამდე რჩები. ხანდახან 4 საათამდე გვიწევდა ყოფნა, რადგან, თუ რამეს ვერ გავიგებდით, მასწავლებელი რჩებოდა ჩვენთან ერთად და გვამეცადინებდა. ბავშვებს სულ ვეუბნები, სკოლა თქვენი მეორე სახლია და როგორც ოჯახში გასწავლიან ზნეობას, სკოლამაც უნდა ჩაგიტაროს მორალური ცხოვრების გაკვეთილები-მეთქი. 12 წელი სწავლობ იქ და სახლია აბა რა არის?! ყველა ბავშვს მოვუწოდებ, ვურჩევ, რომ ეს ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები იმდენად სასიკეთოდ გამოიყენონ, რომ, საბოლოოდ, საქართველოს ეამაყებოდეს ისინი. ღვთის წყალობა ყველა ჩვენგანშია. ბავშვი კი სუფთა და სპეტაკია. პატარა რომ ვიყავი და 2-იანი მივიღე, დედაჩემმა იტირა. ეს რომ დავინახე, მას მერე დავიწყე სწავლა, რომ დედაჩემის გული გამეხარებინა. ბავშვებს მიზნად უნდა ჰქონდეთ, რომ გული გაუხარონ მშობლებსა და მასწავლებლებს და ისევ მათ გამოადგებათ ეს ყველაფერი.

– მამაო, ციმბირში წასვლა რატომ მოგიწიათ?

– ეს 90-იანი წლები იყო და ცხოვრება რთული გახლდათ. სურსათსაც ვერ ვყიდულობდით… როგორც ყველა ასურელი, მამაჩემიც ხელოსანი კაცი იყო. მას ციმბირიდან სამსახურის შემოთავაზება ჰქონდა და იქ გადავედით. გაჭირვებამ წაგვიყვანა. იქ დავამთავრე სკოლა და რომ დავბრუნდი, საესტრადო სასწავლებელში ჩავაბარე.

– ბავშვობიდან მღეროდით?

– დიახ, ვცდილობდი… ორი ვოკალის მასწავლებელი მყავდა – ლალი ნიკოლაძე და ალი მხეიძე. ბადრი ასათიანი სწავლობდა ამ სასწავლებელში. დღეს ის რეჟისორია. მას დავეხმარე, რაღაც წავიმღერე  და ამ დროს  ლალიმ იყვირა, ალი, შეხედე, რა მასალა აქვს ამ ბავშვსო. მეხვეწებოდნენ, თუ გინდა ნუ ივლი, ოღონდ გამოცდები ჩააბარეო. იშვიათად მივდიოდი სასწავლებელში…

სპორტით ვიყავი დაკავებული – ტაიკვანდო იტეეფში ვვარჯიშობდი და სპორტის ოსტატიც გავხდი. საქართველოში ოთხგზის ჩემპიონი რომ გავხდი, უკრაინაში წავედი და იქ დავიწყე ამ დარგში მუშაობა. დღესაც ჩამოდიან ჩემთან ის სპორტსმენები, ვინც ჩემთან ერთად ვარჯიშობდა.

– ესტრადაზეც მღეროდით…  მაშინ არამეული გალობის შესახებ უკვე იცოდით?

– არა, მხოლოდ ერთხელ ვიმღერე ქართულ-არამეული სიმღერა სცენაზე. ქართულად იწყებოდა და არამეულში გადადიოდა. ძალიან ლამაზი სიმღერა გამოვიდა. ჩვეულებრივი, საესტრადო სიმღერა იყო.  მხოლოდ ერთხელ ვიმღერე ბესო კალანდაძის „ტირიფები“. სხვა დროს მხოლოდ იმას ვმღეროდი, რასაც მე თვითონ ვწერდი. მხოლოდ ჩემი და ჩემი დის დაწერილ სიტყვებზე და მუსიკაზე ვმღეროდი.

– გალობა როდიდან დაიწყეთ?

– უეცრად. 2013 წლის იანვრის დასაწყისი იყო. უკვე სასულიერო პირი ვიყავი. სეფისკვერებზე გავუშვი ჩემი მრევლი და გაბრაზებული დაბრუნდა უკან. ვტრაპეზობდით. რა გჭირს შვილო-მეთქი, ვკითხე. რაღა რა მჭირს მამაო, სეფისკვერებზე რომ ვიყავი იკითხეს სადაა ძველ ქანდაში ქრისტიანული ტაძარი, მანდ თათრები არ ცხოვრობენო. ვუთხარი, დამშვიდდი შვილო, არ ინერვიულო, ისეთ გალობას დავწერ, მთელი მსოფლიო გაგვიცნობს-მეთქი. ეს სიტყვები ისე, წამომცდასავით, არც მიმიქცევია ყურადღება. ტრაპეზს რომ მოვრჩით, თავისთავად, გულში დავიწყე გალობა. მერე თითქოს ხმებში დავალაგე. დავუძახე მგალობლებს და… 2013 წლის შობის ღამეს, 7 იანვარს პირველად ვიგალობეთ არამეულ ენაზე და ეს გალობა ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდა მართლმადიდებლურ სამყაროში.

ქანდაში  2000 ასურელი ცხოვრობს, თუმცა დედები უმეტესობას ქართველები გვაყავს. ბევრი მთიული ქალია ჩვენს სოფელში გამოთხოვილი, სვანებიც… განათლების სამინისტრომ ახლა უკვე დაგვინიშნა არამეულის გაკვეთილი. ვერ გადახვალ მე-7 თუ მე-8 კლასში, თუ არამეული არ ჩააბარე.

– მამა სერაფიმე, მღეროდით, სპორტით იყავით დაკავებული… სასულიერო ცხოვრების გზას როგორ დაადექით?

– მადლობა ღმერთს, მონასტერში რომ წამოვედი. უფალს შევპირდი და ღვთის წყალობით შევასრულე. უფალს რომ შევპირდი, მის გზას დავადგებოდი, დიდხანს გავურბოდი ამ დაპირებას, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ეს გადაწყვეტილება მივიღე.

– დღესაც წერთ საგალობლებს?

– რა თქმა უნდა! მსოფლიომ გავიცნო. ჩავდივართ სხვადასხვა ქვეყანაში და მუსიკის საღამოებს ვატარებთ. ვიყავით კვიპროსზე, იტალიაში, შვედეთში… პოლონეთში და კანადაში ახლა მივდივართ.

– როგორ აღიქვამენ ქრისტეს ენაზე გალობას?

– სტოკჰოლმში ოფიციალურად მიგვიპატიჟა საქართველოს ელჩმა შვედეთში, ბატონმა მალხაზ კაკაბაძემ. რაღაც ფესტივალი ტარდებოდა და უნდოდა, ჩვენს შესახებაც გაეგო მსმენელს. ამ ფესტივალს ესწრებოდნენ შვედეთის მეფე და დედოფალი. რომ მოვრჩი გალობას, ერთი წუთის განმავლობაში არავინ უკრავდა ტაშს. ვიფიქრე, მორჩა, არ მიგვიღო ხალხმა-მეთქი. თურმე ყველა ელოდებოდა, როდის ექნებოდათ რეაქცია მეფესა და დედოფალს. ისინი ფეხზე ადგნენ და ისე დაგვიკრეს ტაში. ამის მერე ტაში აღარ ჩერდებოდა. დედოფლის ცრემლები რომ დავინახე… ეს უსაზღვრო ემოცია იყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა

აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდა დღეს, 18:00 საათამდე შეეძლებათ.გახანგრძლივებული ვადის ფარგლებში აბიტურიენტებისთვის აუცილებელია მინიმუმ ერთი ჩასაბარებელი საგნის საფასურის (10 ლარი) გადახდა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის - სარეგისტრაციო თანხის (50 ლარი) დაფარვა.საფასურის გადახდა ხელმისაწვდომია „საქართველოს ბანკის“ პლატფორმების მეშვეობით, მათ შორის ონლაინ სისტემაში (bogpay.ge), ინტერნეტ ბანკში (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალების საშუალებით.სარეგისტრაციო საფასურის გადახდა წარმოადგენს სავალდებულო ეტაპს, რომლის გარეშე შეუძლებელია რეგისტრაციის დასრულება და გამოცდებში მონაწილეობის მიღება.ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია 6 აპრილიდან მიმდინარეობს და საბოლოოდ 11 მაისის 18:00 საათზე დასრულდება. აღნიშნულ პერიოდამდე კანდიდატებს მონაცემების გადამოწმება, არჩევანის დაზუსტება, ასევე საგამოცდო ქალაქისა და სასურველი საგანმანათლებლო პროგრამების მითითება ან ცვლილება შეუძლიათ.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აპლიკანტებს, რეგისტრაციისთვის ყველა აუცილებელი მოქმედების შესრულება განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყონ.

ირაკლი მეზურნიშვილი აცხადებს, რომ მონტენეგროში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება, სადაც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე იქნება საუბარი

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი აცხადებს, რომ მონტენეგროში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება.მეზურნიშვილის განმარტებით, დღეს შეხვედრა გაიმართება მალტისა და მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეებთან და საუბარი შეეხება ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერებას.„ბუდვაში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. დღეს მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება. პირველი შეხვედრა შედგება მალტის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე სხვადასხვა ფორმატში მხარს უჭერს. საუბარი იქნება ორმხრივ ურთიერთობებზე, რათა კიდევ უფრო გავაღრმაოთ საპარლამენტო ურთიერთობები. გავაღრმავებთ მეგობრობის ჯგუფის ფორმატს, რათა ჩვენი ურთიერთობა უფრო ინტენსიური გახდეს. შეხვედრა გვექნება მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. საინტერესოა გამოცდილების გაზიარება, რაც ამ ქვეყანას აქვს ამ რთულ პროცესში. დარწმუნებული ვარ, ეს სამიტი შედეგიანი იქნება, რათა ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე ვისაუბროთ“, – აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში მონაწილეობას მიიღებს ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PAM) წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტში.ღონისძიებაში შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს, როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პრეზიდენტი.სამიტის ფარგლებში დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებთან ორმხრივი შეხვედრები.

პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1982 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით - 1988 წელს დაბადებულ ა.მ.-სა და 1992 წელს დაბადებულ რ.ვ.-ს სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებულ ა.მ.-ს სამედიცინო დახმარება შემთხვევის ადგილზე გაეწია, ხოლო რ.ვ. საავადმყოფოში გადაიყვანეს.„სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მ.ი. მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Politico – ევროკავშირმა აშშ-თან სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება ვერ შეძლო

ევროკავშირმა აშშ-თან სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება ვერ შეძლო, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის მომლაპარაკებლებმა ოთხშაბათს საღამოს აშშ-თან სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირების საკითხზე მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.გამოცემა წერს, რომ ევროკავშირის ვაჭრობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების კომისარმა, მაროშ შეფჩოვიჩმა ვაშინგტონთან სავაჭრო ურთიერთობების სტაბილიზაციის მიზნით მომლაპარაკებლებს შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდა.შეგახსენებთ, ევროკავშირმა და აშშ-მა სავაჭრო შეთანხმებას 2025 წლის ივლისში მიაღწიეს. შეთანხმება ევროკავშირიდან ექსპორტზე გატანილ საქონელზე 15%-იან ტარიფებს ითვალისწინებს. შეთანხმების ძალაში შესვლისთვის ევროკავშირმა მისი რატიფიცირება უნდა მოახდინოს.გასულ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სავაჭრო შეთანხმებას არ ასრულებს.„სიხარულით ვაცხადებ, რომ იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ ევროკავშირი არ ასრულებს ჩვენს მიერ სრულად შეთანხმებულ სავაჭრო შეთანხმებას, შემდეგ კვირას შეერთებულ შტატებში ევროკავშირიდან იმპორტირებულ მსუბუქ და სატვირთო მანქანებზე ტარიფს 25%-მდე გავზრდი. ტარიფი 25%-მდე გაიზრდება” - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

როგორი ამინდია მოსალოდნელი 7 მაისს საქართველოში

7 მაისს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +18 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი.ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.ბათუმშიც წვიმაა. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.სოხუმშიც წვიმიანი დღეა, +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.ჭიათურაში წვიმიანი ამინდია, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც იწვიმებს, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.ახალქალაქში წვიმას ელოდებიან. ტემპერატურა დღისით +17, ღამით +3 დაფიქსირდება.ბორჯომშიც წვიმიანი დღეა, +19 იქნება დღისით, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +21 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც ნალექიანი დღეა, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოში წვიმიანი დღეა, დღისით +14 ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება დღეს თელავში, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.წვიმა იქნება გურჯაანში, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში ნალექია მოსალოდნელი, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავში ნალექია მოსალოდნელი, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

ბოლო სიახლეები