ხუთშაბათი, ნოემბერი 5, 2026

,,რასაც ადამიანი გულში მალავს, ის მის თვალებში იკითხება”-მამა სერაფიმე

ცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქანდაში მოღვაწე მოძღვარი, მამა სერაფიმე ბით-ხარიბი, რომელიც წარმოშობით ასირიელი გახლავთ და ქრისტეს ენაზე გალობით გაითქვა სახელი, ბავშვობაში ზოგ მასწავლებელს უჯანყდებოდა და მათ გაკვეთილზე აღარ შედიოდა.
მამა სერაფიმე ბავშვობაში თბილისში ცხოვრობდა. მერე, ოჯახური პირობების გამო, ციმბირში მოუწია წასვლა და სკოლაც იქ დაამთავრა. გარკვეული პერიოდი უკრაინაში ცხოვრობდა, სადაც ტაიკვანდოში სპორტის ოსტატიც გახდა, მაგრამ ბოლოს გულმა საქართველოში და იმ ადგილას გამოუწია, სადაც მისი თანამემამულეები ცხოვრობენ. ასურელების ქანდაში ჩამოსახლება მათი პირველი გენოციდის შემდეგ, 1833 წლიდან დაუწყიათ. ისინი  ძირითადად ირანიდან, ერაყიდან, თურქეთიდან  და სირიიდან გადმოსახლებულან. ამჟამად  სოფელში 2000-ზე მეტი ასურელი ცხოვრობს. ოჯახების უმეტესობა შერეულია და ისინი ქართულად და ასურულად საუბრობენ.  მართლმადიდებლურ სამყაროში ქანდის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერი ერთადერთია, სადაც წირვა-ლოცვა ქართულ-არამეულ ენებზე აღევლინება.
მამა სერაფიმე ბავშვობიდან მღერის.  ერთი პერიოდი საესტრადო სიმღერებს მღეროდა. უკვე სასულიერო პირი იყო, არამეულ ენაზე გალობა რომ შექმნა. მან „ეტალონს“ საკუთარ ბავშვობაზე უამბო და ქრისტეს ენაზე გალობის შექმნის ამბავი მოუყვა.
მახსოვს, ბაღის გამოსაშვები საღამოსთვის ფოტოს გადაღება უნდოდათ ჩემთვის და მე არაფრით ვთანხმდებოდი. მასწავლებელმა შემოიტანა დიდი ბურთი და შემპირდა, ამ ბურთს გაჩუქებ, ოღონდ სურათი გადაიღეო. დავთანხმდი და გადავიღე.
სკოლაში სწავლის დასაწყისი პერიოდი ჩემთვის ძალიან რთული იყო. 7 წლის ასაკში ბეტონის ამრევ მანქანაში ჩაავვარდი და 2 წელი საერთოდ არ ავმდგარვარ ფეხზე. მერე რაღაც ექსპერიმენტალური აპარატი მეკეთა და იმით დავდიოდი სკოლაში.
– ბეტონის ამრევ მანქანაში როგორ ჩავარდით, ძალიან ცელქი იყავით?
– კი, ძალიან ცელქი ვიყავი. გარეთ ვთამაშობდით ბავშვები. მუხიანში ხდებოდა ეს ამბავი – პირველი მიკრორაიონის მე-9 კორპუსს აშენებდნენ. ეს კარგად მახსოვს. პატარა მანქანა მქონდა და ის ჩამივარდა იმ ბეტონის მანქანაში. ხელი ჩავყავი, ამ დროს ჩაირთო და ბეტონთან ერთად დამატრიალა… ორი წლის მერე დავდექი ფეხზე. ხელი ისეთ დღეში მქონდა, მხოლოდ იმ ხელზე 11 ოპერაცია დამჭირდა. ფეხიც საშინლად მქონდა…
– სკოლაში სწავლობდით, როცა ეს ამბავი მოხდა?
– დიახ, მეორე კლასში უნდა გადავსულიყავი. დაწყებით კლასში გვასწავლიდა ინგა შოთაევნა. კომუნისტების დროს ვსწავლობდი და მაშინ სახელითა და მამის სახელით მივმართავდით მასწავლებლებს. ძალიან ყურადღებიანი და თბილი ადამიანი იყო და ყველანაირად გვერდით დამიდგა. მოდიოდა, მასწავლიდა… მისი წყალობით, სასწავლო წელი არ გამიცდა და მადლობელი ვარ ღმერთისა, რომ ასეთი მასწავლებელი მყავდა. ძალიან ბევრი რამაა და დამოკიდებული მასწავლებლებზე.
მე-5 კლასში უფრო თამამი გავხდი და დამჯერი აღარ ვიყავი. სულ ვჩხუბობდი, შარიანი გახლდით, მაგრამ მასწავლებლებს მაინც ვუყვარდი. რომელი მასწავლებელიც არ მიყვარდა, მის გაკვეთილზე არც შევდიოდი. მე-8 კლასში ფიზიკის მასწავლებელმა ჩემი გარიცხვა მოითხოვა სკოლიდან – არც ერთხელ შემოსულა ჩემს გაკვეთილზეო. გადაირია ქიმიის მასწავლებელი, თქვენთან შეიძლება არ დადის, მაგრამ მე 5-იანს ვუწერო. იგივე თქვა ლიტერატურის მასწავლებელმა. რომელი მასწავლებელიც მიყვარდა, მათ საგანს ვსწავლობდი. ბოლოს, ფიზიკაში გამოცდა ჩავაბარე და ისე გადავედი მომდევნო კლასში. თან ჩემი მოთხოვნა იყო, რომ სხვა მასწავლებლისთვის ჩამებარებინა გამოცდა და არა იმისთვის, ვის გაკვეთილზეც არ დავდიოდი. ამის მერე, რუსეთში, ციმბირში გადავიდა ჩემი ოჯახი და იქ ვსწავლობდი. დღემდე მიყვარს ჩემი 175-ე სკოლა. მივდივარ ხოლმე. ჩემი ალგებრისა და გეომეტრიის და კიდევ სხვა საგნების მასწავლებლები ჩამოდიან ხშირად ჩემთან, მონასტერში. ძალიან მიყვარდა ალგებრა, რადგან უნიკალური მასწავლებელო გვყავდა – ქალბატონი ლიდა. მკაცრი იყო, მაგრამ მთელ კლასს მაინც სასწაულად გვიყვარდა.

როგორი უნდა იყოს მასწავლებელი, რომ ბავშვს უყვარდეს? ან, ფიზიკის მასწავლებლის მიმართ თქვენს პროტესტს რა იწვევდა?

– ფიზიკის მასწავლებელს ერთხელ ეგონა, რომ მე ვლაპარაკობდი და სახაზავი ჩამარტყა თავში. ეს ფაქტი იმდენად შემზარავი იყო… არასდროს არავის ვუცემივარ მანამდე და ძალიან დამცირებულად ვიგრძენი თავი… ალბათ ამპარტავანიც ვიყავი მაშინ, მაგრამ მას მერე  მის გაკვეთილზე აღარ შევსულვარ. ახალგაზრდა იყო და ალბათ პრაქტიკაც აკლდა.

ქალბატონი მანანა გიორგევნა, ლიტერატურის მასწავლებელი გვიყვარდა ყველას, რადგან, მაგალითად, როცა ლექსს ვყვებოდით, გვეუბნებოდა, მხოლოდ ზეპირად ნუ ამბობთ, შეიგრძენით, იმ ლექსში იცხოვრეთო… ყველაფერს ისე მხატვრულად და ლამაზად აკეთებდა, თეატრი გეგონებოდათ მისი გაკვეთილი. მაგალითად, ვაჟა-ფშაველას ცხოვრებას ისე ყვებოდა, აშკარად განიცდიდა. მეგობარი იყო ჩვენი. სხვა მასწავლებლებიც ტკბილად მახსენდება. ვენერა ვლადიმეროვნა იყო მერე ჩვენი დამრიგებელი და თან შრომას გვასწავლიდა. თუ დირექტორთან დამიბარებდნენ, შემომყვებოდა და ეუბნებოდა, გავითავალისწინოთ, რომ ბავშვს ესა და ეს პრობლემა აქვსო. ასევე იქცეოდა ჩემს მშობლებთან – დედაჩემი რომ ბრაზდებოდა, ეუბნებოდა, ქალბატონო მაია, ძალიან გთხოვთ, არ ეჩხუბოთო.

სკოლა მეორე სახლია ბავშვისთვის. დილის 9-ზე უკვე იქ ხარ და 2-3 საათამდე რჩები. ხანდახან 4 საათამდე გვიწევდა ყოფნა, რადგან, თუ რამეს ვერ გავიგებდით, მასწავლებელი რჩებოდა ჩვენთან ერთად და გვამეცადინებდა. ბავშვებს სულ ვეუბნები, სკოლა თქვენი მეორე სახლია და როგორც ოჯახში გასწავლიან ზნეობას, სკოლამაც უნდა ჩაგიტაროს მორალური ცხოვრების გაკვეთილები-მეთქი. 12 წელი სწავლობ იქ და სახლია აბა რა არის?! ყველა ბავშვს მოვუწოდებ, ვურჩევ, რომ ეს ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები იმდენად სასიკეთოდ გამოიყენონ, რომ, საბოლოოდ, საქართველოს ეამაყებოდეს ისინი. ღვთის წყალობა ყველა ჩვენგანშია. ბავშვი კი სუფთა და სპეტაკია. პატარა რომ ვიყავი და 2-იანი მივიღე, დედაჩემმა იტირა. ეს რომ დავინახე, მას მერე დავიწყე სწავლა, რომ დედაჩემის გული გამეხარებინა. ბავშვებს მიზნად უნდა ჰქონდეთ, რომ გული გაუხარონ მშობლებსა და მასწავლებლებს და ისევ მათ გამოადგებათ ეს ყველაფერი.

– მამაო, ციმბირში წასვლა რატომ მოგიწიათ?

– ეს 90-იანი წლები იყო და ცხოვრება რთული გახლდათ. სურსათსაც ვერ ვყიდულობდით… როგორც ყველა ასურელი, მამაჩემიც ხელოსანი კაცი იყო. მას ციმბირიდან სამსახურის შემოთავაზება ჰქონდა და იქ გადავედით. გაჭირვებამ წაგვიყვანა. იქ დავამთავრე სკოლა და რომ დავბრუნდი, საესტრადო სასწავლებელში ჩავაბარე.

– ბავშვობიდან მღეროდით?

– დიახ, ვცდილობდი… ორი ვოკალის მასწავლებელი მყავდა – ლალი ნიკოლაძე და ალი მხეიძე. ბადრი ასათიანი სწავლობდა ამ სასწავლებელში. დღეს ის რეჟისორია. მას დავეხმარე, რაღაც წავიმღერე  და ამ დროს  ლალიმ იყვირა, ალი, შეხედე, რა მასალა აქვს ამ ბავშვსო. მეხვეწებოდნენ, თუ გინდა ნუ ივლი, ოღონდ გამოცდები ჩააბარეო. იშვიათად მივდიოდი სასწავლებელში…

სპორტით ვიყავი დაკავებული – ტაიკვანდო იტეეფში ვვარჯიშობდი და სპორტის ოსტატიც გავხდი. საქართველოში ოთხგზის ჩემპიონი რომ გავხდი, უკრაინაში წავედი და იქ დავიწყე ამ დარგში მუშაობა. დღესაც ჩამოდიან ჩემთან ის სპორტსმენები, ვინც ჩემთან ერთად ვარჯიშობდა.

– ესტრადაზეც მღეროდით…  მაშინ არამეული გალობის შესახებ უკვე იცოდით?

– არა, მხოლოდ ერთხელ ვიმღერე ქართულ-არამეული სიმღერა სცენაზე. ქართულად იწყებოდა და არამეულში გადადიოდა. ძალიან ლამაზი სიმღერა გამოვიდა. ჩვეულებრივი, საესტრადო სიმღერა იყო.  მხოლოდ ერთხელ ვიმღერე ბესო კალანდაძის „ტირიფები“. სხვა დროს მხოლოდ იმას ვმღეროდი, რასაც მე თვითონ ვწერდი. მხოლოდ ჩემი და ჩემი დის დაწერილ სიტყვებზე და მუსიკაზე ვმღეროდი.

– გალობა როდიდან დაიწყეთ?

– უეცრად. 2013 წლის იანვრის დასაწყისი იყო. უკვე სასულიერო პირი ვიყავი. სეფისკვერებზე გავუშვი ჩემი მრევლი და გაბრაზებული დაბრუნდა უკან. ვტრაპეზობდით. რა გჭირს შვილო-მეთქი, ვკითხე. რაღა რა მჭირს მამაო, სეფისკვერებზე რომ ვიყავი იკითხეს სადაა ძველ ქანდაში ქრისტიანული ტაძარი, მანდ თათრები არ ცხოვრობენო. ვუთხარი, დამშვიდდი შვილო, არ ინერვიულო, ისეთ გალობას დავწერ, მთელი მსოფლიო გაგვიცნობს-მეთქი. ეს სიტყვები ისე, წამომცდასავით, არც მიმიქცევია ყურადღება. ტრაპეზს რომ მოვრჩით, თავისთავად, გულში დავიწყე გალობა. მერე თითქოს ხმებში დავალაგე. დავუძახე მგალობლებს და… 2013 წლის შობის ღამეს, 7 იანვარს პირველად ვიგალობეთ არამეულ ენაზე და ეს გალობა ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდა მართლმადიდებლურ სამყაროში.

ქანდაში  2000 ასურელი ცხოვრობს, თუმცა დედები უმეტესობას ქართველები გვაყავს. ბევრი მთიული ქალია ჩვენს სოფელში გამოთხოვილი, სვანებიც… განათლების სამინისტრომ ახლა უკვე დაგვინიშნა არამეულის გაკვეთილი. ვერ გადახვალ მე-7 თუ მე-8 კლასში, თუ არამეული არ ჩააბარე.

– მამა სერაფიმე, მღეროდით, სპორტით იყავით დაკავებული… სასულიერო ცხოვრების გზას როგორ დაადექით?

– მადლობა ღმერთს, მონასტერში რომ წამოვედი. უფალს შევპირდი და ღვთის წყალობით შევასრულე. უფალს რომ შევპირდი, მის გზას დავადგებოდი, დიდხანს გავურბოდი ამ დაპირებას, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ეს გადაწყვეტილება მივიღე.

– დღესაც წერთ საგალობლებს?

– რა თქმა უნდა! მსოფლიომ გავიცნო. ჩავდივართ სხვადასხვა ქვეყანაში და მუსიკის საღამოებს ვატარებთ. ვიყავით კვიპროსზე, იტალიაში, შვედეთში… პოლონეთში და კანადაში ახლა მივდივართ.

– როგორ აღიქვამენ ქრისტეს ენაზე გალობას?

– სტოკჰოლმში ოფიციალურად მიგვიპატიჟა საქართველოს ელჩმა შვედეთში, ბატონმა მალხაზ კაკაბაძემ. რაღაც ფესტივალი ტარდებოდა და უნდოდა, ჩვენს შესახებაც გაეგო მსმენელს. ამ ფესტივალს ესწრებოდნენ შვედეთის მეფე და დედოფალი. რომ მოვრჩი გალობას, ერთი წუთის განმავლობაში არავინ უკრავდა ტაშს. ვიფიქრე, მორჩა, არ მიგვიღო ხალხმა-მეთქი. თურმე ყველა ელოდებოდა, როდის ექნებოდათ რეაქცია მეფესა და დედოფალს. ისინი ფეხზე ადგნენ და ისე დაგვიკრეს ტაში. ამის მერე ტაში აღარ ჩერდებოდა. დედოფლის ცრემლები რომ დავინახე… ეს უსაზღვრო ემოცია იყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროკომისია – შეფასება, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელით არის, ძალაში რჩება

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია, - ამის შესახებ 2026 წლის გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით ევროკომისიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.განცხადების თანახმად, „ევროკომისიის შეფასება, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელით არის, ძალაში რჩება“.„საქართველო კვლავ ვერ ასრულებს იმ ცხრა ნაბიჯს, რომლებიც ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსისთვის გაცემულ რეკომენდაციაში განსაზღვრა, რადგან მმართველი პარტია კვლავ ძირს უთხრის დემოკრატიულ პრინციპებს, კანონის უზენაესობას, ფუნდამენტურ უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეს და სახელმწიფოს შემდგომ მიტაცებას ხელს უწყობს“, - ნათქვამია განცხადებაში.ევროკომისიის პრესსამსახურის განცხადების მიხედვით, „თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს არ შეცვლის და ევროკავშირში გაწევრიანების საფუძვლად არსებულ ფუნდამენტური პრინციპების აღსრულებას არ დაუბრუნდება, საქართველო კვლავ ვერ მიიღებს იმ უპირატესობებს, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანების წინა პროცესი ითვალისწინებს“.„ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი რჩება, ისევე როგორც ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ მისი მხარდაჭერა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ცხოველთა ფედერაცია სამძიმრის წერილს აქვეყნებს

ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას, მათე ობოლაძეს საქართველოს ცხოველთა ფედერაცია ემშვიდობება.„ჯერ კიდევ გვიჭირს იმის დაჯერება, რომ ამ სიტყვების დაწერა გვიწევს. დიდი მწუხარებით ვემშვიდობებით ჩვენს კოლეგას, მათე ობოლაძეს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ძალიან ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა.მძიმეა იმის გააზრება, რომ მათე ჩვენ გვერდით აღარ იქნება. მადლიერი ვართ იმ დროისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ, და სითბოთი გავიხსენებთ მათეს, როგორც ჩვენი გუნდის ძვირფას წევრს.საქართველოს ცხოველთა ფედერაციის მთელი გუნდის სახელით გულით ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებსა და ყველას, ვისაც უყვარდა მათე. ვიცით, რომ ასეთი ადამიანი ბევრია.ძალიან დაგვაკლდები, მათე,“ - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.ცნობისთვის, რიონჰესთან მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდები მათე ობოლაძე და ბერდია ხაბულიანი არიან.გუშინ ქუთაისში, რიონჰესთან მდინარეში ავტომობილი გადავარდა - მაშველებმა მდინარიდან 2 ბიჭის ცხედარი ამოასვენეს.

ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს.„რამდენიმე დღეა, გიორგი ლეკიშვილი ამტკიცებს, რომ გიგა ავალიანი მოსაკლავი იყო და ამიტომ მოკლეს!!!! გიორგი ლეკიშვილი ამისთვის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს!!“ - წერს ეკა კუპატაძე.28 წლის მასწავლებელი, გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა ჯგუფური ძალადობის შედეგად.დაკავებულები არიან:ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე: აპრილში მათ განზრახ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისათვის (რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიესაჯათ 14 წლიანი პატიმრობა, რაც არასრულწლოვნების გამო შეუმცირდათ და 10 წლითა და 6 თვით მიესაჯათ პატიმრობა.დემეტრე ჩიქოვანი: მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობისთვის მიესაჯა 9 წელი, რაც შემდგომ 6 წლითა და 9 თვემდე შემცირდა.გიორგი მალანია: წინასწარი პატიმრობა შეეფარდა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებისთვის.ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი: 2026 წლის აგვისტოში დაკავებულ ორ არასრულწლოვან გოგონას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ნია იმნაძეს ბრალად ედება ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზება, ხოლო ანასტასია ბერუაშვილს - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.

ფრიდრიხ მერცი – დონალდ ტრამპი მმართველობას კონგრესის გვერდის ავლით გააგრძელებს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომდევნო ორი წლის განმავლობაშიც კონგრესის გვერდის ავლით, აღმასრულებელი ბრძანებების გამოცემის გზით იმოქმედებს.„ბოლო ორი წლის განმავლობაში ტრამპი, ძირითადად კონგრესთან შეთანხმების გარეშე მართავდა ქვეყანას. რატომ უნდა შეიცვალოს ახლა რაიმე?“, – განაცხადა მერცმა.გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვება მისთვის განსაკუთრებული აღფრთოვანების მიზეზი არ ყოფილა.„ცვლილება შეეხება ბიუჯეტის დაგეგმვას და, რა თქმა უნდა, შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებულ საკითხებსაც“, – განაცხადა მერცმა.აშშ-ის კონსტიტუციით, სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების უფლებამოსილება კონგრესს აქვს. კონგრესს ასევე შეუძლია, გავლენა მოახდინოს სამხედრო საკითხებზე, მათ შორის ევროპაში განლაგებული ამერიკული ჯარების რაოდენობაზე.

ირაკლი კობახიძე – მოხარული ვარ, რომ რონალდინიო არის საკუთრების პირველი შემძენი Cipriani Batumi-ს პროექტში, ვიმედოვნებ, ამის შემდეგ ის უფრო ხშირად ესტუმრება ჩვენს ქვეყანას

Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ Cipriani Batumi-ს პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა „ორბი ჯგუფს“ და „ბლოკ ჯგუფს“ და აღნიშნა, რომ ეს ორი კომპანია ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.„ეს არის 43-სართულიანი კომპლექსი და მის არქიტექტურაზე მსოფლიოში აღიარებულმა ბრიტანულმა სტუდიამ, WilkinsonEyre-მა იზრუნა, რაც არის იმის გარანტია, რომ სათანადო გემოვნებით, ძალიან მაღალი და დახვეწილი გემოვნებით განხორციელდება პროექტი. მე მინდა, მადლობა გადავუხადო „ორბი ჯგუფს“ და „ბლოკ ჯგუფს“, რომლებიც არიან პროექტის სულისჩამდგმელები. „ორბი ჯგუფი“ მსოფლიოს 22 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ხოლო „ბლოკ ჯგუფი“ აქტიურად საქმიანობს როგორც საქართველოში, ისე ლათინურ ამერიკაში. კომპანიებს, ჯამში, ხუთ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვთ განხორციელებული და 15 000-მდე ადამიანი ჰყავთ დასაქმებული. „ორბი ჯგუფს“ ეკუთვნის ბათუმში შექმნილი მსოფლიოში უდიდესი, 11 800-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი Orbi City. ამ ორი კომპანიის პარტნიორობით ხორციელდება ასევე თბილისში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, დედაქალაქში მიმდინარე 550 მილიონი დოლარის ინვესტიციით – Central Park Towers, სადაც თავს 15 წამყვანი მსოფლიო ბრენდი მოიყრის. ეს პროექტები თავისთავად მეტყველებს ამ ორი კომპანიის მასშტაბზე და კიდევ ერთხელ მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. ისინი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.ასევე, Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის.მინდა, კიდევ ერთხელ მივესალმო ამ ღონისძიების საპატიო სტუმარს – რონალდინიოს. მოხარული ვარ, რომ ის სიმბოლურად არის პირველი შემძენი საკუთრების ამ ახალ პროექტში და იმედს ვიტოვებ, ამის შემდეგ ის კიდევ უფრო ხშირად ესტუმრება ჩვენს ქვეყანას და ამ ულამაზეს ქალაქს, ბათუმს. ყველას მადლობას გიხდით, ამ პროექტის სულისჩამდგმელებს, Cipriani-ს, „ორბი ჯგუფს“, „ბლოკ ჯგუფს“, დიზაინერებს, არქიტექტორებს, ამ ძალიან დახვეწილი პროექტის შემუშავებისთვის და მინდა, ყველას წარმატებები გისურვოთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები