„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მომცა საფუძვლიანი თეორიული ცოდნა,
პრაქტიკული გამოცდილება და სამეცნიერო საქმიანობაში აქტიური ჩართულობის
შესაძლებლობა. სტუდენტობის წლებში მონაწილეობა მივიღე არაერთ საერთაშორისო და
ადგილობრივ კონფერენციაში, გამოვაქვეყნე სამეცნიერო ნაშრომები და ჩავერთე
სხვადასხვა კვლევით პროექტში. უნივერსიტეტმა ხელი შემიწყო პროფესიული და
პიროვნული განვითარების გზაზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, საქართველოს ტექნიკურმა
უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ და სამეცნიერო
განვითარებაში. დღეს, როგორც დოქტორანტურის მეორე კურსის სტუდენტი და
ჰიდრავლიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ვაგრძელებ საქმიანობას იმ
უნივერსიტეტში, რომელმაც მომცა ცოდნა, გამოცდილება და განვითარების
შესაძლებლობა”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო
ფაკულტეტის დოქტორანტი მარი თებიძე აცხადებს.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, მერი თებიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
დოქტორანტურის მეორე კურსის სტუდენტი და სამშენებლო ფაკულტეტის
ჰიდრავლიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელია. როგორც ის აცხადებს, უნივერსიტეტმა
მისცა შესაძლებლობა, გაეგრძელებინა სამეცნიერო საქმიანობა და პარალელურად
პროფესიული მიმართულებით დასაქმებულიყო.
„კარიერული გზა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტობის პერიოდიდან
დაიწყო. თავდაპირველად ვმუშაობდი ლაბორანტად, შემდეგ ინჟინერ-ოპერატორის
პოზიციაზე, ხოლო დღეს ჰიდრავლიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ვარ.
უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა, მიმეღო პრაქტიკული გამოცდილება,
მონაწილეობა მიმეღო საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებსა და კვლევით პროექტებში,
რაც ჩემი პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა. ვსარგებლობ
შემთხვევით და ახალგაზრდებს ვურჩევ, აირჩიონ საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტი, თუ სურთ მიიღონ ხარისხიანი განათლება, ჩაერთონ სამეცნიერო
საქმიანობაში და პროფესიული განვითარების რეალური შესაძლებლობები ჰქონდეთ.
უნივერსიტეტი სტუდენტებს აძლევს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ საკუთარი
შესაძლებლობების სრულად რეალიზების საშუალებას”, – აცხადებს მარი თებიძე.
სტუ-ის ინფორმაციით, მარი თებიძე სტუდენტობისას აქტიურად იყო ჩართული
სამეცნიერო საქმიანობაში, მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო და
ადგილობრივ კონფერენციებში, სადაც რამდენჯერმე პირველი ადგილი მოიპოვა. არის
სხვადასხვა სტიპენდიისა და ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარის საპატიო სიგელის
მფლობელი. ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული ევროპის გეომეცნიერებათა კავშირის
გენერალურ ასამბლეაში (EGU24, ვენა), ხოლო მისი სამეცნიერო ნაშრომები
გამოქვეყნებულია ქართულ და საერთაშორისო გამოცემებში. კვლევითი საქმიანობის
ფარგლებში მოპოვებული აქვს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის
გრანტი.

