ხუთშაბათი, თებერვალი 26, 2026

მეუფე შიო მუჯირი – ადამიანს თუ სიმდაბლე არ აქვს, ის ცოდვათა შენდობასაც ვერ მიიღებს, სიმდაბლე ავლენს ჩვენში ყველაზე მთავარს, სიყვარულს

სიმდაბლე ავლენს და ხსნის ჩვენში ყველაზე მთავარს, რაც ღვთისგან გვაქვს ბოძებული, ეს არის სიყვარული. მხოლოდ თავმდაბალ ადამიანს შეუძლია, მოიხვეჭოს ნამდვილი სიყვარული, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

როგორც მეუფემ განაცხადა, როდესაც ადამიანი სიმდაბლის მოხვეჭით არის დაკავებული, იგი ძირშივე აღმოფხვრის ეგოიზმს, რომელიც არის ფესვი და ძირი ყოველგვარი ვნებისა.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელსაც ეწოდება მეზვერისა და ფარისევლის კვირა, ვინაიდან დღეს იკითხება სახარებიდან იგავი მეზვერისა და ფარისევლის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ წმინდა ეკლესიაში დაიწყო დიდი მარხვისთვის მოსამზადებელი პერიოდი და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

ამ იგავში მაცხოვარი მოგვითხრობს ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვან რამეს ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის. ვინ იყო ის ორი ადამიანი, რომლებიც შედიან ტაძარში სალოცავად – მეზვერე და ფარისეველი? თქვენ იცით, მეზვერე – ეს იყო გადასახადების ამკრები, რომელიც გადასახადებს კრებდა რომის იმპერიისთვის, ე.ი. დამპყრობელი სახელმწიფოსთვის, მაგრამ ამავე დროს ასევე გადასახადებს კრებდა იუდეის სახელმწიფოსთვისაც.

იმჟამინდელი კანონები ისე იყო მოწყობილი, რომ თუ ადამიანი ვერ გადაიხდიდა გადასახადს, ეს მეზვერე იხდიდა მის ნაცვლად, შემდეგ კი მას უფლება ჰქონდა, მოეთხოვა ამ გადამხდელი მოქალაქისგან ორმაგი, სამმაგი ან ოთხმაგი გადასახადის გადახდა და თავისთვისაც იღებდა წილს ამ გადასახადიდან. ამიტომ, გახსოვთ, ზაქე მეზვერე, რომელიც ინანიებს, ეტყვის მაცხოვარს, რომ თუ ვინმეს ვაწყენინე, ოთხჯერ, ოთხმაგად მივცემო. აი, სწორედ ამიტომ ამბობს იგი ამ სიტყვებს, რომ ასეთი კანონი იყო მაშინ. სხვათა შორის, ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ ადამიანი შეიძლება სახელმწიფო კანონის წინაშე მართალი იყოს, კანონიერად იმოქმედოს, მაგრამ სინდისის, სინანულისა და მოწყალების წინაშე ძალიან სცოდავდეს და მტყუანი იყოს.

რა თქმა უნდა, ეს მეზვერეები სძულდათ ადამიანებს, რადგან, წარმოიდგინეთ, რას ჩადიოდნენ ისინი, როგორ ეპყრობოდნენ ხალხს, როგორი სისასტიკით, როგორი გამომძალველობითა და უსამართლობით ხასიათდებოდნენ ისინი, მიუხედავად იმისა, ვიმეორებ, რომ სახელმწიფო კანონს არ არღვევდნენ მაშინ.

ასევე, შედის ტაძარში ფარისეველი. დღეს ცოტა არასწორი წარმოდგენა გვაქვს იმჟამინდელ ფარისევლებზე. სინამდვილეში, ისინი იყვნენ ყველაზე პატივცემული ადამიანები იმჟამინდელ რელიგიურ საზოგადოებაში, ვინაიდან ყველაზე მკაცრად იცავდნენ საღვთო სჯულს და, რა თქმა უნდა, ჰქონდათ ბევრი სიკეთეც და სიქველეც, მაგრამ ვინაიდან ისინი ბევრ რამეს მხოლოდ გარეგნულად ასრულებდნენ და დიდი წარმოდგენა ჰქონდათ თავიანთ ღვაწლზე, თავიანთ თავზე და მაღალ შეფასებას აძლევდნენ, ამიტომ, როგორც ჩვენ ვიცით მაცხოვრის არაერთგზის ნათქვამიდან, ღვთის წინაშე ეს არ იყო სათნო, ამაო და ფუჭი იყო მათი ეს სულიერი ღვაწლი. მაგრამ, აი, ეს სიკეთეები მაინც ჰქონდათ და ეს ჩანს დღევანდელი სახარებიდან, როცა ეს ფარისეველი ჩამოთვლის ამ სიკეთეებს.

ის ლოცულობს, მაგრამ, სინამდვილეში, ლოცვაც არ შეიძლება ამას ეწოდოს, ვინაიდან იგი ჩამოთვლის თავის სიკეთეებს და ამბობს, რომ გმადლობ, უფალო, აი, მე როგორი კარგი ვარ, არ ვარ მეძავი, მემრუშე, ცრუ, სასტიკი, ვმარხულობ კვირაში ორჯერ (ეს ნიშნავს, რომ იგი ორჯერ მეტს ასრულებდა, ვიდრე ევალებოდათ. კვირაში ორჯერ მარხვა სავალდებულო არ იყო ებრაელთათვის, ეს მხოლოდ ნებაყოფლობითი ღვაწლი, შესაწირავი იყო უფლის წინაშე), ე.ი. ვაკეთებ უფრო მეტს, ვიდრე მომეთხოვება, მეათედს შევწირავ დროულად. ე.ი. ეს ადამიანი თავის ცოდვებზე საერთოდ არ ფიქრობს, ღმერთს არ ეუბნება, მეტიც, მიტრიალდება, დაინახავს მეზვერეს და იტყვის, რომ არ ვარ, როგორიც სხვა ადამიანები, აი, ანდა როგორიც ეს მეზვერე, რომელიც ახლა დგას ბოლოში, ხელს იცემს მკერდზე და ლოცულობს. ანუ იქედნობდადაამდაბლა ეს ადამიანიც თავის გულში, მას ზევიდან შეხედა. შემდეგ უფალი მოგვითხრობს, თუ როგორ ლოცულობს მეზვერე. მან იცის, რომ ასეთი ცოდვილია, რომ არ იმსახურებს ღვთის არანაირ წყალობას, არ იმსახურებს ტაძარში დგომასაც კი, ხელს იცემს მკერდზე და ამბობს: „ღმერთო, შემიწყალე მე ცოდვილი!“

ბოლოს ეს იგავი მთავრდება ასეთი სიტყვებით, რომ, აი, ეს ვითომ მართალი ფარისეველი სინამდვილეში არ გამართლდა ღვთის მიერ, მეზვერე კი, რომელიც ცოდვილი იყო, უფრო გამართლებული გადის ტაძრიდან და მიდის სახლში.

აი, ასეთი იგავია, ძვირფასო ძმებო და დებო. რას გვასწავლის დღეს ჩვენ ამით უფალი იესო ქრისტე? გვასწავლის სიმდაბლეს ამ დიდი მარხვის მოსამზადებელ პერიოდში – ერთი იმდაბლებდა თავს ლოცვის დროს, მეორე კი, პირიქით, იმაღლებდა თავს და ამპარტავნობდა. მთელი სახარება იესო ქრისტესი – ეს არის სიმდაბლის სახარება, მთელი მისი ცხოვრებაც იყო სიმდაბლე, მისი აღსასრულიცა და სიკვდილიც ჯვარზე ასევე იყო უდიდესი სიმდაბლის გამოხატულება.

ამრიგად, უფალი იესო ქრისტე სახარების ამ იგავით სიმდაბლეს გვიდებს სულიერი ცხოვრების საფუძვლად. გახსოვთ, იაკობ მოციქულიც ამბობს: „ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“. ასეთი გამონათქვამი არაერთია წმინდა წერილში.

რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი სიმდაბლე ჩვენი სულის ცხონებისთვის, სულიერი ცხოვრებისთვის? იმიტომ, რომ, როგორც მოგიყვანეთ იაკობ მოციქულის სიტყვები, მხოლოდ სიმდაბლესთან მიდის სულიწმიდის მადლი, ცოდვების განწმენდა და გადარჩენა მხოლოდ სულიწმიდით შეიძლება. შესაბამისად, თუ ადამიანს სიმდაბლე არ აქვს, ის ცოდვათა შენდობასაც ვერ მიიღებს, იმიტომ, რომ მასთან არ მოვა სულიწმიდის მადლი.

სიმდაბლე ასევე ავლენს და ხსნის ჩვენში ყველაზე მთავარს, ყველაზე შინაგანს, ჩვენი არსების თვისებას, რაც ღვთისგან გვაქვს ბოძებული, ეს არის სიყვარული. მხოლოდ თავმდაბალ ადამიანს შეუძლია მოიხვეჭოს ნამდვილი სიყვარული. რატომ? იმიტომ, რომ როდესაც ადამიანი სიმდაბლის ღვაწლით, სიმდაბლის მოხვეჭით არის დაკავებული, იგი ძირშივე აღმოფხვრის ეგოცენტრიზმს, ეგოიზმს, რომელიც არის ფესვი და ძირი ყოველგვარი ვნებისა. შესაბამისად, ყველა ვნებას აღმოფხვრის ასეთი ადამიანი. ასეთ ადამიანთან მიდის მადლი სულისა წმიდისა, რომელიც მას აღამაღლებს. აი, ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი სიმდაბლის მოხვეჭა ჩვენთვის.

ამიტომაც, ძვირფასო ძმებო და დებო, გვახსოვდეს ის სიტყვები, რომლებითაც დღევანდელ სახარებისეულ იგავს ასრულებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე: „რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ამაღლდეს“, – განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვოლოდიმირ ზელენსკი – ახლახან ვესაუბრე დონალდ ტრამპს, მადლობა გადავუხადე ყველა ძალისხმევისთვის და მოლაპარაკებებში აქტიური ჩართულობისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.„ახლახან ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. ასევე, სატელეფონო საუბარში მონაწილეობდნენ პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. ჩვენი გუნდები ახლა აქტიურად მუშაობენ და მადლობა გადავუხადე ყველა ძალისხმევისთვის და მოლაპარაკებებში აქტიური ჩართულობისთვის. ჩვენ ასევე დიდად ვაფასებთ PURL ინიციატივას. ეს ზამთარი ყველაზე რთული იყო უკრაინისთვის, მაგრამ აშშ-სგან შეძენილი საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტები გვეხმარება ყველა ამ გამოწვევის გადალახვაში და სიცოცხლის დაცვაში“,- წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბრისას განიხილეს საკითხები, რომლებსაც ორივე ქვეყნის წარმომადგენლები ხუთშაბათს, ჟენევაში განიხილავენ.ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის შემდეგი სამმხრივი შეხვედრა მარტის დასაწყისშია დაგეგმილი.„ჩვენ განვიხილეთ საკითხები, რომლებზეც ჩვენი წარმომადგენლები ხვალ, ჟენევაში იმუშავებენ ორმხრივ შეხვედრაზე, ასევე განვიხილეთ სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის მზადება, რომელიც მარტის დასაწყისში გაიმართება. ვიმედოვნებთ, რომ ეს შესაძლებლობას მოგვცემს, გადავიდეთ მოლაპარაკებებზე ლიდერების დონეზე. პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს ნაბიჯების ამ თანმიმდევრობას. ეს არის ერთადერთი გზა ყველა რთული და მგრძნობიარე საკითხის გადასაჭრელად და საბოლოოდ ომის დასასრულებლად“,- წერს ზელენსკი.   

რასა იუკნევიჩიენე – ღრმა იმედგაცრუებით აღვნიშნავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული გეზი

სამწუხაროდ, მდგომარეობა კვლავ უარესდება და ეს სწრაფად ხდება. რა თქმა უნდა, ჩემმა ჩანაწერებში იგივე ციტატა შევიტანე კომისიიდან, რადგან მათზე უკეთ ვერ ვიტყვი საქართველოს მდგომარეობაზე, 2025 წლის მოხსენება ისტორიაში კანდიდატი ქვეყნისთვის ოდესმე მომზადებულ ყველაზე ცუდ მოხსენებად არის დახასიათებული, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.როგორც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა განაცხადა, ევროპული საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბრის დასკვნების შესაბამისად, მოხსენება ნათლად ადასტურებს, რომ საქართველო ახლა კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ სახელდებით.„ჩემს მოხსენების პროექტში განზრახ გავამახვილეთ ყურადღება ახალ მოვლენებზე და თავი შევიკავეთ წინა მოხსენებებში უკვე ნათქვამის გამეორებისგან. ღრმა იმედგაცრუებით აღვნიშნავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული გეზი. რეგრესი დაფიქსირდა ყველა იმ ცხრა პრიორიტეტზე, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობებს წარმოადგენდა. მაშინ, როდესაც მთავრობის უმაღლესი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია სტრატეგიულ მიზნად რჩება, მთავრობასთან დაკავშირებული მედია სისტემატურ ანტიევროპულ კამპანიას აწარმოებს, რომელიც დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებზეა დაფუძნებული. მოხსენებაში ხაზგასმულია იმ პირთა მიმართ მიზნობრივი სანქციების მნიშვნელობა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო თაღლითობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე. არ მაკვირვებს, რომ ვიქტორ ორბანმა ამ პრორუსულ მთავრობას მხარი დაუჭირა, თუმცა ძალიან ვნანობ, რომ ევროკავშირის დიდმა წევრმა სახელმწიფოებმა სანქციები დროულად ვერ მიიღეს. ეს სერიოზული შეცდომა იყო“, – განაცხადა იუკნევიჩიენემ.მისივე თქმით, ევროკავშირმა ვერ იმოქმედა, როდესაც ეს მნიშვნელოვანი იყო.„მოხსენებაში არის გაფრთხილება, რომ განგრძობადმა რეპრესიებმა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებმა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვებმა საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რისთვისაც სრული პასუხისმგებლობა მმართველ ხელისუფლებას დაეკისრება. ბოლოს, მინდა, მადლობა გადავუხადო კომისარ მარტა კოსს კარგი თანამშრომლობისთვის და საქართველოსა და გაფართოებასთან დაკავშირებით მისი პრინციპული პოზიციისთვის. ასევე, მადლობა ევროპარლამენტს, რომ მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით და საქართველო მის პოლიტიკურ დღის წესრიგში მოწინავე ადგილს ინარჩუნებს. გავიხსენოთ სახაროვის პრემიის კანდიდატი და შევახსენოთ ყველას, მისი ლაურეატი მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაშია. ჩვენ არ შევწყვეტთ მისი და სხვების თავისუფლებისთვის ბრძოლას“, – განაცხადა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას, სადაც ის საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიშის მომხენებელია.

თეა წულუკიანი: იმპოტენტური თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე ბრიტანული დემოკრატიის სახელით. შედეგი ორი არხის მეტი პოპულარობა იქნება – თუ რატომ დავდექით ყველა ხუმრობის ხასიათზე, ვერ გაიგებენ...

დიდი ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმას, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შედეგი "იმედისა" და "პოს ტვ"-ის რეიტინგის კიდევ უფრო მეტი ზრდა იქნება.წულუკიანის განცხადებით, იმას, თუ რატომ დადგა ყველა ხუმრობის ხასიათზე, ვერ გაიგებენ ისინი, ვინც მიტაცებული "ერორით" ინარჩუნებდნენ ხელისუფლებას და გაცილებით მცირე რესურსის მქონე "მაესტროს" მაყურებელმა დაამარცხა."იმპოტენტური თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე ბრიტანული დემოკრატიის სახელით. შედეგი ორი არხის რეიტინგის ზრდა და კიდევ მეტი პოპულარობა იქნება. იმას, თუ რატომ დავდექით ყველა ხუმრობის ხასიათზე, ვერ გაიგებენ ისინი, ვინც მიტაცებული ერორით ინარჩუნებდნენ ხელისუფლებას და დამარცხებულ იქნენ მიკრომედია მაესტროს მაყურებლის მიერ," - წერს თეა წულუკიანი.

მენშევიკებმა მიატოვეს არმია, როგორც ამათმა 2008 წელს მიატოვეს ჯარი და ხალხი გორში და წითელ ხიდზე გაიქცნენ ისე მენშევიკები გაიქცნენ ღალატით – ჯონდი ბაღათურია

მენშევიკებმა მიატოვეს არმია, როგორც ამათმა 2008 წელს მიატოვეს ჯარი და ხალხი გორში და წითელ ხიდზე გაიქცნენ ისე მენშევიკები გაიქცნენ ღალატით - ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„მე მინდა გავიხსენო ოკუპაცია, ეს არ იყო რუსული ოკუპაცია, ეს იყო ლიბერალების კომუნისტური პარტიის ოკუპაცია, ლიბერალებმა მოახდინეს სახელმწიფო გადატრიალება უცხო ქვეყნის დაფინანსებით და მხარდაჭერით რუსეთში, შემდგომში კომუნისტური პარტიის ყრილობაზე მოხდა განხეთქილება და გაიყო ორ ნაწილად, ერთი რომლებიც მეტნი აღმოჩნდნენ იმათ დაერქვათ ბოლშევიკები, ხოლო ვინც ნაკლები იმათ მენშევიკები, მენშევიკები მოვიდნენ საქართველოს ხელისუფლებაში, ბოლშევიკები მოვიდნენ რუსეთის ხელისუფლებაში, შემდეგ რუსმა ბოლშევიკებმა ქართველი ბოლშევიკების დახმარებით აქ მოახდინეს სამხედრო გადატრიალება, მენშევიკებმა მიატოვეს არმია, როგორც ამათმა 2008 წელს მიატოვეს ჯარი და ხალხი გორში და წითელ ხიდზე გაიქცნენ ისე მენშევიკები გაიქცნენ ღალატით...“, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინული საფრთხეებისგან ენერგეტიკული ობიექტების დასაცავად სამხედროებს გააგზავნის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინული საფრთხეებისგან ენერგეტიკული ობიექტების დასაცავად სამხედროებს გააგზავნის. უნგრული მედიის ცნობით, ამის შესახებ ორბანმა თავდაცვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინა ახალ ქმედებებს გეგმავს, რითიც უნგრეთის ენერგოსისტემას ახალ ზიანს მიაყენებს და ის საპასუხო ზომებს მიიღებს.„მე გავცემ განკარგულებას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. ჩვენს ენერგეტიკულ ობიექტებთან სამხედროებს და საჭირო საშუალებებს განვალაგებთ, რათა თავდასხმების პრევენცია მოხდეს. პოლიცია იმორიგევებს კონკრეტულ ელექტროსადგურებთან, გამანაწილებელ სადგურებთან და სადისპეტჩერო ცენტრებთან“, – განაცხადა ორბანმა.უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში დრონების გამოყენება აიკრძალება.მანამდე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ნავთობსადენი „დრუჟბა“, რომლითაც უნგრეთს რუსული ნავთობი მიეწოდება, რუსეთის თავდასხმის შედეგად არ დაზიანებულა და უკრაინამ პოლიტიკური მოტივებით შეაჩერა რუსული ნავთობის მიწოდება უნგრეთში, რათა მხარი დაუჭიროს უნგრეთში დაგეგმილ არჩევნებში ოპოზიციას. მისივე თქმით, ამის გამო ბუდაპეშტი გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ შემუშავებული სანქციების მეოცე პაკეტისა და კიევისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს სესხის ბლოკირებას.

ბოლო სიახლეები