ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026

მეუფე შიო მუჯირი – ადამიანს თუ სიმდაბლე არ აქვს, ის ცოდვათა შენდობასაც ვერ მიიღებს, სიმდაბლე ავლენს ჩვენში ყველაზე მთავარს, სიყვარულს

სიმდაბლე ავლენს და ხსნის ჩვენში ყველაზე მთავარს, რაც ღვთისგან გვაქვს ბოძებული, ეს არის სიყვარული. მხოლოდ თავმდაბალ ადამიანს შეუძლია, მოიხვეჭოს ნამდვილი სიყვარული, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

როგორც მეუფემ განაცხადა, როდესაც ადამიანი სიმდაბლის მოხვეჭით არის დაკავებული, იგი ძირშივე აღმოფხვრის ეგოიზმს, რომელიც არის ფესვი და ძირი ყოველგვარი ვნებისა.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელსაც ეწოდება მეზვერისა და ფარისევლის კვირა, ვინაიდან დღეს იკითხება სახარებიდან იგავი მეზვერისა და ფარისევლის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ წმინდა ეკლესიაში დაიწყო დიდი მარხვისთვის მოსამზადებელი პერიოდი და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

ამ იგავში მაცხოვარი მოგვითხრობს ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვან რამეს ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის. ვინ იყო ის ორი ადამიანი, რომლებიც შედიან ტაძარში სალოცავად – მეზვერე და ფარისეველი? თქვენ იცით, მეზვერე – ეს იყო გადასახადების ამკრები, რომელიც გადასახადებს კრებდა რომის იმპერიისთვის, ე.ი. დამპყრობელი სახელმწიფოსთვის, მაგრამ ამავე დროს ასევე გადასახადებს კრებდა იუდეის სახელმწიფოსთვისაც.

იმჟამინდელი კანონები ისე იყო მოწყობილი, რომ თუ ადამიანი ვერ გადაიხდიდა გადასახადს, ეს მეზვერე იხდიდა მის ნაცვლად, შემდეგ კი მას უფლება ჰქონდა, მოეთხოვა ამ გადამხდელი მოქალაქისგან ორმაგი, სამმაგი ან ოთხმაგი გადასახადის გადახდა და თავისთვისაც იღებდა წილს ამ გადასახადიდან. ამიტომ, გახსოვთ, ზაქე მეზვერე, რომელიც ინანიებს, ეტყვის მაცხოვარს, რომ თუ ვინმეს ვაწყენინე, ოთხჯერ, ოთხმაგად მივცემო. აი, სწორედ ამიტომ ამბობს იგი ამ სიტყვებს, რომ ასეთი კანონი იყო მაშინ. სხვათა შორის, ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ ადამიანი შეიძლება სახელმწიფო კანონის წინაშე მართალი იყოს, კანონიერად იმოქმედოს, მაგრამ სინდისის, სინანულისა და მოწყალების წინაშე ძალიან სცოდავდეს და მტყუანი იყოს.

რა თქმა უნდა, ეს მეზვერეები სძულდათ ადამიანებს, რადგან, წარმოიდგინეთ, რას ჩადიოდნენ ისინი, როგორ ეპყრობოდნენ ხალხს, როგორი სისასტიკით, როგორი გამომძალველობითა და უსამართლობით ხასიათდებოდნენ ისინი, მიუხედავად იმისა, ვიმეორებ, რომ სახელმწიფო კანონს არ არღვევდნენ მაშინ.

ასევე, შედის ტაძარში ფარისეველი. დღეს ცოტა არასწორი წარმოდგენა გვაქვს იმჟამინდელ ფარისევლებზე. სინამდვილეში, ისინი იყვნენ ყველაზე პატივცემული ადამიანები იმჟამინდელ რელიგიურ საზოგადოებაში, ვინაიდან ყველაზე მკაცრად იცავდნენ საღვთო სჯულს და, რა თქმა უნდა, ჰქონდათ ბევრი სიკეთეც და სიქველეც, მაგრამ ვინაიდან ისინი ბევრ რამეს მხოლოდ გარეგნულად ასრულებდნენ და დიდი წარმოდგენა ჰქონდათ თავიანთ ღვაწლზე, თავიანთ თავზე და მაღალ შეფასებას აძლევდნენ, ამიტომ, როგორც ჩვენ ვიცით მაცხოვრის არაერთგზის ნათქვამიდან, ღვთის წინაშე ეს არ იყო სათნო, ამაო და ფუჭი იყო მათი ეს სულიერი ღვაწლი. მაგრამ, აი, ეს სიკეთეები მაინც ჰქონდათ და ეს ჩანს დღევანდელი სახარებიდან, როცა ეს ფარისეველი ჩამოთვლის ამ სიკეთეებს.

ის ლოცულობს, მაგრამ, სინამდვილეში, ლოცვაც არ შეიძლება ამას ეწოდოს, ვინაიდან იგი ჩამოთვლის თავის სიკეთეებს და ამბობს, რომ გმადლობ, უფალო, აი, მე როგორი კარგი ვარ, არ ვარ მეძავი, მემრუშე, ცრუ, სასტიკი, ვმარხულობ კვირაში ორჯერ (ეს ნიშნავს, რომ იგი ორჯერ მეტს ასრულებდა, ვიდრე ევალებოდათ. კვირაში ორჯერ მარხვა სავალდებულო არ იყო ებრაელთათვის, ეს მხოლოდ ნებაყოფლობითი ღვაწლი, შესაწირავი იყო უფლის წინაშე), ე.ი. ვაკეთებ უფრო მეტს, ვიდრე მომეთხოვება, მეათედს შევწირავ დროულად. ე.ი. ეს ადამიანი თავის ცოდვებზე საერთოდ არ ფიქრობს, ღმერთს არ ეუბნება, მეტიც, მიტრიალდება, დაინახავს მეზვერეს და იტყვის, რომ არ ვარ, როგორიც სხვა ადამიანები, აი, ანდა როგორიც ეს მეზვერე, რომელიც ახლა დგას ბოლოში, ხელს იცემს მკერდზე და ლოცულობს. ანუ იქედნობდადაამდაბლა ეს ადამიანიც თავის გულში, მას ზევიდან შეხედა. შემდეგ უფალი მოგვითხრობს, თუ როგორ ლოცულობს მეზვერე. მან იცის, რომ ასეთი ცოდვილია, რომ არ იმსახურებს ღვთის არანაირ წყალობას, არ იმსახურებს ტაძარში დგომასაც კი, ხელს იცემს მკერდზე და ამბობს: „ღმერთო, შემიწყალე მე ცოდვილი!“

ბოლოს ეს იგავი მთავრდება ასეთი სიტყვებით, რომ, აი, ეს ვითომ მართალი ფარისეველი სინამდვილეში არ გამართლდა ღვთის მიერ, მეზვერე კი, რომელიც ცოდვილი იყო, უფრო გამართლებული გადის ტაძრიდან და მიდის სახლში.

აი, ასეთი იგავია, ძვირფასო ძმებო და დებო. რას გვასწავლის დღეს ჩვენ ამით უფალი იესო ქრისტე? გვასწავლის სიმდაბლეს ამ დიდი მარხვის მოსამზადებელ პერიოდში – ერთი იმდაბლებდა თავს ლოცვის დროს, მეორე კი, პირიქით, იმაღლებდა თავს და ამპარტავნობდა. მთელი სახარება იესო ქრისტესი – ეს არის სიმდაბლის სახარება, მთელი მისი ცხოვრებაც იყო სიმდაბლე, მისი აღსასრულიცა და სიკვდილიც ჯვარზე ასევე იყო უდიდესი სიმდაბლის გამოხატულება.

ამრიგად, უფალი იესო ქრისტე სახარების ამ იგავით სიმდაბლეს გვიდებს სულიერი ცხოვრების საფუძვლად. გახსოვთ, იაკობ მოციქულიც ამბობს: „ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“. ასეთი გამონათქვამი არაერთია წმინდა წერილში.

რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი სიმდაბლე ჩვენი სულის ცხონებისთვის, სულიერი ცხოვრებისთვის? იმიტომ, რომ, როგორც მოგიყვანეთ იაკობ მოციქულის სიტყვები, მხოლოდ სიმდაბლესთან მიდის სულიწმიდის მადლი, ცოდვების განწმენდა და გადარჩენა მხოლოდ სულიწმიდით შეიძლება. შესაბამისად, თუ ადამიანს სიმდაბლე არ აქვს, ის ცოდვათა შენდობასაც ვერ მიიღებს, იმიტომ, რომ მასთან არ მოვა სულიწმიდის მადლი.

სიმდაბლე ასევე ავლენს და ხსნის ჩვენში ყველაზე მთავარს, ყველაზე შინაგანს, ჩვენი არსების თვისებას, რაც ღვთისგან გვაქვს ბოძებული, ეს არის სიყვარული. მხოლოდ თავმდაბალ ადამიანს შეუძლია მოიხვეჭოს ნამდვილი სიყვარული. რატომ? იმიტომ, რომ როდესაც ადამიანი სიმდაბლის ღვაწლით, სიმდაბლის მოხვეჭით არის დაკავებული, იგი ძირშივე აღმოფხვრის ეგოცენტრიზმს, ეგოიზმს, რომელიც არის ფესვი და ძირი ყოველგვარი ვნებისა. შესაბამისად, ყველა ვნებას აღმოფხვრის ასეთი ადამიანი. ასეთ ადამიანთან მიდის მადლი სულისა წმიდისა, რომელიც მას აღამაღლებს. აი, ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი სიმდაბლის მოხვეჭა ჩვენთვის.

ამიტომაც, ძვირფასო ძმებო და დებო, გვახსოვდეს ის სიტყვები, რომლებითაც დღევანდელ სახარებისეულ იგავს ასრულებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე: „რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ამაღლდეს“, – განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკურმა და ბრიტანულმა უნივერსიტეტმა ერთობლივი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის – „კიბერუსაფრთხოება“, შესახებ საერთაშორისო საინფორმაციო ვებინარი გამართეს

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და ბრიტანულმა უნივერსიტეტმა ახალი ერთობლივი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის - „კიბერუსაფრთხოება“ (Cybersecurity), შესახებ საინფორმაციო ვებინარი გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.უნივერსიტეტის ცნობით, ვებინარის ფარგლებშიც პროგრამის ხელმძღვანელებმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა მარიამ ჩხაიძემ და იოსებ ქართველიშვილმა, ბრიტანული უნივერსიტეტის ბიზნესის და ინოვაციების სკოლის დეკანმა ნინო ლობჟანიძემ, პროგრამაში ჩართულმა პროფესორებმა - ბრიტანული უნივერსიტეტის და Işık University-ის (სტამბოლი, თურქეთი) პროფესორმა ბარიშ ჩელიქთაშმა და სტუ-ს ასისტენტმა გიორგი მუშკუდიანმა დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნეს პროგრამის სტრუქტურა, მიზნები, სასწავლო კომპონენტები, მიღების პირობები და კარიერული შესაძლებლობები.სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, 120-კრედიტიანი ერთობლივი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ბრიტანული უნივერსიტეტის აკადემიური თანამშრომლობის ფარგლებში წელს პირველად იწყებს განხორციელებას, სტუდენტებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებას სთავაზობს და მოიცავს კიბერუსაფრთხოების თანამედროვე მიმართულებებს. როგორც პროფესორი თამარ წერეთელი აღნიშნავს, პროგრამა შემუშავებულია საერთაშორისო აკადემიური და პროფესიული მოთხოვნების გათვალისწინებით და მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას იმ სფეროში, რომლის მნიშვნელობა გლობალური ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში ყოველდღიურად იზრდება.„კიბერუსაფრთხოება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარებადი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენი ახალი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება, დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და პრაქტიკულ უნარებს, იმუშაონ მაღალკვალიფიციურ ქართველ და უცხოელ პროფესორებთან და გახდნენ კონკურენტუნარიანი სპეციალისტები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე. პროგრამა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის, აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისა და მაღალი ხარისხის განათლების განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა პროფესორმა თამარ წერეთელმა.სტუ-ის ინფორმაციით, ვებინარის მიმდინარეობისას მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პროგრამის ხელმძღვანელებისა და აკადემიური პერსონალისთვის მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ.შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სასწავლო პროცესის ორგანიზებაზე, საერთაშორისო აკადემიურ გარემოზე, კვლევით კომპონენტსა და იმ პროფესიულ პერსპექტივებზე, რომლებიც პროგრამის კურსდამთავრებულებს ელოდებათ. ასევე აღინიშნა, რომ სტუდენტები შეძლებენ მომზადებას ISC²-ის საერთაშორისო სერტიფიცირებისთვის, რაც პროგრამის მნიშვნელოვანი ღირსებაა, მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო სტაჟირების აქცელერაციის პროგრამებში და ისწავლიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ბრიტანული უნივერსიტეტის თანამედროვე სასწავლო და კვლევითი ინფრასტრუქტურის გამოყენებით.ვებინარის ფარგლებში განხილულ იქნა კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული გლობალური ტენდენციები და შრომის ბაზრის მოთხოვნები. სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ეძლევათ ფართო შესაძლებლობები დასაქმდნენ სახელმწიფო, თავდაცვის, საფინანსო, სატელეკომუნიკაციო, IT და საერთაშორისო ორგანიზაციებში ან გააგრძელონ სწავლა სადოქტორო საფეხურზე.ახალი ერთობლივი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა „კიბერუსაფრთხოება“ უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარებას, თანამედროვე ცოდნის გავრცელებასა და მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადებას.

3 აგვისტოდან თბილისიდან ბათუმში მატარებელი 4 საათში უნდა ჩავიდეს – პროექტისთვის ₾107,000-ის გადაუდებელი შესყიდვა გამოცხადდა

3 აგვისტოდან თბილისიდან ბათუმის მიმართულებით სამგზავრო მატარებლის მგზავრობის დრო 5 საათიდან 4 საათამდე შემცირდება. ამ ცვლილების ფარგლებში „საქართველოს რკინიგზა“ გურიის მონაკვეთზე უსაფრთხოების დამატებითი ზომების დანერგვას გეგმავს და 25 სარკინიგზო გადასასვლელზე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მოწყობისთვის 107,380 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.შესყიდვის ობიექტია ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა თანმდევი მომსახურებით - მათ შორის მონტაჟი, კონფიგურაცია და ექსპლუატაციაში გაშვება. ხელშეკრულების ვადა 2026 წლის 27 ივლისიდან 3 აგვისტომდეა განსაზღვრული.„საქართველოს რკინიგზის“ განმარტებით, შესყიდვის საჭიროება უკავშირდება გურიის მონაკვეთზე მატარებლების მოძრაობის სიჩქარის გაზრდის პროექტს. კომპანიის განცხადებით, მაღალი სიჩქარით მოძრაობის პირობებში იზრდება უსაფრთხოების დამატებითი კონტროლის აუცილებლობა, განსაკუთრებით კი სარკინიგზო გადასასვლელებზე.„მაღალი სიჩქარით მოძრაობისას კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება რისკების პრევენციას“, - აღნიშნულია შესყიდვის დასაბუთებაში.კომპანიის ინფორმაციით, დაგეგმილია 25 სარკინიგზო გადასასვლელზე ვიდეომონიტორინგის ინფრასტრუქტურის მოწყობა. თითოეულ გადასასვლელზე ორი კამერა განთავსდება, შესაბამისად პროექტი ჯამში 50 ვიდეოკამერის მონტაჟს ითვალისწინებს. სისტემის მეშვეობით გადასასვლელებზე არსებული მდგომარეობა ოპერატიულად უნდა გადაეცეს აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავი მატარებლების მემანქანეებს პლანშეტების საშუალებით.„საქართველოს რკინიგზა“ აღნიშნავს, რომ ვიდეომონიტორინგის სისტემის დანერგვის მიზანი შესაძლო რისკების პრევენცია და ნებისმიერ საგანგაშო სიტუაციაზე სწრაფი რეაგირების შესაძლებლობის უზრუნველყოფაა.შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით, გამარტივებული შესყიდვის გამოყენების მიზეზად გადაუდებელი აუცილებლობა სახელდება. კომპანიის განმარტებით, 2026 წლის 29 აპრილიდან გურიის მონაკვეთზე დაიწყო სარკინიგზო მაგისტრალზე მატარებლების მოძრაობის სიჩქარის გაზრდის პროექტი, რომლის ფარგლებშიც უსაფრთხოების მოთხოვნების ადაპტირება გახდა საჭირო.რკინიგზის ცნობით, სრული მასშტაბის ვიდეომონიტორინგის პროექტის მომზადების პროცესში ტექნიკური საკითხები გამოვლინდა, რის გამოც 2026 წლის 1 ივნისს ძირითადი შესყიდვის პროცესი დროებით შეჩერდა.„სრული პერიმეტრის ვიდეო მონიტორინგის გრძელვადიან პროექტზე, საპროექტო დოკუმენტაციისა და შესყიდვის პირობების დეტალური განხილვისას გამოვლინდა სპეციფიკური ტექნიკური შეუსაბამობები“, - აცხადებს კომპანია.ამის შემდეგ „საქართველოს რკინიგზამ“ დაიწყო დროებითი, ლოკალური ვიდეომონიტორინგის სისტემის პროექტის შემუშავება კრიტიკულ წერტილებზე. კომპანიის განმარტებით, 10 ივლისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ უსაფრთხოების რისკების შემცირების მიზნით, გადასასვლელებზე დროებითი სისტემა დაჩქარებული წესით დანერგილიყო.„ვინაიდან სტანდარტული ტენდერის პროცედურები მოითხოვს მნიშვნელოვან დროს, ხოლო უსაფრთხოების ზომების გადავადება ყოველდღიურად ზრდის მძიმე ინციდენტების რისკს, დადგა გადაუდებელი აუცილებლობა აღნიშნული ლოკალური სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის გზით განხორციელებისა“, - ნათქვამია შესყიდვის დასაბუთებაში.შესყიდვის ფარგლებში გათვალისწინებულია 50 ვიდეოკამერა, ორი ქსელური ჩამწერი მოწყობილობა, 25 კომუტატორი PoE მხარდაჭერით, 25 მედიაკონვერტორი, ასევე შესაბამისი საკაბელო და ელექტრო ინფრასტრუქტურა.„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, შესასყიდი რაოდენობები მხოლოდ კრიტიკული საჭიროებებითაა განსაზღვრული და არ მოიცავს დამატებით ან სარეზერვო რესურსებს. მოცულობა შეესაბამება 25 სარკინიგზო გადასასვლელის ტექნიკურ მოთხოვნებს.კომპანიის შეფასებით, თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე მგზავრობის დროის შემცირების პროექტი დაკავშირებულია როგორც სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესებასთან, ისე უსაფრთხოების სისტემების გაძლიერებასთან. „საქართველოს რკინიგზა“ აცხადებს, რომ მგზავრების უსაფრთხო გადაადგილება წარმოადგენს როგორც კომპანიის, ისე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრიორიტეტს.კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც საქართველოს რკინიგზა გურიის მონაკვეთზე ახორციელებს არის რკინიგზის გასწვრივ ღობის მოწყობა, რომლის ფარგლებშიც გამარტივებული წესით 7000 ბოძის და 7000 პანელის შესყიდვა მოხდა. ღობემ უნდა უზრუნველყოს მაგისტრალის ქვეითი მოსიარულეებისგან, ასევე პირუტყვისგან დაცვა.საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმის მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანას Stadler Kiss-ის მოდელის ოთხი ერთეული შემადგენლობით ახორციელებს. აღნიშნული მატარებლები საქართველოს რკინიგზამ 2016 წელს შეიძინა და მათი მაქსიმალური სიჩქარე 160 კილომეტრ საათს შეადგენს, თუმცა საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის მაქსიმალური სიჩქარე 120 კილომეტრია და ისიც მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებზე. სიჩქარის გაზრდის პროექტი ითვალისწინებს როგორც ხაშური-სურამი-ხარაგაული-ზესტაფონის ახალი ხაზით უღელტეხილის მონაკვეთის უფრო მოკლე დროში გავლას, ასევე გურიის რეგიონში უსაფრთხოების ზომების ზრდას რაც მატარებლის გადაადგილების სიჩქარის მატებას ხდის შესაძლებელს.

ირაკლი კობახიძე – მზად ვართ, ვესაუბროთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რათა მაქსიმალურად ეფექტურად უზრუნველვყოთ ანაკლიის პორტის ამოქმედება

მზად ვართ, ვესაუბროთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რათა მაქსიმალურად ეფექტურად უზრუნველვყოთ ანაკლიის პორტის ამოქმედება – ახალი მოდელით უზრუნველყოფილი იქნება როგორც ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა, ასევე ტვირთების მაქსიმალურად ეფექტურად მოზიდვა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სინგაპურში განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ოპტიმალური მოდელი, რომელიც შემოგვთავაზა ეკონომიკის სამინისტრომ და დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ.„ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი არის ძალიან ფართო. ეს ინტერესი გამოხატული აქვთ ჩვენი რეგიონის ქვეყნებს, სამხრეთ კავკასიის, შუა აზიის, ასევე ახლო აღმოსავლეთის  ქვეყნებს. ევროპულ სუბიექტებს, ძირითადად კერძო კომპანიებია ამ შემთხვევაში, ვინც ინტერესს გამოხატავს. არის ძალიან ფართო ინტერესი. ჩვენ მზად ვართ, ვესაუბროთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რათა მაქსიმალურად ეფექტურად უზრუნველვყოთ ამ პორტის ამოქმედება. პორტის ფუნქციონირებისთვის მთავარია ტვირთების მოზიდვა. ვინც უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს, მასთან დავამყარებთ შესაბამის ურთიერთობებს. მიხარია, რომ განახლებული ენერგიით დაიწყო მუშაობა ანაკლიის პორტის განვითარებაზე. ძალიან სწრაფი ტემპით განახლდა მუშაობა ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ჩვენ გვქონდა გარკვეული პაუზა, რაც დაკავშირებული იყო ხელშეკრულებების გადახედვასთან. 200 მილიონის ღირებულების იყო ხელშეკრულება და 50 მილიონი დოლარით შემცირდა იმ მოლაპარაკებების საფუძველზე, რომელიც აწარმოა ეკონომიკის მინისტრმა და ეკონომიკის სამინისტრომ შესაბამის კომპანიასთან. იყო სივრცე ხარჯების შემცირებისთვის და ჩვენს მაქსიმალურად დავზოგეთ საბიუჯეტო თანხები.რაც შეეხება ახალ მოდელს, ახალი მოდელი არის ოპტიმალური იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ეროვნული ინტერესების დაცვა, პორტი იქნება მთლიანად ქართული და ასევე, ეს მოდელი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მრავალი სუბიექტი ჩავრთოთ მის ფუნქციონირებაში – შესაბამისი დაინტერესებული მხარეები, სახელმწიფოები და კომპანიები. შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება როგორც ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა, ასევე ტვირთების მაქსიმალურად ეფექტურად მოზიდვა. ეს არის ოპტიმალური მოდელი, რომელიც შემოგვთავაზა ეკონომიკის სამინისტრომ და დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ველოდებით ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციას ურთიერთობების გადატვირთვაზე, გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება კონკრეტული გზამკვლევით, უილსონის ინიციატივები საინტერესო არ არის

ველოდებით ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციას საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. ჩვენი გზავნილი არის ძალიან მკაფიო – გვინდა, სტრატეგიული პარტნიორობის განახლება კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან. ჯო უილსონის ინიციატივები ჩვენთვის არ არის საინტერესო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში საქართველოს შესახებ გაკეთებულ ჩანაწერთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნული ჩანაწერი კონგრესის აქტში ჯო უილსონის ინიციატივით შევიდა, რაც, კობახიძის შეფასებით, არასერიოზული და ღიმილისმომგვრელია.„აბსოლუტურად ღიმილის მომგვრელია ასეთი ჩანაწერი. თქვენ იცით, რომ ინიციატივა ეკუთვნის ჯო უილსონს და ამ ერთი კაცის ინიციატივით შევიდა ეს ჩანაწერი კონგრესის აქტში. შესაბამისად, ჩვენთვის არ არის არც საინტერესო, არც სერიოზული. თან გუშინ ირანიც იყო წარმოდგენილი საქართველოში ძალიან ღრმად და დღეს ეს წარმომადგენლობა ირანის მხრიდან საერთოდ დაიკარგა – ეს მცირე ირონიული გადახვევა. აბსოლუტურად არ არის საინტერესო ჯო უილსონის ინიციატივები, მისი ინიციატივებით შესული შესწორებები. ჩვენ ველოდებით ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციას საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. ჩვენი გზავნილი არის ძალიან მკაფიო – ჩვენ გვინდა, სტრატეგიული პარტნიორობის განახლება კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან და ამასთან დაკავშირებით ველოდებით ამერიკის ოფიციალურ პოზიციას. დანარჩენი დეტალები, ჯო უილსონის ინიციატივები ჩვენთვის საინტერესო არ არის“, – აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და Carl Zeiss-ის ოფიციალურ წარმომადგენელ AMK Management-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სამეცნიერო ტექნოლოგიების მსოფლიო ბრენდის, Carl Zeiss-ის ოფიციალურ წარმომადგენელ კომპანია AMK Management-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმებით საფუძველი ჩაეყარა სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ქვეყანაში ახალ, მასშტაბურ შესაძლებლობებს შექმნის უმაღლესი განათლებისა და კვლევითი საქმიანობის განვითარებისთვის.თანამშრომლობის ფარგლებში, AMK Management-მა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა Carl Zeiss-ის თანამედროვე, ვიდეოკამერით აღჭურვილი სამეცნიერო მიკროსკოპი, რომელიც უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურას კიდევ უფრო გააძლიერებს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის განცხადებით, უახლესი სისტემა სპეციალურად არის განკუთვნილი მასალათმცოდნეობის სიღრმისეული ანალიზისთვის. მისი გამოყენებით შესაძლებელი იქნება რთული სტრუქტურების მაღალი სიზუსტით შესწავლა და დიაგნოსტიკა, ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების განხორციელება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ასევე სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების პრაქტიკული უნარების განვითარება.როგორც პროფესორი თამარ ლომინაძე აცხადებს, თანამედროვე სამეცნიერო მოწყობილობა მნიშვნელოვნად განავითარებს უნივერსიტეტის კვლევით პოტენციალს და ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და დოქტორანტების ჩართულობას ინოვაციურ კვლევებში.„მსგავსი პარტნიორობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ პირობებში, როდესაც მეცნიერებისა და განათლების განვითარება თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობასა და საერთაშორისო თანამშრომლობაზეა დაფუძნებული. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის Carl Zeiss-ის ოფიციალურ წარმომადგენელ AMK Management-თან სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერების, კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარების და საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო მეტად დაახლოების მიმართულებით. Carl Zeiss-ის უახლესი სამეცნიერო მიკროსკოპი მნიშვნელოვნად გააფართოებს მასალათმცოდნეობის საუნივერსიტეტო კვლევებს, უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტის ექსპერიმენტების ჩატარებას და ხელს შეუწყობს ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების განხორციელებას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმასაც, რომ სტუდენტები, დოქტორანტები და ახალგაზრდა მეცნიერები იმუშავებენ იმ ტექნოლოგიებთან, რომლებიც დღეს მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში გამოიყენება. დარწმუნებული ვართ, რომ ეს პარტნიორობა საფუძველს ჩაუყრის არაერთ ერთობლივ სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც უნივერსიტეტის, ისე ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარებაში“, - აცხადებს თამარ ლომინაძე.სტუ-ის ინფორმაციით, მემორანდუმის ხელმოწერისას მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, გამოცდილების გაზიარებას, სპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზებას და სასწავლო პროცესში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას. საქართველოში Carl Zeiss-ის ოფიციალურ წარმომადგენელ AMK Management-თან პარტნიორობა მნიშვნელოვანია ინტერნაციონალიზაციის, კვლევითი შესაძლებლობების გაფართოებისა და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მეცნიერებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას შეუწყობს ხელს.

ბოლო სიახლეები