პარასკევი, თებერვალი 7, 2025

მამუკა ხაზარაძე – გახარიას პარტიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად, ბრძოლაში მყოფმა ადამიანებმა უნდა ვიცოდეთ ვინ არის ჩვენი პარტნიორი – ამ პარლამენტში დარჩენა ბიძინა ივანიშვილის „რუსულ ხელისუფლებასთან“ რუსული საქმის კეთებას ნიშნავს

რუსთაველის რვა ნომერში შეკრებილი ადამიანები სრულიად უუნაროები ხდებიან საკანონმდებლო საქმიანობისთვის, რადგან ოპოზიციური მანდატების გაუქმებით, ე.წ. დეპუტატთა რიცხვი 89-მდე მცირდება, რაც პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდის რაიმე სახის ლეგიტიმური გადაწყვეტილების მიღებას, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 113 ხმაა საჭირო ერთი მოწვევის პარლამენტის მიერ კონსტიტუციის გადასინჯვისთვის; 113 ხმა ცალკეული საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიკაციისთვის; 100 ხმა ორი მოწვევის პარლამენტის მიერ კონსტიტუციის გადასინჯვისთვის; 100 ხმა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის; 100 ხმა უცხოეთის მოქალაქეზე მიწის გასხვისებისთვის; 90 ხმაა საჭირო კონკორდატში ცვლილებების დასამტკიცებლად; 90 ხმაა საჭირო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ასარჩევად; 90 ხმაა საჭირო იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად; 90 ხმაა საჭირო სახალხო დამცველის ასარჩევად.

„ქართულ ოცნებას“ კი პარლამენტში მხოლოდ 89 მანდატი გააჩნია. ეს იყო ჩვენი სტრატეგია, ეს იყო პროდასავლური ოთხი კოალიციური გაერთიანების სტრატეგია, რომ ეს ხალხი, რომელმაც რუსული სპეცოპერაცია ჩაატარა არჩევნებზე, დარჩენილიყვნენ მარტო და ვერ მიეღოთ ვერანაირი გადაწყვეტილება, ასევე, ახალი არჩევნების ჩატარების იძულება მომხდარიყო. დღევანდელ ვითარებაში შემდეგი მოცემულობა გვაქვს – მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი გააჩნია, პარლამენტში დღეს, ქაღალდზე 101 დეპუტატი არსებობს. საკითხის დგას იმ კოალიციაზე, რომელსაც „გახარია-საქართველოსთვის“ ჰქვია და აქ ჩნდება საკმაოდ სერიოზული კითხვა, იმ ძალის ფარული ლეგალიზაციის და ფარული ხელშეწყობის, რასაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. ჩემთვის ეს არის საქართველოში რუსული ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას მიათრევს და იზოლაციას უკეთებს ევროპული ფასეულობისგან, რომელსაც ქართველი ხალხი ძირძველად ეკუთვნის, მიათრევს დამპყრობლისკენ, რუსეთისკენ და ისეთი სისტემებისკენ, როგორიც არის მაგალითად, ირანი და კომუნისტური პარტიის ჩინეთი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ალენ ბერსე – ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „შეცვლილი გარემოებების გამო“ მისი მთავრობა აღარ აპირებს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას, თუმცა, დაადასტურა ევროსაბჭოსთან თანამშრომლობის ვალდებულება

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას აქვეყნებს. როგორც ევროსაბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ალენ ბერსემ ირაკლი კობახიძესთან 3 თებერვალს გამართული სატელეფონო საუბრისას „უცხოური გავლენის“ კანონში ცვლილებების შეტანის მიზნით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი განიხილა. ბერსეს განცხადების თანახმად, სატელეფონო საუბრისას პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ „შეცვლილი გარემოებების გამო“ მისი მთავრობა აღარ აპირებს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას ან „უცხოური გავლენის“ კანონში ადრე განხილული ცვლილებების შეტანას. „ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიღებული იყო ურთიერთშეთანხმებით 2024 წლის 20 დეკემბერს, გენერალური მდივნის თბილისში ვიზიტის დროს. 20 იანვარს სამდივნომ გაგზავნა ოფიციალური წერილი სამუშაო ჯგუფის შექმნის მოთხოვნით, ეს მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა. ორშაბათს გამართული სატელეფონო საუბრისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „შეცვლილი გარემოებების გამო“ მისი მთავრობა აღარ აპირებს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას ან „უცხოური გავლენის“ კანონში ადრე განხილული ცვლილებების შეტანას. თუმცა, მან კვლავ დაადასტურა საქართველოს ვალდებულება, გააგრძელოს ევროსაბჭოსთან თანამშრომლობა სამთავრობათაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში. გენერალურმა მდივანმა ასევე სინანულით აღნიშნა ქართული მხარის გადაწყვეტილების შესახებ. მან კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის, ასევე პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციის გამო. ახლა ამოცანა არის საქართველოს მთავრობის მიერ კურსის ცვლილების შედეგად შექმნილი ახალი ვითარების გავლენის შეფასება. საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი გრძელდება. ევროსაბჭოს როლია, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპები“, – აღნიშნულია განცხადებაში. აქვე ნათქვამია, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტის შემდეგ, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ ევროპის საბჭოს სხვადასხვა ორგანოების წარმომადგენლები, მათ შორის PACE-ის თანამომხსენებლები, წამების პრევენციის კომიტეტი (CPT), ადამიანის უფლებათა კომისარი და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი.

9 თებერვალს UFC-ში ალექსანდრე თოფურიას დებიუტი შედგება

კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი UFC-ში. კვირას, 9 თებერვალს შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში, ალექსანდრე თოფურიას დებიუტი შედგება. ილია თოფურიას უფროსი ძმის შეხვედრა ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ჩატარდება და თბილისის დროით, დილის 5:00 საათზე დაიწყება.

თოვლია მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

8 თებერვალს, საქართველოს მასშტაბით, ძირითადად მოღრუბლული ამინდი იქნება. ზოგან თოვლი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -8 გრადუსი გუდაურშია მოსალოდნელი. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +8 - წვიმა სოხუმი +9 - მოღრუბლული ზუგდიდი +9 - მოღრუბლული მესტია +2 - მზიანი ფოთი +8 - მოღრუბლული ბათუმი +8 - წვიმა ოზურგეთი +8 - მოღრუბლული ქუთაისი +8 - მოღრუბლული ამბროლაური +7 - უმეტესად ღრუბლიანი ახალციხე +4 - უმეტესად ღრუბლიანი ბორჯომი +1 - უმეტესად ღრუბლიანი ბაკურიანი -1-  უმეტესად ღრუბლიანი გორი +6-  უმეტესად ღრუბლიანი ცხინვალი +5 - მოღრუბლული სტეფანწმინდა -3 - უმეტესად ღრუბლიანი გუდაური -8 -  უმეტესად ღრუბლიანი თელავი +3 - თოვლი რუსთავი +4 - წვიმა თბილისი +4 -  თოვლი

„როიტერი“ – დონალდ ტრამპი ორმხრივი სავაჭრო ტარიფების დაწესებას კიდევ რამდენიმე ქვეყნისთვის გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორმხრივი ტარიფების დაწესებას კიდევ კიდევ რამდენიმე გეგმავს, თუმცა ქვეყნების სია ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ „როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ტრამპმა რესპუბლიკელ კანონმდებლებს უკვე აცნობა. როგორც „როიტერი“ წერს, ეს ნაბიჯი შეასრულებს ტრამპის საარჩევნო კამპანიის დაპირებას – დაადოს საბაჟო გადასახადი აშშ-ში შემოტანილ საქონელს. ეს იქნება იმ ტარიფების ტოლფასი, რომლებსაც სავაჭრო პარტნიორები აწესებენ ამერიკიდან ექსპორტირებულ საქონელზე. ცნობისთვის, თავდაპირველად დონალდ ტრამპმა ტარიფები დაუწესა ჩინეთს, მექსიკასა და კანადას. თუმცა კანადისა და მექსიკის ლიდერებთან საუბრის შემდეგ ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას და ტარიფების დაწესება გადაიდო. ჩინეთის შემთხვევაში ტრამპის გადაწყვეტილება არ შეცვლილა. ამასთან, ჩინეთში აშშ-სთვის საპასუხო ტარიფების დაწესება დააანონსეს.

“კარდინალური ცვლილებების დროა, რაც ყველამ ერთად უნდა მოვიფიქროთ” – ნიკა გვარამია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე

"ჩემთვის რამდენიმე რამეა ცხადი: 1. რაც კეთდება, გინდა აქტივისტების, გინდა პოლიტიკოსების, გინდა ენჯეოების, გინდა მედიების მიერაც კი, საკმარისი არაა - რეჟიმი აგონიაში არაა. იგი დასუსტებულია, იზოლაციაშია, მაგრამ ადაპტირებულია პროტესტსაც და იზოლაციასაც 2. დაჭერები მუშაობს. თუ ღიას არა, შინაგან ცენზურას მაინც იწვევს და სიფრთხილეს, რომელიც დაჭერების ინტენსიობის მატების კვალდაკვალ, ტრანსფორმირდება შიშში (რაც ძალიან ბუნებრივი და ადამიანურია) 3. პატიმრებს ვერ ვშველით, მოშიმშილეები სიკვდილის პირას არიან 4. ყველას მუშაობით, განსაკუთრებით კი სახალხო პროტესტით, მნიშვნელოვანი შედეგები დაიდო, მაგრამ განვითარების აღმავალი ხაზი აღარ შეინიშნება მინიმუმ 1 თვეა 5. პოლიტიკოსებმა ყველაფერი არ იციან და ყველაფერი არ შეუძლიათ. არც ახალი პარტიაა პანაცეა და არც არსებული პარტიების სრული შერწყმა 6. კრიტიკა, ვისიც და რისიც არ უნდა იყოს, მტრობა არაა და მისი აუტანლობა და პრაქტიკულად აკრძალვა, მხოლოდ საკუთარ და საკუთარი ბაბლის ფსიქოლოგიურ კომფორტს ემსახურება, აფუჭებს საქმეს და გვაშორებს მიზანს. 7. ყველაფერი კარგად არაა, ყველაფერი რთულადაა და ეს კიდევ უფრო მეტი მოქმედებისკენ უნდა გვიბიძგებდეს და არა ხელების ჩამოყრისკენ ან კომფორტზონის ძებნისკენ, რაც თავის მოტყუებას გულისხმობს, რომ ყველაფერი გადასარევად მიდის. 8. გრძელი ნახევრად ლიტერატურული ტექსტებით, გულისამაჩუყებელი ისტორიებით და დითირამბებით დიქტატურა არსად და არასდროს არ დამარცხებულა. არსად და არასდროს. 9. კარდინალური ცვლილებების დროა, რაც ყველამ ერთად უნდა მოვიფიქროთ", - წერს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები