სამშაბათი, მაისი 6, 2025

ლაშა არქანია – კოხტა კოდუა დამემუქრა, რომ ხელკეტით გამაუპატიურებდა, თუ არ მოვაწერდი ხელს ცრუ ბრალდებას, წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში დამემუქრნენ ბუხარში ცეცხლში დაწვით

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ ყოფილ პატიმარს, ლაშა არქანიას მოუსმინეს.

ლაშა არქანიამ ჯვარის პოლიციის და შემდგომ წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა. ლაშა არქანიას თქმით, ჯვარის პოლიციის განყოფილებაში ძალადობა განხორციელდა ჯგუფურად და მისგან მოითხოვდნენ, დაედანაშაულებინა მისთვის უცნობი პირები წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში ტერორისტული აქტის ჩადენაში.

ლაშა არქანიას განმარტებით, მის მიმართ ძალადობა დაიწყო მიტოვებული ქარხნის ტერიტორიიდან და ამის შემდგომ გაგრძელდება ჯვარისა და წალენჯიხის პოლიციის განყოფილებებში. კერძოდ, ლაშა არქანიას განცხადებით, 2011 წლის 14 ივნისს, მის სატელეფონო ნომერზე განხორციელებული ზარის საფუძველზე, იმჟამინდელი რეჟიმის პოლიციელებმა სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს და მოხდა მისი გატაცება.

ლაშა არქანიას ინფორმაციით, მის გატაცებაში მონაწილეობდნენ იმჟამინდელი ჯვარის პოლიციის განყოფილების უფროსი ვახტანგ აბაშიძე, ასევე რუსლან აბულაძე და ხატაბერ სამუშია.

„ჯვარის პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ, წალენჯიხის პოლიციის განყოფილების უფროსმა, გოჩა გოგოხიამ იქ მყოფ პოლიციელებს უბრძანა, გარეთ გასულიყვნენ. შენობაში დაიტოვა ჯვარის პოლიციის განყოფილების უფროსი და მისი თანმხლები პოლიცილებითურთ გააგრძელა ჩემზე ფიზიკური ძალადობა, რომელიც გამოიხატებოდა იმით, რომ მან პირველად დამარტყა ხელი ჯვარის პოლიციის განყოფილებაში, შემდგომ იქ მის გვერდით მყოფ და ჩემ მიერ დასახელებულ პოლიციელებს დაუბარა, რომ გადაეწიათ ჟალუზები, ჩაექროთ შუქები და დავემუშავებინე. ეს დამუშავება გაგრძელდა მთელი ღამის განმავლობაში და ჩემ მიმართ ჰქონდათ მოთხოვნა, რომ მე დამესახელებინა, დავხმარებოდი მათ პირადად, დამედანაშაულებინა ჩემთვის უცნობი პირები სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ტერორისტულ აქტის ჩადენაში. ჩემი როლი ამ შემთხვევაში იქნებოდა ის, თითქოს მე ვიყავი თვითმხილველი იმ პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის. გარკვეულ როლს დამაკისრებდნენ თითქოსდა დახმარებაში. ამის გამო მპირდებოდნენ, რომ იქნებოდნენ ჰუმანური, მომისჯიდნენ მინიმალურ სასჯელს, 2 წლის ვადით. თუ არ დავეხმარებოდი ამ ყველაფერში, დამპირდნენ, რომ თავად მათ აიძულებდნენ, ჩემზე დაედოთ ხელი და დავედანაშაულებინე იმ დანაშაულში. იმ პირების შესახებ მე არათუ ინფორმაცია არ მქონდა, არამედ არც ვიცოდი, ვინ იყვნენ. ტერორისტული აქტის განხორციელების შესახებ მომეპოვებოდა ინფორმაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჩემი სოფლის მიმდებარე სოფლის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც მოკლული იქნა წალენჯიხის იმჟამინდელი გამგებელი და ჩემი თანასოფლელი. ჩემგან მოითხოვდნენ, დამედანაშაულებინა ჩემთვის უცნობი პირები ამ ტერორისტული აქტის  ჩადენაში. ჩემი წარმოდგენით, სამხედრო პროფესიიდან გამომდინარე და დამოკიდებულება იმჟამინდელი რეჟიმის მიმართ, რომ არ ვიყავი შემწყნარებლური, იყო ერთ-ერთი მოტივი, რაც განხორციელდა ჩემ მიმართ.

ჯვარის განყოფილებაში ჩემზე ძალადობა განხორციელდა ჯგუფურად. მირტყამდნენ ჩემ მიერ ხსენებული პოლიციელები. ადგილი ჰქონდა დახვრეტის იმიტაციას. გამიყვანა იმჟამინდელმა ჯვარის პოლიციის განყოფილების უფროსმა, ვახტანგ აბაშიძემ და სცადა დახვრეტის იმიტაცია. გამიყვანა დასახვრეტად. დამაყენა არჩევანის წინაშე, დაგხვრეტ ან დამეხმარეო. მე ავირჩიე დახვრეტა. გამიყვანა კიდეც ამ მიზნით, მაგრამ პირადად მან დამარტყა იარაღის კონდახი, თუ მუჭი და მე აღმოვჩნდი მიწაზე, უგონო მდგომარეობაში და საბედნიეროდ, არდახვრეტილი. ამის შემდეგ დამემუქრა, რომ ზუგდიდან მოვიდოდნენ პირები, რომლებსაც ვერ გადავურჩებოდი. მოვიდნენ პირები, რომლებიც არანაკლები სისასტიკით გამოირჩეოდნენ. ეს იყო უკვე დილის პერიოდი. მთელი ღამის ცემისგან, წვალებისგან უძლური ვიყავი, ამ დროს კოხტა კოდუამ და რამდენდაც ვიცი, ზუგდიდის პოლიციის რომელიღაც განყოფილების წარმომადგენლები იყვნენ, უსიტყვოდ, უმიზეზოდ დამიწყეს ხელახლა ცემა.

მცემდნენ ხელებშეკრულს, როგორც მანამდე. მათ უთხრეს, რომ არ ვაპირებდი დახმარებას. ისინი მოითხოვდნენ არა მხოლოდ ხელის მოწერას, არამედ შემდგომ სასამართლო პროცესებში იმ პირების დადანაშაულებაში დახმარებას, რომლის ვინაობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მომეპოვებოდა. უარის შემდეგ, ჩემს პატიმრობაში დასატოვებლად მათ შეთითხნეს ბრალეულობა, თითქოს მე ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი და ცეცხლსასროლი იარაღი ვაზნებით ვიპოვე გამოქვაბულში, თითქოსდა მოვიხმარე ჰეროინი და თან წამოვიღე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, თითქოს სოფლის ცენტრში შეიარაღებული და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი დამაკავეს. იძულებული გავხდი, ხელი მომეწერა იარაღის და ნარკოტიკის ფლობა-მოხმარებაზე, რადგან კოხტა კოდუა დამემუქრა, საკუთარ დედაზე დაიგინა, რომ ხელკეტით გამაუპატიურებდა, თუ არ მოვაწერდი ხელს ამ ცრუ ბრალდებას“, – განაცხადა ლაშა არქანიამ.

ლაშა არქანიას თქმით, ამის შემდეგ ის გადაიყვანეს წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში, სადაც ასევე გაგრძელდა მისი ცემა და წამება.

„დამემუქრნენ ბუხარში დემონსტრაციულად ცეცხლში დაწვით, იმის გამო, რომ მე მათ არ დავეხმარე მათთვის სასურველ საქმეში. მოვახსენე იმჟამინდელ პროკურორს, რომ ეს ადამიანები არიან მწამებლები და ბრალს მდებენ დანაშაულში, რაც არ ჩამიდენია და ხელი მოვაწერე დანაშაულს, რომელიც ასევე არ ჩამიდენია. წალენჯიხის პროკურორი იმჟამად იყო ლევან ფიფია. მან ჩემი განცხადების საფუძველზე სავარაუდოდ ორ თვემდე პერიოდის შემდეგ დანიშნა ექსპერტიზა და აღძრა საქმე“, – განაცხადა ლაშა არქანიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

უორენ დევიდსონი – „მეგობარი აქტი“ მცდარი მიმართულების კანონპროექტია, კოლეგებმა უარი უნდა თქვან ამაზე, მე, ჩემი ამომრჩევლები, ვფიქრობთ, რატომ ვაკეთებთ ამას იმ საქმეების ნაცვლად, რომლებზეც...

„მეგობარი აქტის“ კანონპროექტს ვეწინააღმდეგები და მოვუწოდებ ყველას, ასე მოიქცეს, – ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა უორენ დევიდსონმა წარმომადგენელთა პალატაში „მეგობარი აქტის“ განხილვაზე განაცხადა.„ეს არის მცდარი მიმართულების კანონპროექტი. ჩვენმა კოლეგებმა უარი უნდა თქვან ამაზე. ამერიკელმა ხალხმა არ გამოგვგზავნა აქ იმისთვის, რომ ამერიკის უსაფრთხოების ფარი მსოფლიოს მეტ ნაწილზე გავავრცელოთ. ჩვენ არ გვჭირდება, ჩავერთოთ ყველა კონფლიქტში, რომელშიც გვიწვევენ და რა თქმა უნდა, არ გვჭირდება დამატებითი კონფლიქტების ძიება. ჩვენ შეგვიძლია, საქართველოს ხალხს წარმატება ვუსურვოთ ისე, რომ არ გავაფართოვოთ ჩვენი ვალდებულება, ვიყოთ ევროპის თავდაცვითი ძალა. ჩვენ გვაქვს „ცარიელი ჩეკი“, დავიცვათ ქვეყნები, რომლებიც, უნდა ვაღიაროთ, საქართველოს მსგავსად, ვერ ახერხებენ საკუთარი თავის სათანადოდ დაცვას რუსეთისგან, მაშინ, როცა ისინი თავიანთი მშპ-ის ორ პროცენტსაც კი არ ხარჯავენ თავდაცვაზე. არსებულ სიტუაციაში ეს არის მინიმალური მოთხოვნა ნატო-ში გაწევრიანებისთვის. მათ ვერ დავადანაშაულებთ იმის ფიქრში, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი, რადგან თვით უდიდესი ქვეყნებიც კი, როგორიცაა გერმანია, ისტორიულად ამ ზღვარს ვერ აღწევდნენ, მაგრამ მათი ეკონომიკა არც ისე დიდია. ასე რომ, თუნდაც მეტს ხარჯავდნენ, ამას მნიშვნელობა არ ექნებოდა. ეს არის არასწორი მიდგომა ეროვნული უსაფრთხოებისადმი და ეს ასევე უფრო აქვეითებს ჩვენი სანქციების რეჟიმის ეფექტურობას. მე ვფიქრობ, რომ ეს არის საშინელი იდეა. მე, ჩემი ამომრჩევლები, ვფიქრობთ, რატომ ვაკეთებთ ამას იმ საქმეების ნაცვლად, რომლებზეც ჩვენ კამპანია ვაწარმოეთ. იმედი მაქვს, რომ ყურადღება გამახვილდება „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. ამ კანონპროექტს ვეწინააღმდეგები და მოვუწოდებ ყველას, ასე მოიქცეს“, – განაცხადა უორენ დევიდსონმა.„მეგობარი აქტის“ სახელით ცნობილი კანონოპროექტის სრული სახელწოდებაა „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“. ასევე, მისი ოფიციალური სახელწოდებაა „ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“.„მეგობარი აქტის“ განხილვაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ: რესპუბლიკელი კონგრესმენი ფლორიდიდან ბრაიან მასტი, დემოკრატი კონგრესმენი მერილენდიდან ჯონი ოშესკი, დემოკრატი კონგრესმენი ტენესიდან სტივ კოენი და რესპუბლიკელი კონგრესმენი სამხრეთ კაროლინიდან ჯო უილსონი.

სტივ კოენი – „მეგობარი აქტი“ შეაფასებს „ქართული ოცნების“ ყველა მაღალჩინოსანს, თუ აღმოჩნდება, რომ მათ ძირი გამოუთხარეს ქართულ დემოკრატიას, ჩართულები იყვნენ კორუფციაში, სანქციები დაუწესდებათ

ქართველი ხალხი 150 დღეზე მეტია, აპროტესტებს და დღესაც აგრძელებს პროტესტს, ისინი ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, – ამის შესახებ დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენმა წარმომადგენელთა პალატაში „მეგობარი აქტის“ განხილვაზე განაცხადა.„საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების დიდი ხნის მეგობარია. საქართველოში არჩევნების დროს ვიყავი დაახლოებით 12 წლის წინ, როდესაც აირჩიეს „ქართული ოცნება“, მაგრამ, „ქართული ოცნება“ გადაიქცა ქართულ კოშმარად. ამერიკაში კინგს ჰქონდა ოცნება, რომელიც ახლაც ცოცხლობს, მაგრამ საქართველოში ოცნება აღარ არის ცოცხალი და ამ ქვეყანას ჩვენს მოწინააღმდეგეებთან უფრო აახლოებს. არალეგიტიმურმა „ქართული ოცნების“ პარტიამ, რომელსაც ივანიშვილი უდგას სათავეში, გააყალბა 2024 წლის არჩევნები. მათ ნამდვილად გააყალბეს ის იმ სიტუაციაში და მას შემდეგ მასობრივი პროტესტებია. ყოველ კვირას საქართველოში არის მასობრივი პროტესტი, სადაც თავისუფლებისა და უფლებების წართმევას აპროტესტებენ. „ქართულმა ოცნებამ“ მოქალაქეების წინააღმდეგ მოაწყო რეპრესიები, მათ შორის, აკრძალა სიტყვისა და შეკრების თავისუფლება საქართველოში, გამოიყენა ძალა მომიტინგეების წინააღმდეგ და ბოროტად გამოიყენა სასამართლო, რათა არასამართლიანად დაეპატიმრებინა და ბრალი წაეყენებინა აქციის მონაწილეებისთვის. ქართველი ხალხი 150 დღეზე მეტია, აპროტესტებს და დღესაც აგრძელებს პროტესტს. ისინი ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას“, – განაცხადა სტივ კოენმა.მისი თქმით, აშშ დიდი ხანია, მხარს უჭერს თავისუფლებას საქართველოში და ეს არც ახლა შეცვლილა.„ვამაყობ, რომ ვარ „მეგობარი აქტის“ წარმდგენი დემოკრატი, ჩემს მეგობარ ჯო ვილსონთან ერთად. ეს აქტი შეაფასებს „ქართული ოცნების“ ყველა მაღალჩინოსანს სანქციებისთვის. თუ აღმოჩნდება, რომ მათ ძირი გამოუთხარეს ქართულ დემოკრატიას, ჩართულები იყვნენ კორუფციაში, მათ სანქციები დაუწესდებათ. ის ასევე ქმნის ანგარიშს საქართველოში რუსული სადაზვერვო აქტივების შესახებ და რუსეთისა და ჩინეთის თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს. რაც ხდება, არის ფაქტობრივად რევოლუცია, სადაც ივანიშვილი, რომელიც მართავს პარტიას და აქვს ინვესტიციები რუსეთში, ცდილობს მათ რუსეთთან და პუტინთან დაახლოებას. ბოლოს, კანონპროექტი ითვალისწინებს უფრო ძლიერ აშშ-საქართველოს ურთიერთობას, როდესაც საქართველო დაუბრუნდება თავის ტრადიციულ ევროატლანტიკურ გზას, რომელიც გათვალისწინებულია მისი კონსტიტუციით და მოთხოვნილია მისი ხალხის მიერ“, – აღნიშნა სტივ კოენმა.„მეგობარი აქტის“ სახელით ცნობილი კანონოპროექტის სრული სახელწოდებაა „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“. ასევე, მისი ოფიციალური სახელწოდებაა „ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“.„მეგობარი აქტის“ განხილვაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ: რესპუბლიკელი კონგრესმენი ფლორიდიდან ბრაიან მასტი, დემოკრატი კონგრესმენი მერილენდიდან ჯონი ოშესკი, რესპუბლიკელი კონგრესმენი სამხრეთ კაროლინიდან ჯო უილსონი და რესპუბლიკელი კონგრესმენი ოჰაიოდან უორენ დევიდსონი.

🎥მეგის ქარდავამ „მარშუტკაში“ ჩამსვა, სადაც გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ჩემთვის უნდა ესროლა… მარტო ჩვენ კი არა, მამაოებსაც გაუსწორდნენ ფიზიკურად, სცემეს და წვერებით ათრიეს… – ნიკა...

„მეგის ქარდავამ „მარშუტკაში“ ჩამსვა, სადაც გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ჩემთვის უნდა ესროლა,უბრალოდ უფლებას იღებდა ზემდგომისგან, რაზეც რატომღაც უფლება არ მისცეს და ძალიან გაბრაზებული იყო... მარტო ჩვენ კი არა, მამაოებსაც გაუსწორდნენ ფიზიკურად, სცემეს და წვერებით ათრიეს...“, - ამის შესახებ ყინწვისის სპეცოპერაციაზე დაკავებულმა, პოლიტპატიმარმა ნიკა გოგუაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.  

🎥„არამგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის სინდისს და ხმას წარმოადგენდეს…“ – ლევან გიგინეიშვილი

„არამგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის სინდისს და ხმას წარმოადგენდეს...“ -  ამის შესახებ  ფილოსოფოსმა, ლევან გიგინეიშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ჯო უილსონი – ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ კორუმპირებული ბიზნესმენის უკანონო რეჟიმმა ქვეყანა მიიყვანოს ნგრევამდე და გახადოს დამოკიდებული ჩამონგრეულ საბჭოთა კავშირზე

„მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს სანქციებს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მათი უკანონო ქმედებებისთვის, ის ასევე ითვალისწინებს უფრო ძლიერ ორმხრივ კავშირებს მას შემდეგ, რაც საქართველო მისი კონსტიტუციისადმი ერთგულებას დაუბრუნდება, მოვუწოდებ ამ კანონმდებლობის მხარდაჭერისკენ საქართველოსა და აშშ-ის ხალხის ურთიერთსასარგებლოდ, – ამის შესახებ კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარმომადგენელთა პალატაში „მეგობარი აქტის“ განხილვისას განაცხადა.„155 დღეზე მეტია, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხი მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში თავიანთი ქვეყნის მომავლისა და მათი ერის სულისკვეთების დასაცავად. ისინი გამოდიან ამერიკის შეერთებული შტატების დროშებით და ატარებენ ჩვენი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბანერებს, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად. მათი ნება ნათელია. ისინი არ დაუშვებენ, რომ კორუმპირებული ბიზნესმენის უკანონო რეჟიმმა, ივანიშვილმა, მიიყვანოს მათი ქვეყანა ნგრევამდე და გახადოს დამოკიდებული ჩამონგრეულ საბჭოთა კავშირზე. საქართველო შავი ზღვის სახელმწიფოა, რომელიც ყოველთვის აფასებდა რთულად მოპოვებულ თავისუფლებას. სამწუხაროდ, ხალხის ნებას ახშობს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური რეჟიმი, ამერიკის მოძულე მაფიოზური დაჯგუფება, რომელიც ცდილობს, ქვეყანა მიჰყიდოს ჩვენს მოწინააღმდეგეებს, მათ შორის ჩინეთის კომუნისტურ პარტიას პრაქტიკულად უთმობს შავი ზღვის პორტს, რომელიც ქართველი ხალხისთვის უნდა იყოს; ასევე ემორჩილება თეირანის რეჟიმს, რომელმაც, როგორც ვიცით, გუშინ განახორციელა თავდასხმა ისრაელზე, და სამხედრო დამნაშავე პუტინს, რომელიც ცდილობს, დაიმორჩილოს ქართველი ხალხი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მამაცი და პროამერიკული ხალხია მსოფლიოში“, – განაცხადა ჯო უილსონმა.უილსონის თქმით, მისი სამი ვაჟი ქართველ ჯარისკაცებთან ერთად მსახურობდა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ავღანეთსა და ერაყში.„მე შესაძლებლობა მქონდა, მენახა, რამდენად მამაცები და კომპტენეტურები არიან ქართველი ჯარისკაცები. ქართველი ჯარისკაცები იბრძოდნენ ამერიკელი ჯარისკაცების გვერდით ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ომში. 2020 წელს მოხარული ვიყავი, რომ ვუძღვებოდი სენატის რესპუბლიკელთა კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშს მაშინდელი თავმჯდომარის, ამჟამად სპიკერ მაიკ ჯონსონის ხელმძღვანელობით, რომელშიც მოვუწოდებდით ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. რესპუბლიკელებმა მაშინვე დაინახეს ამ ბანდიტისა და მისი თანამზრახველების მიერ შექმნილი საფრთხე. „ქართულმა ოცნებამ“ სწრაფად დაიწყო ამერიკასთან ასოცირების კრიმინალიზაცია. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მათ უარი თქვეს ამერიკული კომპანიების შემოთავაზებებზე მათი სტრატეგიული პორტის მშენებლობისთვის და პორტი გადასცეს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. ყველა მნიშვნელოვანი სამშენებლო კონტრაქტი, რომელიც 100 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, გადაეცა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ან მასთან დაკავშირებულ კომპანიებს ან ჩინეთის კომუნისტური პარტიის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიებს. ეს ბლოკავს ამერიკას შუა დერეფნიდან და ჭრის სახმელეთო წვდომას ცენტრალური აზიის კრიტიკულ მინერალებზე, რომლებსაც დამატებით სურთ, იყვნენ ამერიკისა და დასავლური ცივილიზაციის მეგობრები. რეჟიმი ყოველდღიურად ავრცელებს ანტიამერიკულ პროპაგანდას, ადანაშაულებს აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპს და ძალიან დაფასებულ სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯიმ რიშს კორუფციაში და „დიფ სტეიტის“ მარიონეტად ყოფნაში“, – განაცხადა ჯო იულსონმა.მისი თქმით, გასულ კვირას საქართველოს მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი „დიფ სტეიტის“ მარიონეტი იყო.„ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა თქვა: „ქართული ოცნების მთავრობის მიერ გადადგმული ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო“. ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა მიუნხენში: „შეუძლებელია, დემოკრატიული მანდატის მოპოვება თქვენი ოპონენტების ცენზურით ან დაპატიმრებით. ასევე შეუძლებელია ამის მიღწევა თქვენი ძირითადი ამომრჩევლის იგნორირებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, ვის აქვს უფლება, იყოს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი?“. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მათი უკანონო ქმედებებისთვის. ის ასევე ითვალისწინებს უფრო ძლიერ ორმხრივ კავშირებს მას შემდეგ, რაც საქართველო მისი კონსტიტუციისადმი ერთგულებას დაუბრუნდება. მე მოვუწოდებ ამ კანონმდებლობის მხარდაჭერისკენ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ხალხის ურთიერთსასარგებლოდ“, – აღნიშნა ჯო უილსონმა.

ბოლო სიახლეები