ხუთშაბათი, აპრილი 2, 2026

ალენ ბერსე – ევროპის საბჭოს არ აქვს დრონები, რაკეტები, მაგრამ აქვს კანონის ძალა, სამართლიანობას დრო სჭირდება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს, უკრაინის საერთაშორისო საჩივრების კომისია ამას გზას უკვალავს

ევროპის საბჭოს არ აქვს დრონები, რაკეტები, მაგრამ აქვს კანონის ძალა, საერთაშორისო სამართალი, რომელიც ვრცელდება ორმაგი სტანდარტების გარეშე, სამართლიანობას დრო სჭირდება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს. უკრაინის საერთაშორისო პრეტენზიების კომისია ამას გზას უკვალავს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ განაცხადა ჰააგაში, სადაც ევროპის საბჭოს ეგიდით უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა.

ბერსემ მადლობა გადაუხადა ყველა ქვეყანას, რომელიც კონფერენციაში მონაწილეობს.

„პრეზიდენტო ზელენსკი, პრემიერ-მინისტრო, პრეზიდენტო სანდუ, მინისტრებო, დელეგატებო, ჩემთვის სასიამოვნოა და დიდი პატივია თქვენთან ერთად ამ კონფერენციის გახსნა. ასევე დიდი პატივია, ეს ნიდერლანდებთან ერთად გავაკეთო. დიდი მადლობა ძლიერი მხარდაჭერისთვის. 2022 წლის თებერვლის დილას, თითქმის ოთხი წლის წინ, რუსეთმა აირჩია ომი, აგრესიის ომი. უკრაინას არ აურჩევია ეს ომი, მაგრამ მას შემდეგ ყოველდღე უკრაინა ირჩევს საკუთარი თავისა და ევროპული მომავლის უფლების დაცვას. ჩვენი პასუხისმგებლობაა ამ უფლების დაცვა იარაღით, სადაც საჭიროა, სამართლიანობით და ღირებულებებით, როდესაც ეს შესაძლებელია. საქმე როდესაც ეხება ევროპის საბჭოს კონვენციას, რომელიც დღეს იხსნება ხელმოსაწერად, ეს არის სამართლიანობა. სამართლიანობა ბავშვებისთვის, რომლებიც წაიყვანეს და დეპორტირებული იყვნენ. ადამიანებისთვის, რომელთა ჯანმრთელობა დაზიანდა ტრავმით და მათთვის, ვინც აღარასოდეს დაბრუნდება.

ბატონო პრეზიდენტო, გასულ ივნისს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შტაბ-ბინაში თქვენ თქვით, რომ სამართლიანობას დრო სჭირდება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს. ევროპის საბჭომ არ დაკარგა დრო. 2023 წელს ჩვენ შევქმენით უკრაინისთვის ზიანის ანაზღაურების რეესტრი. 44 სახელმწიფო და ევროპული კავშირი შეუერთდა მას. წარდგენილია 85 000-ზე მეტი პრეტენზია და მათი რაოდენობა იზრდება. ჩვენ ავირჩიეთ ყველაზე სწრაფი და რეალისტური გზა, რომელიც მიდის საჩივრების კომისიისკენ, რომელიც შემუშავებულია ევროპის საბჭოს ჩარჩოებში. ეს არის უნიკალური, საერთაშორისო დამოუკიდებელი ინსტრუმენტი, რომელიც ცენტრალური უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში რეპარაციების საკითხის განხილვისას.

დღეს აქ, ჰააგაში 35 ქვეყანა ხელს მოაწერს კონვენციას, რომელიც აფუძნებს საჩივრების კომისიას. ეს უპრეცედენტოა კონვენციისთვის მის პირველ დღეს, და, იმედი მაქვს, სხვა ქვეყნებიც შემოგვიერთდებიან. ეს კონვენცია ღიაა ყველა სახელმწიფოსთვის მთელ მსოფლიოში, ყველა თანაბარ საფუძველზე. ისინი ყველანი აგზავნიან მკაფიო გზავნილს, რომ ყველა ზარალი უნდა დაფიქსირდეს, ყველა ზარალი უნდა აღდგეს. ანგარიშვალდებულება არის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს საქმე, ევროპის საბჭოს ინსტიტუტმა გასულ წელს, ივლისში რუსეთი პასუხისმგებლად გამოაცხადა 2014 წლიდან უკრაინაში ფართოდ გავრცელებული დარღვევებისთვის. ესაა განაჩენი, რომელიც განსაზღვრავს საერთაშორისო სამართალს მომავალი წლების განმავლობაში.

ასევე ვხედავთ ანგარიშვალდებულებას მიმდინარე სამუშაოებში უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შესაქმნელად.

ანგარიშვალდებულება არ შეიძლება იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში მეორეხარისხოვანი საკითხი. ანგარიშვალდებულება არის ნებისმიერი სამშვიდობო გეგმის ცენტრალური ასპექტი, მაგრამ არა ერთადერთი. არჩევნები, ბავშვები, უმცირესობათა ენები, ფუნქციური ომის შემდგომი სასამართლო სისტემა, მძლავრი ანტიკორუფციული ჩარჩო ინვესტიციებისა და რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად. ეს სფეროებია, რომლებსაც მოიცავს ევროპის საბჭოს უკრაინის სამოქმედო გეგმა. ეს არის სფეროები, სადაც უკრაინას შეუძლია, მისცეს მყარი გარანტიები თავის პარტნიორებს, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ევროპის საბჭოს არ აქვს დრონები, რაკეტები, მაგრამ აქვს კანონის ძალა, საერთაშორისო სამართალი, რომელიც ვრცელდება ყველაზე, გამონაკლისების, ორმაგი სტანდარტების გარეშე. ჩვენი ამოცანა მკაფიოა – დავაფიქსიროთ სიმართლე, უზრუნველვყოთ კომპენსაცია და პასუხი ვაგებინოთ პასუხისმგებელ პირებს. სამართლიანობას დრო სჭირდება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს. უკრაინის საერთაშორისო საჩივრების კომისია ამას გზას უკვალავს. ევროპის საბჭოს სახელით და ამ კონვენციაზე მომუშავე ყველა ადამიანის სახელით მადლობა ყველას აქ დასწრებისთვის, რაც ხაზს უსვამს ამ მომენტის უდიდეს მნიშვნელობას“, – განაცხადა ალენ ბერსემ.

ევროპის საბჭოს ეგიდით, უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა. კონვენციას ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმაც.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – წმინდა სინოდი გადაწყვეტილებებს თავად მიიღებს და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს, მე ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივესალმები

საპატრიარქოს მისამართით, წლებია, მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობებია, რასაც გარედან აფინანსებენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.თბილისის მერის თქმით, წმინდა სინოდი გადაწყვეტილებას თავად მიიღებს, რადგან ამ პროცესში ჩარევის უფლება არავის აქვს.„საპატრიარქოს შესახებ მსგავსი განცხადებების გაკეთება გუშინ არ დაწყებულა. ეს არის ეკლესიის და საპატრიარქოს მისამართით მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა. ეს ყველაფერი არის გარედან დაფინანსებული, გარედან გაცემული დავალებების შესაბამისად. წლების განმავლობაში იყვნენ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც გარედან ჰქონდათ მიღებული დავალება, რომ ეკლესიის საწინააღმდეგო განცხადებები გაეკეთებინათ. ძალიან სამწუხაროა ეს, თუმცა სასიამოვნოა ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა რეალურად ხედავს, თუ რა პროცესები მიდის, ვინ არიან ეს ადამიანები, ვისი გავლენით და მითითებით მოქმედებენ და რა ინტერესები აქვთ. დღეს ეკლესია არის ძალიან ძლიერი. ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს ჩვენს საპატრიარქოს. წმინდა სინოდი გადაწყვეტილებებს თავად მიიღებს და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს. რა თქმა უნდა, მე მათ მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას მივესალმები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს.ცოტნე ანანიძე აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქციამ „ქართულმა ოცნება“ წარადგინა.ცოტნე ანანიძეს თავმჯდომარის პოსტზე დასამტკიცებლად 11 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა და ფარული კენჭისყრის შედეგად მას მხარი დაუჭირა 12-მა დეპუტატმა.„მინდა, მადლობა გადავუხადო კოლეგებს გამოცხადებული ნდობისთვის. რა თქმა უნდა, ეს არ არის პრივილეგია, ეს არის პასუხისმგებლობა, მათ შორის თითოეული თქვენგანის წინაშე და პასუხისმგებლობა საერთო მიზნებისა და ამოცანების მიმართ, რომელიც მოიცავს, პირველ რიგში, ხალხისა და სახელმწიფოს სამსახურს. ნებისმიერი მანდატი ეკუთვნის ხალხს. მინდა, კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს არჩევანისთვის. მათი არჩევანი არ იყო სასარგებლო ჩვენი გუნდისთვის, ეს იყო სასარგებლო ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი რეგიონისთვის. სწორედ აჭარამ იცის ყველაზე მეტად სტაბილურობის, სიმშვიდის, ეროვნულობის, ოჯახური ფასეულობების ფასი და აჭარის ტკივილიანი ისტორია, აჭარა არის სიმბოლო საქართველოს მარადიულობის. სწორედ ამ აღქმით, ასეთი საქმით, ჩვენ გასულ წელს ნდობა გამოვუცხადეთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, პატრიოტ კაცს. მისი პატრიოტიზმი მხოლოდ 2008 წლის ომის მობილიზაციის დროს არ გამოჩენილა, ეს ჩანს ყოველდღიურობაში. ეს პატრიოტიზმი, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, რომელიც უკვე ამ პოზიციიდან დრომ აჩვენა, გვაძლევს შესაძლებლობას, გუნდურად ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიოთ ჩვენს გონიერ, განათლებულ და კეთილგონიერ პრემიერ-მინისტრთან ერთად. დიდი მადლობა ჩვენს ხალხს, ჩვენს აჭარას. როგორც ჩვენმა უწმინდესმა თქვა: „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ – ყოველთვის გვაერთიანებდა და გაგვაერთიანებს“, – აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.შეგახსენებთ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ თანამდებობა 30 მარტს დატოვა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი ახალ ალიანსებს ქმნის რეგიონის მნიშვნელოვან ქვეყნებთან, რათა დაუპირისპირდეს ირანულ საფრთხეს

ირანის რეჟიმი უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე, ხოლო ისრაელი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ „ადრე თუ გვიან“ ირანის რეჟიმი დაეცემა.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი ახალ ალიანსებს ქმნის რეგიონის „მნიშვნელოვან ქვეყნებთან“, რათა დაუპირისპირდეს „ირანულ საფრთხეს“. ნეთანიაჰუს კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ამის შესახებ მოგვიანებით ვრცლად ისაუბრებს.„იმედი მაქვს, რომ მალე, ისრაელის მოქალაქეებო, მეტს გეტყვით ამ მნიშვნელოვანი ალიანსების შესახებ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ჰეზბოლა” ისრაელისთვის „სტრატეგიულ საფრთხეს“ აღარ წარმოადგენს.

კაია კალასი – ევროპელმა მინისტრებმა უნდა იმუშაონ ევროპისთვის და არა რუსეთისთვის

ევროპელმა მინისტრებმა ევროპისთვის უნდა იმუშაონ და არა რუსეთისთვის, – ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სერგეი ლავროვსა და პიტერ სიიარტოს შორის საუბრების აუდიოჩანაწერებს, რომლებიც მედიაში გავრცელდა.„მოკლედ ვიტყვი, რომ ევროპელმა მინისტრებმა უნდა იმუშაონ ევროპისთვის და არა რუსეთისთვის“, – განაცხადა კალასმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.ცნობისთვის, მედიაში სერგეი ლავროვსა და პიტერ სიიარტოს შორის საუბრების აუდიოჩანაწერები გამოქვეყნდა. ერთ-ერთი საუბარი რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის დის, გულბაჰორ ისმაილოვას წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მოხსნის ლობირებას ეხებოდა.მანამდე „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პიტერ სიიარტო რეგულარულად აწვდიდა სერგეი ლავროვს ინფორმაციას იმის შესახებ, რა განიხილებოდა ევროკავშირის შეხვედრებზე, ასევე, ინფორმაციას პოტენციური გადაწყვეტილებების შესახებ. თავად სიიარტომ განაცხადა, რომ სერგეი ლავროვთან მუშაობაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

საპატრიარქოში სინოდის სხდომა ჩაინიშნა

ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით. მათ შორის, სინოდის შემდგომ სხდომებთან და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა აუცილებელი საკითხები.

ბოლო სიახლეები