ხუთშაბათი, აპრილი 2, 2026

შალვა პაპუაშვილი: ვეთანხმები ლევან სანიკიძეს, რომ ოპოზიციური ფლანგი დღეს „ნაცმოძრაობის“ გარშემო ტრიალებს, თვალთმაქცობაა, თითქოს სხვადასხვა პარტია არსებობს

სანიკიძეს სრულად ვეთანხმები, რომ ოპოზიციური ფლანგი დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ტრიალებს, ეს ასეა. ყოველთვის ამაზე ვსაუბრობდით, რომ თვალთმაქცობაა, თითქოს სხვადასხვა პარტია არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ ქართული პოლიტიკა ტრიალებს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, ოპოზიციური პარტიები იდენტობას იშენებენ, რომ „ნაცები“ არ არიან, აბა, ვინ არიან?“.

„სინამდვილეში, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი დედა პარტიაა, რომლის შვილები არიან პატარ-პატარა პარტიები. ესეც გახლავთ გარედან დადგმული სცენარი, რომ ამ დაყოფით, გაყოფით, განაწილებით აღქმა შექმნან, თითქოს რაღაც ალტერნატივები არსებობს ოპოზიციაში. სინამდვილეში, ერთი დედა პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ კვებას ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიას თუ ე.წ. აქტივისტებს. ამიტომაც მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების სარჩელით. ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ არსებობს, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის ესკალაციის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის და საქართველოს სუვერენიტეტის უცხოელისთვის ჩაბარების ინსტრუმენტი, რომელსაც დემოკრატიულ სისტემაში ადგილი არ აქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს სანიკიძის განცხადების კიდევ ერთ ნაწილზე, ლევან სანიკიძე ამბობს: „ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოშლის 70 პროცენტი წყდება ქვეყნის გარეთ, დანარჩენი 30 პროცენტი შიგნიდან. ტალღას აქვს თავისი ლოგიკური მომენტი, რომელსაც სჭირდება მზადება. არ მაქვს შეგრძნება, რომ ხვალ 200 ათასი კაცი გამოვა. ივანიშვილს მთავარი შიში აქვს ქვეყნის გარეთ. ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო გუნდზე მეტს არავინ აკეთებს“.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სურვილია საქართველოს დამოუკიდებლობაზე თავდასხმით პოლიტიკური გავლენა მოიპოვონ.

„რამდენიმე პოლიტიკოსს ბრალდება აქვს წარდგენილი უცხო ქვეყნის ორგანიზაციებისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაში. ახლა პირდაპირ ეთერში ვხედავთ იმას, რაც საუკუნეების წინ ისტორიაში გვაქვს ნასწავლი, როდესაც რომელიღაც სამეფოების დედაქალაქებში ჩადიოდნენ ჯარის წამოსაყვანად, რათა თავისი მმართველობა დაემკვიდრებინათ. საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობაა, როდესაც სხვა ქვეყნებში ჩადიან და საქართველოს წინააღმდეგ ცდილობენ, სანქციების ჯარი შეკრან და არასასურველ პირად გამოცხადების ბატალიონები. ამაში ჩართულნი არიან ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში დადიან. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ქართველ ხალხში მხარდაჭერა არ აქვთ და სურთ, გარედან თავდასხმით, საქართველოს დამოუკიდებლობაზე თავდასხმით პოლიტიკური გავლენა მოიპოვონ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი ახალ ალიანსებს ქმნის რეგიონის მნიშვნელოვან ქვეყნებთან, რათა დაუპირისპირდეს ირანულ საფრთხეს

ირანის რეჟიმი უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე, ხოლო ისრაელი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ „ადრე თუ გვიან“ ირანის რეჟიმი დაეცემა.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი ახალ ალიანსებს ქმნის რეგიონის „მნიშვნელოვან ქვეყნებთან“, რათა დაუპირისპირდეს „ირანულ საფრთხეს“. ნეთანიაჰუს კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ამის შესახებ მოგვიანებით ვრცლად ისაუბრებს.„იმედი მაქვს, რომ მალე, ისრაელის მოქალაქეებო, მეტს გეტყვით ამ მნიშვნელოვანი ალიანსების შესახებ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ჰეზბოლა” ისრაელისთვის „სტრატეგიულ საფრთხეს“ აღარ წარმოადგენს.

კაია კალასი – ევროპელმა მინისტრებმა უნდა იმუშაონ ევროპისთვის და არა რუსეთისთვის

ევროპელმა მინისტრებმა ევროპისთვის უნდა იმუშაონ და არა რუსეთისთვის, – ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სერგეი ლავროვსა და პიტერ სიიარტოს შორის საუბრების აუდიოჩანაწერებს, რომლებიც მედიაში გავრცელდა.„მოკლედ ვიტყვი, რომ ევროპელმა მინისტრებმა უნდა იმუშაონ ევროპისთვის და არა რუსეთისთვის“, – განაცხადა კალასმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.ცნობისთვის, მედიაში სერგეი ლავროვსა და პიტერ სიიარტოს შორის საუბრების აუდიოჩანაწერები გამოქვეყნდა. ერთ-ერთი საუბარი რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის დის, გულბაჰორ ისმაილოვას წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მოხსნის ლობირებას ეხებოდა.მანამდე „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პიტერ სიიარტო რეგულარულად აწვდიდა სერგეი ლავროვს ინფორმაციას იმის შესახებ, რა განიხილებოდა ევროკავშირის შეხვედრებზე, ასევე, ინფორმაციას პოტენციური გადაწყვეტილებების შესახებ. თავად სიიარტომ განაცხადა, რომ სერგეი ლავროვთან მუშაობაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

საპატრიარქოში სინოდის სხდომა ჩაინიშნა

ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით. მათ შორის, სინოდის შემდგომ სხდომებთან და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა აუცილებელი საკითხები.

საქართველოში ირანის ელჩს ალი მოჯანს ფეისბუქ ანგარიში დაუბლოკეს

ირანის ელჩს ალი მოჯანს სოციალური მედია დაუბლოკეს.,,თქვენი აზრით, რა გახდა მიზეზი საქართველოში ირანის ელჩის ფეისბუქ ანგარიშის დაბლოკვისა — ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ფოტოსურათი ან პუნქტი?-ამის შესახებ ირანის ელჩი პლათფორმა X-ზე წერს

ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ 2026 წლის 31 მარტის სხდომაზე, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე - ლაშა სირაბიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევაზე იმსჯელეს.ფრაქციამ, აღნიშნულ თანამდებობაზე, ერთხმად დაუჭირა მხარი უმაღლეს საბჭოში ქობულეთის დელეგატისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ცოტნე ანანიძის კანდიდატურას.სხდომის დაწყებისას, ფრაქციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოში 10-წლიანი, ნაყოფიერი მოღვაწეობის, ღირსეული ხელმძღვანელობისა და რეგიონისთვის გაწეული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადეს უმაღლესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს - დავით გაბაიძეს, ხოლო მომავალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვეს.ცოტნე ანანიძემ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისათვის და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობა, პირველ რიგში, უდიდესი პასუხისმგებლობაა ხალხის, ქვეყნის, რეგიონისა და თანაგუნდელების წინაშე.ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძის კანდიდატურას უახლოეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

ბოლო სიახლეები