დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები პოლიციელებს ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ჰქონდათ მცდელობა, ცოცხლად დაეწვათ ადამიანები, აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, სიტყვიერზე აღარ ვსაუბრობ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არავის დაუგმია დანიაში ძალის გადამეტება. კახა კალაძის შეფასებით, ეს ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია.
„გვახსოვს მათი განცხადებები და პირდაპირი უხეში ჩარევები საქართველოსთან მიმართებით. ყველა განცხადება დაფუძნებული იყო სიცრუეზე, ცილისწამებაზე. ახლა კოპენჰაგენის მაგალითზე ვხედავთ, როგორ წარიმართა პროცესები, მაგრამ დღემდე ვინმეს თუ მოუსმენია მათი განცხადება ან დაეგმოთ ის კონკრეტული ქმედებები და ძალის გადამეტება? ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. ზუსტად ამ ტიპის ფაქტები პირდაპირ აჩენს მოსაზრებას, რომ არსებობს ორმაგი სტანდარტი, რაც ძალიან ცუდი და კატეგორიულად მიუღებელია. გავიხსენოთ საქართველოში მიმდინარე პროცესები, რა გამოხმაურება ჰქონდა და რა განცხადებებს აკეთებდნენ ამ მოვლენებზე მაშინ, როდესაც პირდაპირ ვხედავდით, რომ ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია, არამედ კონკრეტული კრიმინალური დაჯგუფებები მოქმედებდნენ, რომლებიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებს ესროდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ პოლიციელებს. ეს ყველაფერი წახალისებული იყო იმ კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან, რომელთაც, რა თქმა უნდა, გარკვეული ინტერესი აქვთ საქართველოსთან მიმართებით. ვიცით, რა არის ამ ინტერესის მთავარი საგანი და რაში სჭირდებათ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტასა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს. წერილში პრემიერი კითხვით მიმართავს ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტების წარმომადგენლებს: „როგორ აფასებთ ძალადობას კოპენჰაგენში, როცა მშვიდობიან დემონსტრანტებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს?“

