საქართველო არის ქვეყანა, სადაც მართლმადიდებლობა არა მხოლოდ რელიგიური რწმენა, არამედ ეროვნული იდენტობის, კულტურისა და სახელმწიფოებრიობის საფუძველია, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საერთო ღირებულებების დაცვა არის გზა, რომელიც ხალხებს შორის მეგობრობასა და თანამშრომლობას აძლიერებს.
„ძვირფასო კოლეგებო, მოგესალმებით საქართველოს პარლამენტში. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა საქართველოში და მიხარია, რომ მოახერხეთ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსვლა თბილისში – ქალაქში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო კულტურის, სულიერი ცხოვრების და დიალოგის ცენტრი.
საქართველო არის ქვეყანა, სადაც მართლმადიდებლობა არა მხოლოდ რელიგიური რწმენა, არამედ ეროვნული იდენტობის, კულტურისა და სახელმწიფოებრიობის საფუძველია. ჩვენი ისტორია გვასწავლის, რომ რწმენამ და საერთო ღირებულებებმა გაგვაძლიერა რთულ პერიოდებში, დაგვიცვა და მოგვცა ძალა, რომ შეგვენარჩუნებინა თავისუფლება და დამოუკიდებლობა.
IAO-ს საქმიანობაში საქართველოს მონაწილეობა ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ეს პლატფორმა, რომელიც 1993 წელს საბერძნეთის პარლამენტის ინიციატივით შეიქმნა და რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა საქართველოა, დღეს უკვე უნიკალურ სივრცეს წარმოადგენს, სადაც მრავალი ქვეყნის პარლამენტარები ერთიანდებიან საერთო კულტურული ტრადიციებისა და სულიერი ფასეულობების დასაცავად. ასამბლეამ შეძლო არა მხოლოდ ევროპულ, არამედ გლობალურ მასშტაბზე თანამშრომლობის ჩამოყალიბება, რელიგიათაშორისი დიალოგის გაღრმავება და საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოება. მისი მიზნები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, მშვიდობისა და თავისუფლების მხარდაჭერა, სრულად შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს და ჩვენს ისტორიულ გამოცდილებას.
ჩვენი ქვეყნის სულიერ ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია წმინდა ნინოს, რომელმაც IV საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობა მოიტანა და ჩვენი ხალხის ისტორია სამუდამოდ შეცვალა. მისი მემკვიდრეობა დღესაც ცოცხალია, ბოდბის მონასტერი, სადაც მისი საფლავია, არა მხოლოდ სიწმინდეა, არამედ სიმბოლოა საქართველოს ქრისტიანული გზისა და კულტურული მდგრადობისა. სწორედ ამიტომ, თქვენი სტუმრობა იქ კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს საერთო სულიერ კავშირს. ჩვენ გვჯერა, რომ საერთო ღირებულებების დაცვა არის გზა, რომელიც ხალხებს შორის მეგობრობასა და თანამშრომლობას აძლიერებს. ამ გზაზე საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს, როგორც მრავალსაუკუნოვანმა მართლმადიდებლური კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყანამ, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხიდის ფუნქციას ასრულებს.
დღეს, როდესაც ასამბლეა ახალ ეტაპზე გადადის, ჩვენ, ქართველები, ვხედავთ მას, როგორც შესაძლებლობას, რომ ჩვენი ხმა კიდევ უფრო მკაფიოდ გაისმას. საქართველო ყოველთვის მზად არის, რომ იყოს ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ქრისტიანებსა და სხვა რელიგიურ თემებს შორის, და თავისი გამოცდილებითა და ღირებულებებით წვლილი შეიტანოს საერთო მიზნებში. ჩვენი ქვეყნის ისტორია საუკუნეების მანძილზე ცნობილია რელიგიათაშორისი ტოლერანტობით − საქართველოში დღესაც ყველა რელიგიის წარმომადგენელი მეგობრულად ცხოვრობს. ამის საუკეთესო მაგალითია ძველი თბილისი, სადაც ერთმანეთის გვერდით აღმართულია მართლმადიდებლური ტაძარი, მეჩეთი, სინაგოგა და კათოლიკური ეკლესია. ეს მემკვიდრეობა ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს სულიერი კულტურა ყოველთვის ეფუძნებოდა ურთიერთპატივისცემას, დიალოგს და მშვიდობიან თანაცხოვრებას. სწორედ ამ გამოცდილებით ვამაყობთ და მზად ვართ, რომ იგი გავუზიაროთ მსოფლიოს.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა თბილისში კიდევ უფრო გააძლიერებს ურთიერთგაგებას, მეგობრობას და თანამშრომლობას. საქართველოს პარლამენტი ყოველთვის იქნება თქვენი პარტნიორი იმ ინიციატივებში, რომლებიც ემსახურება მშვიდობას, დემოკრატიას და ქრისტიანული ფასეულობების დაცვას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

