პარასკევი, აპრილი 17, 2026

თინა ბოკუჩავა – სამწუხაროდ, ჩვენ ერთობლივი მესიჯის პრობლემაც გვაქვს, არ ვცდილობთ, მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ არ ვართ უღმერთოები და ურწმუნოები, არ ვცდილობთ, ამ მოედანზე შევიდეთ

პეტერ მადიარმა გააკეთა ის, რაც, სამწუხაროდ, ჩვენ დღემდე ვერ შევძელით, უნგრელ ხალხს დაანახა, რომ სინამდვილეში ის კი არ იყო ანტიქრისტე და ურწმუნო, ტრადიციულ ღირებულელბებთან მებრძოლი, არამედ, პირიქით, ორბანი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, „ქართული ოცნება“ საუბრობს, თითქოს იცავს ენას, მამულს, სარწმუნოებას, სინამდვილეში კი იშლება ჩვენი ეროვნული იდენტობა ყველა თვალსაზრისით.

თინა ბოკუჩავას შეფასებით, ოპოზიციაში, შესაძლოა, არის ერთობლივი მესიჯის პრობლემა, ოპოზიცია არ ცდილობს, შევიდეს ამ მოედანზე და საქართველოს მოქალაქეებს აჩვენოს, რომ არ არიან უღმერთოები და ურწმუნოები.

„მადიარმა ძალიან სწორი კამპანია და პოზიციონირება აირჩია. ის ძალიან ხშირად დადიოდა, მაგალითად, უნგრულ, ეროვნულ სამოსში. პრაქტიკულად მუდმივად, ყველა გამოსვლაზე, მათ შორის საპროტესტო აქციებზე, და არა მხოლოდ, კლიპებში, აბსოლუტურად ყველგან ფიგურირებდა დროშით. რისი თქმა მინდა, იცით? ჩვენ ამაზე ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, მაგრამ საკმარისად არ ვაკეთებთ. ეს ეროვნული თემები და ეროვნული ღირებულებითი იდენტობა თითქოსდა რაღაცნაირად მიიტაცა რუსულმა ოცნებამ, რაც მართლა წარმოუდგენელია. ამას ცდილობდა ორბანი, ოღონდ მადიარმა გააკეთა ის, რაც ჩვენ დღემდე, სამწუხაროდ, ვერ შევძელით – და, ჩემი აზრით, გაცილებით მეტი ინვესტიცია უნდა მოვახდინოთ ამაში – მან უნგრელ ხალხს დაანახა, რომ სინამდვილეში ის კი არ იყო ანტიქრისტე და ურწმუნო, ტრადიციულ ღირებულელებთან მებრძოლი, არამედ, პირიქით, ორბანი, რომლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალი იყო ბავშვებზე, არასრულწლოვნებზე ძალადობის სკანდალი. ამან შეიწირა, მათ შორის, მისი ყოფილი მეუღლე, რომელიც იუსტიციის მინისტრი იყო მანამდე. ანუ, საკუთარ მეუღლესაც კი საჯაროდ დაუპირისპირდა და გზავნილი იყო უნგრელებისთვის, რომ ამაზეც კი მზად არის ეს ადამიანი. უკომპრომისობას ავლენდა, მათ შორის ამ მოედანზე, რომლის მონოპოლიზებაც მანამდე შეძლო ორბანმა და იმავეს აკეთებს რუსული ოცნება. გამოვიდა კობახიძე და სრული პარაზიტირება, თითქოს  ისინი იცავენ ენას, მამულს და სარწმუნოებას. ოღონდ აქ არიან წარმოუდგენლად ფარისევლები, აბსოლუტურად ყველგან, რასაც არ უნდა გავყვეთ. მართლა იშლება ჩვენი ეროვნული იდენტობა, ყველა თვალსაზრისით, ენა, მამული, სარწმუნოების თვალსაზრისითაც, მათ შორის, და უმეტესწილად, რაც საუკუნეების მანძილზე ჩვენთვის ყველაზე წმინდა ღირებულებები იყო, რისთვისაც ამდენი თაობა იბრძოდა. სამწუხაროდ, მე ვფიქრობ, აქაც რაღაცნაირად ერთობლივი მესიჯის პრობლემაც შეიძლება არის ხოლმე, რომ ჩვენ არ ვცდილობთ, ამ მოედანზე შევიდეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვაჩვენოთ, არა, მე არ ვარ უღმერთო და ურწმუნო, ნამდვილად, ეკლესიაშიც დავდივარ, აღსარებასაც ამბობ, მამაოც შეიძლება გყავდეს, კონკრეტული ეკლესიის მრევლიც იყო და არანაირად არ უნდა მისცე საშუალება მართლა უღმერთო, ყოველგვარი სულიერებისგან და ღმერთისგან დაცლილ, ჩემი აზრით, კერპთაყვანისმცელობისკენ მიდრეკილ ივანიშვილს, რომელიც ხეებში, ქვებში და ათასგვარ ურჯულობაში პოულობს შვებას, მოახდინოს ისეთი რაღაცების მონოპოლიზება, რაც ჩვენთვის მართლა ძვირფასია. შეიძლება, ძალიან პირადია და ჩვენ ამის აფიშირება არ გვინდა, მაგრამ მაშინ, როდესაც ასეთ მონსტრს ებრძვი და ის ცდილობს, ასეთი თემების მანიპულირებით, ამაზე პარაზიტირებით გაიძლიეროს, გაიმაგროს ხელისუფლება, რათა შემდეგ დაიმონოს მთელი ქვეყანა, შენც გიწევს, ახლა თუ პოლიტიკოსი ხარ და საჯარო სივრცეში გიწევს ოპერირება, კი, ჩვენც უნდა შევიდეთ, ოღონდ სიმართლე ვთქვათ მათგან განსხვავებით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა. მან ფინალში აზერბაიჯანის წარმომადგენელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა.როგორც ფინალს სჩვევია, შეხვედრა მეტისმეტად დაძაბული გამოდგა და დამატებით დროში გადავიდა. ძიუდოისტებმა 10 წუთი იჭიდავეს, თუმცა ქულის აღება ვერცერთმა ვერ მოახერხა. ლაშა შავდათუაშვილმა მეტოქე სამჯერ გააფრთხილებინა და ოქროს მედალიც დაიმსახურა.მის ყულაბაში უკვე ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის (2) ოქროს მედლებია.შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ევროპის ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი გახდა.

გიგა ბოკერია – ოპოზიციის ალიანსის ამოცანაა, ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და შეიცვალოს რეჟიმი, არჩევნებამდე გვჭირდება გარდატეხა საზოგადოებაში, მშვიდობიანი საპროტესტო ტალღა

საზოგადოების და ოპოზიციის ალიანსის ამოცანაა, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და ამ გზით შეიცვალოს რეჟიმი, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.მისივე თქმით, არჩევნებამდე საჭიროა გარდატეხა საზოგადოებაში და მშვიდობიანი პროტესტი.„უნგრეთში იყო არჩევნები და გაიმარჯვა ოპოზიციამ, ჩვენი, საზოგადოების და ოპოზიციის ალიანსის ამოცანაა, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და ამ არჩევნების გზით შეიცვალოს რეჟიმი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული საფრთხის შემქმნელია. თავისუფალი ქვეყნებისგან განსხვავებით, არჩევნებამდე გვჭირდება იმ ხარისხის გარდატეხა საზოგადოებაში, იმ ხარისხის მშვიდობიანი საპროტესტო ტალღა, რაც ახალი არჩევნების ჩატარების შანსს მოგვცემს. 26 მაისის შეკრება, ოპოზიციური ალიანსის და ყველა აქტიური სამოქალაქო ჯგუფის აქტიური კამპანია, რათა მეტი მოქალაქე იყოს ჩართული მშვიდობიან პროტესტში, სწორედ ამ ამოცანას ემსახურება. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ იმ ეროვნული ამოცანის მიღწევას, რაც ჩვენ წინაშე დგას – ამ რეჟიმის შეცვლა, თავისუფალ სამყაროში ჩვენი დაბრუნება, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნებით, უბრალოდ, თავისუფალი არჩევნების მისაღწევად არის საჭირო იმ ხარისხის მასშტაბური მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც ამ რეჟიმს გადატეხავს და მის რეგრესიულ აპარატს კონტროლს დააკარგვინებს. ასე მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს, ეს იყო და არის „ფედერალისტების“ და ოპოზიციის ალიანსის პოზიციაც“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

გია ვოლსკი – იმედია, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე ხარვეზს მალე გამოასწორებენ და საქართველოს შესახებ ინფორმაცია განახლდება

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო არ არის განახლებული ის ვებგვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტადაა მითითებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.გია ვოლსკი იმედოვნებს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხარვეზს მალე გამოასწორებს.„ეჭვის საფუძველი გვაქვს, ეს გარკვეული პასუხია იმაზე, რომ საქართველოში მათი ელჩის საქმიანობის გამო სამართლიანი უკმაყოფილება გამოვხატეთ, შესაძლოა, ეს იყოს პასუხი. მაგრამ ვინაიდან მაღალი დონის წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს ტექნიკური შეცდომაა, ჩვენც მივიღოთ როგორც ტექნიკური შეცდომა. მსოფლიოსაც და ჩვენს საზოგადოებასაც ვაცნობოთ, რომ გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია რომ არ განახლებულა, სხვა არაფერია, თუ არა ტექნიკური შეცდომა. ძალიან კარგი პასუხია და იმედია, ამ ხარვეზს მალე გაასწორებენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

2026 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა

2026 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ათასწლეულის ფონდი ავრცელებს.მათივე ცნობით, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კონკურსია საბუნებისმეტყველო-საინჟინრო STEM დარგებით და ინოვაციებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის.„კონკურსი 2014 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციების, საბუნებისმეტყველო-საინჟინრო STEM დარგების პოპულარიზებას ახალგაზრდებში და საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას. კონკურსის ამოცანაა, გამოავლინოს სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდები, რომლებიც წარმოადგენენ ინოვაციურ პროექტებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების და ინჟინერიის (STEM) დარგებში.პროექტების წარდგენა შესაძლებელია შემდეგ კატეგორიებში: კოსმოსი და ავიაცია, კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება, ჯანდაცვა და კვება, გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები (მობილური აპლიკაციები, ფინანსური ტექნოლოგიები, საბანკო აპლიკაციები, ხელოვნური ინტელექტი, ა.შ), რობოტექნიკა.კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13-17 წლის უფროსკლასელებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია გუნდურად. გუნდში წევრების მინიმალური რაოდენობაა ორი, ხოლო მაქსიმალური – ოთხი. გუნდის წევრები შეიძლება იყვნენ როგორც ერთი საჯარო ან კერძო სკოლიდან ან სხვადასხვა სკოლებიდან. კონკურსანტების პროექტებს შეაფასებს დამოუკიდებელი ჟიური. პირველ ადგილზე გასული გუნდი 2027 წლის ზაფხულში გაემგზავრება NASA-ში, აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებს საზაფხულო სკოლაში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდები, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო STEM ბანაკებში ანდა დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.კონკურსს ტრადიციულად ახორციელებს ათასწლეულის ფონდი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და „ლიბერთი ბანკი“. კონკურსის ფინალისტებს სხვადასხვა პრიზს გადასცემენ კონკურსის პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები“, – ნათქვამია ათასწლეულის ფონდის ინფორმაციაში.მათივე ცნობით, კონკურსისთვის ანკეტების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის პირველი ივნისი.„კონკურსის შესახებ დეტალები იხილეთ ფონდის ვებგვერდზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით კონკურსის მენეჯერს, ნინო ჯაფარიძეს, ტელ.: +995 591 21 82 82, ელფოსტა: mia@millennium.org.ge“, – აღნიშნულია ათასწლეულის ფონდის ინფორმაციაში.

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ეფექტურად დაასრულა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), რომელმაც ისრაელის წარმომადგენელი ტიმნა ნელსონ ლევი ფინალში ეფექტური გდებით დაამარცხა.შეხვედრის დასაწყისში ქართველმა ძიუდოისტმა გდება გაუშვა და ბოლო წამებამდე 0:1-ს აგებდა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე ეთერ ლიპარტელიანმა მეტოქე იპონით დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ევროპის ოქროც მიამატა.იგი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც ევროპა მოიგო.

ბოლო სიახლეები