კვირა, ნოემბერი 22, 2026

თბილისის მერია – საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა „ევროპული ახალგაზრდული ბარათი“, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე

თბილისის მერიის ინფორმაცით, საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე.

მათივე ცნობით, „ევროპული ახალგაზრდული ბარათი“ ევროპული ინიციატივაა, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება და უკვე 40 წელია, ევროპის კონტინენტზე 9.3 მილიონი ახალგაზრდისთვის მოგზაურობის შესაძლებლობებს ქმნის.

ბარათის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების მონაწილეებს თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმართა და აღნიშნა, რომ ბარათი მილიონობით ახალგაზრდისთვის მოგზაურობის, გართობის, კულტურის, სპორტისა და სხვა მიმართულებებით არაერთ შესაძლებლობას ქმნის.

„ჩვენ გასულ წელს აღნიშნული ინიციატივის შესახებ უკვე ვაცნობეთ საზოგადოებას, ახლა კი გადავდივართ დაპირების უშუალო აღსრულებაზე – ქართველი ახალგაზრდები ამიერიდან „ევროპული ახალგაზრდული ბარათებით“ ისარგებლებენ, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ქართველ ახალგაზრდებს არასდროს ჰქონდეთ შეგრძნება, თითქოს მათ შესაძლებლობებზე წვდომა შეზღუდულია. ბარათი საქართველოს 18-30 წლის ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე და მილიონობით ახალგაზრდისთვის მოგზაურობის, გართობის, კულტურის, სპორტისა და სხვა მიმართულებებით არაერთ შესაძლებლობას ქმნის. გახსოვდეთ, ეს ბარათი მხოლოდ ფასდაკლებები არ არის – ეს არის ახალი გამოცდილება, ახალი შესაძლებლობები და კიდევ უფრო მეტი კავშირი ევროპულ სივრცესთან“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, თბილისის მერია, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის წამახალისებელ და მხარდამჭერ ღონისძიებებს ახორციელებს.

„გვაქვს სპორტის, კულტურის, განათლების მიმართულების პროგრამები, რომლებშიც არაერთი ახალგაზრდაა ჩართული. ყოველწლიურად ვცდილობთ, ყველა პროგრამა გავაფართოოთ და უფრო მეტ მოქალაქეს მივცეთ მათში ჩართვის შესაძლებლობა, რადგან განათლებული და წარმატებული ახალგაზრდა ქვეყნის მშენებლობის ქვაკუთხედია.  მიხარია, რომ თბილისის მერია ამჯერადაც მოწინავე პოზიციაზეა და მიეცა შესაძლებლობა, განახორციელოს უმნიშვნელოვანესი პროგრამა, რომლითაც ჩვენი ახალგაზრდები ევროპელი ახალგაზრდების რიგებს შეუერთდებიან. მათ სპეციალურ პირობებს სთავაზობენ როგორც კერძო კომპანიები, ისე მუნიციპალური სპორტული და კულტურული ცენტრები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლებს, რადგან მათთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, „ახალგაზრდული ბარათი“ უკვე ხელმისაწვდომია „საქართველოს ბანკის“ მობაილბანკში.

„მადლობა მინდა, გადავუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გამოხატული მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. მათი ჩართულობის გარეშე მუნიციპალიტეტი ვერ შეძლებდა მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებას. მადლობა ეკუთვნის ჩემს მოადგილეს, ანდრია ბასილაიას, ასევე, თბილისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს, ირაკლი გვილავას, უწყების ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის საქმედ ქცევაში.

ჩვენ ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებით, ყოველთვის მოგისმენთ და შევეცდებით, განვახორციელოთ ახალგაზრდების მხარდამჭერი იდეები, რათა ჩვენი სიტყვა ვთქვათ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თქვენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, ბევრია დამოკიდებული ახალგაზრდულ ენერგიაზე. დარწმუნებული ვარ, ის სიყვარული, რომელიც თითოეულ თქვენგანს გაგაჩნიათ ჩვენი სამშობლოს მიმართ, ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

„ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ შესახებ დამატებითი დეტალები საზოგადოებას თბილისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა გააცნო.

მისი თქმით, აღნიშნული ბარათის მფლობელები შეძლებენ, ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით ევროპის 40 ქვეყანაში. აგრეთვე, ადგილობრივ დონეზე უკვე ხელმისაწვდომია 50-ზე მეტი შეთავაზება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტ ობიექტზე ვრცელდება.

„საქართველოს ბანკის“ მობაილბანკში წარმოდგენილი ბარათის სარეგისტრაციო პროცესი ძალიან მარტივია, ერთჯერადად 10 ლარის გადახდით კი მისი გამოყენება მთელი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. პროდუქტი რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ წარმოვადგინეთ. ის არ არის ტიპური ბარათი, რომლითაც გადარიცხვებია შესაძლებელი, თუმცა „საქართველოს ბაკთან“ ერთად ის ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. მინდა, წარმატებები ვუსურვო ახალგაზრდებს, რომლებიც ბარათის მფლობელები გახდებიან. ვფიქრობ, ერთი წლის შემდეგ მნიშვნელოვან შემაჯამებელ ღონისძიებას გავმართვთ“, – განაცხადა ირაკლი გვილავამ.

„ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ მფლობელებს სპეციალურ პირობებს სთავაზობენ როგორც კერძო კომპანიები, ისე მუნიციპალური სპორტული და კულტურული ცენტრები. პროგრამის პარტნიორია საქართველოს კულტურის სამინისტროც, რომლის მხარდაჭერითაც, სპეციალური ტარიფები მოქმედებს 19 სახელმწიფო მუზეუმსა და ექვს თეატრში.

ბარათის მფლობელები სხვადასხვა სერვისზე 5%-დან 40%-მდე შეღავათით სარგებლობენ. „ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ მიღება შეუძლია საქართველოს 18-დან 30 წლამდე მოქალაქეებს. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და ადგილობრივი თუ საერთაშორისო შეთავაზების სანახავად ხელმისაწვდომია ოფიციალური ვებგვერდი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილეები, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები, რაიონული გამგეობებისა და „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლები, ასევე ახალგაზრდები.

თბილისის მერიის ცნობით, პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს, რომელიც ევროპული ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის (EYCA) ლიცენზირებული წევრია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დუდა სანაძე – საბერძნეთში მხოლოდ გამარჯვებისთვის მივდივართ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 26 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს საბერძნეთში გამართავს. 29 ნოემბერს კი თბილისში პორტუგალიას უმასპინძლებს.ამ შეხვედრების მნიშვნელობაზე ნაკრების უკანახაზელმა დუდა სანაძემ ისაუბრა:„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები გველის. თუ საბერძნეთს მოვუგეთ, სამ დღეში პორტუგალიასთან გამარჯვებით მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ნაადრევად ვინაღდებთ. ხოლო საბერძნეთთან წაგების შემთხვევაში 29-ში პორტუგალიასთან აუცილებლად მოსაგები თამაში გვექნება, რომ თებერვლის ფანჯარაში მიზანს საბოლოოდ მივაღწიოთ.გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელშვილის არყოფნა ძალიან დიდი დანაკლისია, თუმცა საბერძნეთში მხოლოდ ერთი მიზნისთვის მივდივართ – გამარჯვებისთვის.რაც შეეხება კაპიტანს, უკვე მივეჩვიეთ თორნიკე შენგელიას გმირობებს. ახლაც ჯერ ევროლიგაზე ითამაშებს, შემდეგ ათენში გადმოფრინდება და საბერძნეთთან დაგვეხმარება. ეს სასწაულის ტოლფასია. ბიჭებსაც მეტ მოტივაციას გვაძლევს“.

„მეც არ მჯერა რომ ამას ვწერ მაგრამ…“ – მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი ერთმანეთს დაშორდნენ

მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შესახებ მარიამი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ბევრი ფიქრის შემდეგ მიიღო. მარიამი არ აკონკრეტებს რა გახდა წყვილის დაშორების მიზეზი.„მეც არ მჯერა რომ ამას ვწერ მაგრამ, რადგან ჩვენს სიყვარულს უამრავი გულშემატკივარი ჰყავდა. სწორედ ამიტომ, თავს ვალდებულად ვთვლი, გაურკვევლობაში არ გამყოფოთ და დაგიდასტუროთ, რომ ჩემი ქორწინება დასრულდა. მიზეზებსა და დეტალებზე არ ვაპირებ საუბარს, რადგან ეს სწორ საქციელად არ მიმაჩნია, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ექვს წლიან ურთიერთობაში უბედნიერესი ვიყავი.გარდა ამისა, ეს ამბავი მხოლოდ ჩვენ ორს, მე და კარლოს გვეხება და საჯაროდ მიზეზების განხილვა არაეთიკურად მიმაჩნია. არ ვარ ადამიანი, რომელიც პირად ურთიერთობაში იმპულსურ გადაწყვეტილებებს იღებს, მინდა იცოდეთ, რომ ეს ნაბიჯი ბევრი ფიქრის შედეგად, სრულიად შეგნებულად გადავდგი. მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი განუზომელია მე ეს უნდა გამეკეთებინა ორივეს ბედნიერებისთვის, მე მადლიერი ვარ კარლოსი, მასთან გატარებული ყველა ბედნიერი წუთისა და დღისთვის. ის ჩემი ცხოვრების ულამაზესი წლების შემოქმედი იყო. გულწრფელად ვუსურვებ მას ბედნიერებას და ცხოვრების ბოლომდე მის გულშემატკივრად დავრჩები. ზოგჯერ გაშვება სიყვარულის ყველაზე ჭეშმარიტი გამოვლინებაა ..“- წერს მარიამი.ცნობისთვის, მარიამ შარმანაშვილის და კარლო პონტის გრანდიოზული ქორწილიდან ივლისში ერთი წელი შესრულდა.

მეუფე იობი – რომ ვთქვი, ურწმუნოა ეს ხელისუფლება, თავიანთი სახე წარმოჩინდა მათი გამოხმაურებით – მე კი არ შეურაცხმყვეს, შეურაცხყვეს ღმერთი, ეკლესია და წარმოჩინდა, რომ...

რომ ვთქვი, ურწმუნოა ეს ხელისუფლება და არაეკლესიური, თავიანთი სახე წარმოჩინდა, ხომ, ასეა?! მათი გამოხმაურებით, მათი დამოკიდებულებით - მე კი არ შეურაცხმყვეს მათ, შეურაცხყვეს ღმერთი, შეურაცხყვეს ეკლესია. აქედან წარმოჩნდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი, - ამის შესახებ მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა.როგორც მეუფემ აღნიშნა, ზუსტად უნდა დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი და ფარისევლობაა, როდესაც ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ.„ვინც ეზიარება, ვინც მაზიარებელია, ის არის ქრისტესთან. თუ დაცილებულია ადამიანი და ეკლესიური არ არის, ის ღმერთთან არ არის. მე, ჩემს წინა ქადაგებაში, ყველა ჩემს წინადადებას ახსნას გავუკეთებ - რომ ვთქვი, ურწმუნოა ეს ხელისუფლება და არაეკლესიური, თავიანთი სახე წარმოჩინდა, ხომ, ასეა?! მათი გამოხმაურებით, მათი დამოკიდებულებით. როგორც დღეს, სახარებაში თქვენ მოისმინეთ, რომ თქვენ თუ შეურაცხგყოფენო, მოციქულებს ეუბნება, ისინი მე შეურაცხმყოფენო. მე კი არ შეურაცხმყვეს მათ, შეურაცხყვეს ღმერთი, შეურაცხყვეს ეკლესია. აქედან წარმოჩნდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი და ვისაც რწმენა აქვს, ის ეკლესიურიც არის იმიტომ, რომ მას არ სურს, რომ დაიღუპოს. რწმენა ეშმაკსაც აქვს, ეშმაკს სწამს, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ დადასტურება ღვთის მყოფობისა და ღმერთთან ურთიერთობის არის ეკლესიური ცხოვრება, რომ ჩვენ გადარჩენა გვინდა, ჩვენ ცხონება გვინდა. ჩვენი სული უნდა ცხონდეს. აი, ეს არის მორწმუნეობა, ეს არის ეკლესიურობა. ბევრს ჰგონია, რომ სანთლით დადგეს ტაძარში, დაანთოს სანთელი და ეს არის მორწმუნეობა და ქრისტიანობა - ეს არ არის ქრისტიანობა, ეს არის ფარისევლობა, ზუსტად უნდა დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. ფარისევლობაა ეს, რომ ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ“- განაცხადა მეუფე იობმა.

შიო მესამე – ყოველი ჩვენგანის გვერდით ყოველთვის დგას ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ, ბოროტებასთან ბრძოლაში მარტო არ ვრჩებით

ყოველი ჩვენგანის გვერდით ყოველთვის დგას ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ. ნამდვილი სიყვარული თავგანწირვის გარეშე არ არსებობს. ის ასეთი სიყვარულით გვემსახურება. ბოროტებასთან ბრძოლაში მარტო არ ვრჩებით, ის ყოველთვის ჩვენ გვერდით არის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ მთავარანგელოზობას, თბილისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.შიო მესამემ საზოგადოებას დღევანდელი დღესასწაული მიულოცა.პატრიარქის თქმით, მართლმორწმუნე ქრისტიანს ჰყავს თავისი მფარველი ანგელოზი, რომელიც იცავს მას ბოროტებისგან.„სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა.მაღალღირსო მამაო ალექსანდრე, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო,გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს – მთავარანგელოზ მიქაელის და სხვა უხორცო ზეციური ძალების ხსენებას, ამ შესანიშნავი ტაძრის დღესასწაულს.მოგეხსენებათ, რომ სულიერი სამყარო არ შედგება მხოლოდ ადამიანთა სულებისგან, არამედ ასევე – მთავარანგელოზების, ანგელოზების, ზეციური ძალების აურაცხელი სიმრავლისგან. ეს უხილავი სულიერი სამყარო შეიქმნა უფრო ადრე, ვიდრე ხილული ქვეყანა. წმინდა წერილი ასე იწყება: „პირველად ღმერთმა შექმნა ცა და ქვეყანა“ (დაბ. 1, 1). შემდეგ ბიბლია მოგვითხრობს ხილული სამყაროს შექმნაზე. მაშასადამე, პირველად ღმერთმა შექმნა ზეცა. სწორედ ამ სიტყვებით მიგვითითებს წმინდა წერილი ანგელოზთა უხილავ სამყაროს შექმნაზე.ანგელოზთა სამყაროში თავიდან ყველა წმინდა და კეთილი იყო. შემდეგ, როგორც მოგეხსენებათ, ნაწილი აუჯანყდა ღმერთს და წარმოიქმნა ბოროტი ანგელოზების სამყარო.ამ უხილავი, ზეციური სამყაროს დანახვა და გაგება მიწიური ადამიანისთვის ძალიან რთულია, შეუძლებელია, მაგრამ წმინდა წერილში გარკვეული რამ გვეხსნება ანგელოზების შესახებ. ასევე, წმინდანები, წმინდა ადამიანები მოგვითხრობენ ანგელოზთა თაობაზე. რატომ? იმიტომ, რომ როგორც ამბობს უფალი, მათ ეს ხედვა ეძლევათ: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათი ღმერთი იხილონ“ (მთ. 5, 8 ).აქედან ვიცით, რომ ზეციური ძალები არიან ძლიერი, კეთილი, წმინდა სულები, რომლებიც ღმერთს და ადამიანებს ემსახურებიან. ყველა მათგანი არ არის ერთმანეთის თანასწორი. ზეციურ სამყაროში არის სამი იერარქია და ცხრა დასი. მთელი ამ ანგელოზთა დასის მხედართმთავარი და მეთაური არის მიქაელ მთავარანგელოზი, რომლის და მთელი სხვა ზეციური უხორცო ძალების ხსენებასაც დღეს აღვასრულებთ.ასევე, მართლმორწმუნე ქრისტიანს ჰყავს თავისი მფარველი ანგელოზი, რომელიც იცავს მას ბოროტებისგან, მაგრამ თვითონვე განვაგდებთ ამ ჩვენს მფარველ ანგელოზს, როდესაც ვცოდავთ, ბოროტებაზე ვთანხმდებით; მაშინ ეს ანგელოზი განიცდის, ტირის და წუხს. და, პირიქით, მოვიზიდავთ მას ჩვენკენ, როცა ვიჩენთ მოშურნეობას და სწრაფვას სიწმინდისკენ, სულიერებისკენ.ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ყოველი ჩვენგანის გვერდით ყოველთვის, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, დგას ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ. როგორც გითხარით, ის ჩვენც გვემსახურება. მისი მსახურება არის თავგანწირული სიყვარულის მსახურება. ნამდვილი სიყვარული თავგანწირვის გარეშე არ არსებობს. ის ასეთი სიყვარულით გვემსახურება.ამ სიყვარულის ძალა აქცევს მას ჩვენს დიდ მეგობრად. თანაც, როგორი მეგობარი გვყავს, წარმოიდგინეთ. რა ბედნიერი ვართ. რა სიხარულია, რომ ბოროტებასთან ბრძოლაში მარტო არ ვრჩებით. ის ყოველთვის ჩვენ გვერდით არის. ეს არის მეგობარი, რომელსაც აქვს ძალა, რომლის მსგავსი სხვა ძალა დედამიწაზე არ არსებობს. ასეთი სიყვარულით გვემსახურება და გვეხმარება. თანაც, მისი მსგავსი სიყვარული ჩვენ არ შეგვწევს, ისე ვუყვარვართ. ჩვენ არ შეგვწევს, მას კი ასე ძლიერ ვუყვარვართ, ასეთი ძლიერი სიხარულია ჩვენთვის.ასე რომ, გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ დიდ სიხარულს და გისურვებთ, ეს სიხარული მუდამ თქვენთან ყოფილიყოს. ამისთვის ყოველთვის ვევედროთ წმინდა ანგელოზებს, წმინდა მთავარანგელოზებს:წმინდა მთავარანგელოზო მიქაელ და ყოველნო ზეცისა უსხეულონო ძალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის. წმინდაო მფარველო ანგელოზო ჩემო, ევედრე ღმერთსა ჩემთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს“, – განაცხადა შიო მესამემ.ამასთან, შიო მესამის თქმით, დამწუხრებულია დღეს მთელი ქვეყანა, გლოვის დღეები გვაქვს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო.„დღეს განსაკუთრებით ვიხსენიებთ ყველა იმ გარდაცვლილ ადამიანს, ვევედრებით უფალს, მთავარანგელოზებს, რომ შეეწიონ მათ სულებს, ასევე ჭირისუფლებს, მათი ოჯახის წევრებს და დაშავებულებს, რომელთაც ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას.ძვირფასო, მამა ალექსანდრე, რა თქმა უნდა, დღეს ვიხსენებთ თქვენს შესანიშნავ ვაჟს, რომლის გარდაცვალებიდან მალე ერთი წელი გავა. კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ. მის სულსაც ვუსურვებ ანგელოზთა შეწევნას, თქვენ კი – გაძლიერებას.მინდა, დღეს განსაკუთრებული სიყვარული გამოვხატო თქვენ მიმართ, თქვენი საქმიანობის, ღვაწლის მიმართ. ჩვენ გვაკავშირებს მრავალწლიანი ურთიერთობა. ძალიან მოხარული ვარ დღეს თქვენთან ერთად მსახურებით, აქ ყოფნით, წირვით.მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი თავგანწირული მსახურებისთვის ღვთის წინაშე, ეკლესიის წიაღში. თქვენ ბევრი ადამიანი მოიყვანეთ ეკლესიაშია თქვენი დიდი სითბოთი, სიყვარულით, მადლიანი სიტყვით, გონიერებით. ამას, რა თქმა უნდა, ძალიან ვაფასებთ.თქვენთან ერთად ვლოცავ ამ ტაძრის სამღვდელოებას.ასევე, მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო თქვენი და თქვენი სამრევლოს საქველმოქმედო საქმიანობა. თქვენი საქველმოქმედო ორგანიზაცია „თხილის გული“ უკვე 15 წელია, ყოველდღიურად 250 ადამიანს კვებავს. ეს ძალიან დიდი საქველმოქმედო საქმეა ჩვენს ეკლესიაში, რომელსაც ასეთი დიდი თავგანწირვითა და რუდუნებით აღასრულებთ. მინდა, გისურვოთ შემდგომი წარმატებები და დიდხანს სიცოცხლე, ამ შესანიშნავ ორგანიზაციას კი – მრავალჟამიერ საქმიანობა და წარმატება.დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ნიშნად ჩვენი თქვენდამი პატივისცემისა და სიყვარულისა, საჩუქრად გადმოგცემთ ძვალზე ამოკვეთილ ჯვარს, ის ყოფილიყოს თქვენი შემწე და მფარველი.ასევე, წლევანდელ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, დავამზადეთ სპეციალური საიუბილეო სამღვდელო ჯვრები, ესეც გვინდა, საჩუქრად გადმოგცეთ.ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.ამ ტაძრის დეკანოზი ლევან ალადაშვილი ჯილდოვდება გამშვენებული ჯვრით, აქსიოს. ღმერთმა დაგლოცოთ, მთავარანგელოზებმა დაგლოცოთ.მთავარანგელოზ მიქაელისა და ყოველთა უხორცოთა ზეციურთა ძალთა ლოცვითა და მფარველობით, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო, ამინ“, – განაცხადა შიო მესამემ.პატრიარქმა ტაძრის დანარჩენ სამღვდელოებას ასევე გადასცა საიუბილეო სამღვდელო ჯვრები, მრევლს კი დაურიგა ჯვრები, რომლებიც დამზადდა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით.

ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად 1 ქალი დაშავდა, რომელმაც დაზიანება ხელის არეში მიიღო.მათივე ცნობით, კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.ნგრევის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ავტომობილიც.ქუთაისის მერის დავით ერემეიშვილის ინფორმაციით, კორპუსს ექსპერტიზა ჩაუტარდება და მოხდება კორპუსის მდგრადობის შესწავლა.

ბოლო სიახლეები