პეტერ ფიშერის განცხადებები კრიტიკული არ არის, ის პირდაპირ თავს ესხმის და შეურაცხყოფას აყენებს ქართულ სახელმწიფოს, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს პეტერ ფიშერის მიერ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ფიშერი ამბობს: „საქართველოში ძალაუფლებაში ვინც არიან, მივიდნენ დასკვნამდე, რომ არ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, რომ ეს არ არის მათ ინტერესში, თუმცა მათ არ შეუძლიათ, ეს უთხრან მოსახლეობას“.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, პეტერ ფიშერი დიპლომატიური ჩარჩოდან გადის.
„დიდი ხანია, ამ ჩარჩოდან გასულია, როდესაც ხელისუფლებას აკრიტიკებს, რაც მისი საქმე არ არის და ერევა პოლიტიკაში, რაც, ასევე, მის ფუნქციებში არ შედის. პეტერ ფიშერთან მაქვს კითხვა – გერმანიას როგორ ჰგონია, ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი? აბა, მათი საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტს გადახედოს. სალომე ზურაბიშვილის მიმართ ხომ არ აქვს პრეტენზიები? რამდენადაც ვიცი, გერმანიას საიტზე, როგორც პრეზიდენტი, ჰყავს ისევ ზურაბიშვილი და ვის მიმართ აქვს კითხვები? დღევანდელი პრეზიდენტის, ყაველაშვილის მიმართ აქვთ კითხვა, თუ ზურაბიშვილის მიმართ? ბატონო ელჩო, აბა, გადახედეთ, ვინ გყავთ პრეზიდენტად. ანუ, ვის მიმართ გაქვთ პრეტენზიები? თქვენი აზრით, დღეს თუ ისევ ზურაბიშვილია პრეზიდენტი, მაშინ ზურაბიშვილს მოჰკითხონ პრეტენზიები. თუ აღიარებენ, რომ დღეს ყაველაშვილია პრეზიდენტი, მაშინ მათ საიტზე ისევ ზურაბიშვილი რატომ არის? ასე ემართება ყველა იმ ადამიანს, დიპლომატს, პოლიტიკოსს, თუ არაპოლიტიკოსს, რომელიც თავის ფუნქციებს არ ასრულებს და სხვა სახელმწიფოს საქმეებში უხეშად ერევა. სამწუხაროა, მაგრამ გერმანიის ელჩი დღეს დიპლომატის ფუნქციას არ ასრულებს, ის ასრულებს რადიკალი ოპოზიციონერის ფუნქციას. როგორ შევყვეთ ახლა?“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

