სომხეთი ვიდრე ოფიციალურად არ მიმართავს ევროკავშირს წევრობის შესახებ ან არ მიუახლოვდება კანდიდატის სტატუსს, რეფერენდუმის ჩატარება არალოგიკურია, რადგან ამისთვის რეალური საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მსგავსი არჩევანი მხოლოდ თეორიულია, ხოლო თეორიულ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება არაგონივრული და დაუსაბუთებელია. ამიტომ, სომხეთის ხელისუფლება გააგრძელებს მშვიდ მუშაობას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში, სადაც, მისი შეფასებით, ჯერ კიდევ არსებობს გამოუყენებელი პოტენციალი.
ფაშინიანმა ასევე ისაუბრა დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის შესახებ და ეს პროცესი კოსმოსში არსებულ გრავიტაციულ პროცესებს შეადარა.
„პლანეტები და ციური სხეულები როდესაც გარკვეული გრავიტაციული ურთიერთობების საფუძველზე არსებობენ და მოქმედებენ, ხოლო ეს ურთიერთობები ირღვევა და ბალანსი იკარგება, მაშინ კატასტროფები ხდება“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
ამასთან, ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა არ ნიშნავს მკვეთრ ნაბიჯებს.
„როგორც ბალანსის დამყარება, ისე ბალანსის აღდგენა და ახალი ბალანსის ფორმირება უნდა მოხდეს მაქსიმალურად თანდათანობით, რათა პროცესები მართვადი იყოს და სხვა ტიპის ავარიები არ გამოიწვიოს“, – აცხადებს სომხეთის პრემიერი.
ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობები ტრანსფორმაციის ეტაპზე იმყოფება.
„ამ ტრანსფორმაციის ეტაპს პოზიტიურად ვაფასებ, რადგან ახალ პირობებში რუსეთთან ახალ ურთიერთობებს ვაყალიბებთ. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეში წარმატებას მივაღწევთ, მათ შორის იმიტომ, რომ ჩვენი ურთიერთობები ღია და გულწრფელია“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრისას ფაშინიანმა განმარტა, რომ „დამოუკიდებლობა არის ცოტაზე დამოკიდებულების შეცვლა ბევრზე დამოკიდებულებით“. მან მაგალითად მოიყვანა, რომ ყოველდღიურად ქვეყანას წყალს თუ მხოლოდ ერთი მომწოდებელი აწვდის, ეს ადამიანია შესაძლოა, ავარიაში მოყვეს, ავად გახდეს ან საკუთარი მდგომარეობა ზეწოლის ბერკეტად გამოიყენოს და არაპროპორციული პირობები წამოაყენოს.
ფაშინიანის თქმით, პარტნიორთა რაოდენობის გაზრდა რისკებს ამცირებს და სახელმწიფოს უკეთეს მოლაპარაკების შესაძლებლობას აძლევს როგორც ფასებზე, ისე მიწოდების მოცულობებზე. სწორედ ამ ლოგიკით, მისი განცხადებით, 2022 წლის შემდეგ სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ადრე ასეთი ურთიერთობები არ ჰქონდა, მათ შორის საუდის არაბეთსა და პაკისტანთან.
სომხეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ურთიერთობების ნორმალიზებაზე თურქეთსა და აზერბაიჯანთან, რადგან ამ მიმართულებებზე არსებული „ცარიელი სასწორის თეფშები“ დისბალანსს ქმნის. მისი თქმით, ამ ბალანსის აღდგენა არა ახირება, არამედ სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობაა.

