ხუთშაბათი, ივნისი 18, 2026

გიორგი გახარიამ და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს

გიორგი გახარიამ და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან მარკ ესპერთან შეხვედრით დაიწყო.

საუბრისას ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში და ამერიკის მნიშვნელოვან მხარდაჭერას თავდაცვის რეფორმის განხორციელებისა და უსაფრთხოების კუთხით.

ხაზი გაესვა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობას, განსაკუთრებით რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით.

აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობისა და უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი ძალისხმევის წარმატების შედეგია ის, რომ არსებობს უსაფრთხოების თანამშრომლობის ჩარჩო, ასევე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), საბრძოლო სასწავლო ცენტრი და ხორციელდება ინსტიტუციური რეფორმები, რომლებიც მიმართულია ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისკენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის მდივანს თავდაცვის სფეროში საქართველოს მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მთავრობა კვლავაც ერთგულია ძალისხმევისა, თავდაცვის სფეროზე, ნატოს სტანდარტების შესაბამისად, მთლიანი შიდა პროდუქტის 2% მიიმართოს, ხოლო თავდაცვის ბიუჯეტის 20-%-მდე ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობის მოდერნიზებას მოხმარდეს.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების 2020-2030 წლების გეგმაზე, რომელიც მოიცავს კონკრეტულ ნაბიჯებს ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გრძელვადიანი განვითარებისთვის. აღინიშნა, რომ გაგრძელდება თავდაცვის რეფორმა, რომელიც ტოტალური თავდაცვის მიდგომისა და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის მიხედვით ხორციელდება.

გიორგი გახარიამ საუბრისას ხაზი გაუსვა უსაფრთხოების კუთხით აშშ-ის მნიშვნელოვან მხარდაჭერას. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოებასა და ნატოსთან თანამშრომლობაზე. ასევე აღინიშნა აშშ-თან თანამშრომლობის მნიშვნელობა ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების პროცესში.

შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, რომლებიც ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარეობს.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი დაესწრნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – შესაძლოა, რუსულ ნავთობზე სანქციები კვლავ აღვადგინო

შესაძლოა, რუსულ ნავთობზე სანქციები კვლავ აღვადგინო,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარიზში ჩასვლისას, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კითხვაზე, როგორი ვითარებაა ახლა ბრძოლის ველზე და აქვს თუ არა უკრაინას უპირატესობა, ტრამპმა განაცხადა, რომ ისინი კარგად მოქმედებენ.„ისინი საკმაოდ კარგად მოქმედებენ. რუსეთი დიდი ქვეყანაა. ძალიან დიდი. მოგეხსენებათ, სამხედრო თვალსაზრისით ბევრად უფრო დიდია. მაგრამ უკრაინელები საკმაოდ კარგად იბრძვიან. ისინი პოზიციებს ინარჩუნებენ. მათ აქვთ შესანიშნავი აღჭურვილობა აქვთ, ჩვენი აღჭურვილობა, ეს არ დაგავიწყდეთ. მაგრამ ისინი საკმაოდ კარგად მოქმედებენ“, – აღნიშნა ტრამპმა.ჟურნალისტის კითხვაზე, გაუგზავნის თუ არა აშშ უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას, ტრამპმა უპასუხა, რომ მათ ამისთვის გადაიხადეს.„მე ამას ევროპაში ვაგზავნი. ევროპა იხდის. ნატო იხდის. ჯო ბაიდენისგან განსხვავებით, როდესაც მან 300 მილიარდი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა“,- განაცხადა ტრამპმა.ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე: „რაც შეეხება რუსეთზე სანქციებს, რას აპირებთ ამ მიმართულებით, მათ შორის რუსულ ნავთობთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე?“ ტრამპმა უპასუხა, რომ შესაძლოა, სანქციები კვლავ აღადგინოს.„მინდოდა, დავრწმუნებულიყავი, რომ ნავთობის ფასი, რაც შეიძლება დაბალი დარჩებოდა. ახლა, როდესაც ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა, შესაძლოა, სანქციები კვლავ დავაბრუნო“,- აღნიშნა ტრამპმა.

SOS სიგნალის შემდეგ, რუსული თვითმფრინავი, 189 მგზავრით, რადარებიდან გაქრა

ავიაკომპანია Smartavia-ს თვითმფრინავმა, რომელიც სოჭიდან არხანგელსკის მიმართულებით ასრულებდა რეისს, შავი ზღვის თავზე საგანგებო სიგნალი გადასცა და რადარებიდან გაქრა. ამის შესახებ Telegram-არხი SHOT იუწყება.საუბარია რეის 5N164-ზე, რომელიც Boeing 737-800 ტიპის თვითმფრინავით სრულდებოდა.წყაროს ინფორმაციით, დაახლოებით 10 წუთის წინ ეკიპაჟმა გადასცა კოდი 7700. ეს სიგნალი გამოიყენება საჰაერო ხომალდზე საგანგებო ან ავარიული მდგომარეობის აღსანიშნავად.მანამდე რუსეთის ფედერაციის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ (როსავიაციამ) მოსკოვის ოლქის სერგიევ-პოსადის საქალაქო ოკრუგში კერძო მსუბუქძრავიანი Zlin Z42 ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნა ავიაკატასტროფად შეაფასა.ავიალაინერი ჩამოვარდნის შედეგად მთლიანად დაიწვა. ასევე, ცოტა ხნის წინ მსუბუქძრავიანმა თვითმფრინავმა ვოლგოგრადის ოლქში, ალეშკინის ხუტორის რაიონში, მძიმე დაშვება განახორციელა. ამასთან, ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პავლოდარის ოლქში An-2 ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა: ერთი პილოტი დაიღუპა, ხოლო მეორე მაშველებმა ნამსხვრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას ემსახურება. დანტეს საერთაშორისო დღის აღნიშვნა და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე სწორედ ამ ღირებულებების გამოხატულებაა”, - ამის შესახებ სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ დანტეს საერთაშორისო დღისა და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის დაარსებიდან 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განახცადა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოსთან თანამშრომლობითა და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტთან პარტნიორობით, დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის დაარსებიდან 20 წლის იუბილე აღინიშნა.ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოსა და იტალიის აკადემიური, კულტურული და დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები, მათ შორის - იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება მასიმილიანო დ’ანტუონო, დანტე ალიგიერის საზოგადოების გენერალური მდივანი - ცნობილი იტალიელი ხელოვნებათმცოდნე, მწერალი, ჟურნალისტი, სტუ-ის საპატიო დოქტორი, პროფესორი ალესანდრო მაზი, ამავე საზოგადოების კოორდინატორი კავკასიის რეგიონში ალესანდრო სალაკონე და კულტურისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანდრეა ჩარლარიელო, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი, პროფესორი ნინო ცერცვაძე, პოეტი დათო მაღრაძე, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე, ასევე, დანტეს თბილისის კომიტეტის პედაგოგები და უნივერსიტეტის სტუდენტები.საიუბილეო ღონისძიება, რომელიც საქართველოში იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის ოცწლიანი საქმიანობის შეჯამებასა და საქართველო-იტალიის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას მიეძღვნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.მისასალმებელ სიტყვაში რექტორმა ხაზი გაუსვა გლობალურ სივრცეში კულტურული და საგანმანათლებლო თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის ერთ-ერთი მისიაა ჩამოყალიბდეს კულტურათაშორისი დიალოგის, საერთაშორისო პარტნიორობისა და ფუნდამენტური ღირებულებების განვითარების მნიშვნელოვან ცენტრად.აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველო-იტალიის საგანმანათლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ისაუბრა უნივერსიტეტისა და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებულ საერთაშორისო პროექტებზე და აღნიშნა, რომ ეს თანამშრომლობა სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და აკადემიურ პერსონალს პროფესიული და კულტურული განვითარების ფართო შესაძლებლობებს სთავაზობს. რექტორის შეფასებით, დანტე ალიგიერის საზოგადოებასთან და დანტეს თბილისის კომიტეტთან მრავალწლიანი თანამშრომლობა წარმატებული პარტნიორობის მაგალითია, რომელიც საერთო კულტურულ და საგანმანათლებლო მიზნებს ემსახურება.„დანტეს საერთაშორისო დღისა და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აღნიშვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კულტურა, განათლება და მეცნიერება ქვეყნებსა და წამყვან უნივერსიტეტებს შორის მდგრადი თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების ყველაზე მტკიცე საფუძველია.დანტე ალიგიერი მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, მისი მემკვიდრეობა დღესაც აქტუალურია, რადგან ის ადამიანის ღირსების, ცოდნის, თავისუფლებისა და ზნეობრივი პასუხისმგებლობის იდეებს ეფუძნება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებას. იტალიის რესპუბლიკის საელჩოსთან, დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისსა და დანტეს თბილისის კომიტეტთან თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს განვითარებისთვის შევუქმნათ მრავალფეროვანი აკადემიური და კულტურული გარემო, სადაც ტექნიკური და საინჟინრო განათლება ჰუმანიტარულ ღირებულებებთან ჰარმონიულად არის შერწყმული.მოხარული ვართ, რომ უნივერსიტეტში წარმატებით ხორციელდება ერთობლივი საერთაშორისო პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს იტალიური ენისა და კულტურის სწავლებას, სამეცნიერო-აკადემიური კავშირების გაძლიერებასა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. განსაკუთრებულად აღსანიშნავია „დანტეს დიდაქტიკური ცენტრის“ საქმიანობა, რომელიც კულტურული დიპლომატიის, განათლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის წარმატებულ მოდელს წარმოადგენს“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ და დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ იტალიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო, პროფესორები ალესანდრო მაზი, ალესანდრო სალაკონე და ნინო ცერცვაძე. მათ ყურადღება გაამახვილეს კულტურათაშორისი დიალოგის, აკადემიური თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული ღირებულებების მნიშვნელობაზე თანამედროვე მსოფლიოში, ასევე, ისაუბრეს დანტე ალიგიერის საზოგადოების როლზე იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველო-იტალიის ურთიერთობების განმტკიცების საქმეში.საიუბილეო საღამოს განსაკუთრებული ხიბლი შემატეს პოეტმა დათო მაღრაძემ, ცნობილმა მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძემ, ტენორმა ავთანდილ ჩიქავამ, გიორგი პატარაიამ და სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტმა დავით გიგაურმა. მაესტრო ეკატერინე გოგოლიძის მუსიკალური აკომპანიმენტით მათ დამსწრე საზოგადოებას ცნობილი საოპერო არიები და ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის გამორჩეული შედევრები შესთავაზეს, ხოლო იტალიელ მოცეკვავეთა ჯგუფმა შთამბეჭდავი ქორეოგრაფიული კომპოზიცია შეასრულა.დანტე ალიგიერის საზოგადოების გენერალურმა მდივანმა ალესანდრო მაზიმ ორ ქვეყანას შორის კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის „დამსახურების დიპლომები“ იტალიის ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება მასიმილიანო დ’ანტუონოს, პოეტ დავით მაღრაძესა და საოპერო მომღერალს, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძეს გადასცა.სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების დასასრულს გაიმართა საერთაშორისო პროექტის - „დანტეს დიდაქტიკური ცენტრის საქმიანობის გაფართოება და იტალიური ენის ინტერდისციპლინური სწავლების განვითარება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში“ - მესამე ფაზის დახურვის ცერემონია. პროექტის მონაწილე სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის ADA-ს ატესტატები, PLIDA-ს საერთაშორისო სერტიფიკატები და სხვადასხვა ჯილდოები საზეიმოდ გადაეცათ.

დონალდ ტრამპი – 60 დღე საბოლოო ვადა არ არის, ირანთან დასკვნით შეთანხმებას შესაძლოა, მეტი დრო დასჭირდეს

60 დღე საბოლოო ვადა არ არის, ირანთან დასკვნით შეთანხმებას შესაძლოა, მეტი დრო დასჭირდეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.პარიზში ჩასვლის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვაზე, არსებობს თუ არა შეთანხმებისთვის კონკრეტული საბოლოო ვადა, ტრამპმა უპასუხა, რომ ასეთი კონკრეტული ვადა არ არსებობს და მოლაპარაკებები შესაძლოა, უფრო დიდხანს გაგრძელდეს. ამჟამად, არსებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მიხედვით, ვაშინგტონი და თეირანი მიზნად ისახავენ, რომ დასკვნით შეთანხმებას 60 დღის განმავლობაში მიაღწიონ.ამასთან, ტრამპმა ირანის ბალისტიკური რაკეტების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ სხვა ქვეყნებს მსგავსი იარაღი აქვთ, ირანისთვის მისი არქონა „ცოტა უსამართლო“ იქნებოდა. მისი თქმით, ბალისტიკური რაკეტები არ არის იგივე საკითხი, რაც ბირთვული იარაღი და აღნიშნა, რომ თუ საუდის არაბეთსა და კატარს მსგავსი შესაძლებლობები აქვთ, ირანის შემთხვევაში საკითხი „შედარებითი პროპორციით“ უნდა შეფასდეს.ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, რამდენ ხანს დარჩებიან აშშ-ის სამხედრო ძალები სპარსეთის ყურის რეგიონში შესაძლო შეთანხმების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა კი უპასუხა, რომ ისინი იქ „ცოტა ხნით“ დარჩებიან.როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მომდევნო 48 საათში მოეწერება.

„ალი მოჯანი: ხალხთა მეხსიერებაში ძალაუფლება კი არა, სიმართლისთვის თავდადებული ადამიანები რჩებიან“

,,გუშინ მუჰარამის თვის პირველი ღამე იყო. ეს თვე ისლამის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ და გავლენიან მოვლენას გვახსენებს. ცამეტ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, იმამ ჰუსეინი ისლამის წინასწარმეტყველის შვილიშვილი, ოჯახის წევრებთან და თანამოაზრეებთან ერთად ქერბალას უდაბნოში მოკლეს. ეს მოვლენა მილიონობით მუსლიმისთვის მხოლოდ ისტორიული ფაქტი არ არის; იგი წარმოადგენს ადამიანის წინააღმდეგობის სიმბოლოს უსამართლობის, ექსტრემიზმისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინაშე. ისტორიამ გვასწავლა, რომ მრავალი ხალიფა, მეფე და მმართველი ადამიანურ ღირსებასა და სიმართლეს საკუთარი პოლიტიკური ამბიციების მსხვერპლად სწირავდა. თუმცა, საბოლოოდ, ხალხთა მეხსიერებაში არა მმართველთა ძალაუფლება, არამედ იმ ადამიანთა ხსოვნა რჩება, რომლებმაც სამართლიანობის, სიმართლისა და ადამიანური ღირსებისათვის საკუთარი სიცოცხლე გასწირეს. ისევე როგორც მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ტრადიციაში არსებობენ წმინდანები, მოწამეები და გმირები, რომელთა ტანჯვამ და თავდადებამ მომავალ თაობებს მისცა შთაგონება, შიიტურ ტრადიციაშიც ქერბალა და აშურა უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის უნივერსალურ სიმბოლოდ იქცა. გუშინ შესაძლებლობა მქონდა, ქალაქ მარნეულში, ქართველ მუსლიმ თანამოქალაქეებთან ერთად, იმამ ჰასანის მეჩეთში მუჰარამის პირველი ღამის სამგლოვიარო ცერემონიას დავსწრებოდი. რაც იქ ვიხილე, მხოლოდ რელიგიური რიტუალი არ ყოფილა; ეს იყო იმ ღირებულებების გამოხატულება, რომლებიც რელიგიურ და ეთნიკურ საზღვრებს აღემატება: ერთგულება, თავისუფლების სიყვარული, თავგანწირვა და ადამიანის ღირსების დაცვა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ, საუკუნეების შემდეგაც მრავალი მეფისა და მმართველის სახელი დავიწყებას მიეცა, მაშინ როდესაც იმ ადამიანთა ხსოვნა, რომლებმაც სიმართლისთვის იტანჯეს და სიცოცხლე მსხვერპლად გაიღეს, კვლავაც ცოცხლობს ხალხთა გულებში''--ამის შესახები ირანის ელჩი ალი მოჯანის სოციალურ ქსელში წერს.

ბოლო სიახლეები