ისრაელი ლიბანთან ცეცხლის შეწყვეტას დონალდ ტრამპის თხოვნით დათანხმდა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების კაბინეტის მინისტრებს განუცხადა.
როგორც The times of Israel-ი წერს, ნეთანიაჰუ მინისტრების მოთხოვნას, რომ აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური კენჭისყრა ჩატარებულიყო, არ დაეთანხმა.
„როდესაც ისრაელის უდიდესი მეგობარი, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩვენთან მჭიდრო კოორდინაციაში მოქმედებს, ისრაელი მასთან თანამშრომლობს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მედიის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტის პერიოდში, რომელიც ამაღამ უნდა დაიწყოს, დარჩებიან იმ „სტრატეგიულ წერტილებზე“, რომლებსაც ამჟამად აკონტროლებენ.
მედია იუწყება, რომ მინისტრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, რადგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და გადაწყვეტილების შესახებ მედიიდან გაიგეს.

