ორშაბათი, ივნისი 16, 2025

ISSA – ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას მოსახლეობის 54.5% ემხრობა

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 54,5% ფიქრობს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

კითხვაზე, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში, მოსახლეობას განწყობა ასე ნაწილდება: „დიახ – 54,5 %, არა – 22,3% არ ვიცი/ უარი პასუხზე – 23,2%“.

კვლევის თანახმად, მონაცემები განსხვავებულია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.

თბილისში, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობას 50% ემხრობა, წინააღმდეგია ან უარის ამბობს პასუხზე – 50%.

რეგიონებში კი 56,4% ამბობს, რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში; 22,3% ფიქრობს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. გამოკითხულთა 23,2% თავის გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული არ არის.

ამავე კვლევის მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მზაობა მოსახლეობაში/ამომრჩევლებში მაღალია.

„თუ პოლიტიკური პრეფერენციების ჭრილში შევხედავთ, ყველაზე მაღალი მზაობა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისთვის აქვთ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს (60%), ხოლო ყველაზე დაბალი – „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ამომრჩევლებს (33%)“, – ნათქვამია კვლევაში.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველოს მოსახლეობაში პოზიციები გაყოფილია: ერთი ნაწილი (36%) ემხრობა ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ხოლო მეორე ნაწილი (39%) – ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშეც.

„თბილისში უფრო დიდი ნაწილი (46%) მხარს უჭერს ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად.

რეგიონებში პირიქით – უფრო დიდი ნაწილი (40%) ემხრობა ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშეც.

საქართველოს მოსახლეობის მოლოდინები ადგილობრივი არჩევნების სამართლიანად ჩატარების შესახებ გაყოფილია (სამართლიანად მიიჩნევს – 42.5%; არასამართლიანად – 42%)“, – აღნიშნულია კვლევაში.

ISSA-ს კვლევა აღნიშნავს, რომ ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს (40%-მდე) უჭირს იმის განსაზღვრა, რა დიზაინით უნდა მიიღონ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

„თუმცა, მოწინააღმდეგეებთან შედარებით, უფრო მეტი მომხრე ჰყავს იმ ვარიანტს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიანი სიით მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში. ამ ვარიანტს ყველაზე მეტი მომხრე ჰყავს თბილისელებში (43%)“, – ნათქვამია კვლევაში.

ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 41% ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტს ემხრობა.

კვლევის თანახმად, მონაცემები განსხვავებულია რეგიონებში.

„ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტის მიმართ შეფასებები ასე გამოიყურება: საქართველო: სწორია – 41%, არასწორია – 38%; რეგიონები – სწორია – 38%, არასწორია – 41%; თბილისში ყოველი მეორე – 50% პარლამენტს ბოიკოტს ემხრობა, დაახლოებით მესამედი – 32% – არა“, – ნათქვამია კვლევაში.

კვლევის ერთ-ერთი შეკითხვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას შეეხებოდა. რესპონდენტთა პასუხების მიხედვით მონაცემები ასე გადანაწილდა:

საქართველოს მოსახლეობის 41% მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, ხოლო 45%-ს მიაჩნია რომ არ არის ლეგიტიმური.

კვლევის თანახმად, მონაცემები განსხვავებულია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. კერძოდ, რეგიონებში მოსახლეობის 41%-ს მიაჩნია ლეგიტიმურად, ხოლო თბილისში 45%-ს. რაც შეეხება არალეგიტიმურობას რეგიონებში გამოკითხული მოსახლეობის 45% ამბობს, რომ არალეგიტიმურია, ხოლო თბილისის 40%.

გარდა ამისა, ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, თბილისელების გამოკვეთილი უმრავლესობა, ხოლო რეგიონების ყოველი მეორე მაცხოვრებელი ქვეყნის არასწორი მიმართულების განვითარებაზე მიუთითებს.

„გამოიკვეთა ქვეყნის წინაშე მდგარი 2 პრობლემა: მაღალი ფასები და უმუშევრობა.

რაც შეეხება ეკონომიკურ მდგომარეობას, გამოკითხულთა უმრავლესობა როგორც საქართველოს მოსახლეობაში (66%), ისე რეგიონებში(60%) და, განსაკუთრებით, თბილისში (81%) მიიჩნევს, რომ ამჟამად საქართველოს ეკონომიკა მეტ-ნაკლებად სუსტია ან ძალიან სუსტია“, – ნათქვამია კვლევაში.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) რაოდენობრივი ტიპის კვლევა 2025 წლის 5-20 მაისის შუალედში ჩაატარა, რომელიც საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის 2000 რესპონდენტს დაეყრდნო. გამოყენებულია პირისპირი ინტერვიუს მეთოდი. რესპონდენტებთან შედგა პირისპირ ინტერვიუ. რაც შეეხება შერჩევის ცდომილებას, განსაზღვრულია ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით. მონაცემების შეწონვა მოხდა დემოგრაფიული ცვლადების (სქესი, ასაკი, განათლების დონე, რეგიონები, ქალაქი/სოფელი), აგრეთვე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით. კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC – თან თანამშრომლობით განახორციელა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის ჯანდაცვის სამინისტრო – ისრაელის თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 224 ადამიანი დაიღუპა

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 224 ადამიანი დაიღუპა.როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაშავებულია 1481 ადამიანი, ხოლო დაღუპულთა და დაშავებულთა უმეტესობა სამოქალაქო პირია.მანამდე ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა განაცხადა, რომ იერიშების შედეგად, სულ მცირე, 406 ადამიანი იყო დაღუპული, ხოლო, სულ მცირე, 654 დაშავებული.შეგახსენებთ, რომ ისრაელმა ირანზე მასიური საჰაერო იერიში 13 ივნისს მიიტანა. მას შემდეგ კი რამდენიმე ღამეა, რაც ქვეყნებს შორის საჰაერო იერიშები გრძელდება.

ირანში ადასტურებენ, რომ ისრაელის იერიშის შედეგად მოკლულია რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის უფროსი, გენერალი მოჰამედ კაზემი

ისრაელის იერიშის შედეგად მოკლულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის უფროსი, გენერალი მოჰამედ კაზემი. ინფორმაციას ადასტურებენ ირანშიც.ირანის სახელმწიფო მედიაში აცხადებენ, რომ 15 ივნისს ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი იერიშის შედეგად კაზემი, მისი მოადგილე ჰასან მოჰაკეკი და გენერალი მოჰსენ ბაღერი დაიღუპნენ.ასევე, ვრცელდება ცნობები ირანის პოლიციის უფროსის, აჰმადრეზა რადანის ლიკვიდაციის შესახებ, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არავის დაუდასტურებია.

თეირანში აცხადებენ, რომ ისრაელმა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ შენობაზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც რამდენიმე სამოქალაქო პირი დაშავდა

ისრაელმა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ შენობაზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სოციალურ ქსელში წერს.როგორც საიდ ხათიბზადი აღნიშნავს, ისრაელმა შენობაზე იერიში განზრახ მიიტანა.„თავდასხმის დროს რამდენიმე სამოქალაქო პირი დაშავდა, მათ შორის ჩემი რამდენიმე კოლეგა, რომლებიც სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – წერს მინისტრის მოადგილე.ის ასევე აცხადებს, რომ შენობა პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის პირდაპირ მდებარეობს. თავდასხმის შედეგად, ასევე დაზიანდა კვლევითი ინსტიტუტის ბიბლიოთეკა.„ეს კიდევ ერთი აშკარა ომის დანაშაულია, რომელიც ისრაელის რეჟიმის მიერ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე და სისტემატური აგრესიის კამპანიის ნაწილია“, – წერს ხათიბზადი.

ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტის განსახილველად, 17 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენცია გაიმართება

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელის, კაია კალასის მოთხოვნით, ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით 17 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენცია გაიმართება. ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერმა განაცხადა.„ახლო აღმოსავლეთის სიტუაციის სიმძიმის გათვალისწინებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა მოიწვია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოშეხვედრა სამშაბათს“, – განაცხადა პრესსპიკერმა.შეხვედრაზე განხილული იქნება ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირება და შემდგომი ნაბიჯები.

„გაფრთხილებთ და გეუბნებით მოსალოდნელი მოვლენების შესახებ“ – ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ეზოტერიკოსი გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს.

ბოლო სიახლეები