ხუთშაბათი, ნოემბერი 6, 2025

ქვეყნის და 21 ადამიანის ტრაგედია, 13 ივნისის სტიქიიდან 9 წელი გავიდა

დღეს 13 ივნისია, შემზარავი ტრაგედიის დღე. 9 წელი გავიდა მას მერე, რაც მდინარე ვერე ადიდდა და სტიქიის შედეგი უმძიმესი იყო.

უამრავი ადამიანი დაზარალდა, მთლიანად განადგურდა და დაზიანდა სვანიძის ქუჩის მაცხოვრებლების საცხოვრებელი სახლები, რაც ყველაზე მძიმეა, საშინელმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საუბედუროდ ორი ახალგაზრდა – ბექა ბუთურიშვილი და სერგი კაპანაძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება და მათ ოჯახებს შვილების საფლავებიც კი არ აქვთ. სტიქიიდან 3 თვის შემდეგ იპოვეს მაშველებმა კიდევ ერთი დაკარგული, ელიზბარ ბაღაშვილი.

“ბიჭო, მგონი ვიღუპები, მიშველე!”

ელიზბარი მოსკოვში ცხოვრობდა, წინა დღეს ჩამოვიდა თბილისში. იმ საღამოს მეგობრებთან ერთად რესტორანში ივახშმა. სახლში ტაქსით ბრუნდებოდა. სიკვდილამდე მეგობართან დარეკვა შეძლო: პაატა მიშველე, ბიჭო ვიღუპები, წყალში ვიხრჩობიო. საშველად მაშინვე გავარდა მეგობარი. სამწუხაროდ, იქამდე მისვლა ვეღარ შეძლო, მალე თვითონაც წელამდე წყალში აღმოჩნდა, უცებ ღვარცოფიც წამოვიდა, ნაშალი მოჰქონდა. პაატა დიდ ხეს ჩაებღაუჭა, ამ დროს ისევ დაურეკა ელიზბარმა, მისი ბოლო სიტყვები იყო – ბიჭო, მგონი ვიღუპები, მიშველე! მერე ტელეფონიც გაითიშა…

დებ ზარანდიების ლამაზი სიცოცხლე და ტრაგიკული დასასრული

ახალი გზით ბრუნდებოდნენ სახლში დები, ინდირა და ლიზა ზარანდიებიც. მალე მოვალთ, უთხრეს დედას, მაგრამ სამწუხაროდ, სახლამდე ვერ მიაღწიეს.

“თითქმის ორი წელია ყოველდღე, ყოველწუთს ქვეცნობიერში რაღაც მტკივა, მაკლია, მეწვის… თითქმის ორი წელია ტკივილის ბურთს სადღაც გულსა და ყელს შორის გაჩერებას ვაიძულებ. ხშირად არ გამომდის, ივნისში განსაკუთრებით ასეა და განსაკუთრებით მძიმეა ეს დღე ჩემთვის. აუტანელი მონატრება, დიდი სევდა, მათ გარეშე დიდი სიცარიელეა, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ ამ ემოციებს და განცდას “,- ამბობს გოგონების ბიძაშვილი თამთა ზარანდია.

იხილეთ: “ვერ ვეგუები, რომ ჩემი ინდირასა და ლიზას გაღიმებულ სახეებს ვეღარ ვნახავთ”

ივლიტა და მარიამი

12 ივნისს, მამა გიორგიმ (ჯიბუტი) ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ქუჩის კვეთაზე გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადა, იქ შეიკრიბნენ დაღუპულების ახლობლები, სამწუხაროდ, მამაოს ქალიშვილი ივლიტა ჯიბუტიც გახდა ამ სტიქიის მსხვერპლი…

ივლიტა და მისი მეგობარი მარიამ ქუთელია ივლიტას მეუღლესთან ერთად 40 წუთის განმავლობაში, სახურავზე ასულები, ელოდნენ მაშველებს. მეუღლე ხელს არ უშვებდა საყვარელ გოგონას და მის მეგობარს, მაგრამ მოვარდნილმა წყალმა ისინი სახურავიდან გადაყარა. მაშველებმა ივლიტას მეუღლის გადარჩენა შეძლეს, გოგონები დაიღუპნენ.

ქართველების უპრეცედენტო ერთობა

მთლიანად დაიტბორა მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორია. ზოოპარკის თანამშრომლების სიცოცხლეც შეიწირა სტიქიამ, სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა დიდი ნაწილიც. იმ დღეებში ქართველი საზოგადოების ერთმანეთის მხარში დგომა მართლაც სამაგალითო იყო.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ათასობით მოხალისე მონაწილეობდა. ყველა ქართველს სტკიოდა მომხდარი და ვისაც როგორ შეეძლო, ისე ეხმარებოდა დაზარალებულებს. უამრავი გმირობის მაგალითი ვნახეთ, ამაზე ბევრი დაიწერა და ითქვა. იმ მძიმე დღეებში, დიდ ტკივილთან ერთად, ბევრი პოზიტივი იყო, რადგან მართლა მთელი საქართველო გაერთიანდა და ეს ფაქტი გულს უთბობდა ადამიანებს. აღსანიშნავია მაშველთა თავგანწირვა და ამის ფასად ასობით გადარჩენილი სიცოცხლე. სტიქიამ ერთ-ერთი მათგანი ზურაბ მუზაშვილი იმსხვერპლა, რომელმაც დაღუპვამდე 8 ადამიანი გამოსტაცა სიკვდილს.

იხილეთ: “ზურამ პირველად 10 წლისამ გადაარჩინა თანატოლი, უკანასკნელად კი – 13 ივნისის ღამეს გამოსტაცა სტიქიას 8 ადამიანი”

თბილისის მერიის ინფორმაციით, უპრეცედენტო მხარდაჭერა დაფიქსირდა შემოწირულობების შეგროვების მხრივაც. სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე 26 მლნ ლარზე მეტი შეგროვდა. მოქალაქეებს სახლებიდან გამოჰქონდათ დაზარალებულებისთვის საჭირო პირველადი ნივთები, ტანსაცმელი, საკვები და მათ აწვდიდნენ. თანხებს რიცხავდნენ უცხოეთში მყოფი ქართველებიც. ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად, სრულად განადგურდა 84, ხოლო დაზიანდა 158 საცხოვრებელი სახლი. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, დღეისათვის სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა სრულად აღდგენილია და დაზარალებულთა უმრავლესობა დაკმაყოფილდა. თუმცა არიან შეთავაზებული კომპენსაციით უკმაყოფილო ოჯახები, რომლებმაც მერიასთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ახლა სასამართლოს გზით ცდილობენ თავიანთი უფლებების დაცვას.

დაკარგულები

დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა სერგი კაპანაძე, რომელიც დებ ზარანდიებთან ერთად იყო და ასევ ბექა ბუთურიშვილი.

ლაშა ბუთურიშვილი, ბექას ძმა:

– მძიმეა გაუძლო ამ ტკივილს. ენით აუღწერელია და ვერ გადმოგცემთ სიტყვებით ჩვენთვის როგორ გაიარა ამ დრომ. ისევ მოლოდინში ხარ, მაინც არ კარგავ იმედს, მაინც ებღაუჭები რაღაცას. მაინც სადღაც სულ ეძებ. არ ვიცი რა შეიძლება ამ მდგომარეობას დავარქვა. მწარე რეალობაა, ბექა აღარ გვყავს… უნახავი და შეუმოწმებელი არაფერი დარჩენილა, მაგრამ კიდევ იმას ვფიქრობ, სადმე რამე ხომ არ გამომრჩა, მაგრამ ბოლოს მაინც მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ არა, ყველაფერი ვცადეთ. მტკვარში წყლის დონე 5 ჯერ დავწიეთ, მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთ… იმასთან შეგუება ძნელია, რომ ბექა არ არის. მისი საფლავიც არ გვაქვს. ძნელია როცა საფლავზეც ვერ მიდიხარ გულის მოსაოხებლად.

გადარჩენილები

ძნელია ემოციის გარეშე გაიხსენო ის დღეები. ქეთი ბეგიაშვილი ერთ-ერთი იმათგანია, რომელმაც სიკვდილს ჩახედა თვალებში. ის სვანიძის 11 ნომერში ცხოვრობდა. მისი მეუღლე ზურაბ მუშკუდიანი აფხაზეთიდან დევნილია. 12 წლის იყო საკუთარი სახლ-კარი რომ დატოვა და გაგრიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ცხოვრება თავიდან დაიწყო დედასთან ერთად, ბევრი შრომის შედეგად ოჯახმა თბილისში ბინა იყიდა. ბედნიერად ცხოვრობდნენ და ერთ წუთში შეიძლებოდა დანგრეულიყო ყველაფერი. საბედნიეროდ ზურამ სიკვდილს გამოგლიჯა ხელიდან მეუღლე და 2 წლის შვილი, ლუკა. სახლში წამებში მიუსწრო მათ და დიდი წვალებით სამშვიდობოს გამოიყვანა. სვანიძის 11 ნომერში მათი მეზობლები, 4 ქალბატონი დაიღუპა. მაშველებმა ამ სახლიდან სვეტა, ლიანა, ჟანა და ნინა ეგიაზაროვების ცხედრები გამოასვენეს. ისინი ბიძაშვილები იყვნენ. ერთ სახლში ცხოვრობდნენ…

ქეთევან ბეგიაშვილი:

– ორი წელი გავიდა, მაგრამ ეს დღე ალბათ არასდროს დამავიწყდება. ეს ორი წელი ჩემთან ერთად ცხოვრობს ეს ამბავი. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, 13 ივნისზე ფიქრი არ მშორდება, ყოველთვის თან მდევს. ის ადგილი, სადაც ვცხოვრობდით, ახლა არ მიყვარს და ვცდილობ არც გავიარო იმ გზაზე. თუმცა ერთი წლის წინ სულ იქ მინდოდა ყოფნა და ხშირად მივდიოდი. ახლა რაც დრო გადის, იქ გავლა აღარ მსურს.

– ქეთი, ბავშვები ხომ არ იხსენებენ იმ დღეს?

– ყოველთვის იხსენებენ. განსაკუთრებით ლუკა, რომელიც მართლა სიკვდილს გამოვტაცეთ. ახლა ახალ სახლში ვცხოვრობთ და ამბობენ, აქ კარგიაო.

– თქვენს ეზოში ცხოვრობდა 4 დაღუპული ქალბატონი, როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა მათი გადარჩენა?

– მათი გარდაცვალება ჩვენი ოჯახის დიდი ტკივილია. ყოველდღე ვიხსენებთ მათ და გული გვტკივა, რომ წარსულში გვიწევს საუბარი. სახლის პირველ სართულზე ორი და ცხოვრობდა, ხოლო მეორე სართულზე მათი ბიძაშვილები. მათ ვეხმარებოდით წყლის ამოტუმბვაში. ისინი ცდილობდნენ საძინებლებში არ შესვლოდათ წყალი და იმაზე იყვნენ გადართულები. ამ დროს წყალი ისევ შემოვარდა. მე კიბეზე ავდიოდი, ამ დროს გავიგე ერთ-ერთი დაღუპულის შვილი როგორ გადმოხტა ფანჯრიდან და დაიყვირა, მიშველეთ დედა მეხრჩობაო. ბავშვი ამბობს, დედაჩემი დახრილი წყალს წურავდა, ამ დროს დიდი ნაკადი შემოვარდა სახლში და დედას თავზე მაცივარი დაეცა და კედელზე მიახეთქა წყლის ნაკადმაო. ჩემსავით ცურვა არ იცოდნენ, თორემ მეორე სართულზე მყოფები მაინც გამოაღწევდნენ იქიდან. იმ საშინელ ღამეს სასწაული იყო ვინმეს გადარჩენა.

ძალიან მძიმეა ამის გახსენება. დღეს ჩემი ლუკა 4 წლის არის, ნინი 6 და ზაკო 7 წლის. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ტკივილის გაზიარებისთვის და გვერდში დგომისთვის და მინდა 13 ივნისის მსგავსი უბედურება აღარასდროს გვენახოს. რაც მეტს ვფიქრობ, ვრწმუნდებით რომ მართლა ღმერთის წყალობით გადავრჩით. ეს ხომ არ იყო უბრალოდ წყალი, ეს იყო ღვარცოფი, ტალახი, რომელსაც მოგლეჯილი ხეები და ყველაფერი მოჰქონდა. ალბათ არ ვიყავით განწირულები, მადლობა უფალს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ჩვენ ვართ ნომერ პირველი ბირთვული ძალა, რუსეთი მეორეა, ჩინეთი მესამე, შესაძლოა, სამივე ერთად ბირთვული განიარაღების გეგმაზე ვმუშაობდეთ, ვნახოთ, იმუშავებს თუ არა...

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, ჩინეთთან და რუსეთთან ერთად ბირთვული განიარაღების გეგმაზე მუშაობდეს.აშშ-ის პრეზიდენტს გეგმის შესახებ კონკრეტული დეტალები არ გაუმჟღავნებია.„ჩვენ ხელახლა შევქმენით ჩვენი ბირთვული ძალა – ჩვენ ვართ ნომერ პირველი ბირთვული ძალა, რისი აღიარებაც არ მინდა, რადგან ეს საშინელებაა. რუსეთი მეორეა. ჩინეთი მესამეა, მაგრამ ისინი ოთხ ან ხუთ წელიწადში დაგვეწევიან. შესაძლოა, ჩვენ სამივე ერთად ბირთვული განიარაღების გეგმაზე ვმუშაობდეთ. ვნახოთ, იმუშავებს თუ არა ეს“, – განაცხადა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამერიკას მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არმია ჰყავს.„წელს ჩვენ ერთ ტრილიონ დოლარს ვდებთ შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში. ეს ყველაზე დიდი თანხაა, რაც კი ოდესმე ჩაგვიდია“, – განაცხადა ტრამპმა.

ალეკო ელისაშვილი – შეცდომებს აღიარება სჭირდება, არჩევნების ბოიკოტი შემოგდებული რუსული სპეცოპერაცია იყო

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი რუსული სპეცოპერაცია იყო. ამის შესახებ ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.მისივე თქმით, ოპოზიციამ ვერ მოახერხა ამომრჩევლის დარწმუნება და რიგი სტრატეგიული შეცდომები დაუშვა.როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, არჩევნების ბოიკოტის იდეა მიზანმიმართულად იყო „შემოგდებული“.„მთელ პერიოდს, რაც გადავიარეთ, კარგი ანალიზი სჭირდება. შეცდომებს აღიარება სჭირდება. ჩვენი შეცდომა იყოს ის, რომ ხალხი ვერ დავარწმუნეთ, მოსულიყვნენ თვითმმართველობის არჩევნებზე. რა თქმა უნდა, სხვა ბევრი შეცდომაც იყო. ხელიდან გაშვებული შანსი იყო, თბილისი შეგვეძლო ულაპარაკოდ მოგვეგო, რომ არ ყოფილიყო ვიღაც ჩანერგილი, ვიღაც ზედმეტად გახურებული. სინამდვილეში, არჩევნების ბოიკოტი შემოგდებული რუსული სპეცოპერაცია იყო.შეცდომა იყო არჩევნებზე არ მისვლა. შეცდომა იყო ორი თვის წინ დაანონსებული რევოლუცია. ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ 4 ოქტომბერს რომ არ დაგეგმო რევოლუცია, 6-ში დაგეგმე… ავანტიურას უნდა ერქვას ავანტიურა. ამ ყველაფერმა კარგად იმუშავა, ძალიან კარგად იყო მოფიქრებული და დაგეგმილი ავანტიურა. ეს იყო ზუსტად რუსული სპეცოპერაცია – არ წახვიდეთ არჩევნებზე და მოდით რუსთაველზე“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ევროკომისიამ სომხეთს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადასცა

ევროკომისიამ სომხეთს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.ევროკომისიის განცხადებით, „ევროკავშირსა და სომხეთს შორის პარტნიორობის გაღრმავების კონტექსტში, სამოქმედო გეგმა ვიზალიბერალიზაციის მიღწევისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“.„სამოქმედო გეგმა ტექნიკურ და პოლიტიკურ მოთხოვნებს მოიცავს, რომლებიც სომხეთმა ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებამდე უნდა დააკმაყოფილოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.გეგმა ითვალისწინებს რეფორმებს ისეთ სფეროებში, როგორებიც არის სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოება, სასაზღვრო და მიგრაციის მართვა, საზოგადოებრივი წესრიგი, საგარეო ურთიერთობები და ფუნდამენტური უფლებები.„ევროკომისია რეგულარულად შეაფასებს სომხეთის პროგრესს, რათა დაადასტუროს სამოქმედო გეგმაში დადგენილი კრიტერიუმების თანმიმდევრული და ეფექტური განხორციელება, მათ შორის რეგულარული ანგარიშების მეშვეობით“, – ნათქვამია განცხადებაში.ცნობისთვის, სომხეთსა და ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები 2024 წლის სექტემბერში დაიწყო.

„მოვერიდოთ სხვისი პირსახოცის, სხვისი ტანსაცმლის და თეთრეულის გამოყენებას“ – პაატა იმნაძის რეკომენდაცია მუნთან დაკავშირებით

მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.იმნაძის განმარტებით, მუნის მკურნალობა ადვილია და ის კანით კანზე, მჭიდრო, ხანგრძლივი კონტაქტით ვრცელდება.„მუნი არის ტკიპით გამოწვეული დაავადება. მისი ძირითადი სიმპტომი ძლიერი ქავილია. გადადის მხოლოდ მჭიდრო ხანგრძლივი კონტაქტით კანით კანზე, თუმცა, შესაძლებელია, გადავიდეს თეთრეულით, პირსახოცით, ტანსაცმლით. მკურნალობა საკმაოდ ადვილია, სპეციალური მალამოების საშუალებით.პროფილაქტიკისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მოვერიდოთ ინფიცირებულთან კონტაქტს, მოვერიდოთ სხვისი პირსახოცის, სხვისი ტანსაცმლის და თეთრეულის გამოყენებას. მკურნალობა აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს არა მარტო იმას ვისაც აქვს მუნი, არამედ მისი ოჯახის ყველა წევრს და ასევე, ვისაც მჭიდრო, ახლო და ხანგრძლივი კონტაქტი აქვს მასთან“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ.ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„საშინელი დღე გვქონდა დღეს, დახოცილები ვართ მთელი ოჯახი…“ – თაკო ჩარკვიანი

„საშინელი დღე გვქონდა დღეს, დახოცილები ვართ მთელი ოჯახი...“ -  ამის შესახებ „კანონი და სამართალი“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„არ მინდა, რომ ვიღაცას ბრალი დავდო, ნებსით არის თუ უნებლიეთ, დაგვღუპა და დაგვაქცია ოჯახები. რაღაცნაირად პროვოკაციას ჰგავს. არ ურეკავს თავის ძმას, ძმისშვილს ურეკავს ამ ბიჭის მეგობრებს, რომლების მთვრალები არიან...“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ბოლო სიახლეები