თეთრმა სახლმა აშშ-ს, დანიასა და გრენლანდიას შორის უსაფრთხოების სფეროში გაფორმებული შეთანხმების ტექსტი გამოაქვეყნა. შეთანხმებას ხელი მოეწერა 22 სექტემბერს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში.
როგორც ტექსტშია აღნიშნული, შეთანხმება ითვალისწინებს გრენლანდიაში აშშ-ის სამხედრო ყოფნის მნიშვნელოვან გაფართოებას.
ამასთან, „ვაშინგტონს შეეძლება პიტუფიკის სამხედრო ბაზის მოდერნიზება და იქ არსებული საქმიანობის გაფართოება, ასევე – ნარსარსუაკსა და მესტერსვიგში დამატებითი თავდაცვითი ზონების შექმნა. თუმცა, ამ ნაბიჯების კონკრეტულ პირობებსა და ტექნიკურ დეტალებზე მხარეებს ცალკე შეთანხმება მოუწევთ. მხარეებს ასევე შეეძლებათ, შეთანხმდნენ გრენლანდიაში სხვა ამერიკული თავდაცვითი ობიექტების შექმნაზე. ამერიკელ სამხედროებს ექნებათ უფლება, თავისუფლად გადაადგილდნენ გრენლანდიის თავდაცვით ზონებს შორის ხმელეთით, ზღვითა და საჰაერო გზით. ამერიკულ თვითმფრინავებს შეეძლებათ გრენლანდიის ტერიტორიაზე გადაფრენა და დაშვება, ხოლო აშშ-ის გემებს – გრენლანდიის ტერიტორიულ წყლებში გადაადგილება.
შეერთებულ შტატებს ექნება უფლება, შეშფოთება გამოთქვას თავდაცვითი ზონის სიახლოვეს ნებისმიერი შენობის, ობიექტის ან ნაგებობის მშენებლობასთან ან მისი დანიშნულების შეცვლასთან დაკავშირებით, თუკი ეს თავდაცვითი ზონის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის. ეს უფლებები უნდა განხორციელდეს ისე, რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული გრენლანდიის საზოგადოებისა და გრენლანდიური ცხოვრების წესის ინტერესები, მათ შორის ნადირობა, თევზაობა და სხვა ტრადიციული, კულტურული, ისტორიული თუ სამომავლო საქმიანობა. მხარეები ასევე ითანამშრომლებენ გრენლანდიაში ჯაშუშობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
შეთანხმება ითვალისწინებს ნატო-ს როლის გაზრდას არქტიკაში, განსაკუთრებით სამხედრო დაგეგმვის, სამხედრო ყოფნის, წვრთნების ჩატარებისა და სადაზვერვო მონაცემების ერთობლივი მოპოვების მიმართულებით. დანია ასევე იღებს ვალდებულებას, გააგრძელოს არქტიკაში საკუთარი სამხედრო ყოფნისა და შესაძლებლობების გაძლიერება.
გარდა ამისა, შეთანხმება ზღუდავს გრენლანდიაში მესამე ქვეყნების სამხედრო და ეკონომიკურ ყოფნას. ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს ეკრძალებათ გრენლანდიაში საკუთარი სამხედრო ობიექტების შექმნა ან მუდმივი სამხედრო კონტინგენტის შენარჩუნება, თუ ამის შესახებ შეთანხმების მონაწილეთა თანხმობა არ ექნებათ.
ასევე შეზღუდვები შეეხებათ იმ სახელმწიფოებსა და ინვესტორებსაც, რომლებიც არ არიან ნატო-ს წევრი, ნატო-ს პარტნიორი ან ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები. მათ შეეზღუდებათ კონტროლის მოპოვება ან მნიშვნელოვანი გავლენის დამყარება სტრატეგიულ სექტორებში, განსაკუთრებით კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების სფეროში. აღნიშნული შეთანხმება უვადოა.
იმ შემთხვევაში, თუ გრენლანდია მომავალში დამოუკიდებლობას მოიპოვებს, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო ნატო-ს შემადგენლობაში დარჩეს და გადაიბაროს ის უფლებები და ვალდებულებები, რომლებიც ამ შეთანხმებით ამჟამად დანიას ეკისრება“, – აღნიშნულია ტექსტში.

