ოთხშაბათი, ოქტომბერი 28, 2026

ქვეყნის და 21 ადამიანის ტრაგედია, 13 ივნისის სტიქიიდან 9 წელი გავიდა

დღეს 13 ივნისია, შემზარავი ტრაგედიის დღე. 9 წელი გავიდა მას მერე, რაც მდინარე ვერე ადიდდა და სტიქიის შედეგი უმძიმესი იყო.

უამრავი ადამიანი დაზარალდა, მთლიანად განადგურდა და დაზიანდა სვანიძის ქუჩის მაცხოვრებლების საცხოვრებელი სახლები, რაც ყველაზე მძიმეა, საშინელმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საუბედუროდ ორი ახალგაზრდა – ბექა ბუთურიშვილი და სერგი კაპანაძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება და მათ ოჯახებს შვილების საფლავებიც კი არ აქვთ. სტიქიიდან 3 თვის შემდეგ იპოვეს მაშველებმა კიდევ ერთი დაკარგული, ელიზბარ ბაღაშვილი.

“ბიჭო, მგონი ვიღუპები, მიშველე!”

ელიზბარი მოსკოვში ცხოვრობდა, წინა დღეს ჩამოვიდა თბილისში. იმ საღამოს მეგობრებთან ერთად რესტორანში ივახშმა. სახლში ტაქსით ბრუნდებოდა. სიკვდილამდე მეგობართან დარეკვა შეძლო: პაატა მიშველე, ბიჭო ვიღუპები, წყალში ვიხრჩობიო. საშველად მაშინვე გავარდა მეგობარი. სამწუხაროდ, იქამდე მისვლა ვეღარ შეძლო, მალე თვითონაც წელამდე წყალში აღმოჩნდა, უცებ ღვარცოფიც წამოვიდა, ნაშალი მოჰქონდა. პაატა დიდ ხეს ჩაებღაუჭა, ამ დროს ისევ დაურეკა ელიზბარმა, მისი ბოლო სიტყვები იყო – ბიჭო, მგონი ვიღუპები, მიშველე! მერე ტელეფონიც გაითიშა…

დებ ზარანდიების ლამაზი სიცოცხლე და ტრაგიკული დასასრული

ახალი გზით ბრუნდებოდნენ სახლში დები, ინდირა და ლიზა ზარანდიებიც. მალე მოვალთ, უთხრეს დედას, მაგრამ სამწუხაროდ, სახლამდე ვერ მიაღწიეს.

“თითქმის ორი წელია ყოველდღე, ყოველწუთს ქვეცნობიერში რაღაც მტკივა, მაკლია, მეწვის… თითქმის ორი წელია ტკივილის ბურთს სადღაც გულსა და ყელს შორის გაჩერებას ვაიძულებ. ხშირად არ გამომდის, ივნისში განსაკუთრებით ასეა და განსაკუთრებით მძიმეა ეს დღე ჩემთვის. აუტანელი მონატრება, დიდი სევდა, მათ გარეშე დიდი სიცარიელეა, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ ამ ემოციებს და განცდას “,- ამბობს გოგონების ბიძაშვილი თამთა ზარანდია.

იხილეთ: “ვერ ვეგუები, რომ ჩემი ინდირასა და ლიზას გაღიმებულ სახეებს ვეღარ ვნახავთ”

ივლიტა და მარიამი

12 ივნისს, მამა გიორგიმ (ჯიბუტი) ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ქუჩის კვეთაზე გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადა, იქ შეიკრიბნენ დაღუპულების ახლობლები, სამწუხაროდ, მამაოს ქალიშვილი ივლიტა ჯიბუტიც გახდა ამ სტიქიის მსხვერპლი…

ივლიტა და მისი მეგობარი მარიამ ქუთელია ივლიტას მეუღლესთან ერთად 40 წუთის განმავლობაში, სახურავზე ასულები, ელოდნენ მაშველებს. მეუღლე ხელს არ უშვებდა საყვარელ გოგონას და მის მეგობარს, მაგრამ მოვარდნილმა წყალმა ისინი სახურავიდან გადაყარა. მაშველებმა ივლიტას მეუღლის გადარჩენა შეძლეს, გოგონები დაიღუპნენ.

ქართველების უპრეცედენტო ერთობა

მთლიანად დაიტბორა მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორია. ზოოპარკის თანამშრომლების სიცოცხლეც შეიწირა სტიქიამ, სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა დიდი ნაწილიც. იმ დღეებში ქართველი საზოგადოების ერთმანეთის მხარში დგომა მართლაც სამაგალითო იყო.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ათასობით მოხალისე მონაწილეობდა. ყველა ქართველს სტკიოდა მომხდარი და ვისაც როგორ შეეძლო, ისე ეხმარებოდა დაზარალებულებს. უამრავი გმირობის მაგალითი ვნახეთ, ამაზე ბევრი დაიწერა და ითქვა. იმ მძიმე დღეებში, დიდ ტკივილთან ერთად, ბევრი პოზიტივი იყო, რადგან მართლა მთელი საქართველო გაერთიანდა და ეს ფაქტი გულს უთბობდა ადამიანებს. აღსანიშნავია მაშველთა თავგანწირვა და ამის ფასად ასობით გადარჩენილი სიცოცხლე. სტიქიამ ერთ-ერთი მათგანი ზურაბ მუზაშვილი იმსხვერპლა, რომელმაც დაღუპვამდე 8 ადამიანი გამოსტაცა სიკვდილს.

იხილეთ: “ზურამ პირველად 10 წლისამ გადაარჩინა თანატოლი, უკანასკნელად კი – 13 ივნისის ღამეს გამოსტაცა სტიქიას 8 ადამიანი”

თბილისის მერიის ინფორმაციით, უპრეცედენტო მხარდაჭერა დაფიქსირდა შემოწირულობების შეგროვების მხრივაც. სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე 26 მლნ ლარზე მეტი შეგროვდა. მოქალაქეებს სახლებიდან გამოჰქონდათ დაზარალებულებისთვის საჭირო პირველადი ნივთები, ტანსაცმელი, საკვები და მათ აწვდიდნენ. თანხებს რიცხავდნენ უცხოეთში მყოფი ქართველებიც. ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად, სრულად განადგურდა 84, ხოლო დაზიანდა 158 საცხოვრებელი სახლი. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, დღეისათვის სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა სრულად აღდგენილია და დაზარალებულთა უმრავლესობა დაკმაყოფილდა. თუმცა არიან შეთავაზებული კომპენსაციით უკმაყოფილო ოჯახები, რომლებმაც მერიასთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ახლა სასამართლოს გზით ცდილობენ თავიანთი უფლებების დაცვას.

დაკარგულები

დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა სერგი კაპანაძე, რომელიც დებ ზარანდიებთან ერთად იყო და ასევ ბექა ბუთურიშვილი.

ლაშა ბუთურიშვილი, ბექას ძმა:

– მძიმეა გაუძლო ამ ტკივილს. ენით აუღწერელია და ვერ გადმოგცემთ სიტყვებით ჩვენთვის როგორ გაიარა ამ დრომ. ისევ მოლოდინში ხარ, მაინც არ კარგავ იმედს, მაინც ებღაუჭები რაღაცას. მაინც სადღაც სულ ეძებ. არ ვიცი რა შეიძლება ამ მდგომარეობას დავარქვა. მწარე რეალობაა, ბექა აღარ გვყავს… უნახავი და შეუმოწმებელი არაფერი დარჩენილა, მაგრამ კიდევ იმას ვფიქრობ, სადმე რამე ხომ არ გამომრჩა, მაგრამ ბოლოს მაინც მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ არა, ყველაფერი ვცადეთ. მტკვარში წყლის დონე 5 ჯერ დავწიეთ, მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთ… იმასთან შეგუება ძნელია, რომ ბექა არ არის. მისი საფლავიც არ გვაქვს. ძნელია როცა საფლავზეც ვერ მიდიხარ გულის მოსაოხებლად.

გადარჩენილები

ძნელია ემოციის გარეშე გაიხსენო ის დღეები. ქეთი ბეგიაშვილი ერთ-ერთი იმათგანია, რომელმაც სიკვდილს ჩახედა თვალებში. ის სვანიძის 11 ნომერში ცხოვრობდა. მისი მეუღლე ზურაბ მუშკუდიანი აფხაზეთიდან დევნილია. 12 წლის იყო საკუთარი სახლ-კარი რომ დატოვა და გაგრიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ცხოვრება თავიდან დაიწყო დედასთან ერთად, ბევრი შრომის შედეგად ოჯახმა თბილისში ბინა იყიდა. ბედნიერად ცხოვრობდნენ და ერთ წუთში შეიძლებოდა დანგრეულიყო ყველაფერი. საბედნიეროდ ზურამ სიკვდილს გამოგლიჯა ხელიდან მეუღლე და 2 წლის შვილი, ლუკა. სახლში წამებში მიუსწრო მათ და დიდი წვალებით სამშვიდობოს გამოიყვანა. სვანიძის 11 ნომერში მათი მეზობლები, 4 ქალბატონი დაიღუპა. მაშველებმა ამ სახლიდან სვეტა, ლიანა, ჟანა და ნინა ეგიაზაროვების ცხედრები გამოასვენეს. ისინი ბიძაშვილები იყვნენ. ერთ სახლში ცხოვრობდნენ…

ქეთევან ბეგიაშვილი:

– ორი წელი გავიდა, მაგრამ ეს დღე ალბათ არასდროს დამავიწყდება. ეს ორი წელი ჩემთან ერთად ცხოვრობს ეს ამბავი. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, 13 ივნისზე ფიქრი არ მშორდება, ყოველთვის თან მდევს. ის ადგილი, სადაც ვცხოვრობდით, ახლა არ მიყვარს და ვცდილობ არც გავიარო იმ გზაზე. თუმცა ერთი წლის წინ სულ იქ მინდოდა ყოფნა და ხშირად მივდიოდი. ახლა რაც დრო გადის, იქ გავლა აღარ მსურს.

– ქეთი, ბავშვები ხომ არ იხსენებენ იმ დღეს?

– ყოველთვის იხსენებენ. განსაკუთრებით ლუკა, რომელიც მართლა სიკვდილს გამოვტაცეთ. ახლა ახალ სახლში ვცხოვრობთ და ამბობენ, აქ კარგიაო.

– თქვენს ეზოში ცხოვრობდა 4 დაღუპული ქალბატონი, როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა მათი გადარჩენა?

– მათი გარდაცვალება ჩვენი ოჯახის დიდი ტკივილია. ყოველდღე ვიხსენებთ მათ და გული გვტკივა, რომ წარსულში გვიწევს საუბარი. სახლის პირველ სართულზე ორი და ცხოვრობდა, ხოლო მეორე სართულზე მათი ბიძაშვილები. მათ ვეხმარებოდით წყლის ამოტუმბვაში. ისინი ცდილობდნენ საძინებლებში არ შესვლოდათ წყალი და იმაზე იყვნენ გადართულები. ამ დროს წყალი ისევ შემოვარდა. მე კიბეზე ავდიოდი, ამ დროს გავიგე ერთ-ერთი დაღუპულის შვილი როგორ გადმოხტა ფანჯრიდან და დაიყვირა, მიშველეთ დედა მეხრჩობაო. ბავშვი ამბობს, დედაჩემი დახრილი წყალს წურავდა, ამ დროს დიდი ნაკადი შემოვარდა სახლში და დედას თავზე მაცივარი დაეცა და კედელზე მიახეთქა წყლის ნაკადმაო. ჩემსავით ცურვა არ იცოდნენ, თორემ მეორე სართულზე მყოფები მაინც გამოაღწევდნენ იქიდან. იმ საშინელ ღამეს სასწაული იყო ვინმეს გადარჩენა.

ძალიან მძიმეა ამის გახსენება. დღეს ჩემი ლუკა 4 წლის არის, ნინი 6 და ზაკო 7 წლის. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ტკივილის გაზიარებისთვის და გვერდში დგომისთვის და მინდა 13 ივნისის მსგავსი უბედურება აღარასდროს გვენახოს. რაც მეტს ვფიქრობ, ვრწმუნდებით რომ მართლა ღმერთის წყალობით გადავრჩით. ეს ხომ არ იყო უბრალოდ წყალი, ეს იყო ღვარცოფი, ტალახი, რომელსაც მოგლეჯილი ხეები და ყველაფერი მოჰქონდა. ალბათ არ ვიყავით განწირულები, მადლობა უფალს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი კახიანი – ,,ნაცმოძრაობა” არანაირ სინანულს არ გამოხატავს წარსულში ჩადენილის გამო, პირიქით – ჩვენი სარჩელი სწორედ ამას ეფუძნება, რომ ეს არის ძალა, რომელიც წარმოადგენს...

ეს დღეები ვუსმენთ „ნაციონალური მოძრაობის“ ახსნა-განმარტებებს და ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ ეს ძალა არანაირად არ შეცვლილა. ეს არის იგივე ძალა, როგორიც იყვნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. უბრალოდ ელოდებიან თავის დროს, დაბრუნდნენ ხელისუფლებაში,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის შესაფერის დროს ელოდება. კახიანს მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში იმავეს გაიმეორებენ, რადგან „მათ წარსულში ჩადენილი ქმედებების გამო არანაირი სინანულის გრძნობა არ გააჩნიათ“.„ჩვენ ეს დღეები ვუსმენთ „ნაციონალური მოძრაობის“ ახსნა-განმარტებებს და ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ ეს ძალა არანაირად არ შეცვლილა. ეს არის იგივე ძალა, როგორიც იყვნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ისინი უბრალოდ ელოდებიან თავის დროს, რომ მობრუნდნენ ხელისუფლებაში და იგივე მოქმედებებს განაგრძობენ, როგორც აქამდე იქცეოდნენ. ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი არანაირ სინანულს არ გამოხატავენ წარსულში ჩადენილი იმ ქმედებების მიმართ, რასაც ჩვენ მათ ვედავებით. პირიქით, ისინი საუბრობენ იმაზე, თუ რა კარგი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდი. არანაირი სინანული არ გააჩნიათ მათ თავიანთი მოქმედებების. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათი მოსვლის შემთხვევაში საფრთხე იქნება დიდი, საფრთხე დაემუქრება ადამიანის უფლებებს, ზოგადად კონსტიტუციურ წყობილებას. ამიტომაც არის, რომ ჩვენი კონსტიტუციური სარჩელი სწორედ ამას ეფუძნება, რომ ეს არის ძალა, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნისთვის, წარმოადგენდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბევრი გამოწვევის წინაშე დააყენა ხელისუფლება და ზოგადად ქვეყანა მაშინ და მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ისინი იმავეს გააკეთებენ და იმავეს გაიმეორებენ“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.კახიანმა ისაუბრა კიდევ ერთ პოლიტიკურ ძალაზე - „კოალიცია ცვლილებისთვის“ და განაცხადა, რომ ისინი არაფრით განსხვავდებიან „ნაციონალური მოძრაობისგან“.გიორგი კახიანი აღნიშნავს, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ იმავე პოლიტიკის გამტარებელია, როგორსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებდა და ამიტომ მათაც იმავეს ედავებიან.„რაც შეეხება „კოალიცია ცვლილებისთვის“, ჩვენ მათ განვიხილავთ ზუსტად იგივე ძალად, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“. ფაქტობრივად, ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობისგან“ წარმოქმნილი ძალა, ხომ? მათ წარსულს თუ გადავავლებთ თვალს, ისინი მათგან არაფრით განსხვავდებიან. მათი ლიდერები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში და იმავე პოლიტიკას ატარებენ, რასაც ატარებდა „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი ერთობლივ ჯგუფებს ქმნიან, ერთობას ქმნიან და იმავე პოლიტიკის გამტარებლები არიან. არ ვიცი რა არგუმენტები შეიძლება ჰქონდეთ დღეს, მოვუსმენთ და შემდგომ გავაკეთებთ კომენტარებს, თუმცა, მათაც ჩვენ ვედავებით იმავეს, რასაც „ნაციონალურ მოძრაობას“- ეს არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ძალადობით შეცვლა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და დამოუკიდებლობის ხელყოფა“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.

კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე: კარგია, რომ ისინი ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ჰუმანურობა კი ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილია

„4 ოქტომბერს შეეცადნენ სისრულეში მოეყვანათ სახელმწიფო გადატრიალების გეგმა,  რასაც იქამდე ღიად ამბობდნენ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს დროულად“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან 4 ოქტომბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.მისი თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს ვინ იდგა აღნიშნული პროცესების უკან, ვინ ახალისებდა მათ და საიდან ფინანსდებოდნენ.„ახლა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პარტიების აკრძალვაზე, ხომ ცხადია საიდან მოდიოდა ეს 4 ოქტომბრის თემა? ვისი დაფინანსებით იყო? ვისი წახალისებით კეთდებოდა? თქვენ გგონიათ, რომ ხალხი ვერ ხვდება რა პროცესები მიდის? ვერ ხვდება საიდან იმართება ეს ყველაფერი? ვერ ხვდება ვინ მართავს ამ ადამიანებს?ხომ გახსოვთ, რა ხდებოდა 4 ოქტომბრამდე? თვეების განმავლობაში მიდიოდა პირდაპირ კამპანია, რომ სახელმწიფო გადატრიალება უნდა მოვაწყოთ, უნდა დავამხოთ ხელისუფლება, უნდა მოვაწყოთ რევოლუციაო. თქვენ გსმენიათ რომელიმე ევროკავშირის ქვეყნის წარმომადგენელი, ელჩი გამოსულიყო ან ვთქვათ ევროპარლამენტარი და დაეგმო ეს ყველაფერი? როგორ დაგმობდნენ, როცა პირდაპირ თავად ახალისებდნენ ამ ყველაფერს და ხელს უწყობდნენ. შესაბამისად, 4 ოქტომბერს შეეცადნენ სისრულეში მოეყვანათ ეს ყველაფერი, რასაც იქამდე ღიად ამბობდნენ,  მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს დროულად, იმოქმედეს ღირსეულად და დღეს გვყავს დაკავებული ადამიანები“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით: „მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული, რამდენიმე ბოდიშს იხდის, აღიარებს დანაშაულს. ხელისუფლებას კი ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჰუმანური დამოკიდებულება აქვს. ეს კარგია, რომ ისინი ხვდებიან ამ დანაშაულს, ამ დანაშაულის სიმძიმეს. ჰუმანურობა კი ჩვენი პოლიტიკის ნაწილია“.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები გერმანიაში ერთთვიან პროფესიულ პრაქტიკაზე იმყოფებოდნენ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გერმანულ კომპანია HiPP-ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ცნობილი გერმანელი მეწარმისა და მეცენატის, სტუ-ის საპატიო დოქტორის, პროფესორ კლაუს ჰიპის მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორმა წარმომადგენელმა გერმანიაში ერთთვიანი პროფესიული პრაქტიკა გაიარა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, გერმანიაში სტუ-ის წარმომადგენლების პროფესიული პრაქტიკის ორგანიზება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისმა უზრუნველყო. პრაქტიკული კურსი, რომელშიც მონაწილეობდნენ სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის კურსდამთავრებული ელისაბედ გუნთიშვილი და არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ სულაბერიძე, გერმანიის ქალაქ შაიერნში (Scheyern) გაიმართა და მიზნად სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების მიღებასა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას ისახავდა. კურსის ფარგლებში გუნთიშვილი და სულაბერიძეჩართულნი იყვნენ შაიერნის ისტორიული ბენედიქტელთა მონასტრის საკონფერენციო დარბაზის ინტერიერის დიზაინის კონცეფციის შემუშავებისა და მხატვრული გაფორმების პროცესში.როგორც ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის უფროსის მოადგილე ნინო ახობაძე აცხადებს პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტები ჩართულნი იყვნენ შაიერნის ისტორიული ბენედიქტელთა მონასტრის (Kloster Scheyern) საკონფერენციო დარბაზის ინტერიერის დიზაინის შემუშავებისა და მხატვრული გაფორმების პროცესში.„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და პროფესორ კლაუს ჰიპს შორის თანამშრომლობა ჩვენი სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მათ აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ საერთაშორისო პროფესიული გამოცდილება. ბატონი ჰიპის მხარდაჭერით ორგანიზებული პროფესიული პრაქტიკა უნივერსიტეტსა და გერმანულ მხარეს შორის წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია.პროექტი სტუდენტებისთვის განსაკუთრებული პროფესიული გამოცდილებაა, რადგან მათ შესაძლებლობა ეძლევათ, იმუშაონ მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის მქონე სივრცეში. ერთი თვის განმავლობაში ელისაბედ გუნთიშვილი და მარიამ სულაბერიძე მუშაობდნენ ინტერიერის მხატვრულ კონცეფციაზე, სივრცის ესთეტიკურ გადაწყვეტასა და დიზაინის ცალკეულ ელემენტებზე. პრაქტიკამ მათ საშუალება მისცა, უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა რეალურ პროფესიულ გარემოში გამოეყენებინათ და გერმანულ სამუშაო პრაქტიკას გაცნობოდნენ“, - აცხადებს ნინო ახობაძე.სტუ-ის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შაიერნის მონასტრის სასულიერო პირებმა, რომლებმაც სტუდენტებს გულთბილი მასპინძლობა გაუწიეს და შეუქმნეს პრაქტიკული სამუშაოებისთვის საჭირო პირობები. მონასტრის წარმომადგენლების მხარდაჭერით სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, ემუშავათ უნიკალურ ისტორიულ გარემოში და უშუალოდ გასცნობოდნენ მონასტრის კულტურულ მემკვიდრეობას.

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,ქუთაისის აეროპორტი“ და ,,წითელი ხიდი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 8 ფაქტი აღიკვეთა.უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 696 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.აღნიშნული არადეკლარირებული ოქროს საერთო საბაჟო ღირებულებამ - 166 681 ლარი შეადგინა.3 მოქალაქის საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 5 კანონდამრღვევი მოქალაქე საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით ჯამში - 44 305 ლარით დაჯარიმდა.

ტრაგედია ძმის ქორწილში – ახალი დეტალები 25 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე

თბილისში, 25 წლის გურამ ბოიკო ცივი იარაღით მოკლეს. ბოიკო წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორიდან იყო.მოკლულის ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ თბილისში, „ლისი მერეში“, ძმის ქორწილში იმყოფებოდა.თვითმხილველების თქმით, სუფრასთან ახალგაზრდებს შორის დაწყებული დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.ბოიკო ინციდენტის მონაწილეების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც, მას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ბოლო სიახლეები