სამშაბათი, ივლისი 14, 2026

ხანმოკლეა ცხოვრება და ამ ქვეყნიდან რომ წავალ, მერე დაიწყებენ თავის ქნევას-სოსო ჯაჭვლიანის “ლამაზი ზღაპარი”, აუხდენელი ნატვრა და ბავშვობაში ჩაფიქრებული დიდი სურვილი

“ხანმოკლეა ცხოვრება და ამ ქვეყნიდან რომ წავალ, მერე დაიწყებენ თავის ქნევას…”

ბავშვობაში მსახიობობაზე არასდროს უოცნებია, ფილმები კი ძალიან უყვარდა. ერთ დღეს მის ოთახში ჩიტი შეფრენილა. დედას უთქვამს, სურვილი ჩაუთქვი და გაუშვიო. “შესანიშნავი შვიდეულით” შთაგონებულ ბიჭს უნატრია, მისი საყვარელი პერსონაჟის მსგავსად ეცხოვრა… რა უცნაურია, რომ ამ ამბიდან დიდი დრო არ იყო გასული, რეზო გაბრიაძემ აღმოაჩინა და გადასაღებ მოედანზე სოსო ჯაჭვლიანის თავგადასავალი ასე დაიწყო.

ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში დეკანმა სტუდენტებს გამოუცხადა, კინოში გადასაღებად ბიჭებს არჩევენო. შემოქმედებითი ჯგუფის წევრებთან ერთად, ინსტიტუტის ეზოში შესულ რეზო გაბრიაძეს ერთი ბიჭი მოხვედრია თვალში; აუდიტორიაში 150 სტუდენტს შორის, 10 შეურჩევიათ, სოსო უკანა რიგში მდგარა. რეჟისორს უკითხავს, ის ბიჭი სად არის, ცოტა ხნის წინ ეზოში რომ ვნახეთო? მეგობარს უხუმრია, ეს სვანი ბელმონდოაო.

რეზო გაბრიაძემ მოკლემეტრაჟიან ფილმში “სიყვარული ძალასა შენსა” სათამაშოდ მიიწვია. ფილმის მიხედვით მისი გმირი ევროპელია, რომელიც საქართველოში ჩამოდის, ცხენზეა ამხედრებული, ულამაზესი გოგო შეუყვარდება და მას რამდენჯერმე იტაცებს… იმ ლამაზი გოგოს როლს ლიკა ქავჟარაძე ასრულებდა. წლების შემდეგ, სოსო ჯაჭვლიანი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ეს როლი და ფილმი გამორჩეულად უყვარა

თუმცა, ფართო საზოგადოებამ “ნატვრის ხიდან”, გედიას როლით გაიცნო. ცნობილია, რომ თენგიზ აბულაძე გედიას, მარიტას და შეთეს ყველაზე დიდხანს ეძებდა. არსებობს როლები, რომლებიც მუდმივად რჩება როგორც მსახიობის, ასევე მაყურებლის მეხსიერებაში, ასეთი იყო გედია.

ერთ-ერთ ინტერვიუში სოსო ჯაჭვლიანი ამბობდა: “ნატვრის ხის” გადაღებები ყველაზე ლამაზი პერიოდია ჩემს შემოქმედებაში. ბედნიერებაა, როდესაც 16-17 წლის ხარ და ამ დროს მთელი საქართველოს უსაყვარლეს მსახიობებთან გიწევს ურთიერთობა. იცით, როგორ გავხდი პოპულარული ამ ფილმის გადაღებისას? სიღნაღში ვიღებდით. სასტუმროში ვცხოვრობდით და იქვე, რაიკომის შენობაში ვსადილობდით ხოლმე. დილით გადაღებაზე რომ მივდიოდით, ირგვლივ იმდენი ცნობილი მსახიობი იყო, მაგრამ რატომღაც ხალხი მე მიყურებდა. ცხადია, არ ვამჟღავნებდი, მაგრამ შინაგანად ძალიან ამაყი ვიყავი. ბავშვები სასადილოშიც კი შემომყვებოდნენ ხოლმე და იქაც მათვალიერებდნენ. ბოლოს გაირკვა, რაც ხდებოდა: ეს ის ბიჭია, შვიდ პორცია შნიცელს რომ ჭამსო! – ასე აცნობდნენ ვიღაცას ჩემს თავს”.

ლიკა ქავჟარაძემ და სოსო ჯაჭვლიანმა გადასაღებ მოედანზე ერთად ორ წელზე მეტი გაატარეს. ამ ხნის განმავლობაში, ორივე ფილმში შეყვარებულებს თამაშობდნენ და რა გასაკვირია, რომ ერთმანეთი ცხოვრებაშიც შეჰყვარებოდათ. მოგვიანებით სოსო ჯაჭვლიანი ამბობდა: “შემიყვარდა ან როგორ შეიძლებოდა, ლიკასნაირი გოგო არ შეგყვარებოდა?!” იქვე იმასაც დასძენდა, რომ არც მაშინ და არც შემდეგ, “ნატვრის გოგონას” სიყვარულში არ გამოსტყდომია.

ლიკა ქავჟარაძე რომ გარდაიცვალა, მისი დაკრძალვის დღეს, ძალიან ამაღელვებელი იყო ტაძრიდან გამოსვენების სცენა. ლიკა შეთემ და გედიამ გამოaსვენეს, ეს იყო “ნატვრის ხის” უცნაური “დასასრული”.

 

მსახიობი ზაზა კოლელიშვილი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ძმობის ამბავს ასე იხსენებს:

– მე და სოსო პირველად ერთმანეთს ფოტოსინჯებზე შევხვდით და ურთიერთობაც პირველივე დღიდან დავიწყეთ. მხოლოდ ჩვენ გვიღებდნენ: – მე, ლიკას და სოსოს. სამივემ ერთმანეთს მარტივად გავუგეთ. ადამიანს შენიანად რომ იგრძნობ, აი, ასე დაიწყო ჩემი და სოსოს მეგობრობა. იმ დღიდან ლამის 5 ათეული წელი გავიდა, სოსო ჩემი უახლოესი ადამიანი იყო, ძმები ვიყავით, თან ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვცხოვრობდით.

– თქვენი მეჯვარე იყო, არა?

– დიახ, მეჯვარე და ჩემი ვიტოს ნათლია. ვიტო სპორტით რომ დაინტერესდა, ეს ამბავი ახარებდა, დიდი გულშემატკივარი იყო. ჯერ კიდევ პატარა იყო ვიტო, სოსო რომ მეუბნებოდა: ბიჭო, რა ჯანიანია, ეს მალე ხელს მეც გადამიწევსო და ხშირად ავარჯიშებდა. ჩვენი ბინების ფანჯრები ერთმანეთს უყურებდა. ჩემს შვილებს რამე თუ სჭირდებოდათ, თან ჰყვებოდა, ფულსაც ხშირად ჩუქნიდა, როგორც ბიძა. სოსოს ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული, გულისხმიერი იყო, მე ძალიან მიფრთხილდებოდა. დღეს ჩემმა დამ გაიხსენა. თელავში სტუმრად წავიყვანე, მამაჩემი დატრიალდა და რამე თუ შეიძლებოდა, გაუჩინარი გააჩინა; ჩემი ძმაკაცები სათითაოდ ეპატიჟებoდნენ. სოსომ 2 დღე გამიძლო დალევაში და მერე შეეშვა, ღვინიდან მაწონზე გადავიდა. ჩვენთან კამეჩის კარგი მაწონი მოჰქონდათ და განსაკუთრებით მოეწონა. ამ ამბის გამო, ჩემი და თამრიკო მკვდარივით არის, ეგ და სოსო ძალიან მეგობრობდნენ. თამრიკო ლექსებს წერს და სოსოს მოსწონდა მისი პოეზია. მე და სოსო ერთმანეთის ოჯახის წევრები ვიყავით, ამაზე მეტი აბა, რა და როგორ გითხრათ, გული მომიკვდა.

– “ნატვრის ხის” გადაღებისას, ხელჩართული ჩხუბის სცენა როგორ გადაიღეთ და მერე კადრს მიღმა რა ხდებოდა?

– მეუბნებოდა, დღეს იმდენი უნდა გირტყა, ღამე ტახტზე დაწვებიო. მეც ხომ კარგად ვურტყამდი, სოსოს ძალიან ძლიერი ხელი ჰქონდა, ერთმანეთი სულ დალურჯებული გვყავდა. ფილმში მხოლოდ 53 წამი შევიდა, არადა, 10 წუთი მაინც ვჩხუბობდით. კადრს მიღმა სულ სიამტკბილობაში ვიყავით. ისეთი ბუმბერაზების გვერდით გვიწევდა ყოფნა, სულ გვინდოდა, მათთან რაც შეიძლებოდა მეტი დრო გაგვეტარებინა, ბევრი რამ გვესწავლა. ისინიც ხათრს არ გვიტეხდნენ. მსახიობები, ტექნიკური პერსონალი, ყველანი ერთად ვიყავით და ყველა ლიკას დავციცინებდით, ვინმე გადაბრუნებულ სიტყვას თუ იტყოდა, კარგი მუშტიც მოხვდებოდა, ეს გარანტირებული ჰქონდა.

– ბატონი სოსო ბოლოს როდის ნახეთ?

– რაც ცუდად იყო, ჩემთან შეხვედრას ერიდებოდა, ნერვიულობდა და მეც თავს ვიკავებდი. სოსოს შესახებ ყველაზე მეტს მისი ლუკასგან და გია ბურჯანაძისგან ვიგებდი. ლუკა ჩემი პატარა ძმაკაცია. სოსოს ბოლოს ახალი წლის ღამეს ველაპარაკე, პირველის 10 წუთი იყო, თავად დარეკა, მოგვილოცა, ხმაზე თითქოს არაფერი ეტყობოდა, მაგრამ ახლა გამოდის, რომ დაგვემშვიდობა. ახალ წელს საქართველოში იყო, 10 იანვარს თურქეთში წავიდა და… ბოლო საუბრის დროს მითხრა: თურქეთიდან რომ ჩამოვალ, გნახავ, ბევრი რამ მაქვს სალაპარაკოო… სოსოს ცოლად საოცარი გოგო ჰყავს, მახსოვს ირმა როგორ მოიყვანა, როგორ გაგვაცნო. ირმა ბოლო წუთამდე მის გვერდით იყო, საოცარი ცოლქმრობა ჰქონდათ. სოსომ ამქვეყნად დიდი სიყვარული დატოვა. ღმერთმა მისი სული ნათელში ამყოფოს და სანთლად დაენთოს ყველა სიკეთე, რაც აქ დატოვა!

დიდი სიყვარული რომ დატოვა, ამის დასტურია ის, რასაც თამარ ჩიბურდანიძე (“ხალხის ძალის” წევრი) იხსენებს:

“გაბრიელის ნათლობაზე მითხრა, პირველად სვანეთში მე უნდა ავიყვანოო. რომ დამირეკავდა, პირველი გაბრიელს მოიკითხავდა, – ხომ იზრდება მაგარი ქართველიო? ყველაფერი მახსენდება, მთელი ეს წლები, განსაკუთრებით მისი დეპუტატობის პერიოდი, ხალხთან შეხვედრები და მის მიმართ გამოხატული უსაზღვრო სიყვარული. მოსახლეობასთან შეხვედრაზე დაინახავდნენ თუ არა სოსოს, ცნობილ პოლიტიკოსებს გვერდს აუვლიდნენ და მისკენ გარბოდნენ. მოიხედავდა და ხმამაღლა გვეტყოდა: “აბა, მსახიობები არ გვინდა პარლამენტშიო…” მასთან ერთად სულ ლოდინი გვიწევდა, როდის წავართმევდით ხალხს მის თავს და წავიდოდით. ერთხელ მახსოვს, რიკოთზე შევისვენეთ, გზის მეორე მხარეს დაინახეს და რამდენიმე ადამიანი ერთად გამოიქცა სოსოსკენ, კინაღამ ავარიაში მოხვდნენ. ალბათ რამდენიმე სიცოცხლე სჭირდება ადამიანს, ამდენი სიყვარულის დასათესად. ამიტომაც მიჰყვება ამდენი ცრემლი იმ მარადიულ სასუფეველში, სადაც ნაადრევად გადაინაცვლა. ასეთები არ კვდებიან, სოსო მარადისობას შეუერთდა”.

მარადისობაში აუხდენელი ნატვრა გაჰყვა. 2022 წელს “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა: “სცენარი მაქვს – “ვისია უშბა?”, რომელმაც უკვე მეშვიდეჯერ მიიღო მონაწილეობა კინოცენტრის კონკურსში და ბოლო კონკურსზე გაიმარჯვა კიდეც… გამარჯვება ყველამ მომილოცა და მეორე დღეს, გამარჯვებულად სხვები გამოაცხადეს… ასე ხდება, ასეთი უხერხემლო და უტვინო სიტუაციაა საქართველოში – ჯერ გილოცავენ და მერე სხვას აცხადებენ… მე ამ ფილმს მაინც გადავიღებ, მაგრამ ამათ გარეშე! ამათ ხელში ვერავინ ვერაფერს გააკეთებს, თუ დაბლა არ გაეფინები… ამას კი სოსო ჯაჭვლიანი არასოდეს იკადრებს!

სცენარი ვინც წაიკითხა, ყველა აღფრთოვანდა… დადეშქელიანმა რომ უშბა აჩუქა უცხოელ ქალს, ამ საოცარ ისტორიაზეა… ძალიან ხანმოკლეა ცხოვრება და ამ ქვეყნიდან რომ წავალ, მერე დაიწყებენ თავის ქნევას, აფსუს, ეს ფილმი გადაეღოო…”

დაბოლოს, როგორც თავად უწოდებდა, მის “ლამაზ ზღაპარს”, ანუ “ნატვრის ხეს” მივუბრუნდები. 8 თებერვალს, როდესაც სოსო ჯაჭვლიანის გარდაცვალების ამბავი გავრცელდა, სოციალური ქსელში ყველა წერდა, რომ გედია მარიტასთან წავიდა. ყველა აზიარებდა ნაწყვეტს ფილმიდან “ცოცხალი ხარ გედია? ჩემთან მოხვედი გედია?”…

თურმე ფილმში ლიკას და სოსოს სცენებიდან პირველი ეს ეპიზოდი გადაუღიათ. ამბობენ, როგორც კი დუბლის გადაღება მორჩა, ლიკამ თენგიზ აბულაძეს შეხედა, რომლის აზრიც ყველაზე მეტად აინტერესებდა და თენგიზს თვალებზე ცრემლი ჰქონდაო.

ცრემლისა და ემოციის გარეშე ყოველთვის შეუძლებელი იყო ამ ეპიზოდის ხილვა, მით უმეტეს ახლა, როცა აღარც მარიტა გვყავს და აღარც – გედია.

მსახიობი, რეჟისორი, სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი 8 თებერვალს, თურქეთში, დილის 5 საათზე, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჩვენი ჟურნალის რედაქციის სახელით სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცvლილის ოჯახს, ახლობლებს, საქართველოს…

ოსო ჯაჭვლიანი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ეს როლი და ფილმი გამორჩეულად უყვარდა.

 

 

წყარო:

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი “გზა”

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ცხრა ევროპული ქვეყანა უკრაინასთან ერთად ანტისარაკეტო კოალიციას შექმნის

ცხრა ევროპული ქვეყანა უკრაინასთან ერთად ანტისარაკეტო კოალიციას შექმნის.საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დანია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო უკრაინასთან ერთად ერთობლივი ანტისარაკეტო კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ.„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროპის დასაცავად აუცილებელია გლობალური გადაწყვეტა. ინტეგრირებული არქიტექტურა, რომელიც მომავალი სარაკეტო საფრთხეების შეკავებასა და მოგერიებას უზრუნველყოფს. ეს სისტემა ერთობლივი ძალისხმევით, ტექნოლოგიური ღიაობისა და სამრეწველო თანამშრომლობის საფუძველზე უნდა შეიქმნას“,- ნათქვამია ათი ქვეყნის ერთობლივ დეკლარაციაში.ახალი კოალიცია გეგმავს, შეიმუშაოს საერთო ოპერატიული მოთხოვნები, შექმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფები, განსაზღვროს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის მექანიზმები და შეადგინოს საგზაო რუკა, რომელიც პირველადი ოპერატიული შესაძლებლობების შექმნას უზრუნველყოფს.დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ კოალიციას შეძლებენ, შეუერთდნენ სხვა ქვეყნებიც, რომლებიც მის პრინციპებსა და მიზნებს იზიარებენ.ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს პარიზში ჩავიდა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და „მსურველთა კოალიციის“ წევრებს შეხვდება. მისი თქმით, ვიზიტის მთავარი თემა სწორედ ანტისარაკეტო პროგრამა იქნება.ბოლო პერიოდში ზელენსკი რეგულარულად მოუწოდებს პარტნიორებს, უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცენ, რათა ქვეყანამ რუსეთის ბალისტიკური სარაკეტო შეტევების მოგერიება შეძლოს.

შიო III – ნუ უგულებელვყოფთ უმთავრეს სამკურნალოს ჩვენი სულისა – სიყვარულს მოყვასისადმი, მოწყალებას, თანალმობას, თანაგრძნობას – ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი...

ქრისტიანობის მიღებამ და შემდგომ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ განაპირობა ჩვენი ერის გადარჩენა როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად... ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი ჩვენი შემდგომი გადარჩენისა და განვითარებისა, - ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.პატრიარქის თქმით, „ვისაც ასე უყვარს უფალი, ის მის მცნებებსაც იცავს, იმიტომ, რომ როცა ვინმე გიყვარს, ცდილობ, მისი სიყვარულიც დაიმსახურო”.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, პატიოსანნო მამანო, დედანო, ძვირფასო ძმებო და დებო! გილოცავთ თორმეტი მოციქულის ხსენებას და სვეტიცხოვლობას. დღეს ასევე არის ამ დიდებული ტაძრის დღესასწაული, რადგან ის თორმეტი მოციქულის სახელზეა აგებული.ჩვენ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რაოდენ მადლობელი უნდა ვიყოთ მოციქულების. მათი პიროვნებები, მათი ღვაწლი ხომ საფუძველია ჩვენი ეკლესიისა. შეიძლება ითქვას, დღეს ჩვენი ერი რომ არსებობს და ცოცხლობს, ეს მათი ღვაწლის, მათი ქადაგების დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და შემდგომ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ განაპირობა ჩვენი ერის გადარჩენა როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი ჩვენი შემდგომი გადარჩენისა და განვითარებისა.წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს. ბედნიერნი ვართ, რომ ამ თარიღს აღვნიშნავთ და ეს არის სწორედ მათი ღვაწლის, მათი ქადაგების დამსახურება, რამეთუ წმინდა ნინოს ღვაწლიც იყო მათი მსახურების გაგრძელება.მოხარულნი ვართ, რომ დღეს, ჩვენს ეპოქაშიც, ჩვენს უახლეს ისტორიაში არიან ასეთი მოღვაწეები და მოვესწარით ასეთ ადამიანებს. ერთ-ერთი უპირველესი დღეს მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში გახლავთ ჩვენი აწ განსვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. ბედნიერნი ვართ, რომ მოვესწარით მის ღვაწლს და ვართ მისი მემკვიდრეები, ასევე, როგორც მოგახსენეთ, მოციქულთა მემკვიდრეებიც ვართ, პირველ რიგში.აი, დღეს დავფიქრდეთ, ვართ თუ არა მზად, გავაგრძელოთ ეს მემკვიდრეობა, მივბაძოთ მათ მაგალითს, გავყვეთ მათ გზას.დღეს სამოციქულოში წაკითხული იყო პავლე მოციქულის სიტყვები: „მობაძავ ჩემდა იქმნენით, როგორც მე ქრისტესი“ (1 კორ. 11,1). ვართ თუ არა მზად, მათი მიმბაძველები გავხდეთ? იმიტომ, რომ მათ თავიანთი ღვაწლი აღასრულეს სიცოცხლის ფასად და უკლებლივ ყველა მათგანი მოწამებრივად აღესრულა, გარდა იოანე ღვთისმეტყველისა, რომელმაც ასევე უამრავი ტანჯვა დაითმინა. ვართ თუ არა მზად ამ გზისთვის, ვიყოთ მათი მოწაფენი და გამგრძელებლები?აი, დავფიქრდეთ ჩვენს თავზეც. მაგალითად, როდესაც მოგველის რაიმე ამქვეყნიური, მიწიური სარგებელი, ხშირად მზად ვართ, დავითმინოთ მრავალგვარი ჭირი, განსაცდელი, მწუხარება, დამცირებაც და სასჯელიც კი, ოღონდ ამ ჩვენს სხვადასხვა მიწიურ მიზანს მივაღწიოთ, რადგან, ვიმეორებ, მოგველის გარკვეული სარგებელი.მაგრამ სულის გადარჩენის საქმეში, ასევე იმაში, რომ თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ღმერთის კეთილგანწყობა მოვიპოვოთ, ხშირად ვიჩენთ სიზარმაცეს, უდარდელობას, უზრუნველობას და უმადურობას. რა გამართლება გვექნება ასეთი საქციელისთვის, მაშინ, როცა ვხედავთ, რომ ამდენი სიკეთე მივიღეთ ღმერთისგან - ჩვენმა ქვეყანამაც, ჩვენმა ოჯახებმაც, პირადად ჩვენც და დღესაც ვიღებთ უამრავ სიკეთეს.წმინდა მოციქულები ასე არ იყვნენ. ისინი იწვოდნენ ქრისტეს სიყვარულით. ეს შესანიშნავად გამოჩნდა წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებში. ის წერს: ვინ განგვაშორებს ჩვენ (მოციქულებს გულისხმობს) ქრისტეს სიყვარულს - ჭირი, მწუხარება, შიმშილი, სიშიშვლე, საფრთხე თუ მახვილი? (რომ. 8, 35). ე. ი. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ სხვადასხვაგვარი ჭირი ვერ განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს, არამედ სიკვდილის საშიშროებაც რომ დაგვემუქროს, მაშინაც ვერ გავშორდებით ქრისტეს, ვერ შეგვაშინებს ეს.აი, ასეთი სიყვარული და რწმენა ჰქონდათ მათ. მიუხედავად იმისა, რომ მოციქულებმა, მართლაც, გაიარეს ყველა ეს ჩამოთვლილი განსაცდელი (ამასაც აღწერენ ძალიან დაწვრილებით), მათ მაინც ჰქონდათ დიდი სიხარული გულში, სიხარულით იღვწოდნენ, რადგან იცოდნენ - დროებითი ჭირისთვის, მწუხარებისა და სირთულეებისთვის მათ მოელოდათ ზეციური გვირგვინები და დიდი მისაგებელი, მადლი ღვთისგან. ამიტომაც ისინი ამ ყველაფერს არარად მიიჩნევდნენ, მოთმინებით იტანდნენ და მით უფრო მეტი და მეტი მადლი და სიხარული ჰქონდათ.აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენც ვეცადოთ, ასე შევიყვაროთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მართლაც, მეტს არც არაფერს არ გვთხოვს უფალი, რომ იგი შევიყვაროთ და მისი მცნებები დავიცვათ. ვისაც ასე უყვარს უფალი, ის მის მცნებებსაც იცავს, იმიტომ, რომ როცა ვინმე გიყვარს, ცდილობ, მისი სიყვარულიც დაიმსახურო.აი, როგორც წერს წმინდა იოანე ოქროპირი საოცარ სიტყვებს, გახდე იმის ღირსი, რომ ჯეროვნად გიყვარდეს უფალი, ეს არის უკვე სასუფეველი ცათა, ეს არის ნეტარება, ეს არის ურიცხვი სიკეთის მომტანიო.მაგრამ ჩვენი სიყვარული რომ იყოს ჯეროვანი და გულწრფელი, ამისთვის, ღვთის სიყვარულის გულისთვის უნდა გვიყვარდეს ჩვენი მოყვასიც, როგორც ამბობს უფალი, რომ ამ ორ მცნებაზეა დაფუძნებული მთელი რჯული და წინასწარმეტყველები: „გიყვარდეს ღმერთი შენი მთელი გულით, მთელი შენი სულით, გონებით და მთელი ძალით და მოყვასი შენი, როგორც თავი თვისი“ (მარკ. 12, 30). ეს ორი მცნება ბუნებრივად უკავშირდება ერთმანეთს, რადგან ვისაც უყვარს ღმერთი, ის მოყვასს არასდროს არ შეურაცხყოფს, არამედ, პირიქით, ყოველთვის სიკეთეს გაუკეთებს მას, იმიტომ, რომ ახსოვს უფალ იესო ქრისტეს სიტყვები, რაც თქვენ გაუკეთეთ ერთ ამ მცირე ჩემს ძმათაგანს, ის მე გამიკეთეთო (მთ. 25, 40).ასე რომ, როდესაც ადამიანის წინაშე არის გლახაკი, გაჭირვებული, ღარიბი, მთხოვნელი, ის არ ხედავს მასში ამ გლახაკს და ღარიბს, არამედ ხედავს უფალ იესო ქრისტეს, რომელიც დაგვპირდა, რომ ამ გლახაკისთვის გაკეთებული სიკეთე ჩაითვლება ქრისტესთვის გაკეთებულ სიკეთედ. ასე რომ, ვიმეორებ, ასეთი ადამიანი ყოველთვის ქრისტეს სიდიადეს ხედავს და არა გლახაკს მის წინაშე, ყველაფერს დიდი მოშურნეობით ასრულებს და გულმოწყალებას აღასრულებს დიდი სიყვარულითა და დიდი მონდომებით.ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს არის მოციქულთა დღესასწაული. ესენი იყვნენ ჭეშმარიტების და სიყვარულის მქადაგებლები. ამგვარად, ნუ უგულებელვყოფთ ამ უმთავრეს სამკურნალოს ჩვენი სულისა - სიყვარულს მოყვასისადმი, მოწყალებას, თანალმობას, თანაგრძნობას, რადგან, როგორც გითხარით, ეს უმთავრესი სამკურნალოა ჩვენი სულის, მისი ჭრილობების; ისე კურნავს ეს წამალი ჩვენს სულს, რომ არანაირი იარა აღარ რჩება მასში, თითქოს საერთოდ არც ყოფილა. მაგალითად, გავიხსენოთ წმინდა პავლე მოციქული, რომელიც იყო სასტიკი მდევნელი და დამარბეველი ეკლესიისა და გახდა არათუ მორწმუნე, არათუ მხოლოდ მოციქული, არამედ წინამძღოლი ეკლესიისა. აი, ასეთი საოცარი ცვლილება მოხდა მასში. ასეთი საოცარი ცვლილება იქნება ჩვენშიც, თუ ამ გზის ერთგულნი დავრჩებით და არა მარტო პირადად ჩვენში, არამედ მთელი ჩვენი ერი კიდევ უფრო მეტად იცვლის ფერს, გაძლიერდება და გამთლიანდება.ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! კიდევ ერთხელ გილოცავთ თორმეტი მოციქულის ხსენებას, მოციქულთა მადლი და ლოცვა შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს! მოციქულთა ლოცვით, ღმერთმა დაიფაროს, გააძლიეროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო, ამინ!”,- განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტის ტრაგიკულად დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნუგზარ ხვედელიანი, პედაგოგები და სტუდენტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის - გუგა გურგენაშვილის კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლამისყანის მიმდებარედ, მდინარე ქსანში ტრაგიკულად დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებენ ახალგაზრდის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატისა და არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი სტუდენტის, გუგა გურგენაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.ნიჭიერი და სიცოცხლით აღსავსე ახალგაზრდის, მომავალი არქიტექტორის დაკარგვა მოუშუშებელი ტკივილია ჩვენი დიდი ოჯახისთვის. ამ ტრაგიკულ წუთებში რთულია გადმოსცე ის ტკივილი, რომელსაც ასეთი უმძიმესი დანაკარგი იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ გუგამ მხოლოდ ერთი წელი დაჰყო უნივერსიტეტის კედლებში, მან მოასწრო თბილი და ნათელი კვალი დაეტოვებინა პედაგოგებსა და მეგობრებში. რომ არა ეს სულისშემძვრელი ბედუკუღმართობა, ის აუცილებლად მიაღწევდა მიზანს, იტყოდა თავის სათქმელს. ვუსამძიმრებთ გუგას ოჯახს, გამძლეობა და სულის სიმტკიცე მის მშობლებს, ახლობლებს, მეგობრებს, პედაგოგებს. მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმრის წერილში.

„წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერება…“ – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს:უახლოეს დღეებში საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

გიდეონ საარი – კაია კალასმა გადაწყვიტა, განაგრძოს ისრაელის წინააღმდეგ ობსესიური კამპანია და კვლავ სცადოს წესების გვერდის ავლა, მსგავსი ხრიკები ისრაელისა და ევროპის საერთო ინტერესების...

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი აცხადებს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოზე ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მცდელობა კვლავ ჩავარდა.საარის თქმით, კაია კალასის მიერ წარდგენილ წინადადებას კონსენსუსი არ ჰქონდა და ხმების უმრავლესობაც კი ვერ დააგროვა.„კალასმა გადაწყვიტა, განაგრძოს ისრაელის წინააღმდეგ თავისი ობსესიური კამპანია და დისკუსია ელჩების მაღალი დონის ფორუმზე გადაიტანოს, რათა კვლავ სცადოს წესებისთვის გვერდის ავლა“, – განაცხადა საარმა.მისივე თქმით, ისრაელისა და ევროპის ურთიერთობები დიალოგსა და სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს, ხოლო მსგავსი „ხრიკები“ საერთო ინტერესების რეალიზებას ხელს არ უწყობს.

ბოლო სიახლეები