შაბათი, ივნისი 13, 2026

ხანმოკლეა ცხოვრება და ამ ქვეყნიდან რომ წავალ, მერე დაიწყებენ თავის ქნევას-სოსო ჯაჭვლიანის “ლამაზი ზღაპარი”, აუხდენელი ნატვრა და ბავშვობაში ჩაფიქრებული დიდი სურვილი

“ხანმოკლეა ცხოვრება და ამ ქვეყნიდან რომ წავალ, მერე დაიწყებენ თავის ქნევას…”

ბავშვობაში მსახიობობაზე არასდროს უოცნებია, ფილმები კი ძალიან უყვარდა. ერთ დღეს მის ოთახში ჩიტი შეფრენილა. დედას უთქვამს, სურვილი ჩაუთქვი და გაუშვიო. “შესანიშნავი შვიდეულით” შთაგონებულ ბიჭს უნატრია, მისი საყვარელი პერსონაჟის მსგავსად ეცხოვრა… რა უცნაურია, რომ ამ ამბიდან დიდი დრო არ იყო გასული, რეზო გაბრიაძემ აღმოაჩინა და გადასაღებ მოედანზე სოსო ჯაჭვლიანის თავგადასავალი ასე დაიწყო.

ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში დეკანმა სტუდენტებს გამოუცხადა, კინოში გადასაღებად ბიჭებს არჩევენო. შემოქმედებითი ჯგუფის წევრებთან ერთად, ინსტიტუტის ეზოში შესულ რეზო გაბრიაძეს ერთი ბიჭი მოხვედრია თვალში; აუდიტორიაში 150 სტუდენტს შორის, 10 შეურჩევიათ, სოსო უკანა რიგში მდგარა. რეჟისორს უკითხავს, ის ბიჭი სად არის, ცოტა ხნის წინ ეზოში რომ ვნახეთო? მეგობარს უხუმრია, ეს სვანი ბელმონდოაო.

რეზო გაბრიაძემ მოკლემეტრაჟიან ფილმში “სიყვარული ძალასა შენსა” სათამაშოდ მიიწვია. ფილმის მიხედვით მისი გმირი ევროპელია, რომელიც საქართველოში ჩამოდის, ცხენზეა ამხედრებული, ულამაზესი გოგო შეუყვარდება და მას რამდენჯერმე იტაცებს… იმ ლამაზი გოგოს როლს ლიკა ქავჟარაძე ასრულებდა. წლების შემდეგ, სოსო ჯაჭვლიანი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ეს როლი და ფილმი გამორჩეულად უყვარა

თუმცა, ფართო საზოგადოებამ “ნატვრის ხიდან”, გედიას როლით გაიცნო. ცნობილია, რომ თენგიზ აბულაძე გედიას, მარიტას და შეთეს ყველაზე დიდხანს ეძებდა. არსებობს როლები, რომლებიც მუდმივად რჩება როგორც მსახიობის, ასევე მაყურებლის მეხსიერებაში, ასეთი იყო გედია.

ერთ-ერთ ინტერვიუში სოსო ჯაჭვლიანი ამბობდა: “ნატვრის ხის” გადაღებები ყველაზე ლამაზი პერიოდია ჩემს შემოქმედებაში. ბედნიერებაა, როდესაც 16-17 წლის ხარ და ამ დროს მთელი საქართველოს უსაყვარლეს მსახიობებთან გიწევს ურთიერთობა. იცით, როგორ გავხდი პოპულარული ამ ფილმის გადაღებისას? სიღნაღში ვიღებდით. სასტუმროში ვცხოვრობდით და იქვე, რაიკომის შენობაში ვსადილობდით ხოლმე. დილით გადაღებაზე რომ მივდიოდით, ირგვლივ იმდენი ცნობილი მსახიობი იყო, მაგრამ რატომღაც ხალხი მე მიყურებდა. ცხადია, არ ვამჟღავნებდი, მაგრამ შინაგანად ძალიან ამაყი ვიყავი. ბავშვები სასადილოშიც კი შემომყვებოდნენ ხოლმე და იქაც მათვალიერებდნენ. ბოლოს გაირკვა, რაც ხდებოდა: ეს ის ბიჭია, შვიდ პორცია შნიცელს რომ ჭამსო! – ასე აცნობდნენ ვიღაცას ჩემს თავს”.

ლიკა ქავჟარაძემ და სოსო ჯაჭვლიანმა გადასაღებ მოედანზე ერთად ორ წელზე მეტი გაატარეს. ამ ხნის განმავლობაში, ორივე ფილმში შეყვარებულებს თამაშობდნენ და რა გასაკვირია, რომ ერთმანეთი ცხოვრებაშიც შეჰყვარებოდათ. მოგვიანებით სოსო ჯაჭვლიანი ამბობდა: “შემიყვარდა ან როგორ შეიძლებოდა, ლიკასნაირი გოგო არ შეგყვარებოდა?!” იქვე იმასაც დასძენდა, რომ არც მაშინ და არც შემდეგ, “ნატვრის გოგონას” სიყვარულში არ გამოსტყდომია.

ლიკა ქავჟარაძე რომ გარდაიცვალა, მისი დაკრძალვის დღეს, ძალიან ამაღელვებელი იყო ტაძრიდან გამოსვენების სცენა. ლიკა შეთემ და გედიამ გამოaსვენეს, ეს იყო “ნატვრის ხის” უცნაური “დასასრული”.

 

მსახიობი ზაზა კოლელიშვილი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ძმობის ამბავს ასე იხსენებს:

– მე და სოსო პირველად ერთმანეთს ფოტოსინჯებზე შევხვდით და ურთიერთობაც პირველივე დღიდან დავიწყეთ. მხოლოდ ჩვენ გვიღებდნენ: – მე, ლიკას და სოსოს. სამივემ ერთმანეთს მარტივად გავუგეთ. ადამიანს შენიანად რომ იგრძნობ, აი, ასე დაიწყო ჩემი და სოსოს მეგობრობა. იმ დღიდან ლამის 5 ათეული წელი გავიდა, სოსო ჩემი უახლოესი ადამიანი იყო, ძმები ვიყავით, თან ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვცხოვრობდით.

– თქვენი მეჯვარე იყო, არა?

– დიახ, მეჯვარე და ჩემი ვიტოს ნათლია. ვიტო სპორტით რომ დაინტერესდა, ეს ამბავი ახარებდა, დიდი გულშემატკივარი იყო. ჯერ კიდევ პატარა იყო ვიტო, სოსო რომ მეუბნებოდა: ბიჭო, რა ჯანიანია, ეს მალე ხელს მეც გადამიწევსო და ხშირად ავარჯიშებდა. ჩვენი ბინების ფანჯრები ერთმანეთს უყურებდა. ჩემს შვილებს რამე თუ სჭირდებოდათ, თან ჰყვებოდა, ფულსაც ხშირად ჩუქნიდა, როგორც ბიძა. სოსოს ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული, გულისხმიერი იყო, მე ძალიან მიფრთხილდებოდა. დღეს ჩემმა დამ გაიხსენა. თელავში სტუმრად წავიყვანე, მამაჩემი დატრიალდა და რამე თუ შეიძლებოდა, გაუჩინარი გააჩინა; ჩემი ძმაკაცები სათითაოდ ეპატიჟებoდნენ. სოსომ 2 დღე გამიძლო დალევაში და მერე შეეშვა, ღვინიდან მაწონზე გადავიდა. ჩვენთან კამეჩის კარგი მაწონი მოჰქონდათ და განსაკუთრებით მოეწონა. ამ ამბის გამო, ჩემი და თამრიკო მკვდარივით არის, ეგ და სოსო ძალიან მეგობრობდნენ. თამრიკო ლექსებს წერს და სოსოს მოსწონდა მისი პოეზია. მე და სოსო ერთმანეთის ოჯახის წევრები ვიყავით, ამაზე მეტი აბა, რა და როგორ გითხრათ, გული მომიკვდა.

– “ნატვრის ხის” გადაღებისას, ხელჩართული ჩხუბის სცენა როგორ გადაიღეთ და მერე კადრს მიღმა რა ხდებოდა?

– მეუბნებოდა, დღეს იმდენი უნდა გირტყა, ღამე ტახტზე დაწვებიო. მეც ხომ კარგად ვურტყამდი, სოსოს ძალიან ძლიერი ხელი ჰქონდა, ერთმანეთი სულ დალურჯებული გვყავდა. ფილმში მხოლოდ 53 წამი შევიდა, არადა, 10 წუთი მაინც ვჩხუბობდით. კადრს მიღმა სულ სიამტკბილობაში ვიყავით. ისეთი ბუმბერაზების გვერდით გვიწევდა ყოფნა, სულ გვინდოდა, მათთან რაც შეიძლებოდა მეტი დრო გაგვეტარებინა, ბევრი რამ გვესწავლა. ისინიც ხათრს არ გვიტეხდნენ. მსახიობები, ტექნიკური პერსონალი, ყველანი ერთად ვიყავით და ყველა ლიკას დავციცინებდით, ვინმე გადაბრუნებულ სიტყვას თუ იტყოდა, კარგი მუშტიც მოხვდებოდა, ეს გარანტირებული ჰქონდა.

– ბატონი სოსო ბოლოს როდის ნახეთ?

– რაც ცუდად იყო, ჩემთან შეხვედრას ერიდებოდა, ნერვიულობდა და მეც თავს ვიკავებდი. სოსოს შესახებ ყველაზე მეტს მისი ლუკასგან და გია ბურჯანაძისგან ვიგებდი. ლუკა ჩემი პატარა ძმაკაცია. სოსოს ბოლოს ახალი წლის ღამეს ველაპარაკე, პირველის 10 წუთი იყო, თავად დარეკა, მოგვილოცა, ხმაზე თითქოს არაფერი ეტყობოდა, მაგრამ ახლა გამოდის, რომ დაგვემშვიდობა. ახალ წელს საქართველოში იყო, 10 იანვარს თურქეთში წავიდა და… ბოლო საუბრის დროს მითხრა: თურქეთიდან რომ ჩამოვალ, გნახავ, ბევრი რამ მაქვს სალაპარაკოო… სოსოს ცოლად საოცარი გოგო ჰყავს, მახსოვს ირმა როგორ მოიყვანა, როგორ გაგვაცნო. ირმა ბოლო წუთამდე მის გვერდით იყო, საოცარი ცოლქმრობა ჰქონდათ. სოსომ ამქვეყნად დიდი სიყვარული დატოვა. ღმერთმა მისი სული ნათელში ამყოფოს და სანთლად დაენთოს ყველა სიკეთე, რაც აქ დატოვა!

დიდი სიყვარული რომ დატოვა, ამის დასტურია ის, რასაც თამარ ჩიბურდანიძე (“ხალხის ძალის” წევრი) იხსენებს:

“გაბრიელის ნათლობაზე მითხრა, პირველად სვანეთში მე უნდა ავიყვანოო. რომ დამირეკავდა, პირველი გაბრიელს მოიკითხავდა, – ხომ იზრდება მაგარი ქართველიო? ყველაფერი მახსენდება, მთელი ეს წლები, განსაკუთრებით მისი დეპუტატობის პერიოდი, ხალხთან შეხვედრები და მის მიმართ გამოხატული უსაზღვრო სიყვარული. მოსახლეობასთან შეხვედრაზე დაინახავდნენ თუ არა სოსოს, ცნობილ პოლიტიკოსებს გვერდს აუვლიდნენ და მისკენ გარბოდნენ. მოიხედავდა და ხმამაღლა გვეტყოდა: “აბა, მსახიობები არ გვინდა პარლამენტშიო…” მასთან ერთად სულ ლოდინი გვიწევდა, როდის წავართმევდით ხალხს მის თავს და წავიდოდით. ერთხელ მახსოვს, რიკოთზე შევისვენეთ, გზის მეორე მხარეს დაინახეს და რამდენიმე ადამიანი ერთად გამოიქცა სოსოსკენ, კინაღამ ავარიაში მოხვდნენ. ალბათ რამდენიმე სიცოცხლე სჭირდება ადამიანს, ამდენი სიყვარულის დასათესად. ამიტომაც მიჰყვება ამდენი ცრემლი იმ მარადიულ სასუფეველში, სადაც ნაადრევად გადაინაცვლა. ასეთები არ კვდებიან, სოსო მარადისობას შეუერთდა”.

მარადისობაში აუხდენელი ნატვრა გაჰყვა. 2022 წელს “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა: “სცენარი მაქვს – “ვისია უშბა?”, რომელმაც უკვე მეშვიდეჯერ მიიღო მონაწილეობა კინოცენტრის კონკურსში და ბოლო კონკურსზე გაიმარჯვა კიდეც… გამარჯვება ყველამ მომილოცა და მეორე დღეს, გამარჯვებულად სხვები გამოაცხადეს… ასე ხდება, ასეთი უხერხემლო და უტვინო სიტუაციაა საქართველოში – ჯერ გილოცავენ და მერე სხვას აცხადებენ… მე ამ ფილმს მაინც გადავიღებ, მაგრამ ამათ გარეშე! ამათ ხელში ვერავინ ვერაფერს გააკეთებს, თუ დაბლა არ გაეფინები… ამას კი სოსო ჯაჭვლიანი არასოდეს იკადრებს!

სცენარი ვინც წაიკითხა, ყველა აღფრთოვანდა… დადეშქელიანმა რომ უშბა აჩუქა უცხოელ ქალს, ამ საოცარ ისტორიაზეა… ძალიან ხანმოკლეა ცხოვრება და ამ ქვეყნიდან რომ წავალ, მერე დაიწყებენ თავის ქნევას, აფსუს, ეს ფილმი გადაეღოო…”

დაბოლოს, როგორც თავად უწოდებდა, მის “ლამაზ ზღაპარს”, ანუ “ნატვრის ხეს” მივუბრუნდები. 8 თებერვალს, როდესაც სოსო ჯაჭვლიანის გარდაცვალების ამბავი გავრცელდა, სოციალური ქსელში ყველა წერდა, რომ გედია მარიტასთან წავიდა. ყველა აზიარებდა ნაწყვეტს ფილმიდან “ცოცხალი ხარ გედია? ჩემთან მოხვედი გედია?”…

თურმე ფილმში ლიკას და სოსოს სცენებიდან პირველი ეს ეპიზოდი გადაუღიათ. ამბობენ, როგორც კი დუბლის გადაღება მორჩა, ლიკამ თენგიზ აბულაძეს შეხედა, რომლის აზრიც ყველაზე მეტად აინტერესებდა და თენგიზს თვალებზე ცრემლი ჰქონდაო.

ცრემლისა და ემოციის გარეშე ყოველთვის შეუძლებელი იყო ამ ეპიზოდის ხილვა, მით უმეტეს ახლა, როცა აღარც მარიტა გვყავს და აღარც – გედია.

მსახიობი, რეჟისორი, სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი 8 თებერვალს, თურქეთში, დილის 5 საათზე, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჩვენი ჟურნალის რედაქციის სახელით სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცvლილის ოჯახს, ახლობლებს, საქართველოს…

ოსო ჯაჭვლიანი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ეს როლი და ფილმი გამორჩეულად უყვარდა.

 

 

წყარო:

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი “გზა”

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მედიის ცნობით, აშშ-თან შეთანხმებული მემორანდუმი ირანის 14-პუნქტიან წინადადებას ეფუძნება

აშშ-თან შეთანხმებული მემორანდუმი ირანის 14-პუნქტიან წინადადებას ეფუძნება, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, IRNA-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ვრცელდება დოკუმენტის სავარაუდო შინაარსიც.მედიის მიხედვით, შეთანხმება ომის დასრულებას ითვალისწინებს ყველა ფრონტზე, ლიბანის ჩათვლით. კერძოდ, აშშ იღებს ვალდებულებას, „ისრაელს აიძულოს“, ბეირუთში საომარი მოქმედებები შეწყვიტოს.როგორც მედია იუწყება, ბირთვულ საკითხზე ირანში აღნიშნავენ, რომ ახალ ვალდებულებებს დაუყოვნებლივ არ აიღებენ – ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები ხელმოწერიდან 60-დღიან პერიოდში დაიწყება, „ფუნდამენტური პრინციპების ფარგლებში“, მათ შორის ურანის გამდიდრების უფლების შენარჩუნებით.დოკუმენტის მიხედვით, ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით თეირანი სრუტის მართვაზე კონტროლს არ დათმობს. მემორანდუმში მხოლოდ „საზღვაო მიმოსვლის ნორმალიზებასა“ და აშშ-ის ბლოკადის მოხსნაზეა საუბარი. სრუტის მართვა რეგიონულ დონეზე კოორდინირდება – აშშ ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.გაყინული აქტივების საკითხზე ირანული მედია წერს, რომ ირანი 24 მილიარდი დოლარის განბლოკვას ითხოვს, რომლის ნახევარი ხელმოწერისთანავე უნდა გახდეს ხელმისაწვდომი. სააგენტოს ცნობით, ირანმა „მესამე მხარეებისგან კონკრეტული გარანტიები მიიღო“ გადახდასთან დაკავშირებით.სანქციების საკითხზე ირანი ითხოვს ყველა შეზღუდვის მოხსნას 60 დღის განმავლობაში. მედიის ინფორმაციით, ამ პერიოდში აშშ ასევე იღებს ვალდებულებას, რეგიონში ახალი სამხედრო ძალები არ განათავსოს და ირანს ახალი სანქციები არ დაუწესოს.მემორანდუმის ერთ-ერთი პუნქტია სამხედრო მოქმედებებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება, რომლის განხორციელების კონკრეტული მექანიზმი 60-დღიანი მოლაპარაკებების განმავლობაში შემუშავდება.რაც შეეხება ირანის სარაკეტო პროგრამას და რეგიონში მოკავშირე ჯგუფებს, ირანული მედიის ცნობით, ეს თემები დოკუმენტიდან „საბოლოოდ ამოიღეს“.

გურამ მაჭარაშვილი – ე.წ. ალიანსი თავიდანვე დაშლისთვის იყო განწირული, ოპოზიციაში დაპირისპირება გაიზრდება, ძალაუფლების მისაღწევად ერთმანეთის დაჭამენ

ე.წ. ალიანსი დაშლისთვის თავიდანვე იყო განწირული, რადგან ცხრავე პარტიამ თქვა, გაერთიანების მიუხედავად, ცალ-ცალკე გზები გვაქვსო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ოპოზიციაში დაპირისპირება გაიზრდება.„ნათელი იყო, რომ ერთმანეთს დაერეოდნენ. აქამდე თუ მივიდოდნენ, არ მეგონა. დღეს რას ვხედავთ? – „ნაცმოძრაობის“ ბუნებას. ნიკა მელიას იმპიჩმენტი მოუწყვეს; ლევან ხაბეიშვილმა მუხლმოყრით დაიფიცა, მიშას გამოვიხსნიო და ციხეში თავად შევიდა; თინა ბოკუჩავამ თქვა, პარტიას საერთაშორისო ასპარეზზე გავიყვანო და ალიანსიდან აგდებენ. როგორც ჩანს, სააკაშვილმა გადაწყვიტა, ეს ადამიანი ხაჭაპურებს და ლობიანებს მაინც აცხობს და ნანულა ჟორჟოლიანს თავმჯდომარედ ავირჩევო. ეს ადამიანი რასთან არის დაკავშირებული, კარგად გვახსოვს. ნანუკა ჟორჟოლიანი „ნაცმოძრაობას“ პოლიტიკურ საიქიოში გააცილებს, რადგან, იმედია, საკონსტიტუციო სასამართლო მათი აკრძალვის თაობაზე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.ოპოზიციაში დაპირისპირება გაიზრდება, რადგან ძალაუფლების მისაღწევად ერთმანეთის დაჭამენ, ოღონდ მიზანს მიაღწიონ. ჩერგოლეიშვილმა თქვა, თქვენ რომ გგონიათ, „ნაცმოძრაობა“ ალიანსშია, არ არისო. ახლა მიშას მომხრეები გამოვარდნენ და „ალიანსში“ მთავარი „ნაცმოძრაობაა“, მიშამ პარტიაში რევოლუცია უნდა მოახდინოსო. ყველაზე სწორად ანი წითლიძემ თქვა, რომ „ალიანსში“ ყველაზე დიდი წარმომავლობა „ნაციონალური მოძრაობის“ არის, ვითომ დაიშალნენ, მაგრამ რეალურად ერთიანი „ნაციონალური მოძრაობაა““, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომერციულ გემებზე თავდასხმის შედეგად დაღუპული ინდოეთის სამი მოქალაქის გამო, ინდოეთის საგარეო უწყებაში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ჯეისონ მიკსი დაიბარეს. ამის მიზეზი კომერციული გემების დაბომბვაა, რასაც ინდოეთის სამი მოქალაქე ემსხვერპლა.ამერიკელ დიპლომატთან შეხვედრის დროს ინდურმა მხარემ პროტესტი გამოხატა.ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინიტროში განაცხადეს, რომ ასეთი თავდასხმები უნდა დასრულდეს და ჰორმუზის სრუტეში შეუფერხებელი და უსაფრთხო ნავიგაცია უნდა იყოს უზრუნველყოფილი.ინდოეთის საგარეო უწყებაში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული უკვე მეორედ დაიბარეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გვინეა-ბისაუს დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერს, სადაც 20 ინდოელი მეზღვაური იმყოფებოდა, ომანის ზღვაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები დაესხნენ თავს. აშშ-ის პოზიციის თანახმად, გემმა ირანის წინააღდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული ბლოკადა დაარღვია.სამი კომერციული გემი, მათ შორის პალაუს დროშის ქვეშ მცურავი გემები, აშშ-ის საზღვაო ძალებმა ერთი კვირის განმავლობაში გაანეიტრალეს, რასაც სამი ინდოელი ემსხვერპლა.

გაბრიელს საზოგადოების დახმარება სჭირდება

პატარა გაბრიელი მალე გერმანიაში გაემგზავრება, სადაც ერთ-ერთ კლინიკაში გაივლის სამკურნალო პროცესს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გაბრიელის დედა, თაკო ბარბაქაძე წერს:„წინასწარ თქმას ვერიდებოდით თუმცა რადგან უკვე 2 დღეა დარჩენილი თქვენც გაგიზიარებთ.. 13-ში გერმანიაში მივდივართ. ორ კლინიკასთან გავგზავნეთ და ორივეს პასუხი ის იყო რომ მიიღებდნენ თუმცა ბავშვი უნდა ენახათ და ასე პასუხს ვერ გაგვცემდნენ.. ბერლინში მივდივართ ყველაზე ძლიერ საუნივერსიტეტო კლინიკაში.. არ ვიცი წინ რა გველოდება თუმცა ის ვიცი რომ ბავშვი უკეთესად იქნება.. ახლა გაბი სრულიად სტაბილურია არანაირი ინფექცია არ აქვს ასე რომ დრო ახლა არის რომ მომავალში არ ვინანო.. ბილეთები ნაყიდი გვაქვს..თქვენ ჩემს ბავშვს მეორე სიცოცხლე უკვე აჩუქეთ და არ ვიცი თქვენ რომ არა ზუსტად ვიცი რომ ახლა ჩემი ბავშვის ლამაზ მოციმციმე თვალებს ვეღარ შევხედავდი.. როგორც კუ ვიმკურნალებთ უკან დავბრუნდებით და როგორც აქამდე გიზიარებდით ისევ ისე გაგიზიარებთ ყოველდღიურობას მიყვარხართ!!! მაქამდე კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ მერე იქ ნერვიულობა არ მომიწიოს ვიცი რომ ბავშვს მაინც დავიტოვებ და უმკურნალებენ მაგრამ მაინც ძალიან დიდი შიში მაქვს. კიდევ ერთხელ დავუდგეთ გვერდით გაბის და ისეთ სასახელო ბიჭს გავზრდი მთელი საქართველო და გერმანიაც რომ იტყვის რომ ყველაფერი გამოვიდა და ჩვენ ეს შევძელითო.პირადი ნომერი: 25101051767მიმღები: დედა თამარ ბარბაქაძე“, - წერს თაკო ბარბაქაძე.

შალვა პაპუაშვილი – მეუფე თეოდორეს და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ღვაწლით საქართველო იბრუნებს აწყურის ღვთისმშობლის ტაძარს და აწყურის დიდებულ ციხეს იმ სახით, როგორითაც ისინი ქვეყანას...

აწყური საუკუნეების განმავლობაში სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სულიერების ცენტრი იყო. სწორედ აქედან იწყება საქართველოს 2000-წლოვანი ავტოკეფალური ეკლესიის ისტორია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მეუფე თეოდორეს და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ღვაწლით საქართველო იბრუნებს აწყურის ღვთისმშობლის ტაძარს და აწყურის დიდებულ ციხეს იმ სახით, როგორითაც ისინი ჩვენს ქვეყანას საუკუნეები მოჰყვებოდნენ.„ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან ერთან დავათვალიერეთ აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენის მიმდინარე პროცესი. აწყური საუკუნეების განმავლობაში სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სულიერების ცენტრი იყო. სწორედ აქედან იწყება საქართველოს 2000-წლოვანი ავტოკეფალური ეკლესიის ისტორია. აქ მისცა დასაბამი წმინდა ანდრია პირველწოდებულმა ქართულ ეკლესიას, რომელიც ორი ათასწლეულია ჩვენი იდენტობის საფუძველია. აქ ინახებოდა აწყურის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც ქართველი ხალხის განსაკუთრებული თაყვანისცემის საგანს წარმოადგენდა და დღეს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.მეუფე თეოდორეს და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ღვაწლით საქართველო იბრუნებს აწყურის ღვთისმშობლის ტაძარს და აწყურის დიდებულ ციხეს იმ სახით, როგორითაც ისინი ჩვენს ქვეყანას საუკუნეები მოჰყვებოდნენ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები