შაბათი, მარტი 21, 2026

Bloomberg: ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის სასამართლო დავა გახდება პრეცედენტული გლობალური ინდუსტრიისთვის, რომელიც მდიდარი ოჯახებისთვის მილიარდობით აქტივებს მართავს

Bloomberg-ი ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის სასამართლო დავის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ ეს საქმე „გახდება პრეცედენტული გლობალური ინდუსტრიისთვის, რომელიც, მდიდარი ოჯახებისთვის, მილიარდობით აქტივებს მართავს“.

„ინდუსტრიაში ჩართული ხალხი, არა მხოლოდ სინგაპურიდან, არამედ მთელი მსოფლიოდან, თვალს ადევნებს ამ საქმეს, რათა ნახოს, რა განისაზღვრება სტანდარტად ან ვალდებულებად, რომელსაც ნდობით აღჭურვილი პირები ბენეფიციარებს აკისრებენ“, – ამბობს სინგაპურის მენეჯმენტის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი.

Bloomberg-ი წერს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეიძლება, უბიძგოს საერთაშორისო ბანკებს, რომლებიც ტრასტ-კომპანიებს ზედამხედველობენ, თავიანთი სტრატეგიები შეამოწმონ და გამოიკვლიონ. სტატიის თანახმად, ივანიშვილის გამარჯვებამ Credit Suisse Trust (Singapore) Ltd-ზე შეიძლება გამოიწვიოს იმის ახლებურად გააზრება, თუ როგორ და როდის აფიქსირებენ ტრასტის ოპერატორები უჩვეულო ტრანზაქციებს ან სხვა საეჭვო პრაქტიკას.

ამ საქმეზე დავა უკავშირდება 2004 წლის მოვლენებს, როდესაც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა, რომელმაც თავისი ქონება პოსტსაბჭოთა რუსეთში დააგროვა, აირჩია Credit Suisse-ი თავისი 1,1 მილიარდი დოლარის განსათავსებლად. იმავე წელს ბანკს შეუერთდა ფრანგი პატრის ლესკადრონი, რომელმაც საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა. ორი წლის განმავლობაში ის მუშაობდა რეგიონის ყველაზე მსხვილ კლიენტებთან, მათ შორის ივანიშვილთან.

როდესაც რამდენიმე წლის შემდეგ კერძო ბანკირმა თავისი კლიენტების სახელით ზარალი განიცადა, მან აღიარა, რომ პანიკაში ჩავარდა და სავაჭრო ბრძანებებზე ხელმოწერების გაყალბება და ამონაწერების ასლების შექმნა დაიწყო, რათა მოეგო დრო და ზარალის კომპენსაცია მოეხდინა. მისი ქმედებები მხოლოდ 2015 წელს დაფიქსირდა, როდესაც მსხვილმა არასწორმა ფსონმა ივანიშვილისთვის 120 მილიონი დოლარის ღირებულების „მარჟინ ქოლი“ (margin call – განაცხადი დამატებითი ფონდების შეტანაზე, გამოწვეული ფასების არასასურველი შეცვლით) გამოიწვია.

ივანიშვილის ადვოკატები სასამართლოზე ამტკიცებდნენ, რომ ნდობით აღჭურვილი მმართველი, რომელიც აკონტროლებს ანგარიშებს, უნდა ზრუნავდეს და აკონტროლებდეს აქტივებს, შესაბამისად, უნდა ჩარეულიყო სიტუაციაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც, მათივე თქმით, 2006 წლის დასაწყისში ლესკადრონის ქმედებებმა ყურადღება მიიქცია.

„ნდობით აღჭურვილ მმართველს რომ არასანქცირებული გადახდები გამოეძია და ტრასტის სათანადო შემოწმება ჩაეტარებინა, როგორც ამას კანონი და მისი საკუთარი წესები მოითხოვს, ის დაინახავდა, რომ ხდება ტრასტის აქტივების უკანონო მითვისება ან/და ინვესტირება იმ პირების მიერ, რომლებსაც ამის არანაირი უფლებამოსილება არ აქვთ“, – განაცხადა სასამართლოზე ივანიშვილის მთავარმა ადვოკატმა კავინდერ ბულმა.

CS ტრასტის ადვოკატები კი აცხადებდნენ, რომ კონტრაქტის მიხედვით, ნდობით აღჭურვილ მმართველს ევალებოდა ტრასტის სტრუქტურის მართვა და არა გამავალი თანხების კონტროლი. ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ივანიშვილს და მის მრჩეველ გიორგი ბაჩიაშვილს, რომლებმაც გასულ კვირას სასამართლოს ჩვენება მისცეს, საკუთარ თავზე უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა იმ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მათი სახელით იყო მიღებული.

სინგაპურის ტრასტის ყოფილმა ხელმძღვანელმა დომინიკ ბირიმ განაცხადა, რომ არ დაუკავშირდა ივანიშვილს მიუხედავად იმისა, რომ ხედავდა ლესკადრონის მიერ განხორციელებულ არასანქცირებულ გადახდებს, ვინაიდან თვლიდა, რომ მილიარდერს მხოლოდ თავის საკონტაქტო პირთან პირდაპირი საუბარი სურდა.

სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილება 2023 წლის პირველ კვარტალში გახდება ცნობილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეუფე საბა გიგიბერია: აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ნიშნის მოგებით თქვეს: სად არის პატრიარქის პირობა, როდესაც ბრძანა: უფალი მანამდე არ წამიყვანს, ვიდრე საქართველო სამშვიდობოს არ გავაო...

მეუფე საბამ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას იმ ადამიანებს უპასუხა, რომლებიც მძიმე წუთებში ნიშნის მოგებით საუბრობენ. ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა გულისტკივილი გამოთქვა იმ სასულიერო პირებისა თუ ეკლესიას განდგომილი ადამიანების მიმართ, რომლებიც ამბობენ, რომ ილია მეორემ არ შეასრულა პირობა, რომ „არ წავიდოდა, ვიდრე საქართველო არ გამთლიანდებოდა“.„ამ ტკივილიან და მწუხარე დღეებში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, სამღვდელო პირი თუ ღვთისგან განდგომილი ადამიანები - არ მეშინია ამ სიტყვების თქმის, რომლებმაც ნიშნის მოგებით თქვეს, „აბა, სად არის პატრიარქის ის პირობა, როდესაც მან ბრძანა, „მე უფალი მანამდე არ წამიყვანს ამ ქვეყნიდან, ვიდრე საქართველო არ გამთლიანდება და სამშვიდობოს არ გავა“. მე დავსვამ კითხვას, რა არის ეს, თუ არა სამშვიდობოს გასვლა, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში. რა არის ეს თუ არა პატრიარქის პირობა, აწ უკვე აღსრულებული - „მე წაგიძღვებით თქვენ უფლისკენ მიმავალ გზაზე, მე არ მიგატოვებთ თქვენ არასდროს, ვიდრე უფალთან ერთობით არ განვისვენებთ სამუდამოდ მარადიულობაში. ასე რომ, ძალიან ცდებიან ადამიანები, თუ ფიქრობს ვინმე, რომ პატრიარქმა სიტყვა შეუსრულებელი დატოვა“, - განაცხადა მეუფე საბამ.

უკვე რამდენიმე დღეა, ორი მდინარე მიედინება თბილისში -მტკვარი და ხალხის ნაკადი სამების ტაძრისკენ-ირანის ელჩი საქართველოში, ალი მოჯანი, სოციალურ ქსელში  ემოციურ წერილს აქვეყნებს

უკვე რამდენიმე დღეა, თბილისში ორი მდინარე ; პირველი — მარადიული მტკვარი, რომელიც მაღალი მთების ძირში იღებს სათავეს და მდორედ მოედინება; მეორე — ხალხის ნაკადი, რომელიც პატივის მისაგებად ქალაქის ქუჩებიდან, უბნებიდან და მოედნებიდან უწყვეტად მიედინება თბილისის შემაღლებული ადგილისკენ — წმინდა სამების ტაძრისკენ. ხალხის ეს ნაკადი მხოლოდ ერთობლივი მოძრაობა არ არის; ეს არის ღრმა რწმენის, ერთგულებისა და იმ კავშირის გამოხატულება, რომელიც ხალხსა და მათ სულიერ წინამძღოლებს შორის არსებობს. თითქოს დრო წამით შეჩერდა, რათა ხალხმა მდუმარე დიდებულებით გამოხატოს მადლიერება წლების განმავლობაში მიღებული სულიერი წინამძღოლობის, მოთმინებისა და სიბრძნისთვის. ამ დღეებში თბილისი მხოლოდ ქალაქი არ არის; იგი სარკედ იქცა — სარკედ, რომელშიც შესაძლებელია ერის ნამდვილი სახის დანახვა. ეს ერი მწუხარების ჟამს უფრო მეტად ერთიანდება და რწმენის მეშვეობით აღმოაჩენს საკუთარ მისიას. ეს ორი მდინარე — ერთი წყლისა და მეორე ხალხის —სიცოცხლეზე მოგვითხრობს: ერთი ბუნების მარადიულობის შესახებ, მეორე კი — სულის უკვდავებაზე. ეს ჩვენთვის, ირანელთათვის, რომელთაც არაერთხელ გაგვიცილებია ბოლო გზაზე ჩვენი სულიერი ლიდერები, ნაცნობი რამ არის-წერს ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი.

„სიენენი“ – ისრაელის მიერ ლიბანში განახლებული თავდასხმების შედეგად 110 ბავშვია დაღუპული

ისრაელის მიერ ლიბანში განახლებული თავდასხმების შედეგად 110 ბავშვია დაღუპული.„სიენენის“ ცნობით, მათ შორის არის ოჯახი, რომელმაც ავიაიერიშის შედეგად ხუთივე შვილი დაკარგა.როგორც ისრაელის შეიარაღებულ ძალებში განმარტავენ, ისინი სამხედრო ოპერაციას აწარმოებენ „ჰეზბოლას“ მებრძოლების წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც იერიშებს, საერთო ჯამში, ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

რუმინეთის პატრიარქი – ილია მეორე იყო ღირსეული პიროვნება, რომელიც სიბრძნით მწყემსავდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც განსაცდელების, ასევე მისი აღორძინების ჟამს

ბუქარესტის მთავარეპისკოპოსი, მუნტენიისა და დობრუჯის მიტროპოლიტი, კაბადოკიის კესარიის ტახტის მოსაყდრისა და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, უნეტარესი დანიელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს სამძიმარს უცხადებს.საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 17 მარტით დათარიღებულ სამძიმრის წერილს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ილია მეორე იყო თანამედროვე მართლმადიდებლობაში ღირსეული პიროვნება და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი.„თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობანო, თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობანო, ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობა ჩვენი ქრისტესმიერი საყვარელი ძმის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ნეტარხსენებული ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. იგი იყო თანამედროვე მართლმადიდებლობაში ღირსეული პიროვნება და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი, რომელიც სიბრძნით მწყემსავდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც განსაცდელების, ასევე მისი აღორძინების ჟამს.რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.ამავდროულად, ვევედრებით ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს, რომელიც არის „აღდგომა და ცხოვრება“ (ინ. 11, 25), განსვენება მიანიჭოს პატრიარქ ილია II-ის სულს მისი საყვარელი წმინდანების სავანეში, „სადაც არა არს ჭირი, მწუხარება, არცა სულთქმა, არამედ ცხოვრება იგი დაუსრულებელი“. საუკუნოდ იყოს მისი ხსენება თაობიდან თაობამდე“, – ნათქვმია რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, დანიელის სამძიმრის წერილში.

ჩემთვის მართლაც წმინდანია… ნახავთ, რომ მალე მას წმინდანად შერაცხავს ეკლესია… – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი პატრიარქზე

კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი იხსენებს.იგი აღნიშნავს, რომ ილია მეორე მისთვის მართლაც წმიდანია და დარწმუნებულია, რომ მალე ეკლესია პატრიარქს წმინდანად შერაცხავს.„მასზე ამბობენ, რომ წმინდანიაო და ჩემთვის მართლაც წმინდანია... ნახავთ, რომ მალე მას წმინდანად შერაცხავს ეკლესია...როდესაც სწირავდა, ნათელს ასხივებდა. იყო ძალიან კაცთმოყვარე, ძალიან ღმრთის მოყვარე, ძალიან ძმათმოყვარე, მუდმივად ჰქონდა მსხვერპლგაღებისა და თავგანწირვის განწყობა... მჯერა, პატრიარქი ილია უფრო მეტად დაეხმარება იქიდან თავის სამშობლოს, თავის ქვეყანას, თავის ეკლესიას“, - აღნიშნავს ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი.ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

ბოლო სიახლეები