მაქვს მოლოდინი, რომ დაცვის მხარე გაასაჩივრებს დღეს გამოცხადებულ განაჩენს. ეს მათი უფლებაა, – ამის შესახებ კორუფციულ დანაშაულში მსჯავრდებული, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა.
მარიამ ბერძენიშვილის თქმით, გრიგოლ ლილუაშვილისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლება ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, გარანტირებულად დაცული იყო.
„საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სააპელაციო წესით განაჩენის გასაჩივრებას. რადგან ბრალდებული არ აღიარებდა, ბუნებრივია, მაქვს მოლოდინი, რომ დაცვის მხარე გაასაჩივრებს დღეს გამოცხადებულ განაჩენს. თუ ისინი აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ, ესეც მათი უფლებაა. სამართლიანი სასამართლოს უფლება ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, გარანტირებულად დაცული იყო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე. დაცვის მხარეს ყველაფრით შეეძლო ესარგებლა, რა ბერკეტიც არსებობს. ისინი არცერთ ეტაპზე არ შეზღუდულან რაიმე გარემოებით. თუნდაც დროის თვალსაზრისით, ისინი არასდროს ყოფილან შეზღუდული“, – განაცხადა პროკურორმა.
კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ გრიგოლ ლილუაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილს გამოთქვამს, მარიამ ბერძენიშვილი აცხადებს: „მოლოდინი ყოველთვის ყველაფრის შეიძლება გქონდეს, გამორიცხული არაფერია“.
„მე ვერ გეტყვით, გრიგოლ ლილუაშვილი და მისი ინტერესების დამცველები როგორ მოიქცევიან ან რა სტრატეგია ექნებათ, თუმცა ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ეს საქმე არანაირად არ განსხვავდება სამართლებრივ ჭრილში სხვა საქმეებისგან, როგორც სხვა ნებისმიერ მსჯავრდებულსა თუ ბრალდებულს აქვს უფლება, ისარგებლოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებებით, ანალოგიური შემთხვევა იქნება გრიგოლ ლილუაშვილთან მიმართებითაც. თუ ის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილს გამოთქვამს, თუ სახეზე გვექნება აღიარება, ბუნებრივია ჩვენ შესაბამისად განვიხილავთ. მოლოდინი ყოველთვის ყველაფრის შეიძლება გქონდეს, გამორიცხული არაფერია“, – განაცხადა პროკურორმა.
მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, საქმე გამოირჩეოდა მოწმეთა სიმრავლით, რომელთა მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია იყო ერთმანეთთან და მტკიცებულებებთან თანხვედრაში.
„ამ საქმეზე ხშირად მესმოდა, რომ მთავარი მოწმე იყო რომეო მიქაუტაძე, თუმცა ოთხ ეპიზოდს ვედავებოდით. აქედან ორ ეპიზოდთან მიმართებაში რომეო მიქაუტაძეს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდა. გამოვიკვლიეთ მტკიცებულებები და დავკითხეთ მოწმეები, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ფაქტია რომ დაადასტურა მის მიერ ჩადენილი ქმედება. ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ საქმე გამოირჩეოდა მოწმეთა სიმრავლით. ამ მოწმეებმა სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაციას, რაც ერთმანეთთან მოდიოდა თანხვედრაში, ასევე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან მოდიოდა თანხვედრაში და შესაბამისად, სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი“, – განაცხადა პროკურორმა.
კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო თარაშვილმა მიიღო.
თარაშვილის განაჩენის თანახმად, ლილუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ბრალად წარდგენილ ოთხივე ეპიზოდზე: ბაგა-ბაღების სააგენტოს, თაღლითური „ქოლ ცენტრებისა“ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დახმარებით ქრთამის აღების 2 ეპიზოდზე.

