გუდაურში სამთო მომზადების საბაზისო კურსი მიმდინარეობს. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 13 სამხედრო მოსამსახურეს სამთო უნარ-ჩვევების დაუფლებაში უწევენ დახმარებას. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
კურსი ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PFP) ფარგლებში მიმდინარეობს და მასში ქართველ სამხედროებთან ერთად ლატვიიდან, პოლონეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ჩამოსული სამხედროები არიან ჩართული.
სამთო მომზადების ბოლოს სამხედროებს ტესტირებები სხვადასხვა სახეობაში ჩაუტარდებათ, რომლის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მათ მიეცემათ სერტიფიკატები, სამკერდე ნიშნები და რეკომენდაცია, მონაწილეობა მიიღონ სამთო მომზადების ზამთრის შუალედურ კურსზე.
საბაზისო სამთო კურსი 2 თებერვალს დასრულდება.