სამშაბათი, ივლისი 8, 2025

არჩილ თალაკვაძე: 2019 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელ არაერთ საკანონმდებლო რეფორმაზე იმუშავა

? „გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელი იყო ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი იურიდიული კომიტეტისთვის. რადგან სწორედ ამ პერიოდში კომიტეტმა იმუშავა ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელ არაერთ საკანონმდებლო რეფორმაზე“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
? სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ გაწეული საკანონმდებლო საზედამხედველო სამუშაოსა და მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა.
? იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა წარადგინა.
? კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებაზე – კანონშემოქმედებით საქმიანობაზე საუბრისას, ანრი ოხანაშვილმა ყურადღება 11 ყველაზე მნიშვნელოვან კანონზე გაამახვილა.
? „2019 წელს არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენი საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული კანონპროექტი განვიხილეთ, რომლებიც ჩვენი გუნდის – „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით კანონებად იქცა. ჩვენ მივიღეთ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, რომელიც განამტკიცებს სასამართლო სისტემის კიდევ უფრო მეტ დამოუკიდებლობას და გამჭვირვალობას. აღნიშნული კანონის მიღებას მიესალმნენ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი. მათ ეს კანონი შეაფასეს, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი სასამართლო სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისკენ“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

“იტყუებით, გასაუბრება არ მომხდარა, მირტყამდნენ მანქანაში” – დავით ხომერიკი მოწმე პოლიციელს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სინდისის პატიმრის, დავით ხომერიკის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ერთ-ერთი დამკავებელი პოლიციელი, ნიკა კიზირია იკითხება. სწორედ კიზირია იყო ერთ-ერთი, ვინც ხელბორკილები დაადო პროევროპული აქციის მონაწილეს.მოწმე სხდომაზე ამტკიცებდა, რომ ხომერიკს დაკავების მომენტში ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, შემდეგ კი მანქანაში ჩასვეს, გაესაუბრნენ და შსს-ში გადაიყვანეს, რაც უარყო თავად სინდისის პატიმარმა.ხომერიკმა პოლიციელს პირდაპირ უთხრა, რომ "იტყუება" და თქვა, რომ პოლიციელები მანქანაში ურტყამდნენ:მოწმე ნიკა კიზირია:  კომუნიკაცია რაც გვქონდა, იყო გასაუბრების ხასიათის. მას ასდიოდა საწვავის სუნი, რაზეც დავუსვით შეკითხვა, თუ საიდან იყო ეს სუნი.ხომერიკი: სიცრუეა, არანაირი გასაუბრება არ მომხდარა, მირტყამდნენ მანქანაში;ხომერიკი: ჩემი დაკავება მოხდა მშვიდ სიტუაციაში?მოწმე: კი, ბატონოხომერიკი: თუ მშვიდ სიტუაციაში მოხდა ჩემი დაკავება, რაც სრული სიცრუეა, მე სხვანაირად მახსოვს, ალბათ, რადგან ბრალდებული ვარ, ჩემი სიმართლე მაქვს და ეს სიმართლე ჭეშმარიტია, წესით, ჩემთვის არ უნდა გერტყათ, ხო?მოწმე: არანაირ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. (პუბლიკა)ხომერიკი პოლიციამ 2024 წლის 2 დეკემბერს დააკავა. პროკურატურა ხომერიკს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ფლობას ედავება, მას ბრალი აფეთქების მომზადების მუხლი აქვს წარდგენილი. დავით ხომერიკი დუმილის უფლებას იყენებს.ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ადვოკატი ლალი აფციაური რიჟვაძის საქმეზე: გუშინ ვნახე შემთხვევის ადგილი, რომელიც ჯერ კიდევ ხელუხლებელია და იქ არანაირი სუფრის კვალი არ არის

ალექსი ახვლედიანის ადვოკატის, ლალი აფციაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს.„არ მაქვს ინფორმაცია, რას ითხოვს პროკურატურა, მაგრამ მე ყველა ვარიანტში გირაოს მოვითხოვ. ჯერ ოდენობის თაობაზე ჩამოყალიბებული არ ვარ“, – აღნიშნა ლალი აფციაურმა.აფციაურის თქმით, ალექსი ახვლედიანმა თორნიკე რიჟვაძე თავად გადაიყვანა მანქანით საავადმყოფოში, ვინაიდან მნიშვნელოვანი იყო სწრაფი რეაგირება.„ამ ფაქტის თაობაზე ორი სიტყვით თვითონ ბატონმა ალექსიმ მითხრა. როდესაც ნახა ეს მდგომარეობა და 112-ის გამოძახება აგვიანებდა, უცებ მიიღო გადაწყვეტილება და მართლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან წამები წყვეტდა ამ ადამიანის სიცოცხლის საკითხს. თავისივე, საკუთარი მანქანით გადაიყვანა კლინიკაში. დასახმარებლად მიმართა იქვე მცხოვრებლებს, ადგილობრივებს“, – განაცხადა ლალი აფციაურმა.ადვოკატის ინფორმაციით, გასროლის დროს ალექსი ახვლედიანი სხვა ოთახში იმყოფებოდა.„რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, იმყოფებოდა მეორე ოთახში, მოშორებით, ან სააბაზანოში. ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ლალი აფციაურმა.ლალი აფციაური ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძე და ალექსი ახვლედიანი უახლოესი მეგობრები არიან და ხშირადაც სტუმრობდნენ ერთმანეთს.„ამ ეტაპზე გეტყვით ჩემს მოსაზრებას, რომელიც არ ეყრდნობა საქმის მასალებს, ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა ბატონი ალექსის პირად ხელჩანთაში, რომელიც იდო ოთახში. თორნიკეს სადაც უნდა დაეძინა, იმ ოთახში ლოგიკურად ვერ იქნებოდა, არ უნდა ყოფილიყო და სავარაუდოდ, ალბათ არც იქნებოდა. ხელჩანთას ხომ არ ვყარაულობთ, როცა მეგობრებთან ერთად სადმე ვსხედვართ“, – განაცხადა ლალი აფციაურმა.ადვოკატის განმარტებით, ამ ეტაპზე არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, ალექსი ახვლედიანის და თორნიკე რიჟვაძის გარდა, სახლში კიდევ ვინმე თუ იმყოფებოდა, თუმცა ამბობს, რომ შემთხვევის ადგილი დაათვალიერა და იქ არანაირი სუფრის კვალი არ არის.„გუშინ ვნახე შემთხვევის ადგილი, რომელიც ჯერ ისევ ხელუხლებელია, იქ არანაირი სუფრის კვალი არ არის. შემთხვევა მოხდა საცხოვრებელ სახლში, იმ საძინებელში, სადაც ისვენებდა ბატონი რიჟვაძე.ცნობისთვის, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე დაკავებულ ალექსი ახვლედიანს ბრალდება წარედგინა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, ახვლედიანს ბრალდება წარედგინა ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ ცეცხლნასროლი ჭრილობით გუშინ, 7 ივლისს შეიყვანეს. შემდეგ რიჟვაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ექიმების განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში მეწყრული პროცესი გრძელდება – გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, საცხოვრებელი სახლებიდან 21 ოჯახია გაყვანილი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში მეწყრული პროცესი გრძელდება. პროცესის შედეგად დაზიანებულია სახლები, სახნავ-სათესი სავარგულები და საავტომობილო გზები. სოფლებში ხემაღალსა და ღეკში მეწყრული კერების გეოლოგიური შესწავლა მიმდინარეობს.მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, საცხოვრებელი ფართიდან 21 ოჯახია გაყვანილი.პარალელურად, გრძელდება პროცესების მონიტორინგი და მისი გამომწვევი მიზეზების კვლევა, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.ადგილზე იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და არსებულ მდგომარეობას და ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნენ.„მერია მოქმედებს გეოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად, ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს თითოეულ ოჯახთან, ვსწავლობთ მათ მდგომარეობას და ვცდილობთ, მერიის შესაბამისი სამსახურების მონაწილეობით უზრუნველვყოთ შესაფერისი ალტერნატიული უსაფრთხო საცხოვრებელი მათთვის", - განაცხადა ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა.სტიქიის ზონაში მეწყრული პროცესები რამდენიმე თვის წინ გააქტიურდა.

პროკურატურამ ალექსი ახვლედიანს ბრალდება წარუდგინა

ალექსი ახვლედიანის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს:„საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თ.რ. სტუმრად იმყოფებოდა, ქ. საგარეჯოში, თავისი მეგობრის ა. ა.-ს სახლში. 7 ივლისს, დაახლოებით 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში, თ.რ.-მ მალულად აიღო ა. ა.-ს კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ა.ა.-ს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.სამართალდამცველებმა ა.ა. იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლანდშაფტურ არქიტექტურაში სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე ლანდშაფტური არქიტექტურის მიმართულების სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელიც სტუდენტური შემოქმედებისა და პროფესიული უნარების წარმოჩენას ისახავდა მიზნად.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მათივე ცნობით, გამოფენაში, რომლის სასწავლო თემატიკად არჩეული იყო სტუ-ის პირველი კორპუსის მიმდებარე ღია სარეკრეაციო სივრცე, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მეორე კურსის 20-ზე მეტმა ბაკალავრმა მიიღო მონაწილეობა.არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნუგზარ ხვედელიანის თქმით, სტუდენტებისათვის მიცემული დავალება აერთიანებდა საგანმანათლებლო სივრცის ყველა კომპონენტს - მობილობას, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს შორის მოქნილ კომუნიკაციას, სასწავლო, საგამოფენო, სამუშაო, გასართობ, მოსასვენებელ, სავაჭრო ფუნქციებს. გარდა ამისა, გამოფენაზე ციფრულ ფორმატში წარმოდგენილი იყო კეთილმოწყობის სხვადასხვა კონცეფცია ისეთი ტერიტორიებისათვის, როგორიცაა დიღმის ტყე-პარკი, დიღმის ჭალები, თბილისის ზღვის მიმდებარე არეალი, ძველი იპოდრომი და მახათას მთა.„ლანდშაფტური არქიტექტურა ურბანულ განვითარებაში, განსაკუთრებით კი ჩვენი ქალაქების პირობებში, სადაც მწვანე სივრცეებისა და ადამიანზე მორგებული გარემოს დეფიციტი აშკარად საგრძნობია, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია. ჩვენი სტუდენტების ნამუშევრები არა მხოლოდ პროფესიული უნარების განვითარებას, არამედ ძალიან აქტუალურ საზოგადოებრივ გამოწვევებზე რეაგირებასაც ემსახურება. მეორე კურსის სტუდენტების მიერ წარმოდგენილი პროექტები გვიჩვენებს, რომ მათ უკვე გააჩნიათ სისტემური მიდგომა როგორ უნდა გაერთიანდეს არქიტექტურა, გარემოს დაცვა, სოციალური ფუნქცია და კულტურული კონტექსტი ერთიან დიზაინურ ხედვაში. განსაკუთრებით მიმაჩნია სასწავლო პროცესის დაკავშირება რეალურ ურბანულ სივრცეებთან. ფაკულტეტის მიმდებარე არეალის ხელახალი გააზრება არ ყოფილა მხოლოდ თეორიული დავალება, არამედ ესაა მცდელობა სტუდენტური შემოქმედების ქალაქის განვითარებაში პირდაპირი ჩართვისთვის“, - განაცხადა ნუგზარ ხვედელიანმა.არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის, პროფესორ თამარ ჭანტურიას თქმით, სტუდენტებმა მოამზადეს პროექტები, რომლითაც განიხილავენ სტუ-ის პირველი სასწავლო კორპუსის სივრცის, როგორც საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის, ასევე, საზოგადოებრივი ურთიერთქმედების და დასვენების სივრცედ გარდაქმნის გზებს. პროექტები ითვალისწინებს მულტიფუნქციური ზონების შექმნას, რაც გულისხმობს არა მხოლოდ სასწავლო და საგამოფენო გარემოს მოწყობას, არამედ მობილური სამუშაო სადგურების, მწვანე არეალების, სტუდენტური კაფეების, მცირე სავაჭრო ობიექტების და ღია ამფითეატრის ერთიან ეკოსისტემაში ინტეგრაციას.„გამოფენამ დიდი ინტერესი გამოიწვია. დამთვალიერებელთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ციფრულ ფორმატში წარმოდგენილი ლანდშაფტური კეთილმოწყობის კონცეფციები, რომლებიც სხვადასხვა ურბანული თუ ნახევრადველური სივრცეების განვითარებას მოიცავს. მათ შორის გამოირჩევა: დიღმის ტყე-პარკის რეკრეაციული პოტენციალის გამოყენების იდეები, რომლებიც გულისხმობს ეკო-სბილაკების მოწყობას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და საგანმანათლებლო დანიშნულების ეკო-პავილიონების განთავსებას; დიღმის ჭალების ბიოფილური არქიტექტურის კონცეფციები, სადაც სტუდენტებმა შეიმუშავეს წყლის რესურსების მართვის ინტეგრირებული სისტემები და ფლორა-ფაუნის ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებაზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურა; თბილისის ზღვის მიმდებარე არეალის რეკრეაციულ-კულტურულ ცენტრად გარდაქმნის პროექტები, რომელიც მოიცავს საგამოფენო სივრცეებს, საბავშვო ზონებს, წყლის სპორტის ინფრასტრუქტურას და ლანდშაფტურ ხელოვნებას; ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე განსახილველი იყო ურბანული ტყის კონცეფცია, რომელიც ქალაქში მწვანე „ფილტრის" ფუნქციას შეითავსებს და ასევე მოემსახურება სოციალურ ინტეგრაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესს და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს; მახათას მთის პროექტები განსაკუთრებულად ხაზს უსვამს ისტორიულ-კულტურულ ღირებულებებთან ჰარმონიულ შერწყმას, მოიაზრებს სანახაობრივი ბილიკების, მედიტაციური სივრცეებისა და გადმოსახედების მოწყობას ისე, რომ ბუნებრივი ლანდშაფტი მაქსიმალურად შენარჩუნებული იქნას. გამოფენამ ცხადჰყო, რომ ლანდშაფტური არქიტექტურა გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ესთეტიკური სივრცის შექმნა. ესაა სოციალური, ეკოლოგიური და ფუნქციური საკითხების კომპლექსური გადაჭრა. სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი ხედვები ამ მიმართულებით გვიჩვენებს, რომ ახალ თაობას გააზრებული აქვს თანამედროვე ურბანული განვითარების ტენდენციები და მზად არის წვლილი შეიტანოს ქალაქის მდგრადი მომავლის ფორმირებაში“,- განაცხადა თამარ ჭანტურია.სტუ-ის ინფორმაციით, გამოფენა 11 ივლისამდე გასტანს.

ბოლო სიახლეები