ანრი ოხანაშვილი – ოპოზიციისგან კომპრომისულ ვარიანტზე კონკრეტული პასუხი გვჭირდება
ადამ კინზინგერის განცხადება არის საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე კონგრესმენის განცხადება, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიის შემდგომი განვითარება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარის, კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.
„მის განცხადებაში ასევე შეგვიძლია, ამოვიკითხოთ ისიც, რომ რეგიონული უსაფრთხოების პირობებში საქართველო დემოკრატიულ განვითარებას აგრძელებს და მისი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ეს განვითარება მშვიდობიანად და სტაბილურად გაგრძელდეს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, ლოგიკურია ადამ კინზინგერის მოწოდება საქართველოს პოლიტიკური ძალებისადმი.
„ლოგიკურია მისი მოწოდება ყველას მიმართ, რომ, ერთი მხრივ, ჩვენ, მმართველმა ძალამ უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება და, მეორე მხრივ, ოპოზიციას მოუწოდებს, რომ ისინი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების მომხრე უნდა იყვნენ. ეს კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ მხარეებმა უნდა ისაუბრონ ერთმანეთთან და ცალსახა მინიშნება იმის, რომ რეგიონის პირობებში, საქართველოს დემოკრატიული განვითარება ცალსახაა და ის ამას მხარს უჭერს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლის განცხადებას გულდასმით ეკიდება.
„ის მოუწოდებს მხარეებს, მათ შორის ხელისუფლებასა და ოპოზიციას, მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდნენ. ჩვენ დიალოგისთვის კარი არ დავხურეთ, ჩვენს მიერ შეთავაზებულია კომპრომისული ვერსია. ჩვენი ვერსია ეფუძნება არა ვიწრო პარტიულ ინტერესებს, არამედ ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას. თუ ოპოზიციაც ამ ყველაფერს უყურებს ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივით, მათ შეთავაზებას მხარი უნდა დაუჭირონ“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეთავაზება (100/50) კომპრომისულია და ეფუძნება წარმართულ დიალოგს.
„ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართ. ოპოზიციისგან კონკრეტული პასუხი გვჭირდება კომპრომისულ ვარიანტზე, არგუმენტირებული პასუხი ჯერ ისევ არ გვაქვს. ჯერი ახლა მათზეა“, – დასძინა ანრი ოხანაშვილმა.