უკრაინელი დეპუტატი ლიზა იასკო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის მშობლის უფლებების ჩამორთმევას და მათი საერთო ქალიშვილის, ჟასმინის რჩენისთვის ალიმენტის დაკისრებას ითხოვს. უკრაინული გამოცემა “უკრაინსკიე ნოვოსტის“ ინფორმაციით, იასკოს სარჩელის განხილვა 2026 წლის 30 ნოემბერს არის ჩანიშნული.
სასამართლოსთვის წარდგენილი მოთხოვნის თანახმად, იასკო სააკაშვილის შემოსავლის ერთი მესამედის დაკისრებას ითხოვს. ამასთან, ალიმენტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი ასაკის ბავშვისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმის ათმაგ ოდენობას. თანხის გადახდა სარჩელის შეტანის დღიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე უნდა გაგრძელდეს.
უკრაინული მედიის ცნობით, იასკომ სააკაშვილის წინააღმდეგ კიევის შევჩენკოს რაიონულ სასამართლოს 2026 წლის აპრილში მიმართა. მოგვიანებით საქმე კიევის ოლქის კივო-სვიატოშინის რაიონულ სასამართლოს გადაეცა.
ალიმენტის მოთხოვნის პარალელურად, იასკო სააკაშვილისთვის მშობლის უფლებების ჩამორთმევასაც ითხოვს. ამ ეტაპზე უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი არ არის.
საქმის შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ოჯახი ქალიშვილს ყოველთვიურად ფინანსურად ეხმარება. მისი თქმით, დედამისმა, გიული ალასანიამ, საქართველოში ოჯახის ქონების ნაწილი გაყიდა და ჟასმინს კიევის ცენტრში ბინა აჩუქა.
უკრაინული მედია, იასკოს დეკლარაციის მონაცემებზე დაყრდნობით, ასევე წერს, რომ 2023 წელს ჟასმინი კიევში, თითქმის 100 კვადრატული მეტრის ფართობის ბინის მფლობელი გახდა. უძრავი ქონების ღირებულება 5,6 მილიონი გრივნია იყო. დეკლარაციაში მითითებული იყო დამატებით 1 მილიონი გრივნაც, რომელიც გადასახადების დასაფარად იყო განკუთვნილი.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ პატიმრობის გამო ქალიშვილთან შეხვედრას ვერ ახერხებს, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ გათავისუფლების შემდეგ მის აღზრდაში პირადად ჩაერთვება.

