სამშაბათი, ივნისი 30, 2026

საგამოძიებო სამსახურმა ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავა, 11 პირს ბრალი დაკავების გარეშე წარედგინა, მათ შორის ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილ მაღალჩინოსნებს

საგამოძიებო სამსახურმა 53 მილიონი ლარის ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავა, სამ პირზე ძებნა გამოცხადდება. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, 11 პირს ბრალი დაკავების გარეშე წარედგინა, მათ შორის ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილ მაღალჩინოსნებს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გახსნილია საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციას და უკანონო სამეწარმეო საქმიანობას.

საქმეზე ჩატარდა 1 000-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ამ ეტაპისთვის დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის 17 წევრი, ხოლო მიმალვაში მყოფი 3 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა. გარდა ამისა, დაკავების გარეშე ბრალდება წარედგინა 11 ფიზიკურ პირს, რომლებმაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ხელი შეუწყვეს მასშტაბური დანაშაულებრივი სქემის გამოვლენას. ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოში რეგისტრირებული 24 იურიდიული პირის მიმართ.

ბრალდებულთა შორის არიან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც წლების განმავლობაში, პირადი ინტერესების გამო და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, ხელს უწყობდნენ აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის ფუნქციონირებას და მოქმედებდნენ საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ფართომასშტაბიანი ქსელი, რომელიც ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის გავრცელებას უწყობდა ხელს, ქვეყანაში 2018–2025 წლებში მოქმედებდა. პროცესს ორგანიზებას უწევდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი კომპანიების ხელმძღვანელები.

დანაშაულებრივი საქმიანობის დასაფარად იმპორტიორი კომპანიებიდან მედიკამენტები დოკუმენტურად ფორმდებოდა ფიქტიური ფარმაცევტული კომპანიების სახელზე, რომლებიც წინასწარ იყო რეგისტრირებული მათთან დაკავშირებულ პირებზე. რეალურად კი, აღნიშნული მედიკამენტები ყოველგვარი რეცეპტისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე, მაღალი ფასნამატით იყიდებოდა  მთელი ქვეყნის მასშტაბით ისეთ ობიექტებში, რომლებსაც აფთიაქის სტატუსიც კი არ გააჩნდათ.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 53 833 723 ლარი შეადგინა. უკანონო შემოსავლებისთვის კანონიერი სახის მისაცემად თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი ფორმდებოდა ხელფასისა და დივიდენდის სახით.

ამ ფინანსური რესურსების გამოყენებით ბრალდებულებმა და მათთან დაკავშირებულმა პირებმა შეიძინეს დიდი ოდენობით უძრავი და მოძრავი ქონება. აღნიშნული აქტივები სრულად არის დაყადაღებული, საიდანაც მომავალში მოხდება ზიანის ანაზღაურება.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს ათეულობით მილიონი ლარის მატერიალური ზიანი მიაყენეს, ფსიქოტროპული პრეპარატების უკანონო, ფიზიკურ პირებზე საცალო რეალიზაციით, საფრთხე შეუქმნეს ათასობით მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ვაფრთხილებთ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათი მფლობელების თუ მენეჯერების სახით, რომლებიც ხსენებულ სფეროში ოპერირებენ –  იმ დანაშაულების მიმართ, რომელთა შედეგად, ერთი მხრივ, ზიანდება სახელმწიფო ბიუჯეტი და იმატებს კორუფციული რისკები, მეორე მხრივ კი, საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სახელმწიფო იქნება განსაკუთრებით მკაცრი და შეუვალი. შესაბამისად, გაგრძელდება ინტენსიური ოპერატიული მოქმედებები და მუდმივი მონიტორინგი ქვეყანაში ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ბოლომდე აღმოსაფხვრელად“, – განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

არ მიირთვათ ეს პროდუქტები ვარჯიშის წინ – მარი მალაზონია

ვარჯიშის წინ დიდი რაოდენობით ხორცპროდუქტების მირთმევა არ არის მიზანშეწონილი, - ამის შესახებ ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მარი მალაზონია, გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს.„ხორცს 3-4 საათი სჭირდება გადამუშავებისთვის. ვარჯიშის წინ დიდი რაოდენობით ხორცპროდუქტების მირთმევა არ არის მიზანშეწონილი. მაშინ, როდესაც, მაგალითად, არჩევანი იოგურტისა და ბანანის შეხამებასთან დაკავშირებით ძალიან მომწონს", - ამბობს მარი მალაზონია.

დონალდ ტრამპი – დაბადებით აშშ-ის მოქალაქეობის მინიჭება ამერიკისთვის ძვირად ღირებული და უსამართლო გადაწყვეტილებაა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, მარტივად გამოვასწოროთ ეს კანონმდებლობის საშუალებით

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ მისი დადგენილების გაუქმებას ეხმაურება, რომელიც ქვეყანაში უკანონოდ მყოფი იმიგრანტების აშშ-ში დაბადებულ ჩვილს ავტომატურად ამერიკის მოქალაქეობის მინიჭებას უზღუდავდა.თეთრი სახლის ლიდერმა გადაწყვეტილებას „ძალიან ცუდი“ უწოდა. მისივე თქმით, დაბადებით აშშ-ის მოქალაქეობის მინიჭება ქვეყნისთვის „ძვირად ღირებული და უსამართლო გადაწყვეტილებაა“, ამიტომაც ის კონგრესში კანონმდებლობის საშუალებით მის შეცვლას შეეცდება.„უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა დაბადების უფლებით მოქალაქეობა, რაც ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, მარტივად გამოვასწოროთ ეს კონგრესში კანონმდებლობის საშუალებით, პრეზიდენტის მხარდაჭერით, რაც ახლა ამ პროცესშია განსაზღვრული. არ არის საჭირო ხანგრძლივი და რთული საკონსტიტუციო შესწორება! კონგრესმა დღესვე უნდა დაიწყოს მუშაობა ჩვენი ქვეყნისთვის ძვირად ღირებული და უსამართლო დაბადების უფლებით მოქალაქეობის დასრულებაზე. მათ ექნებათ ჩემი სრული და ყოვლისმომცველი მხარდაჭერა!“- წერს დონალდ ტრამპი.ცნობისთვის, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დადგენილება, რომელიც ქვეყანაში უკანონოდ მყოფი იმიგრანტების აშშ-ში დაბადებულ ჩვილს ავტომატურად ამერიკის მოქალაქეობის მინიჭებას უზღუდავდა. ექვსი ხმით სამის წინააღმდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ძალაში დატოვეს 150-წლიანი ტრადიცია, რომელიც კონსტიტუციაშია გაწერილი და ამერიკის ტერიტორიაზე დაბადებულ ჩვილებს ავტომატურად ანიჭებს აშშ-ის მოქალაქის სტატუსს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ წესის ცვლილებას თეთრ სახლში მეორე ვადით დაბრუნებისთანავე მოაწერა ხელი, თუმცა აღმასრულებელი განკარგულება სასამართლოში გასაჩივრდა.

აზერბაიჯანი სოციალური მედიის პლატფორმებზე 16 წლამდე ასაკის პირებისთვის რეგისტრაციის ახალ მოთხოვნებს აწესებს

აზერბაიჯანი სოციალური მედიის პლატფორმებზე ბავშვების რეგისტრაციისთვის ახალ მოთხოვნებს აწესებს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მოთხოვნები აისახება „ინფორმაციის, ინფორმატიზაციისა და ინფორმაციის დაცვის შესახებ“ კანონის ახალ მუხლებში, რომლებიც აზერბაიჯანის მილი მეჯლისის სხდომაზე განიხილეს.კანონპროექტის თანახმად, 16 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალურ მედიის პლატფორმებზე ინდივიდუალური ციფრული ანგარიშების შექმნა დაუშვებელი იქნება.მედიის ცნობით, თუ კანონით გათვალისწინებული ტექნიკური მეთოდებით დადასტურება, რომ სოციალური მედიის მომხმარებელი 16 წლის ან უფროსი ასაკისაა, ინდივიდუალური ციფრული ანგარიშის შექმნა შესაძლებელი იქნება.ამასთან, ცვლილების მიხედვით, 16-18 წლის მოზარდების ციფრულ ანგარიშებში გაკონტროლდება ის კონტენტი და რეკლამები, რომლებსაც არასრულწოვნები ხედავენ.კანონპროექტის მიხედვით, სოციალურ პლატფორმებს აეკრძალებათ არასრულწლოვანთა პირადი ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება კომერციული მიზნებისთვის.როგორც ცნობილია, პლატფორმების სიას შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ დანიშნული ორგანო ან დაწესებულება განსაზღვრავს.კანონპროექტი კენჭისყრაზე გავიდა, მესამე მოსმენით მიიღეს და  ქვეყნის პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.

„როიტერი“ – გერმანია ევროკავშირის ბიუჯეტის 400 მილიარდი ევროთი შემცირებას ითხოვს

გერმანია ევროკავშირის ბიუჯეტის 400 მილიარდი ევროთი შემცირებას მოითხოვს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.ევროკომისიამ 2028-2034 წლებისთვის 2-ტრილიონიანი ბიუჯეტი განსაზღვრა. გერმანია ამ გეგმას არარეალისტურად მიიჩნევს.„„ყოველწლიური ფინანსური ჩარჩო“, რომელსაც ევროკავშირის ბიუჯეტის სახელით ვიცნობთ, 27-ვე წევრი ქვეყნის ერთსულოვან თანხმობას საჭიროებს. გერმანია, როგორც ევროკავშირის უმსხვილესი კონტრიბუტორი, შეშფოთებულია მომდევნო შვიდი წლის ბიუჯეტის მასშტაბით, რომელიც 2021-2027 წლების 1.3- ტრილიონიან ბიუჯეტს მნიშვნელოვნად აღემატება“, – წერს „როიტერი“.მედიის ცნობით, ბერლინში მიაჩნიათ, რომ მათ მიერ მოთხოვნილი 400-მილიარდიანი შემცირების პირობებშიც კი მომავალი წლების ბიუჯეტი 27%-ით მეტი იქნება, ვიდრე ამჟამადაა, და გერმანიის ყოველწლიური შენატანი 50 მილიარდ ევროს გადააჭარბებს.კანცლერი ფრიდრიხ მერცი წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, წელსვე შეათანხმონ პირობები, რომ 2028 წლის იანვრისთვის, როდესაც ახალი ბიუჯეტი ძალაში უნდა შევიდეს, საკმარისი დრო დარჩეს დეტალების დასაგეგმად. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ 2027 წელს საფრანგეთში, პოლონეთსა და იტალიაში არჩევნები ტარდება.

ეკა კუპატაძე ეკატერინა ივანიშვილს მიმართავს – მჯეროდა, უპასუხოდ არ დამტოვებდით, პროკურატურას აქვს სრული მზაობა სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ვიმედოვნებ, ხელი არ შეეშლებათ თავიანთ უფლებამოსილებაში

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინა ივანიშვილის წერილს გამოეხმაურა.„მჯეროდა, უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა.მე მხეცურად მომიკლეს უდანაშაულო შვილი. რომ არა ნია იმნაძე ან/და გიორგი მალანია, დღეს გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა. საქმეში უხვადაა პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულებები, პროკურატურას აქვს სრული მზაობა, სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ვიმედოვნებ, ხელი არ შეეშლებათ თავიანთ უფლებამოსილებაში.სიმართლე ცალსახაა, დარჩა მთავარი – სამართალი.ბედნიერ დედად დაბერდით, ქალბატონო ეკატერინა“, – წერს ეკა კუპატაძე.ცნობისთვის, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე გუშინ ბიძინა ივანიშვილის სახლთან იმყოფებოდა და მის მეუღლეს, ეკატერინა ივანიშვილს მიმართა. დღეს კი, კატერინა ივანიშვილმა ეკა კუპატაძის მიმართვას უპასუხა.

ბოლო სიახლეები