გერმანია ევროკავშირის ბიუჯეტის 400 მილიარდი ევროთი შემცირებას მოითხოვს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ევროკომისიამ 2028-2034 წლებისთვის 2-ტრილიონიანი ბიუჯეტი განსაზღვრა. გერმანია ამ გეგმას არარეალისტურად მიიჩნევს.
„„ყოველწლიური ფინანსური ჩარჩო“, რომელსაც ევროკავშირის ბიუჯეტის სახელით ვიცნობთ, 27-ვე წევრი ქვეყნის ერთსულოვან თანხმობას საჭიროებს. გერმანია, როგორც ევროკავშირის უმსხვილესი კონტრიბუტორი, შეშფოთებულია მომდევნო შვიდი წლის ბიუჯეტის მასშტაბით, რომელიც 2021-2027 წლების 1.3- ტრილიონიან ბიუჯეტს მნიშვნელოვნად აღემატება“, – წერს „როიტერი“.
მედიის ცნობით, ბერლინში მიაჩნიათ, რომ მათ მიერ მოთხოვნილი 400-მილიარდიანი შემცირების პირობებშიც კი მომავალი წლების ბიუჯეტი 27%-ით მეტი იქნება, ვიდრე ამჟამადაა, და გერმანიის ყოველწლიური შენატანი 50 მილიარდ ევროს გადააჭარბებს.
კანცლერი ფრიდრიხ მერცი წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, წელსვე შეათანხმონ პირობები, რომ 2028 წლის იანვრისთვის, როდესაც ახალი ბიუჯეტი ძალაში უნდა შევიდეს, საკმარისი დრო დარჩეს დეტალების დასაგეგმად. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ 2027 წელს საფრანგეთში, პოლონეთსა და იტალიაში არჩევნები ტარდება.

