ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ივანიშვილი შვილმოკლული დედის, ეკა კუპატაძის მიმართვას პასუხობს. როგორც ეკატერინე ივანიშვილი აცხადებს, იმედი აქვს, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ და ყველა გარემოება სრულად იქნება შესწავლილი.
„ქალბატონო ეკა, მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას. ვიცი, რომ არ არსებობს სიტყვა, რომელიც დედას შვილის დაკარგვის ტკივილს შეუმსუბუქებს, თუმცა მინდა, იცოდეთ, რომ ამ მწუხარებაში მარტო არ ხართ და ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია.
რაც შეეხება ჩემდამი თქვენს მოწოდებას: როგორც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ და ყველა გარემოება სრულად იქნება შესწავლილი, რათა თქვენს თავს დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. როგორც დედა – დედას, როგორც ქალი – ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს“, – ნათქვამია ეკატერინა ივანიშვილის წერილში.
ცნობისთვის, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე გუშინ ბიძინა ივანიშვილის სახლთან იმყოფებოდა და მის მეუღლეს, ეკატერინა ივანიშვილს მიმართა.
„ქალბატონო ეკატერინე, მე ვიცი, რომ თქვენ ბრძანდებით მოსიყვარულე დედა. ამიტომ დღეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახლთან კი არა, მისი შვილების დედის სახლთან მოვედი, ოთხი შვილის გამზრდელი დედის სახლთან მოვედი, სადისტურად შვილმოკლული დედა. ღმერთმა თქვენ ის სიმწარე არ გამოგაცდევინოთ, რაც მე გავიარე. გონებით უნდა გამომყვეთ და მიხვდეთ, რა სიგიჟეში ვარ მე დღეს, რამ მომიყვანა მე დღეს აქ. თქვენ უნდა გადადგათ ისტორიული ნაბიჯი და ამომიდგეთ გვერდით, როგორც დედა – გამწარებულ დედას. გიგა ავალიანს არასდროს გაუვა ვადა! არ არსებობს ძალა, რომელიც უკან დაახევინებს. გთხოვთ, გვერდით დამიდექით. ველოდები თქვენგან უკუკავშირს. ეს არის ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მეტად რეზონანსული საქმე საქართველოში, როგორც არასდროს ისე არის საზოგადოება ერთსულოვანი, გონებამოჭიმული, აკვირდება ყველაფერს გამადიდებელი შუშით და ახლა პატარა შეცდომაც კი სახელმწიფოს ღირსებაზე არ იმოქმედებს კარგად. მე ველოდები თქვენგან უკუკავშირს და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება სამართლიანი და კეთილგონივრული. მე იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, ქალბატონო ეკატერინე ხვედელიძე“, – აღნიშნა ეკა კუპატაძემ მიმართვაში.

