ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელმა ირანს ისრაელის განადგურების გეგმის განხორციელებაში ხელი შეუშალა, – ამის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში, Jewish News Syndicate 2026-ის საერთაშორისო პოლიტიკის სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„ჩვენ ხელი შევუშალეთ ირანს ჩვენი განადგურების გეგმის განხორციელებაში. დღეს მათ ბირთვული იარაღი, ატომური ბომბი ექნებოდათ. ჩვენ ეს თავიდან ავიცილეთ. ჩვენ ეგზისტენციალური საფრთხე გავანეიტრალეთ. და რომ არ გვემოქმედა, ირანს ატომური ბომბები ექნებოდა და ისინი მათ გამოიყენებდნენ. სწორედ ეს ავიცილეთ თავიდან“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა ირანის 20 წამყვანი ბირთვული მეცნიერი მოკლა. მისივე თქმით, ისრაელის ჯარები ღაზაში, სირიასა და ლიბანში დარჩებიან, ვიდრე საჭიროა.
„ჩვენ ირანის ტერორისტული ღერძი გავანადგურეთ. ჩვენ გავანადგურეთ 150 000 რაკეტის 90 პროცენტზე მეტი, რომლებიც „ჰეზბოლამ“ ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენა. ჩვენ შევქმენით უსაფრთხოების ზონა ღაზაში, შევქმენით უსაფრთხოების ზონა სირიაში, შევქმენით უსაფრთხოების ზონა ლიბანში და ჩვენ მას შევინარჩუნებთ, ვიდრე საჭირო იქნება ჩვენი ხალხის დასაცავად“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

