კვირა, ივნისი 21, 2026

პატრიარქი შიო მესამე: პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს. მაშინ ყველაფერი მოგვეცემა. პირველ რიგში მოგვეცემა მშვიდობა ღმერთთან და ადამიანებთან, მოგვეცემა სიმართლე და საღვთო ჭეშმარიტება

პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს. მაშინ ყველაფერი მოგვეცემა. პირველ რიგში მოგვეცემა მშვიდობა ღმერთთან და ადამიანებთან, მოგვეცემა სიმართლე და საღვთო ჭეშმარიტება, – განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.

მისივე თქმით, სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ არის აუცილებლად სიხარული სულიწმინდაში. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ეს სამი არის „სასუფეველი ღვთისა, რომელზეც უფალი ამბობს, რომ ჩვენში უნდა ვეძებოთ“.

„ერთხელ, როდესაც უფალ იესო ქრისტეს ბევრი ხალხი მიჰყვებოდა თან, მან დაინახა ეს სიმრავლე, მთაზე ავიდა და მთიდან წარმოთქვა თავისი ქადაგება, რომელმაც სრულად შეცვალა მსმენელთა წარმოდგენა იმაზე, თუ რა არის სიკეთე, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რა არის ცხოვრებაში მთავარი და მეორეხარისხოვანი. მან თქვა სიტყვები, რომლებიც დღეს მოვისმინეთ წმინდა სახარებიდან: „ნუ ზრუნავთ და იტყვით, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რა შევიმოსოთ, რადგან ამ ყველაფერს წარმართები ეძებენ. ხოლო თქვენ პირველად ეძიეთ სასუფეველი ღვთისა და სიმართლე მისი და ეს ყველაფერი თქვენ შეგემატებათ“ (მთ. 6, 31-33). ჩვენ კი ამის ნაცვლად, პირველ რიგში, ვეძებთ, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რით შევიმოსოთ, ანუ მატერიალურ, ამქვეყნიურ კეთილდღეობას ვეძებთ და მხოლოდ შემდეგ – ღვთის სასუფეველს.

რა გამოდის, ძვირფასო ძმებო და დებო, უფალი გვეუბნება, თუ პირველად ეძებ ღვთის სასუფეველს, ყველაფერ დანარჩენს, მატერიალურს, მოგცემს ღმერთი, მას ეს უნდა და გვპირდება კიდეც. ამის ნაცვლად, ჩვენ ვეძებთ იმას, რაც დანამატის სახით ისედაც გვეძლევა, როგორც უმთავრესსა და პირველხარისხოვანს.

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში და ა. შ. იმის მაგივრად, რომ დავფიქრდეთ ამ ჩვენს მძიმე ცოდვებზე და გამოვსწორდეთ, ვეძებთ მიზეზებს და თავსაც კი ვიტყუებთ ხოლმე. ამიტომ ჩვენს ცხოვრებაში ძალიან ნაკლებია ჭეშმარიტად აღმატებული, დიადი, სულიერი და ქრისტიანული, ვერ ვაკეთებთ ამ ყველაფერს ჯეროვნად სწორედ ამის გამო, რაც მოგახსენეთ.

ამ ქადაგებაში უფალ იესო ქრისტეს არ უთქვამს ის, რომ საერთოდ არ ვეძებოთ, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, საერთოდ არ ვეძებოთ მატერიალური კეთილდღეობა, რადგან ეს არ გვჭირდება და არ უნდა ვიშრომოთ ამის მოსაპოვებლად, ვინაიდან თავად უფალი ამბობს: „ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა“ (დაბ. 3, 19). ასევე, წმინდა წერილში წერია: „ვისაც შრომა არ უნდა, მაშინ ნურც ჭამს“ (2 თეს. 3, 10).

ე. ი. ამ გამონათქვამში, რომელსაც განვიხილავთ დღეს, დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვას „პირველად“, რომელსაც იყენებს უფალი იესო ქრისტე: „ეძიეთ პირველად სასუფეველი ღვთისა და მისი სიმართლე და სხვა ყველაფერი თქვენ შეგემატებათ“. ჩვენ კი, ვიმეორებ, პირველად ვეძიებთ, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რით შევიმოსოთ, როგორ მოვიპოვოთ მატერიალური კეთილდღეობა, შემდეგ უკვე – ღვთის სასუფეველს.

შედეგად რას ვიღებთ, რასაც ძალიან ხშირად ვხედავთ? – როდესაც ადამიანი ამ ყველაფერს ეძიებს, მიისწრაფვის ამის მოპოვებისკენ, ხშირად ხდება, რომ ვერ იგებს ამას, უფრო სწორად, როდესაც ამისკენ ისწრაფვის ღვთის სასუფევლის ძიების გარეშე, როცა ეს ხდება მისი ცხოვრების პირველადი მიზანი, ვერ ირგებს ხოლმე ამას. როგორც ხალხში ამბობენ, „ყელში ეჩხირებაო“, ხოლო თუ პირველად ვეძიებთ საღვთო სიმართლეს და სასუფეველს, მაშინ ეს ყველაფერი მოგვეცემა ღვთისგან ისე, როგორც საჭიროა, იმდენი, რამდენიც საჭიროა. მოგვეცემა საკვებიც, სასმელიც, ტანსაცმელიც და სხვა ფასეულობებიც, რომლებიც დაგვაკმაყოფილებს, რაც საკმარისი იქნება. აი, ასე არის, მაგალითად, სხვა ფასეულობებთან მიმართებით, რასაც ჩვენ ვქმნით საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.

რა უფრო მნიშვნელოვანია: საჭმელი, სასმელი და ტანსაცმელი თუ ღვთის სიმართლე? – რა თქმა უნდა, ღვთის სიმართლე, არა?!

რა უფრო მნიშვნელოვანია: ცივილიზაცია, კულტურა და ყველაფერი ის, რასაც კაცობრიობა ქმნის და ჩვენ ვქმნით თუნდაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თუ ღვთის სიმართლე? – რა თქმა უნდა, ღვთის სიმართლე აღმატებული და უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ყველაფერი.

თუ ასე მივუდგებით, მაშინ ღმერთი ყველაფერს მოგვცემს, ყველა ამ ღირებულებას სულ სხვა აზრი და ფასი ექნება, ეს მოგვანიჭებს მშვიდობას, სიმართლეს და სიხარულს სულიწმინდაში.

ძვირფასო ძმებო და დებო, დავფიქრდეთ ამ ყველაფერზე!

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. შეგვეწიოს უფალი, რომ როგორც ამბობს იგი, პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს. მაშინ ეს ყველაფერი მოგვეცემა; პირველ რიგში, მოგვეცემა მშვიდობა ღმერთთან და ადამიანებთან, მოგვეცემა სიმართლე და საღვთო ჭეშმარიტება.

სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ რა არის აუცილებლად? – სიხარული სულიწმინდაში. აი, ეს სამი, რაც დავასახელე, არის სასუფეველი ღვთისა, რომელზეც უფალი ამბობს, რომ ჩვენში უნდა ვეძებოთ.

რა თქმა უნდა, სასუფეველი ღვთისა არ არის მხოლოდ ჩვენში, ჩვენ გარეთაც არის, მაგრამ, პირველ ყოვლისა, ის ჩვენშია. ღმერთმა მოგვცეს მადლი და წყალობა, რომ ღირსი გავხდეთ ჩვენში ამ სასუფევლის პოვნისა უფალ იესო ქრისტეს მადლით და კაცთმოყვარებით“, – განაცხადა პატრიარქმა შიო მესამემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

1 ივლისიდან სესხებთან დაკავშირებით ახალი რეგულაცია ამოქმედდება

პირველი ივლისიდან მილიონ ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. ეს შეზღუდვა ეხებათ იმ პირებს, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ. ახალი რეგულაცია არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ – მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს ევრო თუ დოლარი.2025 წლის აგვისტოდან დღემდე ეს ზღვარი 750 000 ლარს შეადგენდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ის ერთი მილიონ ლარამდე გაიზრდება.„საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს. გასული წლის განმავლობაში გლობალური ფინანსური პირობები შედარებით სტაბილური და ხელსაყრელი იყო. თუმცა, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყებამ გლობალური ფინანსური პირობების ზომიერი გამკაცრება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულ ჭრილში ისინი კვლავ შედარებით შერბილებულად ნარჩუნდება, გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე, მაღალია სასაქონლო ბაზრების შოკების, გლობალური ინფლაციური მოლოდინების გაძლიერებისა და ფინანსური პირობების შემდგომი გამკაცრების რისკები. აღნიშნული გარემოებების ფონზე, ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის ერთობლივმა კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე დროებით გაზრდილი სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი კვლავ წინანდელ დონეზე დაებრუნებინა და 5 პროცენტული პუნქტით შეამცირა.აღნიშნული ნორმა წარმოადგენს ეროვნული ბანკის ინსტრუმენტს და სებ-ი მის რეკალიბრაციას მომავალშიც მაკროეკონომიკური გარემოებებისა და პირობების მიხედვით გააგრძელებს. ამასთან, აღსანიშნავია რომ ფინანსური დოლარიზაციით გამოწვეული რისკების შერბილება ეროვნული ბანკის მნიშვნელოვან ამოცანად რჩება. გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, ეროვნული ბანკი ინდუსტრიასთან კოორდინაციით, მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების შესაბამისად და ასევე სარეზერვო ნორმის კორექტირების პოტენციური ეფექტის გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას განაგრძობს. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 750 000-დან 1 000 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2026 წლის პირველი ივლისიდან შევა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

28 ივნისს შიო მესამე სამების ტაძარში აბიტურიენტებს დალოცავს

28 ივნისს, წირვის დასრულების შემდეგ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე აბიტურიენტებს დალოცავს.ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.მათივე ცნობით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ჩვენ ხელი შევუშალეთ ირანს ჩვენი განადგურების გეგმის განხორციელებაში, ეგზისტენციალური საფრთხე გავანეიტრალეთ, რომ არ გვემოქმედა, ირანს ატომური ბომბები ექნებოდა და გამოიყენებდნენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელმა ირანს ისრაელის განადგურების გეგმის განხორციელებაში ხელი შეუშალა, – ამის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში, Jewish News Syndicate 2026-ის საერთაშორისო პოლიტიკის სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.„ჩვენ ხელი შევუშალეთ ირანს ჩვენი განადგურების გეგმის განხორციელებაში. დღეს მათ ბირთვული იარაღი, ატომური ბომბი ექნებოდათ. ჩვენ ეს თავიდან ავიცილეთ. ჩვენ ეგზისტენციალური საფრთხე გავანეიტრალეთ. და რომ არ გვემოქმედა, ირანს ატომური ბომბები ექნებოდა და ისინი მათ გამოიყენებდნენ. სწორედ ეს ავიცილეთ თავიდან“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ამასთან, ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა ირანის 20 წამყვანი ბირთვული მეცნიერი მოკლა. მისივე თქმით, ისრაელის ჯარები ღაზაში, სირიასა და ლიბანში დარჩებიან, ვიდრე საჭიროა.„ჩვენ ირანის ტერორისტული ღერძი გავანადგურეთ. ჩვენ გავანადგურეთ 150 000 რაკეტის 90 პროცენტზე მეტი, რომლებიც „ჰეზბოლამ“ ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენა. ჩვენ შევქმენით უსაფრთხოების ზონა ღაზაში, შევქმენით უსაფრთხოების ზონა სირიაში, შევქმენით უსაფრთხოების ზონა ლიბანში და ჩვენ მას შევინარჩუნებთ, ვიდრე საჭირო იქნება ჩვენი ხალხის დასაცავად“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

გიორგი უშიკიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გარდაიცვალა ანსამბლ „ათძალის“ წევრი ბონდო ნეგერვაძე.ბონდო ნეგერვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს გიორგი უშიკიშვილი.„ძალიან დამწყვიტა გული ამ კარგი კაცის გარდაცვალებამ. არაჩვეულებრივი შემსრულებელი, კარგი მეგობარი და მაგარი ქართველი დავკარგეთ .ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს და ფოლკლორულ ანსამბლ “ათძალს”, – წერს გიორგი უშიკიშვილი. 

გოგა მანია მიმართვას ავრცელებს

ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში 21 ივნისის მზებუდობის შესახებ წერს.„სამყაროს ყველა პორტალი იხსნება, დღეს გაკეთებული ყველა  სიკეთე მთელი წლის განმავლობაში ათასმაგად დაგიბრუნდებათ, დააპურეთ ოთხფეხა მეგობრები, იზრუნეთ სხვებზე, გაეცით და გააკეთეთ სიკეთე. თუმცა ამავე დროს მოიმატებს გაღიზიანებადობა. რადგან ყველა პორტალი გახსნილია, იყავით პოზიტიურები, მაგრამ ფრთხილები. გაცემული ნებისმიერი თეთრი დაგირუნდებათ ათასმაგად. შემოთავაზებული საჩუქარი, რაოდენ მცირეც არ უნდა იყოს, მიიღეთ მთელი გულით.  ყურადღებით იყავით საჭესთან. პორტალი სრულად არ იხურება. ამასთან, პატარა ფინანსური რიტუალსაც გაგიზიარებთ, რომელიც დღეს უნდა გააკეთოთ. სახლის 4 წერტილში მოათავსეთ მონეტები. შემოსასვლელში სამი ცალი მონეტა. ყვავილზეც სამი ცალი მონეტა, საძინებელში და სამზარეულოში მონეტები კუთხეებში მოათავსეთ, ან ხალიჩის ქვეშ. ეს ენერგია იტრიალებს თქვენთან ერთად, ვისაც თანხა გაქვთ და ვერ გადიხართ, შეგიძლიათ მაღაზიაში დატოვოთ 20 ლარი 10 ლარი და დაიბაროთ, თუ ვინმეს დააკლდება ამ თანხიდან აანაზღაურონ, ან უყიდონ“ - ამბობს გოგა მანია გავრცელებულ ვიდეოში.

ბოლო სიახლეები