,,ექვსი თვის წინ, როდესაც საქართველოში ცხოვრება დავიწყე, ირანს ძირითადად დიპლომატიური მისიის პერსპექტივიდან ვუყურებდი. თუმცა დღეს, რთული და მძიმე ომის შემდეგ, რომელმაც მთელი ჩვენი რეგიონი დააზარალა, ირანს უფრო მეტად მისი ხალხის თვალით ვხედავ.
ომი, მიუხედავად იმისა, როგორ იწყება და როგორ სრულდება, უპირველეს ყოვლისა ადამიანების ცხოვრებას ცვლის. ოჯახები, მცირე ბიზნესები, სტუდენტები, მუშები, მძღოლები, ექიმები და მასწავლებლები პირველები გრძნობენ მის შედეგებს.
თუმცა ყველა სირთულის მიუხედავად, ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ირანულ საზოგადოებას აქვს მაღალი უნარი, მოერგოს გამოწვევებს, აღადგინოს დაკარგული და განაგრძოს წინსვლა. ირანელებმა ისწავლეს, რომ უსაფრთხოება, განვითარება და მდგრადი კეთილდღეობა იზოლაციაში კი არა, არამედ გარშემო არსებულ სამყაროსთან თანამშრომლობასა და ურთიერთობაში ყალიბდება.
დღეს ირანი უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მომავალზე ფიქრობს — მომავალზე, რომელიც ახლო და შორეულ მეზობლებთან ერთად უნდა აშენდეს. მომავალზე, რომელიც დაფუძნებულია ვაჭრობაზე, სატრანზიტო კავშირებზე, ტურიზმზე, განათლებაზე, ტექნოლოგიებსა და ადამიანურ ურთიერთობებზე.
ამ კონტექსტში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია.
საქართველო მხოლოდ შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე მეზობელი ქვეყანა არ არის. ის არის ხიდი სამხრეთ აზიას, კავკასიასა და ევროპას შორის. ყოველწლიურად ასობით ათასი ირანის მოქალაქე სტუმრობს საქართველოს, ხოლო ათასობით ქართველი უშუალოდ ეცნობა ირანს. ორ ხალხს შორის არსებული ადამიანური კავშირები ბევრად უფრო ძველი და ღრმაა, ვიდრე ყოველდღიური პოლიტიკური ურთიერთობები.
ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, სახმელეთო ტრანსპორტი, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა და საგანმანათლებლო კავშირები მზარდი ტენდენციით ვითარდება. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში და ირანის ეკონომიკური შესაძლებლობები შეიძლება ახალი პერსპექტივების საფუძველი გახდეს ორივე ხალხისთვის.
ომები საბოლოოდ სრულდება, მაგრამ ის, რაც რჩება, არის ერების არჩევანი — როგორი მომავალი ააშენონ.
ირანი, მიუხედავად ამ წლების მტკივნეული და ამავე დროს ყურადსაღები გამოცდილებისა, საკუთარ მომავალს ნგრევაში კი არა, თანამშრომლობაში ხედავს; არა მეზობლებისგან დაშორებაში, არამედ მათთან დაახლოებაში.
მჯერა, რომ ამ გზაზე საქართველო შეიძლება გახდეს ირანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური და კულტურული პარტნიორი რეგიონში.
მომავალი ეკუთვნის იმ ქვეყნებს, რომლებიც კედლების ნაცვლად ხიდებს აშენებენ”-ამის შესახები ირანის ელჩი ალი მოჯანის სოციალურ ქსელში წერს.

